რატომ დაფრინავს დილიდან დილამდე ბრენდონ სტოუნი და რას ჭორაობენ ის და ვალერი მელაძე ქართველებზე
დაახლოებით ოცი წელია, რაც ბესიკ შპეტიშვილი, იგივე ბრენდონ სტოუნი, საქართველოდან შორს, გერმანიაში ცხოვრობს და მოღვაწეობს, თუმცა, სხვა ქართველი ემიგრანტებისგან განსხვავებით, მას არც ქართულად ლაპარაკი ეშლება, არც წერა დავიწყებია და, ყველგან, ამერიკა იქნება ეს, გერმანია, რუსეთი თუ უკრაინა, ყოველი კონცერტის წინ ხმამაღლა და სიამაყით აცხადებს, რომ ის ქართველია. ბესოს მოსკოვში დავუკავშირდით და მისი უახლოესი გეგმების შესახებაც ვესაუბრეთ.
თუ რატომ არ ჩამოდის ის საქართველოში, რის გამო სწყდება გული თანამემამულეებზე და როგორ მოხვდა ის იურმალაში, კონკურს „ახალი ტალღის” შესარჩევი კონკურსის ჟიურის წევრად, ამაზე თავად ბესო, იგივე ბრენდონი გვესაუბრება.
ბრენდონ სტოუნი: თბილისში ვარ დაბადებული და გაზრდილი და ეს ქალაქი ჩემთვის განსაკუთრებით საყვარელია. ანსამბლ „ნერგებში” ვუკრავდი და ხშირად მიწევდა ამ ჯგუფის წევრებთან ერთად უცხოეთში საგასტროლოდ გამგზავრება, მაგრამ, ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ საცხოვრებლად და სამუშაოდ სადმე გავძლებდი თბილისის გარდა. ახლა გერმანიაში ვცხოვრობ, მთელი ჩემი ოჯახით, შვილიც მყავს და, ვცდილობ, ხშირად ველაპარაკო ქართულად. აბა, საქართველოში რომ ჩამოვიყვან, ხომ არ უნდა შემარცხვინოს?! (იცინის). რომ იტყვიან, ბერლინიდან ავიღე სტარტი და ახლა უამრავ ქვეყანაში მიწევს ჩასვლა და კონცერტების გამართვა. ვხუმრობ ხოლმე, სულ ცაში ვარ მიმინოსავით და დავფრინავ; მეშინია, მიწაზე სიარული არ დამავიწყდეს-მეთქი (იცინის).
– ალბათ, თავიდან გაგიჭირდა გერმანულის სწავლა და უცხო მხარეში ადგილის დამკვიდრება.
– რასაკვირველია. ხომ იცით, როცა ენას კარგად ვერ ფლობ, საქმეს კარგად ვერ გააკეთებ. ამიტომ, თავს ძალა დავატანე, ორ წელიწადში ვისწავლე გერმანული ენა და დღეს ურთიერთობა და მუშაობა აღარ მიჭირს. კონსერვატორიაშიც ჩავაბარე გამოცდები და ჯაზ-პიანისტი გავხდი. კონცერტებზეც ხშირად გამოვდიოდი, უამრავი ადამიანიც გავიცანი და რომ იტყვიან, სტარტი იღბლიანად ავიღე. ბერლინში ჩემი ხმის ჩამწერი სდუდიაც გავხსენი და, თვეების წინ, ცენტრალურ ქუჩაზე – ბარი, სადაც ქართულ სიმღერებს თავად ვმღერი. უნდა ნახოთ, გერმანელები როგორ ელოდებიან ამ სიმღერებს. თავადაც ისწავლეს და ამყვებიან ხოლმე. ახლა ბევრ ქვეყანაში მომიწია გადაფრენ-გადმოფრენა, სოლო ალბომზე მუშაობა და ცოტა დავაგვიანე მათ წინაშე გამოსვლა. მეგობარი, რომელიც იმ ბარში მუშაობს, მირეკავს და მეუბნება: ბრენდონ, გერმანელი მაყურებელი გკითხულობს და როდის ჩამოხვალო. ეს ძალიან მსიამოვნებს. მართლა იმდენი საქმე მაქვს, აღარც კი ვიცი, როგორ ვასწრებ. ხანდახან ჩემი თავის მიკვირს. სულ მინდა ოჯახში, ცოლ-შვილთან ვიჯდე მშვიდად, მაგრამ, ჩემი გიჟური გრაფიკის გადამკიდე, ამას ვერ ვახერხებ. სულ სტუდიაში ვარ, სულ თვითმფრინავზე მაგვიანდება, სულ იმას ვფიქრობ, რა შევქმნა ახალი, ვის რა სიმღერა დავუწერო. ღამეებს ვათენებ ხოლმე სტუდიაში. დილიდან დილამდე და არა დილიდან საღამომდე ვარ დაკავებული.
– ისე, ერთი საკუთარი თვითმფრინავი რომ გეყიდა, ურიგო არ იქნებოდა.
– (იცინის) ჩემი მეგობრებიც ამას მეუბნებიან. ჩემს ბარში ერთი ქართველი მეგობარი დავასაქმე და ის მეუბნებოდა, რომ გავმდიდრდები, დაბადების დღეზე თვითმფრინავი უნდა გიყიდოო.
– ახლა მოსკოვში ხარ. მანდ კონცერტები გაქვს თუ სოლო ალბომზე მუშაობ?
