კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რით ჰგვანან ერთმანეთს რუსკა მაყაშვილი და ანი ლებანიძე, რამ შეცვალა ანის ცხოვრება რადიკალურად და რაში არ იყო ის დარწმუნებული სერიალში მოხვედრამდე

 

 

სერიალში „გოგონა გარეუბნიდან“ ერთი ძალიან საინტერესო პერსონაჟი გამოჩნდა – ანჩოს და ირინკა. ის ძალიან მხიარული და საყვარელია. თუმცა, იმავდროულად, ინტრიგანი და მაწაკიც, როგორც ამას თავად ირინკა, იგივე ანი ლებანიძე ამბობს. ვინ არის ის, როგორ მოხვდა სერიალში და რამ შეცვალა მისი ცხოვრება რადიკალურად, ამაზე თავად პატარა მსახიობი გვესაუბრება.

ანი ლებანიძე: ჩემი ცხოვრება თითქმის ისეთივეა, როგორიც ყველა სკოლის მოსწავლის. 14 წლის ვარ, წელს მერვე კლასი დავამთავრე. უკვე სამი წელია, დავდივარ ქართულ-ხალხურ ცეკვებზე. თუმცა, სამომავლოდ ამ პროფესიის არჩევას არ ვაპირებ. უბრალოდ ძალიან მიყვარს ქართული ცეკვები და მინდოდა მესწავლა.

 – ხომ არ გადაგიწყვეტია, რა პროფესიას აირჩევ სამომავლოდ?

 – ძალიან მინდა, ექიმობა. მამიდაჩემი ექიმი-რადიოლოგია და მინდა, მეც მის პროფესიას გავყვე. საინტერესო საქმიანობაა, ძალიან მიზიდავს. რაც შეეხება ჩემს მსახიობობას, სრულიად შემთხვევით მოხდა. როდესაც ირინკას როლზე ქასთინგი გამოცხადდა, რუსკა მაყაშვილმა მაცნობა ამის შესახებ და მითხრა, ბედი მეცადა. მეც გადავწყვიტე მივსულიყავი. ძალიან დიდი ქასთინგი არ ყოფილა და როგორც ჩანს, არჩევანი ჩემზე გააკეთეს, რადგან მე დამამტკიცეს ამ როლზე.

 – ელოდი, რომ შენ აგირჩევდნენ?

 – არა, საერთოდ არ ველოდი. როცა დამირეკეს, ძალიან გამიხარდა. ამაზე, ალბათ, ვერც ვიოცნებებდი. ძალიან კარგი სერიალია და ბედნიერი ვარ, რომ მეც ვმონაწილეობ მასში. (იცინის). ამის მიუხედავად, თეატრალურში, ალბათ, არ ჩავაბარებ. თუმცა, მინდა, რომ ამ სფეროსთან შეხება მუდამ მქონდეს. მასტერ-კლასებს გავივლი, რაც პროფესიულად ზრდაში დამეხმარება.

 – შენი გმირი როგორ მოგწონს და სინამდვილეში თუ ჰგავხართ ერთმანეთს?

 – ირინკა ძალიან კარგი გოგოა. ვაფასებ მის მიზანდასახულობას. ყოველთვის ბოლომდე აკეთებს იმას, რასაც გადაწყვეტს. საქმის ბოლომდე მიყვანაში ხელს ვერავინ შეუშლის. ერთადერთი, არ მომწონს, რომ ინტრიგანი ბავშვია. თუმცა, ვიტყოდი, რომ საყვარელი ინტრიგანია (იცინის). რაც შეეხება მსგავსებას ჩვენს შორის, ალბათ, რაღაცით ვგავართ, რაღაცით – არა. მასავით ინტრიგანი და მაწაკი არ ვარ (იცინის). მანერებით, მიმიკითა და გარეგნობით კი ძალიან ვგავართ ერთმანეთს. (იცინის). ცოტა ხანში ირინკას შეუყვარდება ბიჭი, რომელსაც მაყურებელი ძალიან მალე იხილავს.

 – მსახიობობა რთული არ ყოფილა?

 – ალბათ, არც რთულია და არც მარტივი. ჯერჯერობით არ მიჭირს თავის გართმევა. პირიქით, ძალიან სასიამოვნოდ და კარგად მიმდინარეობს გადაღების პროცესი. სიმართლე რომ გითხრათ, დიდად გარდაქმნა არც დამჭირვებია,  ბუნებრივად ვთამაშობ. ცხოვრებაშიც ასეთი ვარ, უბრალოდ, სერიალში სხვა ტექსტს ვამბობ ხოლმე (იცინის).

 – შემოქმედებით გუნდს მოგვიანებით შეუერთდი. როგორ მიგიღეს?

