კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

 

 

ქმარს აღარაფერს ვაპატიებ

იმ ასაკში ვარ პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი, მით უმეტეს, ასე სახალხოდ, სირცხვილიც კია, მაგრამ, ისეთი გამწარებული ვარ, გადავწყვიტე, ყველას გავაგებინო, რა ნაძირალას ვუძლებ ოცი წელია.

უსიყვარულოდ გავთხოვდი, პრაქტიკულად – გარიგებით. რატომ გავყევი ცოლად, ახლაც არ ვიცი: გარეგნობით არ მომწონდა, თავიდანვე შევატყვე, რომ საშინლად ძუნწი იყო, თანაც, აბსოლუტურად უყურადღებო – თითქმის ერთი წელი ვხვდებოდით ერთმანეთს და ამ ერთი წლის განმავლობაში ერთხელ საჩუქარი არ გაუკეთებია ჩემთვის, არ უკითხავს, დაბადების დღე როდის მაქვს, არც ახალი წელი მოულოცავს, არც 8 მარტი და არც სხვა დღესასწაულები. თითქმის ერთი წელი ვყოყმანობდი, გავყოლოდი თუ არა. ალბათ, ასჯერ მაინც გადავიფიქრე, მაგრამ, ეტყობა, ჩემი ბედი ეს იყო. დღემდე მიკვირს ჩემი მშობლების, ამისთანა არარაობას როგორ გაატანეს ერთადერთი ქალიშვილი. თუმცა, მათაც რა იცოდნენ, როგორი იყო სინამდვილეში. არც მახინჯი ვიყავი, არც გოიმი, არც გაუნათლებელი და არც ასაკგადაცილებული, მაგრამ, რატომღაც, ყველაზე ღირსეულ სასიძოდ ეს ჩათვალეს. ალბათ, იმიტომ, რომ კარგი ბინა ჰქონდა, თორემ, სხვა ყველა პარამეტრით გაცილებით უკეთესი მთხოვნელები მყავდა. მე სხვა მომწონდა, მაგრამ, მშობლებს წინააღმდეგობა ვერ გავუწიე. თან, გულში ვფიქრობდი, შემიყვარდება-მეთქი. თავიდან, რამდენიმე წლის განმავლობაში, თავს ვირწმუნებდი, მიყვარს-მეთქი. თვალებში ვუყურებდი, თან ვყვებოდი, დიდ დაბადების დღეებს ვუხდიდი; მანამდე ამხელა კაცს მამისა და ძმების გამონაცვალი ტანსაცმელი რომ ეცვა, წავიყვანე მაღაზიაში და ჩემი საკუთარი დანაზოგით თავიდან ფეხამდე ჩავაცვი და დავახურე. ეს ყველაფერი ძალიან მოსწონდა და ძალიანაც იფერებდა (ეტყობა, ეგონა, დავიმსახურე, ან, ასეა საჭიროო), მაგრამ, მადლობა არასდროს უთქვამს, ის კი არა, კმაყოფილებაც მხოლოდ ხუთ წუთს გრძელდებოდა და, რაც მთავარია, არასდროს გასჩენია სურვილი, თვითონაც გამოეჩინა თუნდაც სულ უმნიშვნელო ყურადღება. წარმოგიდგენიათ? ახალგაზრდა, თბილისელი ბიჭი, ვითომ თავმომწონე და ამბიციური, ერთხელ არ დაინტერესებულა ცოლის სამსახურით, სამეგობრო წრით, წასვლა-მოსვლით, ჩაცმა-დახურვით. არც ამჩნევდა და არც აინტერესებდა, ვთქვათ, მჭირდებოდა თუ არა ახალი ფეხსაცმელი, კაბა ან პალტო. ამდენი წლის განმავლობაში ერთხელაც არ უჩუქებია თუნდაც ყველაზე იაფფასიანი სუნამო. მოკლედ, რომელი ერთი გავიხსენო. პირველი დღიდანვე მავალდებულებდა, თან გადავყოლოდი მის მშობლებს, და-ძმებსა და მათ შვილებს, ის კი არა, მისი ძმაკაცებისა და მათი შვილების საჩუქრებზეც მე უნდა მერბინა და ჩემი ფულით მეყიდა, რომ მერე ყველასთან მოეწონებინა თავი. სამაგიეროდ, თვითონ, რომ მოგეკლა, ჩემიანისთვის თითს არ გაანძრევდა. ერთადერთი ქვრივი და მყავს და ერთხელ შვილი მოუყვა ავარიაში. ბავშვი ძალიან მძიმედ იყო, მოტეხილობები ჰქონდა და ექიმი გახდა მოსაყვანი. ვთხოვე, ხვალ თორმეტ საათზე მიაკითხე მანქანით და საავადმყოფოში მიიყვანე-მეთქი. ვიცოდი, რომ იმ დღეს არც სამსახურში მიდიოდა, არც რაიმე სხვა საქმე ჰქონდა. ან, თუნდაც ჰქონოდა, ისეთს განა რას ვავალებდი. იცით, რა მიპასუხა?! მე რა შუაში ვარ, ჩემ მეტი არავინ გყავთ, კურიერად რომ გამოიყენოთო? ყოჩაღ-მეთქი, ვუთხარი. ჩემს დას, რომელმაც შვილები გაუზარდა, ასეთ რამეზე უთხრა უარი. მეგონა, მაინც ისინდისებდა, მაგრამ, თქვენც არ მომიკვდეთ. ის კი არა, რამდენიმე დღის განმავლობაში არც კი უკითხავს, ბავშვი როგორ არისო. რამდენიმე დღის შემდეგ რომ მკითხა (მაშინაც მეზობელი იყო შემოსული ჩემი დისშვილის ამბის გასაგებად და ეს ვაჟბატონიც შეესწრო), ვუპასუხე, რაში გაინტერესებს, შენ რა შუაში ხარ-მეთქი. ითაკილა, მეზობლის თანდასწრებით რომ ვუთხარი და გამიბრაზდა.

