კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი მწერლის სახელს უკავშირდება ქართულ მწერლობაში სექსუალური თემატიკის დამკვიდრება

 

 

 

დიდი ქართველი მწერალი მიხეილ ჯავახიშვილი მრავალმხრივი ნიჭით გამოირჩეოდა. ჩვენი რესპონდენტის, ფსიქოლოგ გელა გარაყანიძის აზრით, მან ახალი სტილი დაამკვიდრა ქართულ პროზაში – ენობრივადაც და თემატურადაც.  თუ მის ენაზე – ძარღვიან ქართლურზე, ბევრჯერ დაწერილა, მის მიერ სექსუალურ ურთიერთობათა თემატიკის ქართულ პროზაში დამკვიდრებას გაცილებით ნაკლები მკვლევარი ჰყავს. 

გელა გარაყანიძე: მიხეილ ჯავახიშვილის მწერლური მოღვაწეობა სულ ოციოდე წელს გაგრძელდა, მაგრამ მისი გავლებული კვალი დღესაც მკაფიოდ ამჩნევია ქართულ პროზას. ბევრ მის კოლეგას სამოცი წელიც უმოღვაწია მწერლობაში, მაგრამ, მასთან დატოლება გაუჭირდება. 

ჯავახიშვილის შემოქმედების მთავარი თემა საქართველოა, მისი ტერიტორია, მისი ხალხი... ამ ხალხის ხორციელი და სულიერი ყოფიერება, ამ ხალხის წარსული და მომავალი, ბედი თუ უბედობა, გმირობა თუ მოღალატეობა...

მაგრამ, „ქართლის ბედზე” განა წინამორბედი მწერლები კი არ წერდნენ: გურამიშვილი და ბარათაშვილი, ილია და აკაკი, იაკობი და ვაჟა?.. 

სექსუალურ ურთიერთობათა თემატიკის ქართულ პროზაში შემოტანა მიხეილის ერთ-ერთი მთავარი ნოვატორული სიტყვაა. მომდევნო თაობის მწერლებმა ეს ხაზი ვეღარ გააგრძელეს და ვერც გააგრძელებდნენ საბჭოთა რეჟიმის წნეხის ქვეშ. 

– ბატონო გელა, მაინც, რაში მდგომარეობს ჯავახიშვილის სიახლის არსი? ქალის სიყვარულზე, სექსუალურ ლტოლვებზე წინა თაობის მწერლები არ აწვალებდნენ კალამს?

– აქ მასშტაბები არ მიგულისხმია, ჯავახიშვილთან თვისებრივად სხვა სიმაღლეზეა აყვანილი ეს თემატიკა... ახლა, ჩემსავე სიტყვებზე დავეჭვდი – ზედმეტად ხომ არ ვამარტივებ სათქმელს... თქვენს შეკითხვაზე პასუხის გასაცემად, იქნებ, უპრიანი იყოს საკითხის ასე დასმა: 1. საჭიროა თუ არა წინა თაობების ქართული მწერლობის ისტორიის ცოდნა (აბა, როგორ განვსაზღვროთ, რა სიახლე მიუძღვის მიხეილს ქართულ პროზაში, შედარება ხომ უნდა მოვახდინოთ?); 2. საჭიროა თუ არა თვითონ მიხეილის ბიოგრაფიისა და შემოქმედების საფუძვლიანი ცოდნა; 3. საჭიროა თუ არა სექსოლოგიის საფუძვლიანი ცოდნა. გავბედავ და აქაც გამოვიყენებ სიტყვას „საფუძვლიანი”, რათა ზოგიერთს გამოსათაყვანებელი სერიალებიდან მიღებულ ცოდნაში არ აერიოს, ეროგენული ზონების ადგილმდებარეობას რომ მოჰკრავენ ყურს და თავები სექსოლოგიის მეტრები ჰგონიათ; 4. საჭიროა თუ არა ფსიქოანალიზის ცოდნა, რამდენადაც, ფროიდის გავლენა მიხეილის შემოქმედებაზე ეჭვს არ უნდა იწვევდეს. 5. საჭიროა თუ არა 20-30-იანი წლების საბჭოთა იდეოლოგიის ლაბირინთებში წვდომა. ამ იდეოლოგიით ქრისტიანული მორალის ჩანაცვლება და, შესაბამისად, ქრისტიანული იდეოლოგიის ნიუანსებში წვდომაც; 6. საჭიროა თუ არა გამბედაობა, ამ ყველაფრის ანალიზის შემდეგ სექსზე ისაუბრო იმ ქვეყანაში, სადაც ერთს ფიქრობენ და მეორეს ამბობენ, სადაც ამდენი პოლიტიკური და ეკონომიკური სიძნელეა... ქვეყანა იქცეოდა, ტურას ქორწილი ჰქონდაო...