 – ძალიან კარგად. არ გამჭირვებია მათთან საერთოს გამონახვა. ისინიც ძალიან კარგად მომიდგნენ. არც პროფესიონალი მსახიობი ვარ და, ასაკითაც პატარა ვარ მათთან შედარებით, ამიტომ ყველა ცდილობს, დამეხმაროს – რჩევებს მაძლევენ. ასე რომ, ძალიან კარგად ჩავჯექი შემოქმედებით გუნდში. რაც მთავარია, მივხვდი, რომ ეს არის საქმე, რაც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. ეს ყველაფერი ისე უცებ დამატყდა თავს, ვერც კი მივმხვდარვარ რა ხდება. (იცინის). თავიდან ცოტა მაკომპლექსებდა ის მომენტი, ასეთ ძლიერ მსახიობებთან ერთად რომ მოვხვდი და მეც მათ გვერდზე უნდა მეთამაშა. ვნერვიულობდი, რაღაც ისე კარგად რომ არ გამომსვლოდა, მაგრამ როცა დავინახე, ყველა ძალიან თბილად და კარგად მომიდგა, კომპლექსებიც მომეხსნა.

 – როცა ტელევიზიით უყურებ შენს თავს, რას ფიქრობ – შენიშვნები თუ გიჩნდება?

 – ყოველ პარასკევს სახეზე ბალიშს ვიფარებ, ჩემი თავი რომ არ დავინახო ტელევიზორში (იცინის). უამრავი შენიშვნა მაქვს – ხან გარეგნობა არ მომწონს, ხან ლაპარაკის მანერა. ბოლომდე კმაყოფილი არასდროს ვარ. სერია არ ყოფილა, ჩემი თავი თავიდან ბოლომდე რომ მომწონებოდა. მსახიობები მეუბნებიან, რომ ძალიან კარგად ვართმევ თავს და ჩემი ასაკის ბავშვისთვის ეს დიდი წარმატებაა.

 – ძალიან ბევრს ლაპარაკობენ შენი და რუსკას გარეგნულ მსგავსებაზე, იმასაც კი ამბობენ, სინამდვილეშიც დები არიანო.

 – კი, ხშირად მესმის ფრაზები – „ირინკა სინამდვილეშიც რუსკას დაა”, ან „როგორ ჰგვანან ირინკა და რუსკა ერთმანეთს”. მაგრამ, მინდა გითხრათ, რომ რუსკა არც ჩემი დაა და არც ნათესავი. ჩვენ ერთმანეთი „ფეისბუქით“ გავიცანით. ხშირად ვწერდით ხოლმე ერთმანეთს და ასე დავმეგობრდით. ცოტათი, ალბათ, ვგავართ კიდეც ერთმანეთს, რადგან ხალხიც ასე ფიქრობს. ჩვენ ხასიათითაც ვგავართ. ორივე თბილი და კომუნიკაბელურები ვართ. ადვილად შევდივართ კონტაქტში.

 – გადაღებების პროცესი, ალბათ, დიდ დროს გართმევს. სკოლაში სიარულს მაინც ასწრებ?

 – კი, სკოლაში სიარულს ვასწრებდი, მაგრამ ახლა არდადეგები დამეწყო და მიხარია, მეტი დრო მექნება სერიალისთვის. მასწავლებლები ძალიან მიწყობდნენ ხელს. ხშირად მიწევდა გაკვეთილების გაცდენა, მაგრამ ყველამ იცოდა, რაშიც იყო საქმე და მპატიობდნენ. ჩემი კლასელები, როცა ტელევიზორში მიყურებენ, სულ ამბობენ: „იცით ეს ჩემი კლასელია”, – ამაყობენ ჩემით. სკოლაში პოპულარული გოგო გავხდი, რაც ძალიან მომწონს და მსიამოვნებს (იცინის).

 – დასვენებას და გართობას ასწრებ?

 – დასვენებისა და გართობისთვის არც სერიალამდე მქონდა ბევრო დრო. არ ვიცი რატომ, მაგრამ სულ დაკავებული ვარ. თავისუფალ დროს წიგნებს ვკითხულობ, კომპიუტერთან ვზივარ ან მეგობრებთან ერთად ვარ. სეირნობა და ქუჩაში ყოფნა არ მომწონს. ვცდილობ, მაქსიმალურად ვიყო სახლში. მე და ჩემი მეგობრები რომელიმესთან ვიკრიბებით სახლში – მუსიკას ვუსმენთ და ვჭორაობთ ხოლმე.

 – ყველაზე ხშირად რაზე ჭორაობთ?

 – თითქმის ყველაფერზე. ვარჩევთ პოლიტიკურ ამბებს (იცინის). შეიძლება, ერთ თემაზე 2 საათი ვილაპარაკოთ. ბიჭებზეც ვჭორაობთ და მოკლედ, თემები არ გველევა (იცინის).

 – თაყვანისმცემელი ბევრი გეყოლება. ხომ არ გაბეზრებენ თავს?

 – არა, თავს არ მაბეზრებენ. ბიჭები ნაკლებად მწერენ ხოლმე. არც მე ვარ დაინტერესებული იმით, რომ თაყვანისმცემლებთან სხვანაირი ურთიერთობა მქონდეს. უფრო პატარა გოგოები იჩენენ აქტიურობას. „ფეისბუქში“ მამატებენ მეგობრებში და კომპლიმენტებს მეუბნებიან. ასე რომ, ბიჭებისგან აქტიურობას დიდად ვერ ვგრძნობ.

