რატომ ნერვიულობდა რეზო ჩხიკვიშვილი საკუთარ ქორწილში და რატომ ეგონათ გერმანელებს ის გიჟი
რეზო ჩხიკვიშვილი საქართველოდან ჩვიდმეტი წლის წინათ წავიდა. მისთვის სულაც არ აღმოჩნდა იოლი გერმანიაში, ქალაქ ესენის თეატრის სცენაზე წამყვანი მსახიობის ადგილის დამკვიდრება, მით უფრო, რომ გერმანული ენა საერთოდ არ იცოდა, მაგრამ, ეს მძიმე წლები უკვე წარსულის კუთვნილებაა. თავისი ცხოვრების ყველაზე რთულ პერიოდებზე რეზო თვითონ მოგიყვებათ.
– ჩემი მოწვევა გერმანიაში თეატრში სამუშაოდ არ იყო გათვლილი. ქართულ-გერმანულ პროექტში, „ოიდიპოს მეფეში“ მნახეს და მაშინ გადაწყვიტეს, მოვეწვიე. როცა ჩამოვედი, პირველი პერიოდი რთულად დაიწყო – ენა არ ვიცოდი. ამას ყველაფერს რაღაცნაირად დაძლევს ადამიანი, მაგრამ, ჩემთვის ყველაზე რთული ის იყო, რომ ამდენი ხნით არ დამიტოვებია თბილისი. გასტროლებზე ყველაზე დიდი, ერთი-ორი კვირით მივდიოდით. რომ გავიდა ერთი თვე, ორი თვე და ვხედავ, რომ შემოვრჩი სხვა გარემოს, სხვა კულტურას, განვიცდიდი. საოცარი დაუკმაყოფილებლობის გრძნობა მქონდა. ნელ-ნელა დავიწყე გერმანული კულტურის შესწავლა, მაგრამ, ჩემს თავს ვერ ვხედავდი ისე, როგორც ქართველი ქართულ ხელოვნებაში. საშინელი მონატრება მქონდა. უცებ მოვწყდი საქართველოს – სად ვარ, ვინ ვარ, ვის ვაინტერესებ აქ? ყველაფერი ძალიან დამაკლდა. მერე ამას მოჰყვა შინაგანი დეპრესია, უძილობა, მიუხედავად იმისა, რომ შვილებიც აქ მყავდა. წესით, უნდა გიხაროდეს ადამიანს, როცა შენი შვილები გერმანულ ბაღში და სკოლაში დადიან. ბავშვებმა მალე ისწავლეს ენა, მაგრამ, მე აღარ მინდოდა აქ. არ ვიცოდი, როგორ მომეშორებინა დეპრესია. ერთი კარგი გერმანელი მეგობარი მყავს, მოვიდა და მეუბნება: მოდი, ეს დეპრესია მოგაშორო – დავლიოთ და ყველაფერი დაგავიწყდებაო. ე, ეგ რომ საქმეს შველოდეს-მეთქი.
– როგორ შეისწავლეთ ენა?
– რომ მოვდიოდი, მირჩიეს, გერმანულის სწავლა დაიწყეო. ორი თვე ვსწავლობდი. თავიდან, მასწავლებელმა რომ მკითხა, რა ვისწავლოთო, ლექსები ვისწავლოთ-მეთქი – ვიფიქრე, ჩემი გამოთქმა აინტერესებდათ და რამდენიმე ლექსი ვისწავლე. რომ ჩავედი, აეროპორტში მკითხეს, გერმანულის სწავლა დაიწყეო? კი-მეთქი და დავიწყე გოეთეს ცნობილი ლექსის კითხვა, მაგრამ, ამ ყველაფერს არანაირი კავშირი არ ჰქონდა იმასთან, რასაც მეკითხებოდნენ. ეს, იცით, დაახლოებით, როგორ ჟღერდა? რომ ადგე და გალაკტიონი წაიკითხო და თქვა – მირბის მიმაფრენსო... გაუკვირდათ, ლექსს რატომ ამბობსო. ალბათ, იფიქრეს, ეს ვერ არის კარგადო. პირველ წელს პატარ-პატარა როლები მქონდა, მეორე წელს უკვე მთავარი როლები მომცეს. ორი საათის განმავლობაში მაყურებლის ყურადღება უნდა მიმეპყრო და, მოხდა ისე, რომ, არც ენის უცოდინრობას, არც ჩემს გაუმართავ აქცენტს, პრობლემა არ შეუქმნია. ჩამოსვლისთანავე შემიყვარა მაყურებელმა. ალბათ, დაინახეს, რომ, იმას, რასაც ვაკეთებდი, დიდი სიყვარულითა და მონდომებით ვაკეთებდი. ყველაზე დიდი ტრაგედია რაც იყო ჩემთვის, გეტყვით: „ოიდიპოს მეფეში“ რომ უნდა მეთამაშა, პრემიერამდე ერთი კვირა იყო დარჩენილი და ამ დროს თბილისიდან მირეკავს ჩემი და – მამა დაეცა და ფეხი იტკინაო. ვიფიქრე, თუ მამაჩემი დაეცა და ფეხი იტკინა, ამის გამო რატომ მირეკავენ-მეთქი. ავტეხე რეკვა – რაღაც არ მასვენებდა შინაგანად. ჩემს სიმამრთან დავრეკე – მეუბნება, არაფერიაო. ჩემს დასთან დავრეკე, დედაჩემთან... – მათაც იგივე მითხრეს – ისეთი არაფერიაო. რომ წამოვედი, კაცი საღ-სალამათი დავტოვე, ვიფიქრე, რა ხდება-მეთქი. მოკლედ, ჩემს აფორიაქებას საზღვარი არ აქვს. პრემიერა ვითამაშეთ. ფაქტობრივად, ამან გადაწყვიტა ჩემი ბედი. ჩამოვდივარ თბილისში, მოვდივარ სახლში და რომ შევედი, კედელზე ვხედავ სურათს. მამაჩემი უკვე დაკრძალული იყო. ეს ტკივილი, რომ სიმართლე დამიმალეს, მთელი ცხოვრება გამყვება. გამოვაღე კარადა, გამოვიღე მისი პერანგი და ცხარე ცრემლით ავტირდი. ესეც ბედი იყო, ალბათ – რომ ჩამოვსულიყავი, ის პროექტი აღარ შედგებოდა და დღეს აქ არ ვიქნებოდი.
