როგორ წავიდა თენგო სეფიაშვილის ოჯახი საბჭოთა კავშირიდან შტატებში და როგორ გახდა ის ნიუ-იორკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დიჯეი
ელექტრონული მუსიკის შემსრულებელი, ქართველი თენგო სეფიაშვილი, რომელიც საკლუბო მუსიკის მოყვარულთათვის დიჯეი თენგოს სახელით არის ცნობილი, სამი წლიდან ნიუ-იორკში ცხოვრობს. მისი მშობლები ჯერ იტალიაში წავიდნენ ემიგრაციაში, შემდეგ – ამერიკაში. მამამისს საბჭოთა სისტემასთან კონფლიქტი ჰქონდა, რის გამოც რამდენიმეჯერ იჯდა ციხეში. როგორია თენგოს ცხოვრება ამერიკულ მეგაპოლისში და როგორ აისრულა მან „ამერიკული ოცნება”, ამის შესახებ თავად გვიამბობს (თუმცა, თავიდანვე მომიბოდიშა, ქართული ცუდად ვიციო).
– თენგო, დიდი ხანია, ნიუ-იორკში ცხოვრობ?
– ჩემი მშობლები წამოვიდნენ საბჭოთა კავშირის დროს. მამაჩემს მუშაობა, შრომა უყვარდა, მაგრამ, საბჭოთა კავშირი არ მოსწონდა. კარგი ადამიანი იყო, ცუდს კი არაფერს აკეთებდა, ფულის შოვნა უყვარდა. რამდენჯერმე იჯდა კიდეც საბჭოთა ციხეში. იმ დროს ბევრი ხალხი წავიდა ისრაელში, ევროპაში. მამას ისრაელიდან დაურეკეს: რუბენ, თუ გინდა ფულის შოვნა, ჩამოდიო. ჰოდა, წავედით ჯერ იტალიაში, იქიდან კი ამერიკის ვიზა მოგვცეს. მამაჩემი ჯერ ტაქსის მძღოლად მუშაობდა, მერე თვითონ იყიდა ტაქსები („მედალიონები“) და ტაქსების სერვისი გააკეთა. მოკლედ, ბევრჯერ იჯდა ციხეში, ხან ბრილიანტების საქმეზე, ხან ვალუტაზე, ხან „ტუფლების” საქმეზე – ბევრ რამეს აკეთებდა.
ერთი წლის წინ ვიყავი ჩამოსული. თითქმის ყველაფერი კარგად მახსოვს. წავედი იმ ადგილას, სადაც ვცხოვრობდით – კლარა ცეტკინის ქუჩაზე და ვიდეოკამერით პატარა ფილმივით გადავიღეთ. ხალხს ვეუბნებოდი: აქ იყო ჩემი სახლი, აი, აქ ვთამაშობდი-მეთქი. ბევრი რამე მახსოვდა – მუშტაიდის ბაღი... ნიუ-იორკში რომ ჩამოვედით, თავიდან ლაპარაკი მიჭირდა, სიტყვები არ ვიცოდი, ბავშვებს ვერ ვეკონტაქტებოდი, მაგრამ, ერთ თვეში მშვენივრად ვისწავლე და, წავიდა და წავიდა. მართალია, ქართველი ვარ, მაგრამ თავი ამერიკელად მიმაჩნია, ძალიან მიყვარს აქაურობა.
– ქართული საიდან იცი, ოჯახში ქართულად ლაპარაკობდით?
– დიახ, ოჯახში დედაჩემი და მამაჩემი მაინც ქართულად ლაპარაკობდნენ, თან ბევრი ქართველი ამხანაგი მყავს. სულ მყავდა ქართველი მეგობრები, მაგრამ ეს ბოლო რვა წელია, უფრო სუფთად ვინც ლაპარაკობს ქართულად, იმათ დავუახლოვდი.
მუსიკალური განათლება არ მაქვს, სამუსიკო სკოლაში არ მივლია. ჩემით ვისწავლე ყველაფერი: ჯერ – გიტარა, მერე პიანინო, ბასი და შემდეგ დიჯეი გავხდი. ოთხ ინსტრუმენტზე ვუკრავ. არის კიდევ ერთი ინსტრუმენტი – სევემენი, რომელიც ძალიან ადრე, ერთმა რუსმა გამოიგონა, ხელები თითქმის ჰაერში გაქვს, ისე უკრავ, „მაგნეტიქ ფილდით”. უცხო ინსტრუმენტია და ბევრმა არ იცის, რომ არსებობს ასეთი რამ. მე ვუკრავ და კიდევ რამდენიმე დიჯეი.