ყველა სიკეთესთან ერთად, კლასიკურ ლოთად ჩამოყალიბდა. ყოველთვის უყვარდა დალევა, მაგრამ, მეტ-ნაკლებად ნორმალური სიმთვრალე ჰქონდა. ეს რამდენიმე წელია, ოფიციალური ალკოჰოლიკი გახდა. თან, მხოლოდ არაყს სვამს და მერე ისეთი აგრესიული ხდება, დაპატიმრების რომ არ ეშინოდეს, ალბათ, სიამოვნებით გამოგვჭრიდა ყველას ყელს. ქალი დავბერდი და კაცს ასე სძულდეს ცოლ-შვილი, არ მინახავს. სულ მაყვედრის, რომ არ გამეყარა და ისეთ სიტყვებს გვიწოდებს მეც და შვილებსაც, გამეორებაც კი უხერხულია. მეორე დღეს კი არის ენაჩავარდნილი, მაგრამ, რად გინდა, საღამოს ისევ გამოთვრება და იგივე მეორდება. შეიძლება, მამამ 18-20 წლის გოგონებს (ჩვენს შვილებს) აგინოს, თანაც, აბსოლუტურად უმიზეზოდ და ის ლუკმა აყვედროს, რომელიც მას არ მოუტანია?!

ალბათ, იტყვით, ასეთ კაცს როგორ გაუჩერდიო. სიმართლე გითხრათ, თავიდან კიდევ იმედი მქონდა, რამე შეიცვლებოდა და ვითმენდი. მაგრამ, ყველაფერი უარესობისკენ შეიცვალა. ახლა კი, ამ ხნის ქალი ქმარს რომ გავეყარო, როგორ გავაცინო ქვეყანა? თან, დარწმუნებული ვარ, ეს ნაბიჯი რომ გადავდგა, ჩემს თავს არ ვჩივი, ბავშვებს ერთ ოთახსაც არ არგუნებს ამხელა სახლიდან.

მაპატიეთ, თავი რომ შეგაწყინეთ, მაგრამ რომ არ მომეწერა, ალბათ, გული გამისკდებოდა.

