რა სიახლეებს სთავაზობენ აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებზე და ჩატარდება თუ არა მისაღები გამოცდები ელექტრონული პროგრამით
საგამოცდო ეიფორია პიკს აღწევს, რამდენიმე დღეც და სტარტს აიღებს ეროვნული გამოცდები – 33 600 აბიტურიენტი 31 000 საკონკურსო ადგილისთვის დაიწყებს ბრძოლას. როგორ ჩატარდება წელს ეროვნული გამოცდები, რა შედეგები აჩვენა საატესტატო გამოცდებმა, რომელიც წელს პირველად ჩატარდა და რა ტექნიკურ სიახლეებს გვთავაზობს გამოცდების ეროვნული ცენტრი, ამის შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის საინფორმაციო ტექნოლოგიების უფროსს, ბატონ დავით ჭანკოტაძეს გავესაუბრეთ.
დავით ჭანკოტაძე: საატესტატო გამოცდებმა 1 508 სკოლაში ტექნოლოგიურად საკმაოდ კარგად ჩაიარა. ჩვენ არ დაგვჭირდა დამატებითი დღეების გამოყენება, მხოლოდ მათთვის დაგვჭირდა დამატებითი გამოცდა, ვინც „სლექსის” პროგრამით არის უცხოეთში წასული. მათ მიემატა იმ მოსწავლეების მინიმალურად მცირე რაოდენობა, ვინც ობიექტური მიზეზების გამო ვერ შეძლო გამოცდის ჩაბარება მაშინ, როცა ის დანიშნული იყო. იყო საკმაოდ ბევრი აპელაცია ზოგიერთი ტესტის შინაარსობრივი მხარის გამო, მაგრამ, ეს არის გარდაუვალი – არ არსებობს, გამოსაცდელს მოეწონოს ის, რაშიც მას ცდიან. თუმცა, შედეგებმა აჩვენა, რომ ტესტებში სირთულეები არ ყოფილა. საბუნებისმეტყველო საგნებში მიღებულმა უმაღლესმა შეფასებებმა ცხადყო, რომ ის, ვინც სწავლობდა, გამოცდები კარგად ჩააბარა. რაოდენობრივად მაქსიმალური შეფასებები საკმაოდ ბევრი იყო თითქმის ყველა საგანში. შედეგების სტატისტიკა და ანალიზი ბოლომდე ჯერ არ არის დამუშავებული, თუმცა, ტრადიციულად, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით, პირველ ადგილზე ყოველთვის არის რეგიონი და არა თბილისი. დაზუსტებით ამის თქმა არ შემიძლია, მაგრამ, ერთი შეხედვით ჩანს, რომ რეგიონებში მოსწავლეებმა უკეთესი შეფასებები მიიღეს საატესტატო გამოცდებზე, ვიდრე თბილისში.
– რამდენი აბიტურიენტი გამოაკლდა ეროვნულ გამოცდებს საატესტატო გამოცდების შედეგად?
– იმ განაცხადების გამოკლებით, ვინც ატესტატი ვერ მიიღო, ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას მიიღებს 33 600 აბიტურიენტი. დაახლოებით 900-მდე აბიტურიენტი გამოაკლდა ეროვნულ გამოცდებს საატესტატო გამოცდებში ჩაჭრის შემდეგ. მათ მხოლოდ მომავალ წელს ექნებათ საშუალება, გავიდნენ ეროვნულ გამოცდებზე – მას შემდეგ, რაც ჩააბარებენ გამოცდას იმ საგანში, რომელშიც ბარიერი ვერ გადალახეს. საატესტატო გამოცდების შედეგების მიხედვით წელს 6 000-ზე ცოტა მეტმა მოსწავლემ ვერ მიიღო ატესტატი. ჩვენი მოლოდინის მიუხედავად, აღმოჩნდა, რომ ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია ოდნავ მეტი სირთულის გამოდგა მოსწავლეებისთვის, ვიდრე ეს დავუშვით. მოსწავლეებმა ბარიერი თანაბრად ვერ გადალახეს ქართულ ენასა და ლიტერატურაში და უცხო ენაშიც კი.