– შენს ოჯახს, ალბათ, თავიდან გაუჭირდა თავის დამკვიდრება ნიუ-იორკში.
– რა თქმა უნდა, გაუჭირდა. მამაჩემს ფულის შოვნა ეხერხებოდა და უნდოდა, მალე გაეკეთებინა ყველაფერი, მაგრამ, ენა არ იცოდა და აქ ძალიან გაუჭირდა. ერთხელ ტაქსისტად რომ მუშაობდა, საპატრულო პოლიციამ გააჩერა და, ისე დაიბნა, რომ ელაპარაკებოდნენ, ვერაფერი გაიგო და 5 დოლარი მისცა (იცინის) – იფიქრა, საქართველოში რომ აძლევდნენ მილიციელს ფულს, აქაც ისე არისო. წაიყვანეს პოლიციაში, მერე ვიღაცამ გამოიყვანა. აქ სხვანაირად არის ყველაფერი. ახალჩამოსული რომ ხარ და აზრზე არ ხარ აქაური ცხოვრების, ვერ მიხვდები აქ სულ სხვა სიტუაციაა. უფრო მეტი საქმე აქ ჭკუითა და საკუთარი ხელებით კეთდება და არა ფულითა და ქუჩაში ჩხუბით. საერთოდ, ნიუ-იორკი ჩემთვის მსოფლიოში ყველაზე კარგი ქალაქია, ჩემი სახლია – ადამიანი სადაც იზრდება, ყველაზე კარგი ის ჰგონია. აქ ცხოვრების ბევრად უფრო ჩქარი ტემპია, ვიდრე, თუნდაც, ევროპაში. ამას მიჩვეული ვარ და ამიტომ ცოტა მიჭირს სხვაგან გაძლება. ისე, მოგზაურობა მიყვარს, ნამყოფი ვარ ამერიკის ყველა მეგაპოლისში, სამხრეთ ამერიკაში, აზიაში, ევროპაში, ბაქოში, ერევანში, თბილისში... რიო მაგარი ქალაქია, მაგრამ, ნიუ-იორკი სულ სხვაა.
– საკლუბო მუსიკის თვალსაზრისით რომელ ქალაქს გამოარჩევდი?
– რიო არის მაგარი ქალაქი, ბრაზილიაში მაღალ დონეზეა კლუბური სიტუაცია და ღამის ცხოვრება. ამას წინათ კორეაში ვიყავი და ძალიან მომეწონა. კარგი ხალხია – ჭკვიანი, წყნარი, მაგრამ, კარგად აჯაზებენ. კლუბში რომ ვუკრავდი, ნელ-ნელა მოდიოდნენ. დალევით თითქმის არაფერი დაულევიათ, მაგრამ, ისეთ მაგარ დროს ატარებენ, თითქოს ექსტაზი მიეღოთ. ჩხუბი და ზედმეტი რაღაცები არ იციან.
კორეაში ფესტივალის დირექტორმა ბუდას ფესტივალზე წაგვიყვანა – ბუდას დაბადების დღე იყო და ზეიმობდნენ. ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბუდისტურ ტაძარში ვიყავით, კონცერტები იყო, მერე კორეული ჩაის დასალევად წავედით და ძალიან ვისიამოვნე. გავგიჟდი. იმდენნაირი ჩაია, ვერც კი წარმოიდგენ. სხვადასხვანაირად აყენებენ, კორეული საჭმელიც გავსინჯეთ, მოკლედ, ძალიან კარგი დღე იყო. ახლახან ტოკიოში გავიცანი ხალხი, საიდანაც მაქვს მოწვევა – უნდათ, რომ ჩავიდე და ტოკიოში დავუკრა. ვნახოთ, ვმუშაობთ ამ საკითხზე.
– თბილისური კლუბური მუსიკის შესახებ რას გვეტყვი?
