კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას გადააჩვიეს ჯაბა კილაძე და რა კანონს დაარღვევს ლელა მებურიშვილის გამო ის

 

 

„შუა ქალაქი” უკვე ორივეს წარსულია, ის წარსული, რომელმაც ისინი საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მსახიობებად აქცია. ლელა მებურიშვილი და ჯაბა კილაძე სხვადასხვა ეკრანული თუ თეატრალური გზით მიდიან, მაგრამ მათი მეგობრობისთვის ამას ხელი არ შეუშლია.

ინტერვიუ 1. ჟურნალისტია ჯაბა კილაძე

– როგორ ხარ? დიდი ხანია, არ მინახავხარ და მართლა ბევრი რაღაც მინდა გკითხო. რას შვრები ახლა, მუშაობ თუ ისვენებ?

– კარგად ვარ და ჯერჯერობით ვმუშაობ. 

– სად ასწრებ გარუჯვას, სახურავზე?

– მუშაობასა და მუშაობას შორის, აუზზე ორჯერ მისვლა მოვასწარი, რომელიც საკმარისი აღმოჩნდა ამ ფერის მისაღებად. 

– ჯერ კიდევ „დეტექტივების” გადაღებები გაქვს. კმაყოფილი ხარ სამუშაო პროცესით?

– ძალიან კმაყოფილი ვარ პროცესითაც და იმითაც, რომ გადაღებები ორ კვირაში მთავრდება და ვისვენებ. 

– ვიცი, რომ ძალიან რთულია თქვენი სამუშაო პროცესი.

– საკმაოდ. სიმართლე გითხრა, პირველი სეზონი გაცილებით რთული იყო, ვიდრე მეორე – უფრო დატვირთული ვიყავი, ღამეებს ვათენებდით და არც დღისით ვისვენებდით – ხან ორმოში, ხან ტალახში, ხან წყალში და ხანაც ცაში გვქონდა გადაღებები. საშინლად დავიღალე. მეორე სეზონზე გავითვალისწინე ის ყველაფერი და ვითხოვე, ისე ძალიან ნუღარ დამტვირთავთ და ღამეებს ნუ მათენებინებთ, რადგან, ფიზიკურად არ შემიძლია-მეთქი. ასეც მოხდა. საოცრად მიფრთხილდებიან, მივლიან, ყურადღებას მაქცევენ, არც ღამეების თენება მიწევს ხშირად. 

– რამდენიმე სერიას ვუყურე და, უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან მომეწონა, მართლა საინტერესოდაა გადაღებული. შენ თვითონ ეს პროცესი როგორ მოგწონს? როგორც ვიცი, სროლაც ისწავლეთ, საქმეებიც რეალურ ფაქტებზეა დაფუძნებული და მასში გარკვევაც გიწევთ. წოდება რომ მოგცენ, შეიძლება, პროფესიაც შეიცვალო. 

– კი, პოლიციის აკადემიაში ვსწავლობდით და გვითხრეს, კიდევ ერთი-ორი კვირა თუ დარჩებით, ინსტრუქტორებად შეგეძლებათ მუშაობაო. მაგრამ, ეს არ არის ის სფერო, რომელიც მაინტერესებს. როგორი არასტაბილური პროფესიაც არ უნდა გვქონდეს, ამ მიმართულებით ვერ წავალ.

– არადა, შენნაირმა პატრულმა თუ დეტექტივმა რომ გამაჩეროს, სულ დავჯარიმდებოდი. ყოველდღე დავარღვევდი წესრიგს.

– ამიტომაც არ გავხდები არც პატრული, არც დეტექტივი, რომ ადამიანებს კრიმინალისკენ არ ვუბიძგო (იცინიან). სერიების გადაღებისას მოდიან პროფესიონალები და ინსტრუქტაჟს გვიტარებენ. მართლა უზომოდ საინტერესოა. პირადად  ჩემთვის ცოტა რთულია ეს ყველაფერი. სცენარს რომ ვკითხულობ და ცოტა ვუღრმავდები, იმდენად მოქმედებს ჩემზე და ისე მძაბავს მისი რეალურობა, რომ, გადავწყვიტე, ასე აღარ ჩავუღრმავდე, მხოლოდ წავიკითხო ჩემი როლი – ის, რაც გასაკეთებელი მაქვს. აი, გვამები და სისხლი კი საერთოდ აღარ მაღელვებს.

– სერიოზული ცხოვრებისეული გაკვეთილი გაიარე. სროლა ისწავლე და მიზანში არტყამ?

