აქვს თუ არა გათხოვილ ქალს ინტიმურ-ეროტიკული ოცნების უფლება
ურთიერთობა ადამიანებს, მით უფრო ქალსა და მამაკაცს შორის, სერიოზული სკოლაა. გამოცდილების მიღებისა და შეცდომების დაშვების უწყვეტი პროცესი. ის არასოდეს მთავრდება. ვერავინ იტყვის, რომ უკვე ყველაფერი ისწავლა. და ახლა იცის – როგორ უნდა მოიქცეს გაუთვალისწინებელ სიტუაციაში, როგორ გააკონტროლოს საკუთარი ემოციები, რისი ნება მისცეს საკუთარ თავს და რა აუკრძალოს. საქმე ისაა, რომ ოჯახის შექმნის შემდეგ, პირველ ეტაპზე, ქალები ფიქრობენ, რომ მათი პირადი ცხოვრება დამთავრდა და უკვე ყველაფერი მხოლოდ მეუღლესა და ოჯახს უკავშირდება. რაღაც დროის გასვლის შემდეგ კი, აღმოჩნდება, რომ საკუთარ თავს ამ აკრძალვებით დისკომფორტს უქმნიან. შეუცნობლად უჩნდებათ განცდა თუ მოთხოვნილება, დაიბრუნონ დაკარგული. იგრძნონ ის სილაღე და თავისუფლება, რომელიც მანამდე ჰქონდათ. ბოლოს და ბოლოს იოცნებონ მაინც... თუმცა, ამ ოცნებას, ზოგჯერ, უარყოფითი შედეგებიც მოაქვს.
თეა (31 წლის): ვფიქრობ, რომ ეს ამბავი გამოუცდელობით დამემართა. ყოველთვის სხვანაირი წარმოდგენა მქონდა ოჯახსა და ცოლქმრულ ურთიერთობაზე. არ ვიცი, რატომ, მაგრამ მგონია, რომ ძალიან ბევრ ქალს აქვს ჩემსავით მცდარი წარმოდგენა ოჯახზე. უფრო სწორად, რაღაც-რაღაცეები ძალიან გვეშლება. მე მართლა არ ვიცი, ეს რისი ბრალია. გათხოვება არ უნდა ნიშნავდეს ყველაფრის აკრძალვას. როცა თავს ასე შეიზღუდავ, მერე უკვე შეცდომებსაც უშვებ. შეცდომა კი, ზოგჯერ ძალიან მძიმეშედეგიანია. მე მიმაჩნია, რომ მართალი არ ვარ მაგრამ არც – დამნაშავე.
– აბა, გარემოების მსხვერპლი ხართ?
– თუ ეს ირონიაა, ახლა უკვე თქვენ არ ხართ მართალი. რატომ დამცინით? არ გქონიათ მომენტი, როცა რაღაცა თავისთვაად ისე გამოდის, თვითონაც რომ არ გინდოდათ და არც გეგმავდით? ვერ წარმომედგინა, თუ ჩემს ცხოვრებაში ასეთი რაღაც მოხდებოდა, მაგრამ მოხდა. რადიკალიზმი თურმე, არაფერში არ შეიძლება და მათ შორის არც ურთიერთობაში.
– ურთიერთობაში რადიკალიზმი რა არის?
– როგორ გითხრათ... რა არის და, მაგალითად, რადიკალურად ერთგული რომ ხარ და თავს დებ, ეს ჩემი ცხოვრების მთავარი და ერთადერთი პრინციპიაო. მე ვიყავი ძალიან ერთგული და ამასვე მოვითხოვდი გარშემო მყოფთაგან. იგივე ქმრისგანაც. ვერ ვიტყვი, რომ მას როდისმე ვუეჭვიანებივარ, მაგრამ ჩვენს ურთიერთობაში სხვა პრობლემა გაჩნდა. მე შევიზღუდე.
– როგორ შეიზღუდეთ? ქმარმა შეგზღუდათ?
