რატომ არის აუცილებელი კოლხეთის ჭაობები აფრიკიდან ევროპისკენ გადამფრენი ფრინველებისთვის და რატომ იცავს მას რამსარის კონვენცია
შავი ზღვის სანაპიროს ის მონაკვეთი, რომელიც დაგვრჩა, ცნობილია, რომ უხვი ნალექებით ხასიათდება; მეორე მხრივ, ტურიზმი ჩვენი აქტივობის მთავარი მიზანია, რასაც ნალექები, ბუნებრივია, უშლის ხელს (ყოველ შემთხვევაში, იმ ტურისტებს, რომლებსაც გარუჯვის სურვილიც აქვთ და კამკამა წყალში ლივლივისაც). ორიოდე წლის წინათ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აჭარის ნალექების ტყვეობისგან დახსნას მტირალას მთა შეეწირებოდა (უხვი წვიმების მთავარი მიზეზი), მოგვიანებით ეს აზრი ჩაიფარცხა. თუმცა სულ ახლახან, თემურ ჭყონიამ, რომელიც ახლა უკვე ტურისტულ ბიზნესშია, გამოაცხადა, რომ ღრუბლების გამფანტავი დანადგარის შეძენას აპირებს, რომ საკუთარ ტურისტებს უღრუბლო ცა შესთავაზოს ქობულეთში. რამდენად რეალურია, სახელდობრ, თემურ ჭყონიას სამზეო ვნებანი (მოგეხსენებათ, სამყაროში ფოთლის შერხევაც კი ვერ ჩაივლის შეუმჩნევლად, არათუ ღრუბლების გადაყრა) – ილიას უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის გეოგრაფიის მიმართულების ხელმძღვანელი ზურაბ ჯანელიძე აგვიხსნის აჭარის სანაპიროზე კლიმატის შეცვლის პერსპექტივა-უპერსპექტივობას.
– არის თუ არა შესაძლებელი კლიმატის შეცვლა და რა შედეგი შეიძლება, მოჰყვეს ამას?
– საქართველოში ზოგადად და, კერძოდ, აჭარაში, კლიმატი უკვე დიდი ხანია, ჩამოყალიბებულია. ეს მოხდა არა ათ და ოც წელიწადში, არამედ უკვე მრავალი ათეული საუკუნეა. მინიმუმ 3 000-4 000 წელია, რაც ასეთი კლიმატი ჩამოყალიბდა როგორც ზოგადად კავკასიაში, ისე აჭარაში. ეს რამდენიმე ფაქტორითაა გამოწვეული: ჯერ ერთი, აქ გაბატონებული ჰაერის მასები მოძრაობს დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ, ამ ჰაერის მასებს მოაქვს შავი ზღვის ტენიანი ჰაერი და ჰაერის ამ მასებს ხვდება კონკრეტულად აჭარაში მთიანი ქედის უკიდურესი დასავლეთი ნაწილი. ეს ტენი რჩება მთის ფერდობზე და ამის გამოა ეს ადგილი ტენიანი. იცით, რომ ჩაქვთან არის მთა – მტირალა, რომელიც ყველაზე უფრო ნალექიანი ადგილია არა მარტო საქართველოში, არამედ აღმოსავლეთ ევროპასა და მცირე აზიაში.
– ეს მხოლოდ მტირალას დამსახურებაა?
– რელიეფის დამსახურებაა უპირველესად და, რა თქმა უნდა, ჰაერის მასების მიმართულებისაც, მაგრამ ეს რეალობა ჩამოყალიბებულია და ამის შეცვლა შეუძლებელია, თუმცა, ერთ რამეს უნდა გავუსვათ ხაზი: ტურისტული სეზონისას ამინდები დამოკიდებულია არა იმდენად ნალექზე, რამდენადაც მზის ნათებაზე. აჭარის სანაპიროზე კი გაცილებით მეტი მზის ნათებაა, ვიდრე, მაგალითად, ლონდონში, ჰოლანდიაში ან ჩრდილოეთ გერმანიაში. ანუ ნალექები, შესაძლოა, ბევრი მოდიოდეს, მაგრამ მზის ნათებაც ბევრი იყოს. თანაც, ჩვენთან ნალექები უფრო მეტად თავსხმა წვიმების სახით მოდის და არ არის დროში გაწელილი, როგორც ეს ხდება ბრიტანეთში, სკანდინავიაში, ჰოლანდიასა და ბევრ სხვა ქვეყანაში, ამიტომ ეს პრობლემას არ წარმოადგენს.