– რა სიახლეები იქნება წელს ეროვნულ გამოცდებზე?
– ეს გამოცდები, ჩატარების თვალსაზრისით გამორჩეული არ იქნება წინა გამოცდებისგან – ამ მხრივ სიახლეები არ გვაქვს. როგორც წესი, გამოცდების დაწყებამდე აბიტურიენტებმა მიიღეს მოსაწვევები. მოსაწვევში მითითებულია, თუ როდის და რომელ საგამოცდო ცენტრში უნდა გამოცხადდეს აბიტურიენტი. განაცხადების გაკეთების დროს ჩვენ მათ ვაძლევთ საშუალებას, სასურველ ქალაქში ჩააბარონ გამოცდა. ამის შემდეგ ვანაწილებთ მათ საგამოცდო ცენტრებში, რომლებიც აღჭურვილი იქნება კამერით, თუმცა, გამოსაშვები გამოცდებისგან განსხვავებით, ეროვნულ გამოცდაზე ხმის ჩაწერა არ ხდება, მხოლოდ გამოსახულებას ვიწერთ. ეროვნულ გამოცდაზე კარნახის საშუალება ნაკლებადაა, ყველა თავის ნამუშევარს უყურებს. აბიტურიენტების გადანაწილება საგამოცდო ცენტრებში მოხდა იმ წესით, რომ საგამოცდო სექტორში ერთად არ მოხვდნენ ერთი და იმავე სკოლის მოსწავლეები – ისინი, ვინც იცნობენ ერთმანეთს, ერთად არ ჩააბარებენ გამოცდას, ამით თავიდან ავირიდებთ დახმარების გაწევის შანსს, რომელიც უფრო მეტია მაშინ, როცა გვერდიგვერდ ზის ორი ახალგაზრდა, რომლებსაც ათი წელი ერთად აქვთ გატარებული. საატესტატო გამოცდებისგან განსხვავებით, ეროვნულ გამოცდებზე გამოცდის დრო აბიტურიენტებისთვის უკვე განსხვავებულია; გამოცდაზე გამოყენებული იქნება ზუსტად ის ტექნოლოგია, რაც იყო წინა წლებში. აბიტურიენტებს დახვდებათ ა3 ფორმატის ფურცელი, რომელზეც უნდა გადაიტანონ ყველა დავალების პასუხი. აბიტურიენტს საგამოცდო სექტორში შეუძლია, შეიტანოს მხოლოდ პირადი ჰიგიენის ნივთი და ბოთლით წყალი. სამუშაოს შესრულების დრო სხვადასხვა საგანზე სხვადასხვაა. გამოცდიდან აბიტურიენტის მოხსნა პირდაპირ არ ხდება, აბიტურიენტი მოიხსნება მხოლოდ გაფრთხილების შემდეგ, თუ ის შემჩნეული იქნა ან კარნახში, ან გადაწერის მცდელობაში. სამწუხაროდ, გამოცდაზე არ დაიშვება არც ერთი აბიტურიენტი, რომელიც დაიგვიანებს. ამ შემთხვევაში ჩვენ არ შეგვიძლია იმავეს განხორციელება, როგორც იყო საატესტატო გამოცდების დროს. ა3 ფორმატის შევსების შემდეგ, ყველა ნამუშევარი სტანდარტული წესით დასკანერდება, გასწორება კი უკვე ხდება ელექტრონული წესით. გასულ წელს ჩვენ გვქონდა პატარა ტექნიკური პრობლემა, როდესაც დასკანერებულ ნამუშევარში არ ჩანდა მკრთალად დასმული წერტილი, მძიმე და ასე შემდეგ. ასეთი სახის პრობლემები იყო ორასამდე ნაშრომში, თუმცა, ყველა ასეთი ნაშრომი თავიდან დასკანერდა და არც ერთი აბიტურიენტი რეალურად არ დაზარალებულა ამის გამო. წელს ბოლომდე დავიზღვიეთ თავი – გამოვცვალეთ სპეციალური, გელის კალმები, რაც გამორიცხავს ამ გაურკვევლობას. კვლავ იქნება გამოყენებული შტრიხკოდები, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ 2005 წლიდან, რათა არ მოხდეს იდენტიფიკაცია და გამსწორებელმა არ იცოდეს, ვის ნაწერს ასწორებს. თითოეული ნაშრომი იყოფა დავალებებად, ვიზუალურად გამსწორებელი ხედავს მხოლოდ ერთ დავალებას და არა მთლიანად ნაშრომს, რომ გამსწორებელი ან კალიგრაფიით, ან რაიმე მინიშნებით არ მიხვდეს, ვის ეკუთვნის ნამუშევარი. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ მოველით, რომ რომელიმე გამსწორებელი არაკეთილსინდისიერად მოიქცევა, მაგრამ, მოგეხსენებათ, გასწორების პროცესში 500-მდე ადამიანია ჩართული და, ამიტომ, ერთგვარი დაცვა მაინც აუცილებელია. ერთი დავალება პარალელურ რეჟიმში ორ გამსწორებელთან ხვდება, თუ მათი გასწორების ქულა ერთმანეთს ემთხვევა, ეს ითვლება გასწორების საბოლოო ქულად, ხოლო თუ ერთმანეთს არ დაემთხვევა, დავალება ავტომატურად გადაეგზავნება მესამე, უფრო კვალიფიციურ გამსწორებელს. გამსწორებლების გარკვეული რაოდენობის შეცვლა და როტაცია ხდება ორ წელიწადში ერთხელ, რათა ის გამსწორებელი ვინც გარკვეული შეცდომები დაუშვა, უფრო მაღალი კვალიფიკაციის გამსწორებელმა ჩაანაცვლოს.
გამოცდების პირველ დღედ გამოცხადებულია 30 ივნისი. ყველა გამოცდა ჩატარდება დღეგამოშვებით. აბიტურიენტებს ექნებათ დრო შესვენებისთვის და, როგორც გასულ წელს, ყოველდღე არ მოუწევთ გამოცდის ჩაბარება. ორი დღე გაგრძელდება ის გამოცდები, რომლებსაც ყველა აბიტურიენტი აბარებს. გასულ წელს მათემატიკაში გვქონდა სამი სესია და იგივე სიტუაცია გვექნება წელსაც. გამოცდების დასრულების შემდეგ ყველა აბიტურიენტს აქვს აპელაციის უფლება, თუმცა აპელაცია შეიძლება შეეხებოდეს კონკრეტულ დავალებას და არა მთელ ნაშრომს. აპელაციის დროს შეიძლება მოხდეს როგორც შეფასების მომატება, ასევე დაკლებაც. სააპელაციო კომისია აბსოლუტურად განსხვავდება გამსწორებელთა კომისიისგან, მას ვინც მონაწილეობა მიიღო გასწორებაში, არ აქვს უფლება, მონაწილეობდეს სააპელაციო კომისიაში. როგორც წესი, ქულის გადასწორების პროცენტი მერყეობს 30-დან 40-მდე, მაქსიმუმი ქულის მომატება შეიძლება იყოს 3 – 4, იშვიათ შემთხვევებში – უფრო მეტი. შედეგის რადიკალური ცვლილება პრაქტიკულად არ ხდება, თუმცა, ცხადია, რომ პროცესი, სადაც ერევა ადამიანი, შეცდომებისგან დაზღვეული არაა.
– წელს რომელ უმაღლეს სასწავლებლებზეა ყველაზე დიდი მოთხოვნა?
– ტრადიციულად, ყველაზე მაღალი კონკურსი არის თავისუფალ უნივერსიტეტში; ასევე, ძალიან დიდი კონკურსია ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბიზნესის, ეკონომიკისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტებზე. მოგეხსენებათ, არსებობს პოპულარული ფაკულტეტები, სადაც კონკურსი ყოველთვის ძალიან მაღალია, სადაც ერთ ადგილზე 4-5 კანდიდატი მოდის. მაღალი კონკურსი გვაქვს ილიას უნივერსიტეტშიც. კონკურსებს, როგორც წესი, განსაზღვრავს პოპულარული ფაკულტეტები. მისაღები ადგილების რაოდენობა – 31 000, საერთო ჯამში, შეიძლება, ბევრია, მაგრამ, იმის გამო, რომ ზოგიერთი ფაკულტეტი პოპულარული არაა, კონკურსი იზრდება გარკვეულ ფაკულტეტებზე და არ იქნება ყველგან. ეს საშუალებას გვაძლევს იმ აბიტურიენტებს, რომლებიც პირველ ტურში არ ჩაიჭრებიან, გააკეთონ დამატებითი განაცხადი დარჩენილ ფაკულტეტებზე და ეგრეთ წოდებულ „მეორად ჩარიცხვებზე” სცადონ ბედი.