– პირველივე ცდაზე მითხრეს, რომ გადასარევად გამომდის ეს ამბავი.

– იარაღით გასაგებია, მაგრამ ცხოვრებაში თუ არტყამ მიზანში?

– როგორი გადასვლა იყო, გადავირიე!.. ცოტა რთული თემაა...

– რატომ დაიბენი? ფაქტობრივად, ქართველი ანჯელინა ჯოლი ხარ – ქალი, რომელიც სროლასთან და სილამაზესთან ასოცირდება, ჯოლია, საქართველოში კი შენ ხარ. მომწონს, ეს სტერეოტიპი რომ დაირღვა – აუცილებელი აღარ არის, პორნო აღნაგობა გქონდეს, ტელევიზორში რომ გამოჩნდე. ლამაზი, აკადემიური და თან სექსუალური მსროლელი ქალბატონი ხარ. ახლა მიზანზე მითხარი.

– მომავალში ვნახავთ. ჯერჯერობით სამიზნე არ ამირჩევია, რომ ვესროლო. თვითონ არ ვცხოვრობ ასე – არ ვირჩევ ერთ კონკრეტულ მიზანს, ადამიანი იქნება ეს თუ საქმე და მერე მის მისაღწევად ყველაფერს არ ვაკეთებ. ჯერჯერობით დინებას მივყავარ, თავისთავად ხდება რაღაცეები და მერე ვწყვეტ, საით წავიდე, რომელი მხარის დინებას მივყვე. ერთი სიტყვით, მიმართლებს.

– იგეგმება შემდეგი სეზონი?

– დავამთავრებთ ამ სეზონის გადაღებას და მერე გაირკვევა, იქნება თუ არა ჩვენი სერიალის მომდევნო სეზონი.

– თუ გრძნობ რომ „დეტექტივების” შემდეგ შენი პოპულარობა გაიზარდა? ხალხს თიკად ახსოვდი...

– მგონი, უფრო სერიოზულად აღმიქვამენ, ვიდრე ადრე. 

– შიში ხომ არ აქვთ შენი? თუ დააკვირდები, მამაკაცებს ძალიან არ უყვართ ისეთ ძლიერ ქალთან ურთიერთობა, რომელიც თან ლამაზია, თან ჭკვიანი და სროლაც იცის (იცინიან). მე დიდხანს ვეგონე ხალხს სანდრო, შტერი ბიჭი. შენი როლიც ხომ არ ასოცირდება შენთან?

– შეიძლება, არ დავკვირვებივარ ამას. თუმცა, თუ პირად ურთიერთობებს გულისხმობ, მგონი, „დეტექტივებამდეც” ცოტათი ვაშინებდი ადამიანებს...

– ვიცი შენი ჭკუის ამბავი, საშინელი ქალი ხარ. მკაცრი კი არ არის, უთბილესია. უბრალოდ, ტვინის უზარმაზარი მარაგი აქვს და ამაში მარტო წაკითხული წიგნების რაოდენობას კი არ ვგულისხმობ, არამედ, ამ მიღებული ინფორმაციის არაჩვეულებრივად გამოყენებას პრაქტიკაში – ყოველთვის სწორად სჯის და კაცისთვის მასთან ურთიერთობა საშიშია. სულ გეუბნები ხოლმე – ჩამოდი, დაეშვი-მეთქი ძირს.

– კი, ამას სულ ამბობ. ალბათ, კაცებს ცოტა მოსულელო ქალები მოსწონთ, ხომ?

– მოსულელო არ ვიცი, მაგრამ, ძლიერ ქალთან ჭიდაობა რთულია.

– ჩემი აზრით, ისეთი ქალები მოსწონთ, რომლებიც ყოველთვის მათგან სწავლობენ რაღაცას. რაღაცას რომ მოყვება, შენ მოუსმინო, გაიხუმრებს და – აუცილებლად გულიანად გაგეცინოს. ეს, რა თქმა უნდა, სწორია. რაც უნდა  ჭკვიანი იყო ქალი, კაცი საინტერესოდ უნდა რჩებოდეს და მისი ჭკუა და საინტერესოობის დონე ამოუწურავი უნდა იყოს. თავს ვერ დავიშტერებ. არც ვამბობ, ძალიან ჭკვიანი ვარ-მეთქი, მაგრამ, არ ვფიქრობ, რომ ურთიერთობებში თამაში ნორმალურია. ეს ყველაფერი დამღლის და ჩემი ამ ადამიანთან ურთიერთობა აბსოლუტურად დაკარგავს ინტერესს.