ამ რამდენიმე დღის წინაც, გალეშილი რომ მოვიდა და მიწასთან გაგვასწორა, მეორე დილას დავემუქრე, ერთხელ კიდევ მოგვექცევი ასე და, პატრულსაც გამოვიძახებ, შენს სამსახურშიც მოვალ და ყველას გავაგებინებ, სინამდვილეში ვინც ხარ-მეთქი. ყველაზე მეტად კი რაც მაღიზიანებს, ის არის, რომ სულ მოთქვამს, კვნესის და საკუთარ უიღბლობასა და უბედობას დასტირის: რა დავაშავე, ვინ დამწყევლა... მე რომ თქვენ გიძლებთ, ამას სხვა ვინ გაუძლებს... ამათ (ანუ, ჩვენ) ვის გადავეყარე, ამ უვარგისებს (და კიდევ უარესი სიტყვებით გვამკობს, რასაც აქ ვერ დავწერ)... ჩემი მეგობრები კარგად ცხოვრობენ, მე კი რა დღეში ვარ, თქვენს ხელში... უთქვენოდ მინდა ცხოვრება, თქვენი დედაც... ერთი უბედური კაცი ვარ, არაფერში არ გამიმართლა... მთელი ცხოვრება მარტო ვარ... ჭკვიანად იყავით, თორემ ყველას გაგა...ებთ ჩემი სახლიდან, თქვე ნაგვებო... – ეს იმ ფრაზების მოკლე ჩამონათვალია, რომელთა წარმოთქმაც ხელიდან წასული ლოთებისთვისაა დამახასიათებელი – ყველასთან მართლები რომ არიან და მთელი მსოფლიო რომ არის მათ წინაშე დამნაშავე. მოსმენაც თითქმის ყოველდღე გვიწევს, უფრო სწორად, მე მიწევს, რადგან ბავშვები მთელი დღე გასულები არიან ლექციებზე და სამსახურებში (სწავლის პარალელურად ორივე მუშაობს) და სახლში გვიან მოდიან. სხვათა შორის, იმაზეც გიჟდება, მთელ ჩვენს ხელფასებს რატომ მთლიანად მას არ ვაბარებთ (ნაწილი სამივეს „შეწერილი“ გვაქვს, მაგრამ, არ ჰყოფნის). ერთი სიტყვით, ისე ამომიყვანა ყელში, ისე ამევსო მოთმინების ფიალა, რომ მართლა მაქვს გადაწყვეტილი, როგორც კი კიდევ ერთხელ გაანერვიულებს ბავშვებს, მის დირექტორთანაც მივალ და გაყრაზეც შევიტან განცხადებას. აქამდე კიდევ იმიტომ  ვჩუმდებოდი, გასათხოვარი გოგოები მყავს და, ვინც გაიგებს, როგორი მამის შვილები არიან, რომელი წესიერი ოჯახი მოინდომებს მათ რძლობას-მეთქი. მაგრამ, თუ ასე შეიწირა ბავშვების ფსიქიკა, მაშინ, გაიგოს ყველამ, რასაც წარმოადგენს და ერთხელ და სამუდამოდ დაესვას წერტილი ყველაფერს.

ნუნუ, 47 წლის.

 

ქმრის საქციელმა სოფლის მიტოვება მაიძულა

დავიბადე და გავიზარდე საქართველოს ერთ-ერთ რაიონში და დღესაც იქ ვცხოვრობ, თუმცა, სკოლა რომ დავამთავრე, უმაღლეს სასწავლებელში ჩავაბარე და შვიდი წელი თბილისში გავატარე – ხუთი წელი სტუდენტი ვიყავი, ორი წელი კი ვმუშაობდი ერთ ორგანიზაციაში. მაგრამ, მერე ეს სამსახური დაიხურა, თან, დედაჩემს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და იძულებული გავხდი, სოფელში დავბრუნებულიყავი. მიუხედავად იმისა, რომ აქ დავიბადე, გავიზარდე და სკოლაც აქ დავამთავრე, თბილისში გატარებული წლების შემდეგ ძალიან გამიჭირდა აქაურობის შეგუება. მოგეხსენებათ, ქალაქურ ცხოვრებას ადვილად ეჩვევა ადამიანი და მერე ძნელია მისი „გადართვა“ მოსაწყენ და პატრიარქალურ სოფლურ ყოფაზე, მაგრამ, სხვა  გზა არ მქონდა. მართალია, ვოცნებობდი თბილისში დაბრუნებაზე, მაგრამ, ეს მხოლოდ ოცნება იყო და სხვა არაფერი. რაღაც სამსახურის მაგვარი ვიშოვე სოფელში, თან ვმუშაობდი და თან ოჯახს ვუვლიდი. პატარა საკარმიდამო ნაკვეთიც გვქონდა და, მოკლედ, დილიდან საღამომდე დაკავებული ვიყავი. მომწონდა თუ არ მომწონდა, ვუძლებდი სოფლურ ცხოვრებას, გათხოვებას კი საერთოდ არ ვაპირებდი. როგორც გინდათ, ისე ჩამომართვით, მაგრამ, არ მინდოდა, მეც ისეთი ქმარი მყოლოდა, როგორიც, ვთქვათ, ჩემს ბავშვობის მეგობარს – ანას ჰყავდა. არადა, ის ბიჭი (თავისი ოჯახიანად) ყველაზე სასურველ სასიძოდ ითვლებოდა არა მარტო ჩვენს სოფელში, არამედ მთელ რაიონშიც. თავისთავად, ცუდი ბიჭი მართლაც არ იყო, ცოლი უყვარდა, პატივს სცემდა, აცმევდა, ახურავდა, თავისებურად ანებივრებდა, მაგრამ, ეს მხოლოდ სახლში ხდებოდა. როგორც კი სადმე წავიდოდნენ, ვთქვათ, სტუმრად, ქორწილში ან გასვენებაში, ეს ბიჭი სულ სხვანაირი ხდებოდა, თითქოს გამოცვალესო: ანას უხეშად ელაპარაკებოდა, ყურადღებას არ აქცევდა და, საერთოდ, ისე იქცეოდა, თითქოს ეშინოდა, ვინმე არ მიხვდეს, ცოლი რომ მიყვარსო. მე ამაზე ვგიჟდებოდი, მაგრამ ანა ყურადღებას არ აქცევდა, სიცილით მეუბნებოდა: აქ ეგრეა მიღებული. სხვის დასანახავად რომ მცეს პატივი, ბიჭები დასცინებენ და „ქალაჩუნას“ დაუძახებენო.

