ზნეკეთილნი
ანუ ყველაზე წყნარები მსოფლიოში
რაკი პოსტრევოლუციურად ამ ჩვენს პარლამენტს თითქმის ერთპარტიულობა დაებედა (თითქმის ერთპარტიულობა, რადგან უმრავლესობა საკონსტიტუციო სიმრავლეშია), მის მუშაობაში დისონანსი კონსტრუქციულად წოდებულ საპარლამენტო უმცირესობასაც ვეღარ შეაქვს. იმის მიუხედავად, რომ პერიოდულად მათი ნაწილი ხელისუფლებას აკრიტიკებს, შიგადაშიგ სხდომებს დემონსტრაციულადაც ტოვებს და არც ყველა კენჭისყრაში იღებს მონაწილეობას, თუმცა, რაკი თავისთავად მათი არსებობის ფაქტი (თუნდაც, აბსოლუტურ უმცირესობაში) მრავალპარტიულობის იმიჯს ქმნის, შეიძლება, ითქვას, რომ ამ ჩვენს დემოკრატიას შნოსა და ლაზათს სძენენ (ანუ მარილს აყრიან მეტი სიგემრიელისთვის).
მეორე მხრივ, ისიც აშკარაა, რომ 2008 წლის მოწვევის პარლამენტში არც გაწევ-გამოწევაა და არც მუშტი-კრივი. შესაძლოა, ეს იმასაც უკავშირდებოდეს, რომ ეს ჩვენი მრავალგზის არჩეული დეპუტატებიც დაღვინდნენ და დადინჯდნენ (წლებს თავისი მიაქვს) ან, სულაც, იმას, რომ გაწევ-გამოწევის შემთხვევაში, უპირატესობა აშკარად უმრავლესობის მხარეზეა. თუმცა, რასაც უნდა უკავშირდებოდეს, ეს მოცემულობა შეუმჩნეველი არც უმრავლესობის ლიდერ ბ-ნ ცისკარიშვილს დარჩენია (რომელიც ორიოდე მოწვევის წინანდელ პარლამენტში, თავდაპირველად, სხდომათა დარბაზში, მოგვიანებით კი, საპარლამენტო საპირფარეშოში შეება კოლეგა საგანელიძეს). ამიტომაც, კერძოდ, გასულ კვირას პლენარულ სხდომაზე ბრძანა, რომ საქართველოს პარლამენტი სიჩუმითა და სიწყნარით სხვა პარლამენტებისგან გამორჩეულია (უფრო ზუსტად, „სხვა ქვეყნების პარლამენტებში ასეთი სიწყნარე და სიჩუმე ძალიან იშვიათად სუფევს“), ოღონდ არც ის დაუმალავს, რომ „იქაც და ჩვენთანაც, არის გარკვეული ემოციები და ხმაური, რაც საპარლამენტო ცხოვრების ნაწილია (პირადად მე მეგონა, რომ საპარლამენტო ცხოვრების ნაწილი აზრთა ჭიდილი იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, მწარედ შევცდი).“
ბუნებრივია, ჩვენ არ ვიცით, როგორ წაადგება ხალხის რჩეულთა ეს კონკრეტული ზნეკეთილობა ამ ჩვენს ქვეყანას (ცენტრალური კომიტეტის პლენარულ სხდომებზე, ვგონებ, უფრო წყნარადაც მსხდარან), თუმცა, თუ ასე ხმაშეწყობილად ღუღუნი გააგრძელეს, შესაძლოა, ერთ დღესაც ანგელოზებად ქცეულებმა ფრთაშეწყობილად თავზეც გადაგვიშხუილონ.