– კონკურსს არ ცვლის სასწავლო გრანტის გადანაწილების ახალი წესი?
– შარშანდელი და სხვა წლებისგან განსხვავებით, სახელმწიფოს მიერ განისაზღვრა მიმართულებები, რომლებიც დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ. თუ გასულ წელს 100, 70, 50 და 30-პროცენტიანი დაფინანსება ეხებოდა ყველა მიმართულებას, ახლა სახელმწიფო დააფინანსებს მხოლოდ პრიორიტეტულ მიმართულებებს, რომელთა შორის ყველა საბუნებისმეტყველო სპეციალობა იქნება. ასეთ პრიორიტეტს მიეკუთვნება საინჟინრო განხრა, ნაწილობრივი პრიორიტეტებია სამედიცინო სექტორშიც, აქედან გამომდინარე, თუ აბიტურიენტი ჩაირიცხება ისეთ ფაკულტეტზე, რომელიც ფინანსდება, ის მიიღებს მონაწილეობას გრანტის კონკურსში; თუ ჩაირიცხება ისეთ ფაკულტეტზე, სადაც გათვალისწინებული არაა სახელმწიფო დაფინანსება, სტუდენტი იძულებული იქნება, თავად გადაიხადოს სწავლის საფასური. მათთვის, ვინც უმაღლეს შეფასებას მიიღებს ყველა საგანში, შენარჩუნებული იქნება მაქსიმალური ქულებით მიღებული ასპროცენტიანი დაფინანსებები. ვინაიდან ჩვენ წელს პირველად ვატარებთ გრანტირებას ასეთი სახით, ამიტომ ამის პრედიქციას ვერ გეტყვით.
– საატესტატო გამოცდების ჩატარების შემდეგ, შესაძლოა თუ არა, ელეტრონული პროგრამით მოხდეს ეროვნული გამოცდების ჩატარებაც? საუბარია იმაზეც, რომ მომავალი წლიდან, შესაძლოა, ეროვნული გამოცდები აღარ ჩატარდეს და აბიტურიენტები უმაღლეს სასწავლებლებში მხოლოდ საატესტატო გამოცდების შედეგად მოხვდნენ.
– საატესტატო გამოცდებში ბავშვები ერთმანეთს არ ეჯიბრებიან, ეს გამოცდა არასაკონკურსოა და საუბარია მხოლოდ ბარიერის გადალახვაზე, შესაბამისად, განსხვავებულია ტესტებიც. ეროვნულ გამოცდაზე კი ახალგაზრდები ეჯიბრებიან ერთმანეთს საკონკურსო ადგილების დასაკავებლად. აქედან გამომდინარე, ტესტებიც სხვა ტიპისაა. ჩემი პირადი მოსაზრებით, ელეტრონული პროგრამით ეროვნული გამოცდის ჩასატარებლად სხვა ტიპის დავალებებია საჭირო და უახლოეს მომავალში არ მოველი, რომ ეს გამოცდა ელექტრონული სახით იქნება ჩატარებული. რაც შეეხება ეროვნული გამოცდების ჩანაცვლებას საატესტატო გამოცდით, ეს არის ქვეყნის საგანმანათლებლო სტრატეგია, თუმცა, ბევრ ქვეყანაში ასეც ხდება და მისაღებ გამოცდებზე გამოიყენება საატესტატო გამოცდების ნიშნები. პირადად ჩემი და ჩვენი ცენტრის მოსაზრებაა, რომ ეს ორი გამოცდა ცალ-ცალკე იყოს ჩაბარებული და, ალბათ, უახლოეს მომავალში ამ მხრივ სიახლეები არ გვექნება.