– აჭარა უფრო მეტად ნალექიანია, ვიდრე აფხაზეთში?
– აჭარაში უფრო მეტი ნალექია, თუმცა, აფხაზეთის მთიანეთიც ისეთივე ტენიანია, როგორც აჭარის მთიანეთი, ოღონდ, უფრო ნაკლებად. საერთოდ, ზოგადად კოლხეთი, შესაბამისად, აფხაზეთიც და აჭარაც, ტენიანია. კლიმატი ასეთია უკვე 3 000-4 000 წელია. მაგალითად, ცნობილია, რომ ანტიკური ხანის მეცნიერს – სტრაბონს, რომელიც მიიჩნევა ისტორიისა და გეოგრაფიის მამამთავრად, და ჩვენი წელთაღრიცხვის მიჯნაზე მოღვაწეობდა, კარგად აქვს აღწერილი საქართველოს ტერიტორია და ბუნება. მას დაწერილი აქვს გეოგრაფია, რომელიც ჩვიდმეტი ტომისგან შედგება და ერთ-ერთ ტომში მოცემულია იმდროინდელი საქართველოს ბუნება და ისტორია.
– ემთხვევა დღევანდელს?
– რა თქმა უნდა. სტრაბონი წერს, რომ კოლხეთი იყო ნალექიანი და ტენიანი ადგილი. ეს იმაზე მეტყველებს, რომ როგორიც იყო კლიმატი 2 000 წლის წინათ, ასეთივეა დღესაც. ამიტომ, ამ კლიმატის შეცვლა რამე ტექნოლოგიებით შეუძლებელია.
– შეიძლება, მტირალას მთის მოჭრა იყოს გამოსავალი, გარდა იმისა, არის თუ არა ეს შესაძლებელი?
– მისი სიმაღლე 1 381 მეტრია და მისი მოჭრა ნიშნავს იმას, რომ ის განადგურდება. დავუშვათ, მოვჭერით მთა და იმდენი ნალექი აღარ მოვიდა, მაგრამ, მეორე მხრივ, რელიეფი ხომ შეიცვლება?! ის სილამაზე, რომლითაც გამოირჩევა აჭარა, დაიკარგება. თუმცა, არც დგას მთის მოჭრის ამოცანა.
– თეორიულად ვიმსჯელოთ, რას გამოიწვევს მტირალას მთის მოჭრა?
– არანაირი შედეგი არ იქნება. მთელი მსოფლიოს კლიმატის მოზაიკაში აჭარის სანაპირო არის ერთ-ერთი კვადრატი. ყველა კვადრატი ერთმანეთთანაა დაკავშირებული, ამიტომ, ამ ერთ კვადრატში კლიმატის შეცვლა წარმოუდგენელია. თუმცა, თანამედროვე ტექნოლოგიებით შესაძლებელია წვიმის მოსვლის გადავადება რამდენიმე საათით, მაგრამ მუდმივად ამის გაკეთება შეუძლებელია. სხვათა შორის, კახეთში საბჭოთა დროს იყენებდნენ ამ მეთოდს და ნაწილობრივ წარმატებითაც. ოღონდ, ამ მეთოდით შესაძლებელია ღრუბლების გაფანტვა, სეტყვის არიდება, მაგრამ, არა გლობალური კლიმატის შეცვლა. იმის თქმა მინდა, რომ აჭარის კლიმატის შეცვლა ტექნოლოგიებით შეუძლებელია.
– ღრუბლის გაფანტვის შემდეგ სადღაც ხომ მიდის ის, სად?
– ღრუბელი არის წვიმის წვეთების გროვა და სწორედ წვეთების ეს გროვა იშლება, მაგრამ რამდენიმე საათში ისევ შეიკვრება.
– ისევ იმ ადგილას თუ სხვაგან?
– შეიძლება, ისევ იმ ადგილასაც ან სხვაგან, თუმცა, თუ ციკლონია შემოსული, ამას ვერაფერი უშველის. მაგრამ, კიდევ ვიმეორებ: არ არის კლიმატის შეცვლის აუცილებლობა, რადგან აჭარაში საკმარისია მზის ნათება. საერთოდ, კოლხეთშია ასეთი კლიმატი და მისი შეცვლა წარმოუდგენელია.
– ცნობილია, რომ თავის დროზე კოლხეთის დაბლობზე დააშრეს ჭაობი. ასეთი ჩარევა არ მოქმედებს ზოგადად კლიმატზე?