– თქვენ, ალბათ, ფიქრობთ, რომ თქვენ მიერ ჩამოთვლილ ცოდნათა გაანალიზების შედეგის რამდენიმე წინადადებაში მოქცევას გთხოვთ. და კიდევ: რა ლაბირინთები ჰქონდა საბჭოთა იდეოლოგიას?

– ერთი შეხედვით, ბოლშევიკები ძირითად აქცენტს ყველა ქვეყნის პროლეტარების შეერთებაზე, მუშათა და გლეხთა კლასების ჰეგემონიაზე, კერძო საკუთრების უარყოფაზე, ელექტრიფიკაციაზე, ინდუსტრიალიზაციაზე, კოლექტივიზაციაზე აკეთებდნენ... მაგრამ, ისმის კითხვა: ვის მოუვიდა აზრად, რომ საბჭოთა ადამიანი სექსზე მწყრალად ყოფილიყო?

– სტალინზე ხომ არ გაქვთ ეჭვი?

– მარქსისა და ლენინის შრომებში არავითარი მინიშნება არ არსებობს, რაც ამ საკითხს მოჰფენდა ნათელს. გამოდის, რომ აკრძალვა სტალინის დასტურის გარეშე ვერ განხორციელდებოდა. თუმცა, სტალინის სიკვდილის შემდეგაც სტატუს-კვო იქნა შენარჩუნებული – საბჭოთა ხალხს მხოლოდ ხუთწლიანი გეგმების შესრულებაზე უნდა ეფიქრა, სექსი რა მოსატანია, „გახრწნილი დასავლეთის” გავლენა არ უნდა განეცადა.

– იქნებ ამ აკრძალვაში დადებითი ელემენტიც შეიძლება მოიაზროს კაცმა?

– ვერ დაგეთანხმებით. ერთხელ გორბაჩოვმაც აკრძალა ალკოჰოლური სასმელების გადაჭარბებულად მოხმარება... რა ჩიტიც დაიჭირა, ადეკვატურად არც მომხდარა შეფასება... მისი მემკვიდრე ელცინი თვითონ ლოთი იყო და...

– საყოველთაოდ ცნობილია თქვენი მოსაზრება „ჯაყოს ხიზნებზე”, რომ მარგოსა და ჯაყოს ურთიერთობა გადატანითი მნიშვნელობით, ალეგორიულად უნდა გავიგოთ – როგორც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა გასული საუკუნის 20-იან წლებში... 

– ისე არ გამოვიდეს, ვითომ ეს საკითხი ჩემამდე არავის გაეშუქებინოს ამგვარად. მე მხოლოდ დეტალები შევმატე საერთო სურათს – შესაძლოა, მნიშვნელოვანი დეტალები.