– გასულ წელს ვიყავი ჩამოსული და ძალიან კარგად მიმიღეს, ყველამ მითხრა, თბილისში სიტუაციაც და მუსიკაც სხვანაირიაო, მაგრამ, რომ ჩამოვედი, ზუსტად ის დამხვდა, რაც მინდოდა და რასაც ველოდი. მეუბნებოდნენ, რომ თბილისში ძირითადად „პოპულარ დენს მიუზიქ” (პოპულარული საცეკვაო მუსიკა) აინტერესებთო. ელექტრონულ მუსიკასაც ჰყავს თავისი მსმენელი. მე საკმაოდ მძიმე „ტექნოს“ ვუკრავ, შეიძლება, ორი საათს ვუკრავდე და იქ მარტო ინსტრუმენტული მუსიკა იყოს. ამიტომ, თავიდან, რომ დავუკარი, მეშინოდა, რომ ვერ მიმიღებდნენ და ვერ გამიგებდნენ, მაგრამ, ბევრი მოვიდა მოსასმენად და აღმოჩნდა, რომ, ვინც უსმენს ელექტრონიკას, ბევრად ურჩევნიათ უფრო მძიმე, მაგარი ტექნო, ვიდრე რაღაცა „ლაით-ჰაუსი“ ან „პოპი“. საქართველოში პირველად ბათუმში დავუკარი, „აჭარა მიუზიქ ჰოლში”, იქ დაახლოებით 1 200 კაცი ეტევა და 1 000 კაცი იყო მოსული. გორში ვუკრავდი ომში დაზარალებული ხალხისთვის ღია ცის ქვეშ, მგონი, ერთი 4 000 კაცი იყო მოსული. კუს ტბაზეც გავაკეთეთ ერთი ივენთი, მაგრამ, ჩაგვეშალა – წვიმამ დაუშვა და ვერ მოვიდა ხალხი.
– მინდა გკითხო, დიჯეობა როგორ დაიწყე, რომელ კლუბში უკრავ? მოდი, დაწვრილებით მომიყევი ეგ ამბავი.
– მე მუსიკოსი ვიყავი და მინდოდა, როკ-ენ-როლის ბენდი მყოლოდა. ჯიმი ჰენდრიქსი მომწონდა ძალიან, ჯიმი პეიჯი... მანამდე კინოში ვმუშაობდი, ფილმებისთვის „გრიპინგს” ვაკეთებდი, 12 საათს ვმუშაობდი, ხან 14-16 საათს და ძალიან ვიღლებოდი. მაშინ 22 წლის ვიყავი. არავინ დამხმარებია, ყველაფერს თვითონ მივაღწიე. აქ არავინ დაგეხმარება – არ უნდათ, მათზე წინ წახვიდე, ყველაფრისთვის უნდა იბრძოლო. არც მენეჯერი მყავდა, არც პროდიუსერი. პრინციპში, არც მჭირდება, მე ჩემი იდეები მაქვს. ჩემს ერთ ნაცნობს კლუბი ჰქონდა, მეც დავდიოდი, ისე. თავის კლუბში თვითონვე უკრავდა. გამიკვირდა და ვკითხე: „კი მაგრამ, შენს კლუბში რატომ დიჯეობ-მეთქი?” მიპასუხა ერთი 50 დიჯეი მაინც გავსინჯე და არც ერთი არ მომეწონაო. შევთავაზე, მე დავუკრავ, და, თუ მოგეწონება, ფული გადამიხადე-მეთქი. გაგიჟდა, კი მაგრამ, თუ არ იცი, როგორ უნდა დაუკრაო? მოვატყუე – აპარატურა და ყველაფერი მაქვს და ვუკრავ კიდევაც-მეთქი. წარმოიდგინე, სიდიც კი არ მქონდა, აუდიოკასეტები მქონდა მარტო (იცინის). ავიღე ყველა სიდი, რაც ჩემს მეგობრებს ჰქონდათ და გადავიწერე, მთელი კვირა, დღე და ღამე, ვიწერდი და ვიწერდი. მოკლედ, მივედი იმ კლუბში და ვეუბნები ერთ ტიპს, ვინც იქ უკრავდა: ჩემს სახლში რაღაცა სხვანაირად არის და, შეგიძლია, მასწავლო, რა და როგორ გავაკეთო-მეთქი? (იცინის). ერთ წუთში მასწავლა ყველაფერი. მოკლედ, დავიწყე დაკვრა. მეშინოდა, არ გამომივა-მეთქი. თუმცა, მუსიკა კარგად ვიცოდი – როკ-ენ-როლი, ჯაზი... დავუკარი კლუბში, ყველა ვაცეკვე, კაცი მოვიდა და მადლობები მიხადა, ფულიც მომცა და, მთხოვა, შემდეგ კვირასაც დაუკარიო, ამ კლუბს „ქლემენთაინი” ერქვა, დაიხურა. ახლა „ვებსტერ ჰოლში” ვუკრავ. ბევრჯერ შევიცვალე სტილი, ჰიპ-ჰოპს, როკს, ყველაფერს ვუკრავდი. საბოლოოდ, ელექტრონულ მუსიკას ვუკრავ. რამდენიმე სიმღერის სინთეზს ვახდენ, ვმიქსავ და ერთი კომპოზიცია გამოდის.