– ეს არ მოქმედებს. საერთოდ, კოლხეთის ჭაობები სხვა ბუნებრივი პროცესების შედეგად წარმოიქმნა და ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი იყო. ზღვის ტალღური მოქმედების შედეგად, დაახლოებით, 5 000 წლის წინათ ჩამოყალიბდა კოლხეთის სანაპირო ზოლზე ზვინულები, ამან შეაკავა მდინარეები, რომლებიც ჩაედინებოდა შავ ზღვაში და, შედეგად, შექმნა წინაპირობა ჭაობების ჩამოსაყალიბებლად. კოლხეთში კლიმატი მაშინაც ტენიანი იყო, რასაც დაემატა ეს ზვინულებიც და შეიქმნა ჭაობები.
– ისევ ჭაობდება ის ადგილებიო. პრევენციის საშუალებები არ არსებობს?
– ჭაობები ყოველთვის გაჩნდება, ოღონდ, ეს ხანგრძლივი პროცესია. რაც შეეხება პრევენციას, ადრე ეგონათ, რომ ჭაობები მალარიის ბუდეა, მაგრამ ჭაობებს ბუნების დამცავი ფუნქცია აქვს. მთელ მსოფლიოში ჭაობებს იცავს რამსარის კონვენცია.
– რატომ იცავს?
– ეს ჭაობები არის ძვირფასი ადგილები გადამფრენი ფრინველებისთვის. თებერვალ-მარტში იქ ენით აუწერელი სილამაზეა: როდესაც აფრიკიდან მოფრინავენ გადამფრენი ფრინველები ჩრდილოეთ ევროპისკენ, სწორედ კოლხეთის ჭაობებში სხდებიან. ისვენებენ და შემდეგ გადაფრინდებიან ევროპაში.
– ჩიტების ბედნიერებისთვის პირადად მე, მზად ვარ, ავიტანო ჭაობები.
– იმიტომაც არის, რომ კოლხეთის ეროვნულ პარკად გადაკეთდა ის ადგილი, ანუ ჭაობი ყოველთვის არ უნდა დავაშროთ. არის შემთხვევები, როდესაც ის უნდა შევინარჩუნოთ.
– თურქეთში მთათა სისტემის არარსებობა განაპირობებს მთელი ტურისტული სეზონის განმავლობაში მზიან ამინდს? ჩვენს გაყოლებაზე მდებარე თურქეთის ნაწილში რა ხდება?
– ჩვენს გაყოლებაზეც არის მთათა სისტემა, ამიტომ, ხოფა, რიზე, ერთი სიტყვით, ტრაპზონამდე, ნალექიანი ფერდობებია, თუმცა, არა ისეთი უხვნალექიანი, როგორც მთა მტირალაზე. უბრალოდ, თურქეთის ტერიტორიაზე არსებული მთათა სისტემა ექსპოზიციით სამხრეთისკენაა და, რადგან იქ გაბატონებული ჰაერის მასები დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ, იმ მთებს კუთხით ხვდება, ამიტომ ნალექი უფრო ნაკლებია. მტირალაზე კი პირდაპირ ხვდება. არსებობს მშრალი და ნოტიო სუბტროპიკები. კოლხეთი, ანუ აჭარაც და აფხაზეთიც, მთელ ევროპაში ერთადერთი ტენიანი სუბტროპიკებია.
– რა არის ნოტიო სუბტროპიკების უპირატესობა, გარდა იმისა, რომ ევროპაში ერთადერთია?
– მთელი ხმელთაშუა ზღვის სანაპირო, ისეთი ცნობილი კურორტები, როგორებიცაა: საფრანგეთის რივიერა, ესპანეთის რივიერა, კატალონიის რივიერა, კორსიკა, საბერძნეთის კურორტები, კვიპროსი, კრეტა – მშრალი სუბტროპიკებია. ამას შეჩვეულია უცხოელი ტურისტი, კოლხეთის ნოტიო სუბტროპიკები კი განსხვავებულია და ამითაცაა საინტერესო ტურისტისთვის. დავუშვათ, შეიცვალა კლიმატი და ის უფრო მშრალი გახდა, მაშინ, ის შესანიშნავი ლანდშაფტები, რაც კოლხეთშია, გაქრება.