– ამ შეკითხვის დასმა დიდი ხანია მინდოდა: თქვენ დაბეჯითებით ირწმუნებით, რომ ჭაბუა ამირეჯიბის ღვიძლი ბიძა, შალვა ამირეჯიბი, „არსენა მარაბდელშია” გამოყვანილი. შალვა ამირეჯიბი ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე და მწერალია, დიდი ქართველი მსახიობის, ვერიკო ანჯაფარიძის პირველი ქმარი. შალვას ემიგრაციაში წასვლამ ეს წყვილი დააშორა, თუმცა ვერიკო მის პოლიტიკურ აქტივობას შემწყნარებლურად არც აქ უყურებდა... მისი მომდევნო მეუღლე, მიხეილ ჭიაურელი კი საწინააღმდეგო პლატფორმაზე იდგა – სტალინთანაც მეგობრობდა და ეს ფაქტი საკუთარი კარიერული წარმატების გზაზეც გამოადგა. ნუთუ ჯავახიშვილმა ვერიკოს „იგნორირება” მოახდინა? ეს ეშხიანი ქალბატონი, დიდ მსახიობურ ნიჭზე რომ არაფერი ვთქვათ, 20-იანი წლების საქართველოში ვერ „დაინახა”?

– მიხეილს „ეშხიანი ქალბატონი” არ დავიწყებია, ისიც „არსენა მარაბდელის” პერსონაჟია, თუმცა მხოლოდ ეპიზოდურად გაიელვებს – შალვა ბარათაშვილის ცოლია... რადგან ვერიკოს ამ დროს უკვე მეორე ოჯახი ჰქონდა, იქნებ, მწერალმა ტაქტიდან გამომდინარე, არ ჩათვალა საჭიროდ მისი ფართოდ წარმოჩენა.

– გამოდის, რომ ვერიკოც არის გამოყვანილი არსენაში: შალვა ბარათაშვილის ცოლი – მაიკო, ოთხი ქალიშვილის დედა.

– კიდევ ერთი ნიშნით არის გამორჩეული ქალბატონი მაიკო, მაგრამ, ამჯერად არაფერს ვიტყვი, მკითხველმა თვითონ გადაავლოს თვალი რომანს და თავად მიაგნოს ამ შტრიხს. 

– თქვენ ზემოთ ფროიდი ახსენეთ... მიხეილის შემოქმედებას ცნობილი ფსიქიატრი ავლიპ ზურაბაშვილიც იკვლევდა... თქვენი აზრით, რატომ ის არ საუბრობს ფროიდის ერთგვარი გავლენის შესახებ ჯავახიშვილის შემოქმედებაზე?

– ბატონ ავლიპს პირადად ვიცნობდი. 70-იან წლებში თავად აპირებდა ჩვენი ჯგუფისათვის „პათოფსიქოლოგიის” კურსის წაკითხვას, მაგრამ, მოუცლელობის გამო, ეს საქმე ასევე ცნობილ ფსიქიატრს, სერგი წულაძეს მიანდო. 

ბატონმა ავლიპმა ფროიდიც კარგად იცოდა და ჯავახიშვილიც. 1981 წელს, 80-ს მიტანებულმა, მწერლის ქალიშვილი ქეთევანი თავისთან დაიბარა და საკუთარი მოსაზრებანი ჩააწერინა მამამისის ნაწარმოებთა ირგვლივაც და მწერლის ადგილის შესახებაც ქართული მწერლობის ისტორიაში: „მიხეილ ჯავახიშვილი არის ქართული მხატვრული ლიტერატურის დოსტოევსკი”.

ფროიდთან პარალელები არ გაუვლია, საამისოდ არც დრო უწყობდა ხელს (ბრეჟნევის ეპოქას ვგულისხმობ და მის მოღვაწეობას საქართველოს უზენაეს საბჭოში), და არც ასაკი – ამ სიბერის ჟამს მე დიდად დავინტერესდი ლიტერატურითო, – ამბობდა.

– მაინც, რას ეყრდნობა თქვენი მოსაზრება, ამ ოდიოზური ფროიდის გავლენაზე როცა საუბრობთ?