– ის პერიოდი როგორ გახსენდებათ, გოგონებს რომ თქვენ გამო გული მისდიოდათ?
– ჩემს თავზე მეცინებოდა – რა მოსწონთ ჩემში, ერთი გამხდარი, გაჩხიკინებული ბიჭი ვარ-მეთქი. ყველა მე მირეკავდა. თავიდან მიხაროდა, მაგრამ, მერე აუტანელი გახდა ეს ყველაფერი. ერთს შევხვდი, მეორეს შევხვდი და, რა, ამას რა უნდა მოჰყოლოდა? შენ ერთი ხარ და ისინი – ათასი. ამდენი ყურადღების გაცემა, სად შემეძლო? მივხვდი, რომ უფრო მეტი უნდათ ჩემგან და ამის ძალიან მეშინოდა. მაშინ არ იყო ასეთი გახსნილი ურთიერთობები, როგორიც დღეს არის – ხელმოუწერლად რომ ცხოვრობენ ერთად. ერთხელ, ბათუმში ვიყავი გასტროლებზე და ჩვენს გოგოებს გავუარეთ პლაჟზე. იქვე სხვა ბიჭებიც ისხდნენ და დაცინვის ტონით თქვეს ჩემზე – აუ, ამის მუშტი ჩემს მტერს მოხვდესო. ვფიქრობდი, ვაიმე, რა დღეში ვარ-მეთქი. ამიტომ, გახდა აღარ მინდოდა და სულ ჩაცმული დავდიოდი. მახსოვს, მირზა გელოვანი რომ ვითამაშე ფილმში, ჯარისკაცის ფორმა მეცვა და შიგნიდან რაღაცას ვიცვამდი, რომ ცოტა, ამომევსო. ზამთრის ტანსაცმელში როცა ვიყავი ჩაცმული, კიდევ არა უშავდა, მაგრამ, როცა ზაფხულის გადაღებები იყო, მაშინ რაღაცეების გაკეთება მიწევდა. ეს იყო როგორც ბედნიერი პერიოდი, ისე დამთრგუნველიც, რადგან, გოგონების ერთმა ჯგუფმა, რომლებმაც ვერ მიიღეს ჩემგან სათანადო ყურადღება, ჩემი დატერორება გადაწყვიტეს – როგორ გავუმწაროთ რეზო ჩხიკვიშვილს სიცოცხლეო: ღამით ჩემს სახლთან მოდიოდნენ მანქანით და მეძახდნენ: რეზო, შე იმპოტენტო, გამოიხედეო! ყველანაირად მამცირებდნენ. ერთხელ, დარეკეს ჩემთან სახლში და დედაჩემს უთხრეს: თქვენს შვილს მანქანა დაეჯახა და აღარ არისო. ამ დროს შემთხვევით სახლში შემოვედი. იყო შემთხვევა, ვიღაც გოგო გაიპარა სახლიდან, მისი მშობლები კი ჩემთან სახლში მოცვივდნენ და საწოლის ქვეშ, კარადაში, ყველგან ეძებდნენ, სად დამალეო. ჩვენს ეზოში თითქმის ყოველდღე ან სასწრაფო, ან სახანძრო მოდიოდა. ყველანაირად ცდილობდნენ, მართლა გავმწარებულიყავი, უნდოდათ, შური ეძიათ ჩემზე.
– როგორ გამოძვერით ამ მდგომარეობიდან?