– დიახ, ახლა მოსკოვში ვარ და ჩემი ახალი ალბომის ჩაწერა დავასრულე, რომელშიც 15 სიმღერაა შესული და მათ შორის ქართული სიმღერებიცაა. ივლისში კი დისკი გამოვა გერმანიაში. თან, კონცერტებსაც ვმართავ პარალელურად. ამას წინათ ყაზახეთში ვიყავი, ასტანაში, სადაც სამი კონცერტი ჩავატარე. იმხელა სითბო და სიყვარული მაჩუქეს, ვერ გეტყვით. მთელი თხუთმეტი წუთი ტაშს მიკრავდნენ. სხვათა შორის, „თბილისო” და „ჩიტო-გვრიტო” ისე მოეწონათ, გამეორება მთხოვეს. ძალიან ამაყი ვიყავი.
– ვიცი, რუსული შოუ-ბიზნესის ბევრ ვარსკვლავთან მეგობრობ, მათ შორის – ვალერი მელაძესთან. თუ იყო მცდელობა, რომ ქართული სიმღერა დუეტში ჩაგეწერათ?
– არა, ამის მცდელობა არ გვქონია. თუმცა, რომ ვსხედვართ ერთად, ბევრს ვსაუბრობთ ქართულ სიმღერებზე და უცხოეთში მოღვაწე ქართველ მომღერლებზე. ამაზე არ დავფიქრებულვარ. იდეა ხომ მომაწოდე? ჰოდა, შევთავაზებ და პრემიერაზე დაგპატიჟებთ (იცინის). ახლა, სულ მალე, იურმალაში „ახალი ტალღის” კონკურსი დაიწყება. იქ შევხვდები ვალერის და ამაზე მართლა სერიოზულად დაველაპარაკები. ახლახან ვალერის კონცერტი ჰქონდა ბერლინში, დამპატიჟა, მაგრამ, ზუსტად იმ დროს მე ამერიკაში, კერძოდ, ნიუ-იორკში მქონდა კონცერტი და ამიტომ ვერ მოვახერხე მისი გამოსვლის ნახვა.
– ამერიკაში ვისი მიწვევით იყავი?
– ერთ-ერთმა ამერიკელმა ბიზნესმენმა შემამჩნია იურმალაში, „ახალი ტალღის” კონკურსზე და თავის დაბადების დღეზე დამპატიჟა, რომ მემღერა.
– ვინ არის ის ამერიკელი და იქ თუ იმღერე „ჩიტო-გვრიტო”?
– არ მეგულება დედამიწის ზურგზე ადამიანი, ვინც ქართული სიმღერით არ აღფრთოვანდეს. რასაკვირველია, ვიმღერე და ძალიან მოეწონათ. ბრენდონ სტოუნი კი ვარ, მაგრამ, არასდროს დამიმალავს ჩემი წარმოშობა. ყველამ იცის, რომ მე ქართველი ვარ.
– მომავალი კონკურსანტების ნახევარფინალის ანუ ათეულის შესარჩევ ტურებში თავად იყავი ჟიურის წევრი. არ შემიძლია, არ გკითხო: რატომ დაიწუნეთ ქართველი კონკურსანტები?
– 2007 წელს თავად ვიღებდი ესპანეთის სახელით მონაწილეობას და ვიცი, როგორი დონის, სირთულის, კრიტერიუმისა და გემოვნების კონკურსიცაა. რევზინმა სწორედ მაშინ შემამჩნია და მოვეწონე, როგორც მომღერალი, კომპოზიტორი და პროდიუსერი და დამტოვა იქ სამუშაოდ. 2007 წლიდან „ახალი ტალღის” მუსიკალური პროდიუსერი ვარ. ყველა კონკურსანტს ვეხმარები, ვუწერ სიმღერებს და, ხუთი წელია, იწყება თუ არა „ახალი ტალღა”, მეც იქ ვარ. სიმართლე გითხრათ, ძალიან მეწყინა, წელს ქართველი კონკურსანტი რომ ვერ მიიღებს მონაწილეობას იურმალაში გამართულ ამ კონკურსზე. არადა, ქართველებს ყოველთვის განსაკუთრებულად ვგულშემატკივრობდი და არა მარტო მე.
– კიდევ ვინ?
– ვინ და, ვალერი და კონსტანტინე მელაძეები, თავად რევზინიც და ბევრი სხვაც. რომ აღარაფერი ვთქვა ლატვიელ ხალხზე.
– მერე, რატომ დაიწუნეთ ქართველი კონკურსანტები შესარჩევ ტურებზე?
– მიჭირს ამის თქმა, მაგრამ, საქართველოდან ჩამოსული მომღერლები, ამ კონკურსის ფორმატში ვერ „ჩაჯდნენ“. ჟიურის წევრებმა მითხრეს კიდეც, რატომ არ გამოუშვეს ქართველებმა ისეთი ძლიერი კონკურსანტები, რომ კიდევ ერთხელ მოვეჯადოებინეთო. ვერ გეტყვით, რა მოხდა. ყოველ შემთხვევაში, მე გული დამწყდა, ასე რომ მოხდა.
– ბესო, მსოფლიო კი მოიარე, მაგრამ, რატომ არ ჩამოდიხარ საქართველოში და აქ არ მართავ სოლო კონცერტს?
– ძალიანაც მინდა საქართველოში ჩამოსვლა და კონცერტის გამართვა, მაგრამ, ვინ მეპატიჟება, რო?! (იცინის). რატომღაც, ყველა ქვეყანაში დავდივარ, ვატარებ კონცერტებს, საქართველოში კი არავინ ინტერესდება ჩემით. გავიგე, რომ ძალიან გალამაზდა თბილისი. იმედია, მალე ჩამოვალ და ამას ჩემი თვალით ვნახავ. ბოლოს და ბოლოს, კონცერტს თუ არ გავმართავ, ნათესავებს ხომ მოვესიყვარულები ჯიგრულად?! წელს ბათუმში ვგეგმავ დასვენებას და, ვნახოთ, იქნებ მოვახერხო თბილისში ჩამოსვლაც.