კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უნდა იყოს თუ არა მოძღვარი მკაცრი და რა შემთხვევაში შეუძლია მას სულიერი შვილისთვის სასჯელის დადება


დღეს ძალიან ბევრი ადამიანი დადის ეკლესიაში, ლოცულობს, მოძღვარი ჰყავს, მაგრამ აქედან ძალიან ცოტამ იცის, როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს მას საკუთარ მოძღვართან და რას ნიშნავს მორჩილებაში ყოფნა. ამ საკითხის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი):
– დღეს არიან ისეთი ადამიანები, საკუთარ თავს სულიერ შვილს რომ უწოდებენ, მაგრამ ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ მოძღვრის მორჩილებასთან დაკავშირებით. ეკლესიაში მიდიან ხანდახან, გარკვეული კალენდარული მარხვის შემდეგ ამბობენ აღსარებას, იღებენ ზიარებას და მერე ტოვებენ ეკლესიას. მაგრამ, არიან ერთეულები, რომლებიც სისტემატურად დადიან ეკლესიაში, არიან მორჩილებაში და მათ შეგვიძლია, ვუწოდოთ სულიერი შვილები. ამის მიხედვით, ადამიანები შეიძლება, რამდენიმე კატეგორიად დავყოთ: პირველი – პოტენციური მრევლი, ანუ ყველა მონათლული ადამიანი ეკლესიის პოტენციური მრევლია; მეორე – ისინი, ვინც ხანდახან დადიან ეკლესიაში და მესამე – ანუ სულიერი შვილები, რომლებიც ბოლომდე ემორჩილებიან ამა თუ იმ მოძღვრის ლოცვა-კურთხევას. როდესაც თანამედროვე ქრისტიანს მორჩილებაზე ესაუბრები, მათ ეღიმებათ და, ხშირად ამბობენ – რატომ უნდა ვიყო მოძღვრის მორჩილებაში, თავად შემიძლია წავიკითხო სახარება. მამათა სწავლება, მამათა დარიგება ხომ საკმარისიაო. მოძღვარი არის მასწავლებელი, რომელიც გვმოძღვრავს და მისი ლოცვა-კურთხევის გარეშე, გაგვიჭირდება უფალთან ურთიერთობა, სხვადასხვა საიდუმლოებაში მონაწილეობა. იოანეს სახარების მეოცე თავის 22-ე მუხლში წერია, რომ სანამ იესო ქრისტე ამაღლდებოდა ელეონის მთაზე, მან გაიყვანა მოწაფეები, დაასხა ხელი, მიჰბერა მათ სულიწმიდა და უბრძანა: თქვენ, ვისაც მიუტევებთ ცოდვებს – მას მიეტევება, ვისაც არ მიუტევებთ – არ მიეტევება. ანუ, შეკვრისა და გახსნის უფლება გადასცა თავის მოციქულებს. სამოციქულო ეკლესიის ერთ-ერთი დიდი, აღმატებული მადლია ის, რომ ადამიანი, რომელიც ხელდასხმულია ხირიტონიით, მას შეუძლია, ცოდვების მიტევება. თუ გყავს მოძღვარი, ის მოისმენს შენს აღსარებას. მან უკვე იცის შენი ცხოვრების წესი და გარკვეული სინანულიდან გამომდინარე, მოგიტევებს ცოდვებს – გაძლევს კურთხევას, რომ მიიღო წმიდა ზიარება. ამიტომ, სასურველია, ყველა ადამიანს ჰყავდეს სულიერი მოძღვარი, რადგან სხვა შემთხვევაში, მისი ცხოვრება იქნება მოუწესრიგებელი და გაურკვეველი.
– როგორი უნდა იყოს მოძღვარი? ზოგი მიიჩნევს, რომ ის უნდა იყოს მკაცრი, ზოგი, პირიქით – რბილი და ლმობიერიო...