– გეტყვით. მე შევქმენი იმის პირობა, რომ ქმარს შევეზღუდე. იმდენს ვლაპარაკობდი იმაზე – თუ როგორი უნდა იყოს გათხოვილი ქალის ერთგულება, როგორ უნდა იქცეოდეს, რაზე უნდა ფიქრობდეს, ან რაზე არ უნდა ფიქრობდეს, რომ ჩემი ქმარი დაკომპლექსდა. ანუ, ხვდებით, რა გავაკეთე? საკუთარი თავი ჩიხში შევიყვანე. ისეთი იმიჯი შევიქმენი, რომ როცა ვინმეზე ვეტყოდი, რა კარგი ტიპია-მეთქი, ჩემი ქმარი უკვე სხვანაირად მიყურებდა.
– „სხვანაირად“ როგორ? ეჭვით, ცნობისმოყვარედ, ბრაზით?
– უფრო ბრაზით და უკმაყოფილებით. ანუ, რატომ უნდა მოსწონდეს გათხოვილ ქალს უცხო ადამიანი, როგორც მამაკაცი. რატომ უნდა ხედავდეს მასში კაცსო. მე არ ვადანაშაულებ ქმარს და არ ვეჩხუბები ამ აზრის გამო. ის არაფერ შუაშია, მე მივიყვანე ამ ზომამდე.
– ჯერ კარგად ვერ გავიგე, რა პრობლემა გაქვთ.
– მოგიყვებით ყველაფერს. პრობლემა ისაა, რომ არ გამოდგა ადვილი რადიკალური ერთგულება. ადამიანი ხარ და გაქვს ემოციები, განცდები – კარგის და ცუდის აღქმის უნარი. ბრმა და დებილი ხომ არ ხარ, სილამაზე ვერ აღიქვა. ძალიან მალე მივხვდი, რომ შევცდი და ცუდი თამაში წამოვიწყე. შეიძლება, ამას თამაშიც არ ერქვა, მაგრამ ფაქტია, საბოლოოდ, რადიკალურად ცუდად დამთავრდა ყველაფერი. ჩემთვის ცუდად, თორემ ჩემმა ქმარმა ჯერ ამის შესახებ ძალიან ცოტა იცის, თითქმის არაფერი. მე კი ლამის „შევები“. დიახ, სწორად გამიგეთ, სხვა კაცზე ვფიქრობ. ეს სერიოზული გრძნობა არ არის. რა სისულელეა. მე ქმარი მიყვარს, მაგრამ ჩემი ეროტიკული შთაგონების წყარო, ის არ არის. ვაღიარებ. რა ვუყო? ასე მოხდა. ჩემმა ქმარმა აღარ მომცა იმის საშუალება, თვითონ ყოფილიყო ჩემი სექსუალური ფანტაზიების წამქეზებელი. მრცხვენია, ამას რომ ვამბობ, მაგრამ სიმართლე თქვენთან მაინც უნდა ვთქვა. გული და სინდისი ერთნაირად მაქვს დამძიმებული. გაორება დამემართა. სულ ვფიქრობ და ვნერვიულობ, სულ „დაგრუზული“ ვარ და დავიღალე ასეთი ემოციებისგან. გეუბნებით, წონაში დავიკელი. ჩემმა მტერმა იფიქრა სულ ცუდზე.
– ცუდზე რატომ ფიქრობთ?
– აბა, კარგზე რანაირად ვიფიქრებ, როცა გათხოვილ ქალს სხვა მამაკაცი მომწონს და მასთან დაწოლაზე ვოცნებობ. გავიცანი და გადავირიე. ისეთი მამაკაცურია და ისეთი სხეული აქვს, შეიშლები. რა ვქნა, ჯერ ჩუმად ვტკბებოდი მისი ყურებით. მერე, აშკარად გამოავლინა ჩემ მიმართ ინტერესი. მიყურებდა, მიღიმოდა, მაკვირდებოდა... რამდენჯერმე ყავაზე დამპატიჟა...
– თანამშრომელია?
– ვახო თანამშრომელია, მაგრამ ჩვენ დიდი ოფისი გვაქვს და ის სხვა განყოფილებაში მუშაობს. ჩემს მეორე თანამშრომელ გოგოს მოსწონდა ძალიან და იმან „შემომიჩვია“ ოთახში.
– მეგობარს წაართვით შეყვარებული?