 – როგორი ბიჭები მოგწონს და ამჟამად თუ არის ვინმე ისეთი, ვინც შენი სიმპათია დაიმსახურა?

 – არა. არავინ მომწონს. ისე კი მაღალი, გამხდარი, სიმპათიური და ჭკვიანი ბიჭები მომწონს. (იცინის). პროფესიას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, ჭკვიანი, თბილი და საყვარელი იყოს. თუმცა, ჯერ სწავლაზე ვარ გადართული და ამისთვის ნაკლებად მცალია.

 – საზაფხულოდ რას გეგმავ, აქტიური დასვენება გიყვარს თუ წყნარი?

 – ძალიან მომწონს სიწყნარეში და ლამაზ ბუნებაში ყოფნა. ამ ზაფხულს ვაპირებ აგარაკზე,  კავთისხევში წასვლას, სადაც ვიქნები ოჯახთან ერთად. არ მინდა კომპიუტერი და სხვა მსგავსი გასართობები. მინდა, სულ სხვა სამყარო შევიგრძნო.

 – შენთვის რა არის სულ სხვა სამყარო?

 – ეს არის ვირტუალური სამყაროსგან გათიშვა. ყველას რომ „დაიკიდებ”, ბოდიში ამ სიტყვაზე (იცინის). წაიკითხავ წიგნებს, დაისვენებ სუფთა ჰაერზე და არაფერზე იფიქრებ. ეს ყველაფერი უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. საერთოდ, ხალხმრავალი ადგილები დიდად არ მომწონს. სიწყნარე მირჩევნია.

 – ყველაზე მეტად რისი კეთება გიყვარს?

 – ყველაზე მეტად მიყვარს კერვა. ვქსოვ კიდეც. როცა თავისუფალი დრო მაქვს, ჩემთვის რაღაცეებს ვიკერავ. ხანდახან დედასაც ვუკერავ. სულ ჩემი მოქსოვილი რაღაცეები მაცვია და თუ დრო მაქვს, ამით მშვენივრად ვერთობი. კიდევ, ძალიან მიყვარს სიმღერა, მაგრამ დიდად არ მეხერხება (იცინის). როცა მარტო ვარ სახლში, მაშინ ვმღერი, რომ სხვა არ შევაშინო (იცინის).

 – როგორ ფიქრობ, პოპულარობა კარგი ყოფილა?

 – კი, ძალიან კარგია. თუმცა, მე ისეთ პოპულარულად არ მივიჩნევ თავს, როგორიც სხვა მსახიობები არიან. ეს, ალბათ, დიდხანს არ მოხდება. ბევრი პრაქტიკა და სწავლა მჭირდება. ამ ეტაპზე კი, ძალიან სასიამოვნოა, როცა ქუჩაში გავდივარ და ყველა ღიმილით მხვდება. მესმის ფრაზები – „ეს ირინკაა”, „ეს რუსკას დაა”. ხალხს არ სჯერა მე და რუსკა დები რომ არ ვართ.

 – როგორ ფიქრობ, პოპულარობა ცვლის ადამიანს?

 – მე უკვე შემცვალა. ძალიან ბევრი ისეთი რამ დავინახე, რასაც ადრე ვერ ვამჩნევდი. ადამიანებიც შეიცვალნენ ჩემ მიმართ, ახლა სულ სხვანაირად აღმიქვამენ. დავინახე, ვინ არის ნამდვილი მეგობარი და ვინ – არა. მეუბნებიან, კარგი მსახიობი ხარო. ადრე კი ვერც ვიოცნებებდი, ასეთ რამეს თუ მეტყოდნენ.

 – ბავშვობიდან გინდოდა მსახიობობა თუ რუსკას გაცნობის შემდეგ გადაწყვიტე?

 – მსახიობობა არ მქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ სამი პიესა კი მაქვს დაწერილი და ძალიან მინდოდა, სკოლაში დამედგა. სანამ ამ სერიალში  მოვხვდებოდი, არ ვიყავი საკუთარ თავში დარწმუნებული – სწორად ვერ ვაფასებდი. ახლა უკვე ვიცი, ვინ ვარ (იცინის).

 – რაზეა შენი პიესები?

 – ერთი კომედიურია, ორი კი – დრამა. პირველი, რომელიც კომედიურ ჟანრში დავწერე, 2008 წლის ომს ეხება. ქართველი ჯარისკაცის დედა შეხვდება რუსი ჯარისკაცის დედას. ეს დრამა გადავიტანე კომედიაში. ანუ ყველაფერი ნათქვამია სიცილით, მაგრამ ხალხი ხვდება მთავარ სათქმელს. ბოლო ორი პიესა კი სასიყვარულო და სათავგადასავლო ჟანრისაა. ახლა ვეღარ ვახერხებ წერას, რადგან დრო არ მაქვს. თან, მუზაც არ მომსვლია. მთლიანად გადართული ვარ სერიალზე, რამაც რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება. მე ის ანა აღარ ვარ, რაც ორი წლის წინ ვიყავი, ანუ ჩვეულებრივი ბავშვი (იცინის).

 

скачать dle 11.3