– ახალგაზრდა ქართველი დიჯეები თუ არიან ნიუ-იორკში და თუ ცდილობ, მათ დაეხმარო?
– უკვე ორ დიჯეის დავეხმარე. უბრალოდ, ახლა დრო აღარ მაქვს. მოდის ხალხი ჩემთან და, თუ ვხედავ, რომ მართლა ძალიან აინტერესებს, დროსაც დავუთმობ. ერთ ას კაცს ვასწავლე და მარტო ორს მოუნდა გაგრძელება. რთულია დიჯეის ცხოვრება, ხალხს რომ ჰგონია, ფოიერვერკითაა სავსე, ეგრე არ არის.
– თბილისი მოგეწონა?
– ძალიან. უბრალო ხალხი, საჭმელი, დროსტარება – ყველაფერი... საქართველოში ჩამოსვლა და ხალხის გაცნობა ძალიან გამიხარდა. ბავშვობიდან მიყვარს ქართული საქეიფო მუსიკა, ცეკვები, სიმღერები და ხშირად ვუსმენ. აქ არის ქართული რესტორნები, მაგალითად, „ფიროსმანი”, სადაც ძირითადად ქართველები და მათი მეგობრები დადიან, მოსწონთ ქართული საჭმელი. ვფიქრობ, მეც გავხსნა ქართული რესტორანი, (იცინის). ვნახოთ.
– როგორც ვიცი, მეუღლე და შვილები გყავს. მათზე რას გვეტყვი?
– ჩემი ცოლი, დები, წარმოშობით ბრაზილიელი ამერიკის მოქალაქეა. კლუბში გავიცანი, მოდიოდა, მისმენდა და დავმეგობრდით, თუმცა, მას მოვწონდი და მე აზრზე არ ვიყავი, მეგობარივით ვუყურებდი. ის კი საჩუქრებს მიგზავნიდა, ვფიქრობდი, ვინ მიგზავნის-მეთქი. მერე ერთმა მითხრა, აი, ეს გოგო გიგზავნის ხოლმეო. გავედი, ვნახე. თავის „ბოიფრენდთან“ ახალი დაშორებული იყო. მოკლედ, მას მერე ერთად ვართ. აბა, გულს ხომ არ ვატკენდი გოგოს?! (იცინის). ორი ბიჭი გვყავს – ქელელი და ბრიუსი. დედაჩემი ელაპარაკება ქართულად დების და ცოტა ესმის ქართული. ბრაზილიელი და ქართველი ქალები ძალიან ჰგვანან ერთმანეთს შავი თმით, შავი თვალებით; რაც მთავარია, გულიანები არიან და კაცებს კარგად უვლიან.
– ყოფილა საქართველოში?
– საქართველოში ჯერჯერობით არ ჩამომყავს – ყველგან სიგარეტს ეწევიან, ვერსად დაჯდები. ყველგან ბოლი დგას და არ მინდა ბავშვების ასეთ ადგილას მიყვანა. მერიაშიც კი ყველგან ეწეოდნენ.
– სეულის დიჯეების საერთაშორისო ფესტივალის შესახებ მიამბე, სადაც გამარჯვებული გახდი.
– სეულში ყოველწლიურად ტარდება დიჯეების საერთაშორისო ფესტივალი. წელს 3-დღიანი ჩატარდა, მაგრამ მე ერთ კვირას დავრჩი. ფესტივალის დირექტორმა კორეის დათვალიერება შემომთავაზა. ფესტივალებს უფრო მეტად „რექორდ ლეიბლები“ აწყობენ და თუ არ ხარ მათიანი, ფესტივალზე ვერ მოხვდები. სეულში წასვლა პაპუნა დავითაიამ მომიხერხა, დავუკავშირდი და, მოკლედ, დავუკარი ფესტივალზე. ძალიან მოეწონათ და გამარჯვებულ „სთაფში” მოვხვდი. იმედია, მომავალ წელსაც მომიწევს.