– ზღვა არგუმენტები მაქვს ამ თვალსაზრისის დასამტკიცებლად და მხოლოდ ერთს მოგიტანთ: მიხეილს თავისი უბის წიგნაკში ჩაუწერია: „ფროიდი და აგვისტო – აი, ჯაყო”.

– ბუნებრივია, 1924 წლის აგვისტო იგულისხმება, ასე არაა?

– რასაკვირველია. და კიდევ: სტალინს რამდენიმე ძალზე დაახლოებული პირი კობას ეძახდა. ამ სახელის წარმომავლობას ზოგი იაკობ ეგნატაშვილს უკავშირებს, ზოგიც ალექსანდრე ყაზბეგის ერთ-ერთი მოთხრობის პერსონაჟს. ბარემ აქვე ვიტყვი, ყურადღებით წაიკითხონ ეს მწერალი და ჯაყოს წარმომავლობასაც გაიგებენ და ეტიმოლოგიასაც. თავად „ხიზნების“ ავტორი, თავისი თვალსაზრისის შესანიღბად, „ჯაყოს” წარმოშობას ინჟინერ ყაზბეგს უკავშირებდა. 

– „უბის წიგნაკიდან”, რომელიც 2005 წელს გამოიცა, მართებულად მიგაჩნიათ მიხეილის ძალზე პირად შეხედულებათა სააშკარაოზე გამოტანა? იმ წიგნში ხომ ძალზე პიროვნული თვალსაზრისებია დაფიქსირებული?

– გრაფომანთა პირადი დღიურები არავის დააინტერესებს... თუკი ჯავახიშვილი პეტრე დიდის წარმომავლობაზე თამამად ავითარებდა თავის მოსაზრებებს, ვითომ, ქვეყანა დაიქცევა იმით, მისი მოსაზრებანიც რომ გახდეს ხელმისაწვდომი, თუნდაც ისინი ინტიმურ შინაარსს ატარებდნენ?! თანაც, ამ წიგნის ერთ-ერთი გამომცემელი ხომ მარინე შიშნიაშვილია – მწერლის შვილთაშვილი.

– თუ რომანებსა და მოთხრობებში მიხეილი სექსუალურ თემატიკას ეხება, როგორც ამა თუ იმ პერსონაჟის ხასიათის, ტიპის უკეთ გაცნობის, ჩამოქნის საშუალებას, ამ დღიურებში იგი წმინდა სექსოლოგიურ დაკვირვებებსაც გადმოგვცემს.

– დიახ, არც სექსოლოგიური ხედვებია მისთვის უცხო: „ოდეს მოკლეკაბიანი ქალი კიბეზე ადის”. „სიარულის დროს გავა დიდი იარაღია ქალისათვის”. „დიდი პოტენცია ჯანმრთელობაა, ზოგისგან გარყვნილებად წოდებული”. „არის მორცხვობა უბიწო ქალის, ურცხვობა გამოცდილი მეძავის, ნაძალადევი თეატრალური თრთოლვა და ჭუჭყიანი ნავლი ჩამქრალი ხურუშის (ხოშის)”. „თუ ქალმა თხოვნა შეგისრულა და ბარძაყი გიჩვენა, სამაგიეროდ ვარსკვლავის ჩამოღებას მოგთხოვს”...

– თქვენი აზრით, თქვენ მიერ მოტანილი ციტატები მკითხველში სირცხვილის, მოკრძალების გრძნობას არ გამოიწვევს?

–  ჩვენი ტელევიზიების წყალობით, მათ ისე აქვთ თვალი და ყური გახედნილი, რიღათი გააკვირვებს კაცი.

ასეა თუ ისე, ჩვენ ამ საჭირბოროტო თემაზე მაინც დინჯად ვისაუბრეთ... მიხეილისა არ იყოს: „ვისაც მოკრძალების (სირცხვილის) გრძნობა აქვს, მუდამ დინჯად უნდა ლაპარაკობდეს. პათოსით მხოლოდ ბოზები, დემაგოგები და პოეტები უბნობენ”.

 

скачать dle 11.3