– რა წავართვი? მათ შორის ურთიერთობა წესიერად არც დაწყებულა. ეს გამუდმებით ეძახდა ხან რაზე და ხან რაზე... ისიც შემოდიოდა... სპორტული აღნაგობის, უნაკლო გარეგნობის... მართლა იდეალური მამაკაცი. ქმარი კი მყავს, მაგრამ ის მართლა ძალიან მაგარი მამაკაცია – „სუპერი“. კაცებიც ხომ გიჟდებიან ლამაზ ქალებზე, თუ თვალები მარტო მათ აქვთ? მომეწონა, და რა, ჩემი ბრალია?! შეუძლებელია, ნახო და არ მოგეწონოს, უბრალოდ, გამორიცხულია. არაჩვეულებრივი გარეგნობა აქვს. ოღონდ, მართლა. მარტო მე კი არა, მთელი ოფისი გიჟდება. გოგოები ნერწყვს ყლაპავენ და ჩემი შურთ. არც ის არის ჩემი ბრალი, რომ მე გამომარჩია. ესე იგი, რაღაცას წარმოვადგენ.
– ამას აქვს თქვენთვის მნიშვნელობა?
– რატომ არ აქვს? რომელ ქალს არ უხარია, როცა ას ქალში გამოარჩევენ, როგორც საუკეთესოს. რა მნიშვნელობა აქვს, გათხოვილი იქნება თუ – გასათხოვარი. სრულიად ბუნებრივია, რომ გამიხარდა და მესიამოვნა მისი ყურადღება. ჩემი თანამშრომელი კი, რომელიც აშკარად „აბამდა“ ვახოს, ამან ძალიან გააღიზიანა. მითხრა, სახლში ქმარი გყავს და გირჩევნია, მთელი შენი ყურადღება და სითბო იმას დაახარჯოო. პრინციპში, სადღაც მართალიც იყო, მაგრამ მე იმ მომენტში ძალიან გავღიზიანდი და გავბრაზდი. ეს რატომ მითხრა-მეთქი, გათხოვილი ქალიც ხომ ადამიანია?!
– თქვენ ხვდებით იმ ვახოს?
– კი. ვხვდებით ერთმანეთს. ხომ გითხარით, თანამშრომელია და რომც არ მინდოდეს, მაინც ვნახავ. თუმცა, როცა სადმე მეპატიჟება, უარს არც მაშინ ვეუბნები. ძალიან მომწონს. ისეთი დახვეწილია, ისეთი მიმზიდველი და რაღაც ისეთი ხიბლი აქვს, ვერ მოსცილდები. სიზმრებში ვხედავ, როგორ ვეხვევი და როგორ მეფერება. ვგიჟდები ამაზე. ნეტარებისგან ვკვნესი და გაღვიძება არ მინდა. სიზმარში უკვე იმდენჯერ ვუღალატე ქმარს, სათვალავი ამერია. ცხადშიც რომ მივიდე იმ „წერტილამდე“, მერე რა უნდა ვქნა, არ ვიცი. ოღონდ, მართლა. ისედაც ვაშავებ, ვახოზე ფიქრს თავიდან რომ ვერ ვიშორებ და თუ ლოგინშიც ჩავუწვები, ქმარს სახეში ვეღარ შევხედავ. ძალიან კარგი ქმარი მყავს. ისეთი თბილი და ყურადღებიანი, მაგრამ მის მიმართ მსგავსსაც კი ვერაფერს ვგრძნობ, რასაც ვახოს მიმართ განვიცდი. ეს ისეთი ფაქტია, ვერსად გავექცევი. მაინტერესებს, მაქვს ოცნების უფლება თუ არა? გათხოვილი რადგან ვარ, ჩემი ოცნებებიც მხოლოდ ჩემს ქმარს უნდა უკავშირდებოდეს? პათოლოგიაა და გარყვნილება, რაც მე მჭირს, თუ ნორმალური ამბავია? სხვებსაც ემართებათ ასეთი რაღაცეები, თუ მე ვარ უზნეო? ვის ვკითხო და ვინ გამარკვევს ამ ყველაფერში, არ ვიცი.
– არ ფიქრობთ, რომ ქმარი უნდა იყოს თქვენი ეროტიკული შთაბეჭდილების წყარო?