– ამ სინოტივის გამოა ჩვენი ბუნება განსხვავებულად ლამაზი მწვანე? მეგონა, რომ სიყვარული მაბრმავებდა და ამიტომ მეჩვენებოდა განსაკუთრებულად.
– რა თქმა უნდა. მშრალი რომ გახდეს კოლხეთის კლიმატი, მათ შორის, აჭარის კლიმატი, რა თქმა უნდა, ისეთი ნოტიო ტყეები, რაც გვაქვს, აღარ გვექნება. ასე რომ, კოლხეთის ნოტიო კლიმატის უპირატესობაც კი შეიძლება იყოს ის, რომ ევროპის რეგიონში ერთადერთია. ევროპის ყველა საკურორტო ზონა მშრალი სუბტროპიკებია. ვერსად ნახავთ ევროპაში ისეთ ტენიან და გაუვალ ტყეებს, წიწვნარ ტყეებს თავისი ჩანჩქერებითა და მრავალფეროვანი ბუნებით, როგორიც საქართველოშია. ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ არის, აჭარის მთები გამორჩეულია თავისი მრავალფეროვნებით და სწორედ ეს არის მისი უპირატესობა. სტუდენტი რომ ვიყავი, 1991 წელს, ჩამოვიდნენ ველური ბუნების დაცვის ფონდის წარმომადგენლები და სწორედ მათი რეკომენდაციებით იგეგმება მთელ მსოფლიოში ყველაზე უფრო ცნობილი ეროვნული პარკები. იყვნენ გერმანელი და ჰოლანდიელი მეცნიერები, რომლებსაც არაფერი უკვირთ, რადგან მოვლილი აქვთ მთელი მსოფლიო და ალასკიდან ახალ ზელანდიამდე მათი დაგეგმილია ეროვნული პარკები. ისინი პირველად იყვნენ საქართველოში და ისე აღფრთოვანდნენ საქართველოს ბუნებით, რომ მთელი საქართველოს ტერიტორიის 40 პროცენტის გამოცხადება უნდოდათ ეროვნულ პარკად, რაც შეუძლებელია. განსაკუთრებით მოიხიბლნენ აჭარის მთიანეთითა და კოლხეთის სანაპირო ზოლით. ქვიშის ზვინულები რომ ვახსენე, მათი სიმაღლე 2-3-მეტრია, სიგანე – 200-300 მეტრი. ერთი ფერდობი მიმართულია დასავლეთისკენ, ანუ ზღვისკენ, მეორე ფერდობი – აღმოსავლეთისკენ, ანუ ჭაობებისკენ. ერთ ფერდზე მათ ნახეს მცენარის სახეობა, რომელიც დამახასიათებელია ტუნდრისთვის, მეორე ფერდზე კი, 200 მეტრით იქით – მცენარის სახეობა, რომელიც ნახევრად უდაბნოსთვისაა დამახასიათებელი. გაოცებული დარჩნენ. კოლხეთის მრავალფეროვნება ძალიან საინტერესო ფენომენია და ამ მრავალფეროვნების ჩამოყალიბების ერთ-ერთი საფუძველი კლიმატია. თუ ჩვენ ამ კლიმატს შევცვლით, მრავალფეროვნება, რა თქმა უნდა, გაქრება და დაიკარგება.
ამ მცდელობას არანაირი საფუძველი არ აქვს, იმიტომ რომ, ჩვენ უკეთესს ვერაფერს შევქმნით. ყველა იმიტომაც იხიბლება საქართველოთი, გინდა აღმოსავლეთით, გინდა დასავლეთით, რომ ასეთი ბუნებაა ჩამოყალიბებული და ამის შეცვლას აზრი არ აქვს.
– როგორც მივხვდი, ღრუბლების დაშლა იმ კონდიციამდე მაინც შეიძლება, რომ სეტყვა აღარ მოვიდეს. კახეთის უპირველესი მტერი სწორედ სეტყვაა და სოფლის მეურნეობის განვითარება ტურიზმზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. რატომ არ კეთდება არაფერი ამ მიმართულებით?
– ამ შემთხვევაში ველოსიპედის გამოგონება არც გვჭირდება, ეს ტექნოლოგიები დამუშავებული იყო და დღესაც არსებობს.
– და ეს არ გამოიწვევს არანაირ კლიმატურ ცვლილებას.
– არა, ეს არ გამოიწვევს ჩამოყალიბებული კლიმატის შეცვლას, უბრალოდ, პრევენცია იქნება საიმისოდ, რომ მოსავალი დავიცვათ.