ვინ არის ყველაზე მდიდარი ავსტრალიელი „ფორბსის” ვერსიით და რა აკავშირებს მას რუმინელ დიქტატორთან, ნიკოლაე ჩაუშესკუსთან
ჯეორჯინა რაინჰარტი – ავსტრალიელი ოქროს მაძიებლის ქალიშვილი და ყველაზე მდიდარი ადამიანია მწვანე კონტინენტზე. მისი კაპიტალი 9 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს და ამ ყველაფერს მან გაკოტრების პირას მისული სამთო მრეწველობით მიაღწია.
პირველად ჯეორჯინამ თავი საზოგადოებას 1979 წელს გააცნო, როდესაც დაიქირავა თვითმფრინავი და მასზე მამამისის 300 მეგობარი შეკრიბა. თითოეულისგან 500 დოლარის სანაცვლოდ, მათ ავია-ექსკურსი მოუწყო – „გაიღვიძეთ, ავსტრალიაა”. თვითმფრინავში შეკრებილ სტუმრებს ჯეორჯინას მიერ სპეციალურად მოწვეული ამერიკელი ფიზიკოსი, „წყალბადის ბომბის მამად” ცნობილი ედვარდ ტელერი და ქუინსლენდის პრემიერ-მინისტრი საინტერესო საუბრით ართობდნენ. ეს იყო 25 წლის ჯეორჯინას ანუ ჯინას, (როგორც მას ოჯახის წევრები უწოდებენ) საჩუქარი ლენგ ჰენკოკისადმი, მადნის მომპოვებელი კომპანია „ჰენკოკ პროსპექტინგის” დამაარსებლისადმი, ჰენკოკს ეკუთვნოდა ლიცენზია ძვირფასი მინერალების მოპოვებაზე პილბარის რეგიონში. 70-იან წლებში „ჰენკოკ პროსპექტინგი” ავსტრალიის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანია გახლდათ, რომლის წლიური მოგება ასეულ მილიონობით დოლარს შეადგენდა. მაშინ კი, როცა ჯეორჯინა მამასთან და სტუმრებთან ერთად მაღაროების თავზე დაფრინავდა, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ წლების შემდეგ, კომპანია გაკოტრდებოდა და ჯინას კომპანიის აქტივების დაცვა საკუთარი სისხლის ფასად დაუჯდებოდა.
ერთ-ერთ ინტერვიუში, როცა ჯეორჯინას ჰკითხეს, თუ რას მიიჩნევს სილამაზის ეტალონად, სამთო მრეწველობის იმპერიის დამაარსებლის შთამომავალმა უპასუხა – რკინის მადნის მაღაროსო. ჯინამ თავდაპირველად, სწავლა სიდნეის უნივერსიტეტში დაიწყო, თუმცა ერთი წლის შემდეგ მიატოვა, რადგან, მამაზე უკეთესი მასწავლებელი მას არ ეგულებოდა. ბავშვობაში ჯინა დიდ დროს ატარებდა მაღაროებში. ათი წლის ასაკში მამამ მას ავტომობილის მართვა ასწავლა და მარტოს ანდობდა, რომ ოჯახის კუთვნილ მამულებში ესეირნა. ჯინა უფრო მეტ დროს ატარებდა მაღაროებში. მამასთან – ლენგ ჰენკოკთან ერთად ავსტრალიის სამხრეთ-დასავლეთში კიმბერლის მთებში კარვებში ცხოვრობდა და ისმენდა ლექციებს მადანსა და მინერალებზე. პირველი ქმარი – ინგლისელი გრეგ მილტონიც ჯინამ მაღაროელების ქალაქში, უიტენუმში გაიცნო, სადაც გრეგი გამყიდვლად მუშაობდა. უიტენუმში ცხოვრება სახიფათო იყო, რადგან აზბესტის ერთადერთ ავსტრალიურ მაღაროსთან მდებარე ქალაქში უფრო და უფრო მეტი ხალხი იწამლებოდა აზბესტის ლურჯი ძაფებისგან. ის გროვდებოდა ფილტვებში, რაც საბოლოოდ კიბოს დიაგნოზით მთავრდებოდა. ჯინამ და გრეგმა სიდნეის ანგლიკანურ ტაძარში დაიწერეს ჯვარი. თუმცა, რვაწლიანი თანაცხოვრების შემდეგ 1981 წელს ისინი განქორწინდნენ. საცხოვრებლად პერტში გადასულმა გრეგმა ტაქსის მძღოლად დაიწყო მუშაობა. შვილების ნახვის საშუალებას ჯინა მას მხოლოდ კვირაში ერთხელ აძლევდა. განქორწინებიდან ორი წლის თავზე ჯინა ხელმეორედ გათხოვდა. 29 წლის ასაკში იგი ცოლად გაჰყვა წარმოშობით ამერიკელ, 57 წლის იურისტს ფრანკ რაინჰარტს, რომლის გვარსაც ატარებს ამჟამად. 1990 წელს ფრანკი გარდაიცვალა და ამ ქორწინებიდან ჯინას ორი ტყუპი ქალიშვილი – ჰოუპი და ჯინა ჰყავს. სხვათა შორის, ერთხელ ჯინამ ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რომელ წელს გარდაიცვალა მისი მეორე ქმარი, ზუსტი თარიღის გახსენება ვერ მოახერხა.