– როგორ არ ვფიქრობ, მაგრამ არ არის და რა ვქნა? ჩემი ქმარი, უბრალოდ მიყვარს.
– ეს უბრალო სიყვარული როგორია?
– როგორი და მასთან კარგად ვარ. ერთმანეთზე ვზრუნავთ. ყურადღებიანია. საერთო ინტერესები გვაქვს. საერთო სამეგობრო გვყავს. სახლში ერთად რომ ვართ, ეს ჩემთვის კომფორტია. მაგრამ სულ სხვაა, რასაც ვახოს მიმართ განვიცდი. ვაღიარებ, არანაირად არ მენდომებოდა, ის რომ ჩემი ქმარი იყოს.
– რატომ? ის ხომ იდეალური მამაკაცია.
– იდეალური მამაკაცები ქმრებად არ ვარგანან. ეს ცნობილი ფაქტია. მთლიანად საკუთარი თავით არიან დაკავებულნი და დარწმუნებული ვარ, ურთიერთობაში, ოჯახურ ურთიერთობას ვგულისხმობ, ეგოისტები იქნებიან. მაგრამ, ლოგინში, ალბათ – „მხეცი“. ყოველ შემთხვევაში, ჩემს წარმოდგენებში ასეთია ვახო. იცით, როგორ მინდა, მასთან სექსი? მეშინია, არ შემატყოს. ჩემი ქმარი ჯერ ვერაფერს ამჩნევს და ხვდება, მაგრამ დიდხანს ასე ვერ გაგრძელდება. წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლება მოხდეს, რომ გაიგოს, როგორ ვოცნებობ სხვა კაცთან სექსზე. რატომ უნდა მჭირდებოდეს გათხოვილ ქალს „ეროტიკული შთაგონების“ წყაროდ სხვა კაცი? ვინ არის ამაში დამნაშავე? მარტო მე, ჩემი ქმარი თუ ორივე ერთად? რეალურად, ვახოს იდეალურობამ მე დისკომფორტი შემიქმნა თუ პრობლემა არა. განვიცდი, რომ გამუდმებით მისი სხეული მიტრიალებს თვალწინ და ქმართან „მოკრძალებული“ სექსის დროს, ვახოზე ვფიქრობ. წარმოსახვაში ვადარებ ერთმანეთს და უპირატესობა აშკარად ვახოს მხარესაა. იქნებ, მე რომ ძალიან „მივაწექი“ პატიოსნებას, ჩემი ქმარი იმიტომაც გახდა ზომიერი და თავდაჭერილი ჩემთან სექსში. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ქუჩის კახპასთან ის სულ სხვანაირად მოიქცევა?
– გინდათ, ისე მოგექცეთ, როგორც ქუჩის კახპას?
– მინდა. ძალიან ცუდ რამეს ხომ არ ვამბობ? რა აზრი აქვს ტყუილს. ვის მოვატყუო და რა შეიცვლება ამით. იმ დასკვნამდე მივედი, რომ თუ ეს პროცესი კიდევ დიდხანს გამიგრძელდება, შეიძლება, გავაფრინო. როგორია, ერთი კაცის გვერდით იწვე, მეორეზე იოცნებო და შენს სხეულზე, მის მკლავებს გრძნობდე?.. საშინელებაა, დამიჯერეთ. მე რომ ქმარი არ მიყვარდეს, ან ვახოსთან სერიოზულ ურთიერთობაზე ვფიქრობდე, ოჯახს აუცილებლად დავანგრევდი. ვახო, რეალურად, მაღიზიანებს თავისი იდეალურობით. პრობლემას მიქმნის. მაგრამ მაინც ძალიან სასურველი და საოცნებოა ჩემთვის, როგორც მამაკაცი.
– ფიქრობთ, რომ მისი საყვარელი გახდებით?