სოფელში „ქალაქელ სარძლოს“ მეძახდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ჰქონდა თბილისში უმაღლესი განათლება მიღებული, რატომღაც, მე მაინც გამომარჩია სოფელმა და ხაზგასმული პატივისცემით მეპყრობოდა ყველა, განსაკუთრებით კი – უცოლო ბიჭები. ვიცოდი, რომ ბევრს მოვწონდი, მაგრამ თქმას ვერავინ მიბედავდა, ისე მეჭირა თავი. ბოლოს ერთმა მაინც გაბედა და იმდენი მიტრიალა, იმდენი მოახერხა, რომ მართლა შემაყვარა თავი, თუმცა, ძალიან ბევრი ვაწვალე, სანამ ცოლად გავყვებოდი. ახლა ვუტყდები საკუთარ თავს, რომ სინამდვილეში კი არ მიყვარდა, მისი სიყვარული მომწონდა და, თან, მეცოდებოდა, ასე კანიდან რომ ძვრებოდა ჩემი ყურადღების მოსაპოვებლად. ერთი სიტყვით, შევეგუე ბედს, რომ სოფელში უნდა გამეტარებინა მთელი ჩემი სიცოცხლე და გავყევი საბას. ანას ქმარს ვამტყუნებდი გულში და ჩემი ცხოვრება პირიქით აეწყო: თუ სადმე ერთად წავიდოდით, ხაზგასმული პატივისცემით მეპყრობოდა, რომ ყველასთვის ეჩენებინა – ქალაქელი (ისიც ასე მეძახდა) ქალი მოვიყვანე ცოლად და მეც ქალაქურად ვექცევიო. სახლში კი ისეთი დესპოტი იყო, ვერ აგიწერთ. მართალია, ტანსაცმელიც ნაირ-ნაირი მიყიდა და დედამთილმა ოქროულობაც მაჩუქა, მაგრამ, ამ ყველაფრის ჩაცმისა და გაკეთების უფლება მხოლოდ მაშინ მქონდა, თუ მათთან ერთად მივდიოდი სადმე. სახლში კი ძველმანები უნდა მცმოდა და, რაც მთავარია, თავით ვიყავი ჩაყუდებული საქმეში, თუმცა, საბა მაინც ყველაფრით უკმაყოფილო იყო, რის მიზეზსაც თავიდან ვერ ვხვდებოდი. მაგრამ, ერთხელ მითხრა, თავში გაქვს ავარდნილი შენი ქალაქელობა და ამდენი რომ მაწვალე, იმის სამაგიეროს გიხდიო. ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ არ დავფეხმძიმდი და უსიამოვნებები კიდევ უფრო გახშირდა, რადგან საბა მაბრალებდა, ჩემგან შვილი არ გინდა და იმიტომ არ ორსულდები. აბა, მეც ქალაქელი ვიყო, თუ ბავშვს არ გააჩენდიო. მივხვდი, რომ მასთან არც ლაპარაკს ჰქონდა აზრი, არც დავას, არც ახსნა-განმარტებას და, ერთ დღეს, როცა მორიგი სპექტაკლი მომიწყო ქალაქელობა-სოფლელობასთან დაკავშირებით, ჩავალაგე ჩემი ბარგი და დედასთან დავბრუნდი, რასაც ახალი ბრალდებები მოჰყვა: ვითომ მე ქალაქში „ნასტუდენტარმა გომბიომ“, ვერ შევიფერე პატივი და კარგი ცხოვრება და ქალაქურად „ტრაშუნი“ მოვინდომე. ამის ატანა უკვე აღემატებოდა ჩემს შესაძლებლობებს და ერთ დღეს თბილისში წამოვედი, ოთახი ვიქირავე და ჩემი ყოფილი თანაკურსელის დახმარებით სამსახურიც ვიშოვე. ახლა გადაწყვეტილი მაქვს, სოფლის სახლი გავყიდო და დედაც ჩემთან წამოვიყვანო – იქით გახედვაც არ მინდა.