– დიდხანს ვერ გამოვედი ამ მდგომარეობიდან. სხვათა შორის, ეს ჯგუფი იზრდებოდა: ის იმედგაცრუებული გოგოები რაღაცნაირად ერთმანეთს პოულობდნენ. მერე რა დღეში ვიყავი, ეს უნდა გავთქვა: წინა კარიდან ვერ გავდიოდი, უკანა კარიდან ვერ გავდიოდი, აივანზე ვერ გავდიოდი... დურბინდებით იყვნენ ჩასაფრებულები. ალყაშემორტყმული ვიყავი და, როცა რეკავდნენ, ვიღაც ხომ უნდა მისულიყო ტელეფონთან, როცა დედაჩემი სახლში არ იყო, მამაჩემი არ იყო. ეს ის დროა, როცა ჩემი კარიერა დაიწყო. ამიტომ, ხან ტელევიზიიდან მირეკავდნენ, ხან გახმოვანებიდან და აღარ ვიცოდი, რა მექნა. ვიღაცეებს მიგზავნიდნენ, სახლს მინგრევდნენ, საშინელება იყო. საინტერესოც იყო, მაგრამ, კარგისა და ცუდის გარჩევა არ შეიძლებოდა. ტელეფონი რომ რეკავდა, უკვე ნევროზი მქონდა და ვყვიროდი: „არ დარეკო, შენი“!.. ამ დროს, სადღაც, მერვე გოგო იყო, რომელსაც მხოლოდ ჩემი ხმის გაგონება უნდოდა. მერე როგორ ვიქცეოდი, იცი? რომ დარეკავდნენ, ხან გოგოს ხმით ველაპარაკებოდი: – „რეზო ჩემი შეყვარებულია და, ძალიან გთხოვთ, თავი დაანებოთ“, ხან – ბაბუაჩემის ხმით: „ალიო, რომელი ხარ, შვილო, რეზო სოფელშია“. თქვენ ვინ ხართო, მეკითხებოდნენ. „ბაბუამისი ვარ-მეთქი“, ვპასუხობდი. ქუჩაში რომ მივდიოდი და მოპირდაპირე მხრიდან გოგოები მოდიოდნენ, სადღაც უნდა გამეხვია. ტრანსპორტში ხომ, საერთოდ ვერ ავდიოდი. მე საცოდავს, 120 მანეთი მქონდა და მთელ ხელფასს ტაქსებში ვხარჯავდი.
– მართალია, რეზო ჩხიკვიშვილი ქორწილის დღეს რომ ტიროდაო?
– ხათუნა რომ გავიცანი, ძალიან მომეწონა და შემიყვარდა, მაგრამ, ისეთი დაკავებული ვიყავი, ვუთხარი კიდეც, ჯერ არ მინდა, სერიოზულ ურთიერთობაზე ვიფიქრო, სათანადო ყურადღებას ვერ მოგაქცევ-მეთქი (ხათუნა ჩაგელიშვილი მთავარ როლს ასრულებს ფილმში „ჩიორა,“ – ავტორი). მერე, ცოლი რომ მოგყავს, ცალკე სახლი უნდა გქონდეს. ეს ყველაფერი მაინც ახალი იყო ჩემთვის, ახლად დაწყებული კარიერა, დღედაღამ გარეთ ხარ გასული... და ვნერვიულობდი. განვიცდიდი თვითონ ქორწილზეც – როგორ იქნება, როგორ ჩაივლის. ამ დროს ცოტა დაბნეული ხარ. თან, იმ პერიოდს დაემთხვა, საქართველოში ღვინო რომ აიკრძალა. ეს, იცით, რამხელა პრობლემა იყო? გაზიანი სასმელებით როგორ უნდა გადაიხადო ქორწილი? მით უმეტეს, ამდენ მსახიობს უნდა დაუძახო... დაძაბული ვიყავი – როგორ განვითარდება, როგორ აეწყობა ყველაფერი-მეთქი.
– აქ რომ დარჩენილიყავით, უფრო არ გაგიჭირდებოდათ?
– მე ვარ საშუალო ფენის მსახიობი. გერმანიაში ასეთი კანონია: ცოლიც მუშაობს და ქმარიც, ერთად იხდიან ბინის ქირას, საჭმლის, კომუნალურის ფულს და საერთოდ, ყველაფერს. ამიტომაც ამბობენ გერმანელებზე, საათივით აქვთ ცხოვრება აწყობილიო. ყველაფერი გათვლილი აქვთ – რაც უნდა დაბალი ხელფასი ჰქონდეთ, ხომ თავისი ჰქვია! წარმოუდგენელია, სხვას ან ოჯახის წევრს დაეხმარონ. შეიძლება, იმით დაეხმარონ, რომ ხუთი ევროს რაღაც უყიდონ. ჩემი ცოლიც მუშაობს, მაგრამ ის ჯიბის ფულად თუ ჰყოფნის. ძირითადად მე ვარჩენ ოჯახს. კარგად ვიცი ფულის ყადრი. არ შემიძლია, რესტორანში შევიდე და კოლოსალური თანხა დავხარჯო, როცა ვიცი, რომ ეს სიამოვნება ძალიან ძვირი ჯდება. ვერ ვიტან ფულის უაზროდ ხარჯვას. ჩვენ მაინც იმ ქვეყნიდან მოვდივართ, რომელმაც იცის, რა არის გაჭირვება, ომიც ბევრი გადაგვიტანია.