– ძალიან არ მინდა, რომ ეს მოხდეს. მართლა არ მინდა, რომ საზღვარი გადავლახო, მაგრამ ვერაფერს გამოვრიცხავ და ძალიან მეშინია. შინაგანად მეოჯახე და ერთგული ვარ. თუმცა, ზოგჯერ ეჭვი მეპარება, რომ ჩემი მეორე მე, საშინლად გარყვნილია. ერთხელაც ისე გააქტიურდება, რომ მე მას ვეღარ გავაკონტროლებ. აი, მერე რა მეშველება, უკვე აღარ ვიცი. არ მიყვარს ტყუილი. არ მინდა, ქმარს ვატყუებდე, მაგრამ ბოლო დროს სულ ტყუილში ვცხოვრობ. როგორმე უნდა გავთავისუფლდე ვახოზე ოცნებისგან, მაგრამ როგორ, არ ვიცი. შეიძლება გამოსავალი მასთან დაწოლა იყოს, მაგრამ ეს უკვე რეალური ღალატი იქნება.
– თუ წარმოსახვაში ამას მაინც აკეთებთ, თანაც საკმაოდ ხშირად, აქვს აზრი რეალობაში რა იქნება?
– მეც სულ მაგაზე ვფიქრობ და პასუხი არ მაქვს. უფრო სწორად, მაქვს პასუხი და ალბათ, თქვენც იმის თქმა გინდათ, რომ სულიერად მე უკვე ვარ მოღალატე. მაგრამ, რეალობა მაინც რეალობაა და წარმოსახვა კი – წარმოსახვა. თავის მართლებასავით გამომდის, მაგრამ ვცდილობ, რაღაც გამოსავალი მოვძებნო. უფრო „გამოსაძვრომი“. აშკარად ძალიან ცუდ სიტუაციაში ვარ. კიდევ ის უნდა ვაღიარო, რომ ერთ დღეს, ეს ყველაფერი რომ დამთავრდეს, ამ შემთხვევაშიც ცუდად ვიქნები: მჭირდება ეს ყველაფერი, ეს მძაფრი განცდები, ემოციები... თავს ძალიან სექსუალურ ქალად ვგრძნობ. ალბათ, არანორმალური გგონივართ, მაგრამ რა ვქნა, ვერაფერს ვუხერხებ საკუთარ თავს.
– არ გითქვამთ, ვახოს რა დამოკიდებულება აქვს თქვენ მიმართ.
– რა დამოკიდებულება აქვს და ყველანაირად ცდილობს ჩემს შებმას. იცის, რომ ქმარი მყავს, ამიტომ აშკარად შეტევაზე ვერ გადმოდის. ელოდება, მე როდის გადავდგამ შემხვედრ ნაბიჯს და გამოვიჩენ მასთან სიახლოვეზე აშკარა ინიციატივას. ხომ გითხარით, იდეალური მამაკაცია-მეთქი. არაფერი ეშლება.
– იდეალური მამაკაცები გათხოვილი ქალების „შებმას“ არ ცდილობენ. მათ მამაკაცური სოლიდარობის განცდა აქვთ.
– ანუ, იმის თქმა გინდათ, რომ მე ვაიდეალებ და სინამდვილეში ერთი ჩვეულებრივი დონ ჟუანია? არ მინდა, ამის დაჯერება. თუმცა, გულის სიღრმეში ამ ეჭვმა მეც გამკრა. მაგრამ, თუ დონ ჟუანია, მაშინ ხელიდან არ გამიშვებს. ყველაფერს გააკეთებს, რომ ლოგინში შემითრიოს. მერე კი, ვიცი, რაც მოხდება. სინდისის ქენჯნა მომკლავს და იმაზე უარესად ვიგრძნობ თავს, ვიდრე ახლა ვარ. როგორ მინდა, ქმარი იყოს, ჩემი ყველა ეროტიკული ოცნებისა და ფანტაზიის მთავარი მოქმედი გმირი, მაგრამ, ეტყობა, ორივეს რაღაც გვეშლება. თანაც – ძალიან. რა ვუშველო ამას?! ფსიქოლოგთან მივიდე, სექსოპათოლოგთან თუ ქმარს მოვუყვე ყველაფერი?! მაგრამ ვიცი, ვერ გამიგებს და ჩემს ოჯახს ბოლო მოეღება. არადა, ცოლ-ქმარი თუ ერთ სულ და ერთ ხორც უნდა იყვნენ, მათ შორის არც დამალული უნდა იყოს რამე.