სოფო, 28 წლის.

 

ჩემს ძმაკაცს ცოლი გაექცა

ჩემი უახლოესი ძმაკაცის შესახებ მინდა გიამბოთ. რომ წაიკითხოს ეს წერილი, ალბათ, ძალიან გამინაწყენდება, მაგრამ, პირში ვერ ვეუბნები სათქმელს და ეგებ ამ წერილით მივახვედრო, რომ არასწორად იქცევა.

საქმე ისაა, რომ ზუკამ თავისზე ხუთი წლით უფროსი ქალი შეირთო ცოლად. ასაკში სხვაობას ვინ ჩივის, პრობლემა სულ სხვაა. ირმას, ზუკას ცოლს, სანამ ისინი ერთმანეთს გაიცნობდნენ, ჰყავდა ქმარი და 3 წლის გოგონა. ზუკამ რომ გაიცნო, ისე გადაირია ირმაზე, გადაწყვიტა, ქმრისთვის გაეშორებინა და თვითონ შეერთო ცოლად. როგორ არ ვეჩიჩინეთ, რა არ ვუთხარით, მაგრამ, აბსოლუტურად შეუვალი იყო. ეგ ქალი ჩემი ცოლი უნდა გახდესო, – გაიძახოდა. როგორ არ ეცადა, მაგრამ ირმამ არ გაიკარა. მაშინ ზუკამ გადაწყვიტა, შორიდან მოევლო: მის მეგობრებს დაუახლოვდა და, აქედან გამომდინარე, ირმას „სასტავში“ და, შესაბამისად, მის სამეგობროში მოხვდა. საერთოდ, ზუკა ძალიან ქარიზმატული ბიჭია და ადვილად ხიბლავს ყველა ასაკის ადამიანებს – ქალებსაც და კაცებსაც. შესაბამისად, ძალიან მალე, ჩემი ძმაკაცი თავისი ახალი სამეგობროს სული და გული გახდა. მართალია, მუდამ ცდილობდა, იქ ყოფილიყო, სადაც ირმა იქნებოდა, მაგრამ არასდროს აგრძნობინებდა, რომ უზომოდ უყვარდა. იმ დონეზე იკავებდა თავს, რომ ამის შესახებ დანამდვილებით არათუ სხვებმა, თვით ირმამაც კი არ იცოდა. ამიტომ, არც ჭორები გავრცელებულა მათ შესახებ და ქმარიც ძალიან ჩვეულებრივად იყო ზუკასთან.

