დაბრუნება
ანუ უგულშემატკივრო
გასულ კვირას სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პირველი ეტაპი დასრულდა. ეს სასიხარულო ამბავი ფართო საზოგადოებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ბ-ნმა სეფერთელაძემ და ერთიანი გამოცდების ცენტრის წარმომადგენელმა ქ-ნმა ჯოხაძემ აუწყეს. თუმცა ამ ორს შორის ყველაზე ამაღელვებელი მაინც ბ-ნი სეფერთელაძის კომენტარი გახლდათ. მინისტრის მოადგილემ, უპირველესად, გვამცნო, რომ, თუკი აქამომდე (ეს ბ-ნი კოკას საყვარელი სიტყვაა, ამიტომაც ვხმარობ) თითო საგანში თერთმეტი ალტერნატიული სახელმძღვანელო იყო, წელს მათი რაოდენობა სამამდე შემცირებულა, ზოგიერთ საგანში კი, საერთოდაც, ერთამდე დასულა; არც ის დაგვიმალა, რომ ეს „ექსპერტების მუხლჩაუხრელი შრომის შედეგია („კოლექტივო, მხარი მხარს“)“. თავის მხრივ, ქ-ნმა ჯოხაძემ დასძინა, რომ გრიფირების ამჟამინდელი პროცესი, შარშანდელისგან განსხვავებით, სახელმძღვანელოების ხარისხზე იყო ორიენტირებული (რაც, თავისთავად, ნიშნავს, რომ აქამომდე გრიფირებისას სახელმძღვანელოების ხარისხს ყურადღებას არ აქცევდნენ).
რაც მთავარია, ბ-ნმა სეფერთელაძემ (განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ!) საზეიმოდ გაგვიმხილა, რომ, თუმცა მეტი სიზუსტისთვის სიტყვა-სიტყვით მოვიტან ციტატას: „ასევე, მინდა, სიამაყით გაუწყოთ, რომ ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ ქართულ ენაში სახელმძღვანელო აგებულიყო იაკობ გოგებაშვილის „დედაენის“ მიხედვით. და მინდა, ასევე, გაუწყოთ, რომ იაკობ გოგებაშვილის „დედაენა“ სკოლაში დაბრუნდა.” ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ იაკობ გოგებაშვილის „დედაენა“ სკოლიდან არც არსად წასულა (დაწყებით კლასებში კვლავაც გოგებაშვილის პრინციპით ისწავლება მშობლიურად წერა-კითხვა), ვითომ ურიგო იქნებოდა, სახელმძღვანელოების გრიფირების პარალელურად, თუ მთლად ექსპერტთა მუხლჩაუხრელი ჯგუფი არა, ერთი გულშემატკივარი მაინც გადაიკითხავდა ხოლმე წინასწარ ბ-ნი სეფერთელაძის საჯარო გამოსვლის ტექსტებს?!