მისი ცხოვრების უმთავრესი მტერი, რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, ჯინამ თავად აიყვანა სამსახურში. 1983 წელს, დედის გარდაცვალების შემდეგ, ჯინა მოსამსახურეს ეძებდა, რომელიც მამას მიხედავდა. რამდენიმე პრეტენდენტს შორის მისი არჩევანი ავსტრალიაში მცხოვრებ ფილიპინელზე – როუზ ლექსონზე შეჩერდა, რომელიც მოგვიანებით მამამისის მეუღლე და შესაბამისად, ჯინას დედინაცვალი გახდა. ამის გამო ჯინას და ლენგს შორის ურთიერთობა დაიძაბა. მამის მოსამსახურეზე ქორწინებამ შოკში ჩააგდო ჯინა, და მან ღიად გამოუცხადა ომი თავის დედინაცვალს, რომელიც ცდილობდა, კომპანიის მართვის სადავეები ხელში აეღო. სხვათა შორის, თავდაპირველად, ლენგ ჰენკოკი სრულ მხარდაჭერას უცხადებდა მეუღლეს და მისი რჩევით, ჯინას კომპანიის სახელზე გაფორმებული საკრედიტო ბარათების მოხმარებაც კი აუკრძალა. ჯინა ჩამოაშორეს კომპანიის საქმიანობას და მის თვალწინ მადნის იმპერია, რომელიც ერთ დროს ავსტრალიის სანიმუშო კომპანია იყო ინგრეოდა, ვალებში ეფლებოდა. საბოლოოდ, საქმე იქამდე მივიდა, რომ ჯინა დამოუკიდებელ სააუდიტორო შემოწმებას ითხოვდა კომპანიაში. თუმცა, მამა ეწინააღმდეგებოდა და მხოლოდ სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე შეურიგდა, როდესაც მიხვდა, რომ ფილიპინელი მეუღლე ატყუებდა. 1992 წელს ჰენკოკი გარდაიცვალა და დაკრძალვის შემდეგ ჯინამ ნამდვილი ომი წამოიწყო დედინაცვლის წინააღმდეგ, რომელიც მას ლენგის მემკვიდრეობაში ეცილებოდა. ჯინამ კომპრომატების შეგროვება დაიწყო როუზის წინააღმდეგ, რომელიც იმ დროისთვის უკვე მეორედ გათხოვდა. ჯინამ მოისყიდა მოწმეები, რომლებიც ირწმუნებოდნენ, რომ როუზ ლექსონი მეძავი იყო და თავს პროსტიტუციით ირჩენდა. გარდა ამისა, ჯინას მტკიცებით, როუზმა მის მოსაკლავად დაიქირავა ქილერი. ამის გამო, ყველას დასანახად, ჯინა რაინჰარტი დაჯავშნული ავტომობილით გადაადგილდებოდა, ხოლო პირად დაცვაში ავსტრალიის სპეცნაზის ყოფილი წევრები ჰყავდა დაქირავებული. საბოლოოდ, ჯინამ 14-წლიანი სასამართლო დავის შემდეგ, გაიმარჯვა და კომპანია თავის მფლობელობაში დაიბრუნა. თუმცა, ამბობენ, რომ მოსყიდული მოწმეების საქმემ და რიგ შემთხვევებში, აბსურდულმა ბრალდებებმა მის რეპუტაციას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. სხვათა შორის ლენგის გარდაცვალებისას, „ჰენკოკ პროსპექტინგი” უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაში იყო. 1987 წელს ჰენკოკმა საეჭვო გარიგებას მოაწერა ხელი რუმინეთის დიქტატორ ნიკოლაე ჩაუშესკოსთან. ამას რუმინული რევოლუცია, ჩაუშესკუს დახვრეტა და კონტრაქტის შეუსრულებლობა მოჰყვა, რამაც კომპანია გაკოტრების პირამდე მიიყვანა. თუმცა, ჯინას ბიზნესხედვამ, მადნის მომპოვებელი ახალი მაღაროების გახსნამ და ჩინეთთან დადებულმა კონტრაქტებმა, კომპანია მძიმე მდგომარეობიდან გამოიყვანა. დღეს ჯინა რაინჰარტის კომპანია მადნის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია ჩინურ ბაზარზე. საინტერესოა, რომ ჯინას ქალიშვილი – ბიანკა, რომელიც დედის შემცვლელად მიიჩნევა, დირექტორის პოსტზე, ჰონკონგში სწავლობდა და ცხოვრობდა. როგორც ჩანს, „ჰენკოკ პროსპექტინგი” მომავალში აქცენტს ჩინურ ბაზარზე გააკეთებს, რომელიც ფენომენალური სიჩქარით იზრდება. ბოლოს კი გაცნობებთ, რომ შარშანდელ „ფორბსის” რეიტინგში ჯეორჯინას კაპიტალი 2 მილიარდს შეადგენდა, ერთ წელიწადში კი მან 7 მილიარდით გაზარდა თავისი ქონება. ეს კი მეტყველებს, რომ ჯეორჯინა რაინჰარტი თავის კომპანიას ახლო მომავალში მადნის მოპოვების ერთ-ერთ უმსხვილეს მოთამაშედ აქცევს მსოფლიოს ბაზარზე.