ირმას თავი რომ შეაჩვია, ზუკა თავისი გეგმის მეორე ეტაპის შესრულებას შეუდგა – მის ქმარს დაუწყო თვალთვალი და მალე დაადგინა, რომ მისი სათაყვანებელი არსების საყვარელი მეუღლე ცოლს ყოველ ნაბიჯზე ღალატობდა „შემთხვევით“ ქალებთან და, რაც მთავარია, ოფიციალური საყვარელიც ჰყავდა – ქალაქში ერთი ცნობილი და გავლენიანი კაცის არაერთხელ გათხოვილი ქალიშვილი, რომლის წყალობითაც ყვაოდა მისი ბიზნესი. ამის შესახებ ირმამ, რა თქმა უნდა, არაფერი იცოდა. ზუკა მიხვდა, რომ ეს იყო საუკეთესო კოზირი თავისი სურვილის ასასრულებლად და გადაწყვიტა, ეს ამბავი  ისე გაეგო ირმას, რომ თვითონ (ზუკა) არ გამოჩენილიყო. იფიქრა, იფიქრა და მოიფიქრა: ერთ დღეს, როდესაც მორიგი თვალთვალის შედეგად ზუკამ დაადგინა მისამართი, სადაც ირმას ქმარი თავის სატრფოს უნდა შეხვედროდა, ირმასა და მის უახლოეს დაქალს (დაქალი კონსპირაციისთვის იყო საჭირო) დაურეკა და ზუსტად იმ შენობის წინ მდებარე პატარა კაფეში დაიბარა – სასწრაფოდ მოდით, ორივესთან საქმე მაქვსო. მოკლედ, ყველაფერი ისე მოაწყო, რომ, როდესაც თვითონ, ირმა და ირმას დაქალი კაფეში ნაყინს მიირთმევდნენ და ჭორაობდნენ დაინახეს, როგორ გამოვიდა მოპირდაპირე სადარბაზოდან  ირმას ქმარი – ქალთან ხელგადახვეული და ჩახუტებული. ამის დანახვა ირმასთვის ისეთი შოკი იყო, თავი ვეღარ შეიკავა, მივარდა ქმარს და ამდენ ხალხში ისეთი სილა გააწნა, ტკაცანი ყველამ გაიგონა. მერე იმ ქალსაც გაარტყა და ქუჩის ქალი უძახა. ამ ამბიდან ერთი თვის შემდეგ ირმა უკვე გაყრილი იყო ქმართან, ზუკა კი მისი მესაიდუმლე და უერთგულესი მეგობარი გახდა, რაც, ცხადია, ნელ-ნელა გადაიზარდა სიყვარულში და დაახლოებით შვიდი თვის შემდეგ ისინი დაქორწინდნენ. ზუკა ხომ გიჟდებოდა ცოლზე და, სხვათა შორის, გერიც ძალიან უყვარდა, ბავშვს ნამდვილ მამობას უწევდა, მაგრამ, უნდა ითქვას, რომ ირმაც ყურებამდე იყო ქმარზე შეყვარებული. თუმცა, მალე ახალი პრობლემა წამოიჭრა: ბუნებრივია, რომ ირმას პირველი მეუღლე მოისურვებდა პერიოდულად შვილის ნახვას, რის გამოც მას ირმასთან დარეკვა და ლაპარაკი უწევდა. ამაზე ზუკა საშინლად ბრაზობდა და ეჭვიანობდა, რაც, საბოლოოდ, სკანდალით მთავრდებოდა. ბოლოს ცოლს მოსთხოვა, აეკრძალა ყოფილი ქმრისთვის შვილის ნახვა, რაზეც ირმა უარს აცხადებდა – ამის არც იურიდიული და არც მორალური უფლება არ მაქვსო. ეს კი ზუკას უარესად აგიჟებდა და ცოლს ბრალს სდებდა – იმ არაკაცს ჩუმჩუმად ხვდებიო. ასეთ ბრალდებას ირმა ტირილამდე მიჰყავდა, მაგრამ ზუკას მისი ცრემლების აღარ სჯეროდა. ბოლოს კი ჩემი ძმაკაცის ეჭვიანობა რაღაც მანიაკალური აკვიატების ფაზაში გადავიდა და ცოლს ყველგან კუდში დასდევდა, ყოველ ნაბიჯსა და სიტყვას უკონტროლებდა, სამსახურისთვისაც თავი დაანებებინა და სახლში გამოკეტა. მაგრამ, როდესაც ირმა გინეკოლოგთან წავიდა გასინჯვაზე (ფეხმძიმედ იყო), ზუკა ექიმს მიუვარდა და ისე სცემა (ჩემს ცოლს საეჭვოდ სინჯავდიო) კაცი ძლივს გამოჰგლიჯეს ხელიდან, ირმა კი უკანასკნელი სიტყვებით გალანძღა. საწყალმა ქალმა ამაზე ისე ინერვიულა, მუცელი მოეშალა. ეს კი აღარ აპატია ქმარს, მოჰკიდა ხელი თავის შვილს და წავიდა.

ზუკა ძალიან განიცდის ამ ამბავს და შერიგებაც უნდა, მაგრამ, ერთი წუთითაც არ იდანაშაულებს თავს.

ერთი რამე მიკვირს: ყოველთვის საოცრად წყნარი, ბუნჩულა, გაწონასწორებული ბიჭი იყო და ვერ გავიგე, ცოლის შერთვის შემდეგ რა დაემართა.

ზაზა, 32 წლის.

 

რედაქციაში შემოსული უამრავი

წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.

„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 897 33-08-81.

ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com 

ან მოიტანოთ რედაქციაში 

წერილის სახით.

 

скачать dle 11.3