– მოძღვარი არც მკაცრი უნდა იყოს და არც ლმობიერი. როცა სიმკაცრეა საჭირო, სიმკაცრე უნდა გამოიჩინოს, როცა ლმობიერებაა – მაშინ ლმობიერი უნდა იყოს. მამები გვარიგებენ, რომ მოძღვრის ხელი უნდა იყოს რბილი და მსუბუქი, ანუ მოძღვარი უნდა იყოს მიმტევებელი, მშვიდი. თუმცა, არიან ადამიანები, რომლებსაც მკაცრი მოძღვარი, ხმამაღალი ნათქვამი, გაბრაზება სჭირდებათ. როდესაც მოძღვარი არ გაძლევთ ზიარების უფლებას ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას არ უყვარხართ, ეს იმიტომ გააკეთა, რომ არ დაისაჯოთ, რადგან არ იცოდით, რომ იმ დროს თქვენთვის ზიარება არ შეიძლებოდა. მოძღვარს, ჩვენი აღსარებიდან გამომდინარე, უფლება აქვს, გვაზიაროს და ის, როგორც მზრუნველი მამა, ისე წარმოჩინდება. მამობაში – იგულისხმება მზრუნველობა, პატივისცემა, ჩვენზე ზრუნვა. პავლე მოციქული კორინთოს ეკლესიას ეუბნება: ათი ათასი აღმზრდელი რომ გყავდეთ ქრისტეში, მამები ბევრი არ გყავთ, რამეთუ მე გშობეთ ქრისტეში სახარებით. პავლე მოციქულს არ ჰყავდა ხორციელი შვილები, მაგრამ მისი მოქცეული ყველა ადამიანი სულიერი შვილი იყო. მათეს სახარების 23-ე თავში არის საკმაოდ საინტერესო ადგილი, სადაც მაცხოვარი ეუბნება მოციქულებს: მამას ნუ უწოდებთ ნურავის, რამეთუ თქვენ ერთი მამა გყავთ ზეცაში. ასევე მოძღვრად ნუ გიწოდებთ ნურავინ, რამეთუ იესო ქრისტე არის თქვენი მოძღვარი. ამ ადგილს სექტანტები თავის დასაღუპად იყენებენ და არასწორად იგებენ.
– ანუ, რას ნიშნავს ეს ადგილი, ვინც არ კითხულობს სახარებას, მასაც გაუჩნდება კითხვა – თუ მამად არავინ უნდა იწოდოს, რატომ ვეძახით მოძღვრებს მამაოს?
– ვისაც აინტერესებს, სასურველია, მთელი თავი წაიკითხოს, რომელიც ასე იწყება: მოსეს ტახტზე ისხდნენ ფარისევლები და მწიგნობრები. ანუ ჭეშმარიტი მოძღვრება უპყრიათ იმ ადამიანებს, რომლებიც არ არიან კეთილსინდისიერნი და პატიოსანი. მაცხოვარს სურს უთხრას თავის მოციქულებს, ნუ მიჰბაძავთ ფარისევლებს და მწიგნობრებს. ის ჯერ ესაუბრა მოციქულებს, შემდეგ ხალხს. ცრუ რაბინები, მამები, მღვდლები, რომლებიც ხალხს ატყუებდნენ – ასეთი მოძღვრები ნუ იქნებით თქვენო. როდესაც საუბარია იმაზე, რომ თქვენ ერთი მამა გყავთ, ამაში იგულისხმება, ბუნებით მამობა, რომელიც იყო და იქნება. ჩვენ, თანამედროვე მამები კი მადლით, უფლის წყალობით გავხდით მამაოები. ჩვენ არ მიგვიტაცებია ეს წოდება, ხალხი მოგმართავს მამაოთი, რადგან მათზე ვზრუნავთ და ვზრდით ქრისტეში. ყველა მამაო ღმერთმა იმიტომ დაადგინა ეკლესიაში, რომ მათ, რაც შეიძლება, ბევრი ადამიანის წარწყმედილი, დაღუპული სული გადაარჩინონ ქადაგებით, სიყვარულით, თავმდაბლობით, ზრუნვით. ძალიან მნიშვნელოვანია და სიფრთხილე გმართებთ, რომ რომელიმე გამოუცდელ მოძღვართან არ აღმოჩნდეთ, რათა ბრმა წინამძღოლი და მისი მიმდევარიც ორმოში არ ჩავარდეთ. ამიტომ, სულიერ საკითხებზე ისეთ მოძღვრებს უნდა ესაუბროთ, რომლებმაც საკუთარი და წმიდა მამების გამოცდილებით დიდი ცოდნა დააგროვეს.
– მამაო, რა იგულისხმება მოძღვრის მორჩილებაში?
– მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მორჩილება არ არის მონობა. ისევე, როგორც მასწავლებელი და ექიმი, სულიერ საკითხებშიც გვჭირდება წინამძღოლი, რომელიც გვიწინამძღვრებს. თუ მოძღვარი ერთს გეუბნება, შენ კი მეორეს აკეთებ, მაშინ ჯობია, ეკლესიიდან წამოხვიდე, რომ თავი არ მოიტყუო. ასეთი ურთიერთობა მოჩვენებითია. მაპატიეთ და დღეს მოდასავით იქცა სულიერი შვილი და სულიერი მოძღვარი. ბევრი ადამიანი ამაყად აცხადებს, რომ დადის ეკლესიაში, მაგრამ არანაირ მორჩილებაში არ არის მოძღვართან. უბრალოდ, ამბობს, რომ ამ ეკლესიაში ცნობილი მოძღვრის სულიერი შვილი ვარო. ეს, რა თქმა უნდა, მოჩვენებითია. დღეს, სამწუხაროდ, ბევრი ეკლესია კლუბს დაემსგავსა, ადამიანები მიდიან იქ, ერთმანეთს ესაუბრებიან, ერთობიან, მოძღვარს არ უსმენენ და უკან ცარიელი ბრუნდებიან. ჩვენ იმიტომ მივდივართ ეკლესიაში, რომ, უპირველეს ყოვლისა, მოძღვრის დარიგება მოვისმინოთ, ღვთისმსახურების შემდეგ კი შეიძლება გაცნობა და ერთმანეთის პატივისცემა. ახლაც, ადამიანები მოძღვართან იმიტომ კი არ მიდიან, რომ მორჩილებაში იყვნენ და რამე ისწავლონ, არამედ, ვთქვათ, შვილი ჰყავს დასაქორწინებელი, სამსახურში პრობლემები ჰქონდა, მეუღლე ღალატობს და ეჭვი გაუჩნდა – ანუ მჩხიბავ-მკითხავისადმი დამოკიდებულებით მიდიან იქ და სულიერ საკითხებზე არაფერს ეკითხებიან. ჩვენ იმიტომ კი არ დავდივართ ეკლესიაში, რომ მაშინვე რაღაც პრობლემები მოვაგვაროთ, არამედ ეკლესიაში მთავარი სულის ცხონების შესახებ სწავლებაა და სულიერი გადარჩენა გვინდა. სხვა დანარჩენი პრობლემა, თუ დავიმსახურებთ, ღმერთის ნებით, მოგვარდება. თუმცა, კარგია, რომ ისინი მოვიდნენ ეკლესიაში, სწორი მიმართულება მიიღეს და არ წავიდნენ ექსტრასენსთან, მკითხავთან.
– რა შემთხვევაში შეიძლება დაადოს მოძღვარმა სულიერ შვილს სასჯელი და რა და როგორი ფორმა უნდა ჰქონდეს ამას?
– თუ სულიერი შვილი არ ემორჩილება სულიერ მოძღვარს, მაშინ ნუ ვუწოდებთ მას სულიერ შვილს. თუ გინდა, იყო კეთილი, სულიერების მქონე ადამიანი, გერქვას მართლმადიდებელი, მაშინ იყავი მორჩილი – მორჩილი იესო ქრისტეს სწავლების, სიკეთის. მორჩილება ნუ გგონია სისასტიკე, მონობა. მორჩილება არის პატივისცემა, დაჯერება. თუ ემორჩილები, ესე იგი, ხარ სულიერი შვილი, ხოლო თუ – არა, არ ხარ. ასეთი ადამიანი აუცილებლად დატოვებს ეკლესიას და ეშმაკის მახეში გაებმება. ადამიანი თუ არ არის უფალთან, ის ავტომატურად ეშმაკთანაა, ამიტომ, არჩევანი თქვენზეა. დიდი მამები – გაბრიელ ქიქოძე, ალექსი შუშანია ასეთ სწავლებას გვაძლევდნენ: ახალმოსულ ადამიანს რა ცოდვაც არ უნდა ჰქონდეს ჩადენილი, მაშინვე უნდა ვაზიაროთ, რადგან ამ დროს მისი სინანული გულწრფელია, ნანობს ყველაფერს. თუმცა, უნდა ავუხსნათ, რომ შენ არ ხარ ზიარების ღირსი, მაგრამ რადგან ეკლესიაში მოხვედი, ჯილდოვდები და ღმერთი გასაჩუქრებს წმიდა ზიარებით. მომაკვდინებელი ცოდვების, ანუ კაცის კვლის, მრუშობის შესახებ რჯულის კანონში ზიარებისგან რამდენიმე წლით განყენება არსებობდა. მაგრამ, მეოთხე საუკუნეში წმიდა მამას, პახუმი დიდს ეკითხება სულიერი შვილი – თუ ადამიანმა მძიმე ცოდვა ჩაიდინა, რამდენ ხანში შეიძლება, მისი ზიარება, სამ წელში, არა, მამაო? ამდენი არ არის საჭირო, – პასუხობს წმიდა მამა. აბა, სამი თვე? – არც მაგდენი. აბა, სამი კვირა? – არც სამი კვირა. თუ ადამიანი გულით ნანობს, სამი დღე და სამი საათიც საკმარისია საზიარებლადო, – პასუხობს პახუმი დიდი. ადამიანს თუ არ აზიარებ, ასეთ დროს, მან შეიძლება, სინანული დაკარგოს და მეორე დღეს საერთოდ აღარ მოვიდეს ეკლესიაში. ძალიან სათუთია ადამიანთან ურთიერთობა. ძალიან დაცემულია თანამედროვე ადამიანი, ამიტომ ვითვალისწინებთ გარემოს, სადაც ის ცხოვრობს, ასევე, დროს, ასაკს, სოციალურ და სულიერ მდგომარეობას. რადგან, როგორც აღვნიშნე, მოძღვრის ხელი მსუბუქი უნდა იყოს.

скачать dle 11.3