მეტეოროლოგიურად უნარიანი
ჯერ დახია, შემდეგ შეაწება, ბოლოს გაუმართლა
ის თავის დროზე „ეროვნულ საბჭოს“თანაუგრძნობდა, იმდენადაც, რომ სოლიდარობის ნიშნად თანამოაზრეების მხარდამხარ მანდატიც კი დახია, ოღონდ, როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ დროებით. მოგვიანებით, ბ-ნმა გამსახურდიამ (კონსტანტინე უმცროსმა) მანდატი კვლავ შეაწება. თუმცა უნდა ითქვას, რომ მას ამ საქმეში მმართველი პარტიაც წაეხმარა, რომელმაც სრულიად ყველა მანდატდახეულს (ბუნებრივია, მათ გარდა, რომლებსაც ისინი არც დაუხევიათ, ასეთი კი, თავის დროზე „ეროვნულ საბჭოს“ თანამგრძნობთაგან მოქმედ პარლამენტში სულ ხუთია) გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდა, ჰოდა, ბ-ნმა კოკო გამსახურდიამაც გადახედა თავის გადაწყვეტილებას და დაასკვნა, რომ ის მცდარი იყო. ხოლო, რაკი დაასკვნა, მანდატი სულ ნაწილ-ნაწილ შეაწება და დეპუტატის სკამიც გაინაღდა. თუმცა ეს ამბავი იმით გაამართლა, რომ იმ საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისიის თავკაცობას აპირებდა, რომელსაც საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაღუპვის გარემოებები უნდა გამოეძიებინა. კიდეც გამოიძია, თუმცა ამ ძიების ნაყოფი ჯერაც არ გვიგემია (იმას ვგულისხმობ, რომ რამე თვალსაჩინო ქმედითი შედეგი არ მოჰყოლია, იმას გარდა, რომ საქართველოს პარლამენტმა ბ-ნი კოკოს კომისიის მიერ შედგენილ დადგენილებას ხმა შეაწია).
მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ მან პოლიტიკოსის კარიერას დიპლომატია ამჯობინა (თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, თითქოს შვეიცარიაში საქართველოს ელჩად უნდა დანიშნულიყო), თუმცა, საბოლოოდ, გაირკვა, რომ ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის მეტეოროლოგიის მსოფლიო ორგანიზაციაში მუდმივ წარმომადგენლად ინიშნება. თუ გავიხსენებთ, რომ ამ ინიციატივით პარლამენტს საქართველოს პრეზიდენტმა უკვე მიმართა, ბ-ნ კოკოს საქმე მისალოცად ჰქონია (მისალოცად იმიტომაც, რომ ზემოხსენებულ ხუთს, მაინცდამაინც, ვერ უნდა ჰქონდეს თავი ქუდში, ანუ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სკამზე).
მოკლედ რომ ვთქვა, როგორც ჩანს, პოსტრევოლუციურ ქართულ რეალობაში შეგონება: „ნუ ჩაუჯდები ხელმწიფეს ნავში“ ცუდად მუშაობს, თუმცა შესაძლოა, ყველაფერში „დამნაშავე“ ბ-ნ კოკოს ყოვლად უსაზღვრო მეტეოროლოგიური წვდომა იყოს.