– თუმცა, იმასაც ვიტყვი, რომ ასეთი ძლიერი ქალების კატეგორიას ყოველთვის მოეძებნება სუსტი ადგილი – აქილევსის ქუსლი, სადაც, თუ „გაარტყამ“, ბოლომდე შენია.

– ზუსტად ჭკვიანმა კაცმა უნდა იცოდეს სუსტი ადგილის აღმოჩენა. ჩვენ, ქალები, წინააღმდეგები არ ვართ, რომ მამაკაცებმა ჩვენი სისუსტეები აღმოაჩინონ და ეს თავის სასარგებლოდ გამოიყენონ. სისუსტეც ჭკუასთან ახლოს არის, ჩემი აზრით. არ მგონია, სისუსტე სისულელედ ჩაითვალოს. მსგავსი სისუსტეები ქალს ძალიან უხდება და ალამაზებს.  

– მეთოდები და სტრატეგიები ამართლებს ურთიერთობაში?

– ჩემთვის საინტერესო არ არის ის ურთიერთობა, სადაც ბოლომდე გახსნილი არ ხარ. თუმცა, ქვეცნობიერში, ინსტინქტის დონეზე ალბათ, ყველა ქალმა იცის,  როგორ და რა უნდა გააკეთოს. მაგრამ, ამაზე თუ იფიქრე და დაგეგმე, საშინელება იქნება.

ინტერვიუ 2. ჟურნალისტია ლელა მებურიშვილი

– დაწყებული თემა გავაგრძელოთ. შენი აზრით, რა შეცდომებს უშვებენ ქალები ურთიერთობაში?

– ეს თემა, ვფიქრობ, ამოუწურავია. ამას წინათაც ვიყავი გადაცემაში, სადაც ვსაუბრობდით, თუ რა სურთ ქალებს. მგონია, რამდენი ადამიანიც არსებობს დედამიწაზე, იმდენივე შეცდომაა. არის ძირითადი რაღაცეები, რაც არასწორ ნაბიჯებად ითვლება სიყვარულის ფილოსოფიაში, მაგრამ, მაინც ინდივიდუალური მგონია ეს ამბავი.

– როგორ გგონია, გესმის ქალების? 

– რაღაც დონემდე მესმის, თუმცა, არა იმიტომ, რომ ამას ვუღრმავდებოდი და ვიკვლევდი. თავისთავად მოხდა. არც მინდა, რომ ეს ყველაფერი გაიშიფროს და ქალის ბოლომდე გავიგო. ეს რომ ამოიწუროს, ერთმანეთის მიმართ ინტერესი აღარ იქნება. სამყარო კი ამ შეცნობაზეა დამყარებული. აქამდე კოსმოსზე ხომ არ იყო ლაპარაკი, ფიქრობდნენ: მოდი, ევროპიდან გავიდეთ და ვნახოთ, წყლის იქით, იქნებ, კიდევ რამე არსებობსო. ამოიწურა დედამიწა როგორც ინტერესის სფერო და გადავედით კოსმოსის შესწავლაზე. ასევეა ადამიანებიც – თუ ერთმანეთის მიმართ ეს თანდაყოლილი ინტერესი ამოიწურა, მაშინ, რობოტების შექმნა გახდება საჭირო, რომლებთანაც სხვადასხვანაირ ურთიერთობებს დავამყარებთ. ამიტომაც შექმნა ღმერთმა ორი სხვადასხვა სქესი, რომ მათი ერთმანეთის მიმართ ინტერესი არ ამოიწუროს. 

– შორიდან რომ ვუყურებ, ზოგიერთი ადამიანის ურთიერთობა უკვე ჰგავს რობოტულს.

– ეს უკვე ფანტაზიის ამბავია. შენზე და შენს მეწყვილეზეა დამოკიდებული, როგორ განვითარებას უპოვით თქვენს სიყვარულს. არავითარ შემთხვევაში არ უნდა გახდეთ ორი ჩვეულებრივი, ბანალური ადამიანი, რომლებიც, უბრალოდ, ერთად ცხოვრობენ. 

– აზრიც ეკარგება ასე ერთად ცხოვრებას.

– დიახ, თუმცა, დღეს ბევრს აქვს ოჯახი ასე შენარჩუნებული. მაგრამ, ესეც ძველი აღზრდის თუ რაღაც ტრადიციების ბრალი იყო, რომ ქალიც და კაციც ბევრ რამეში იზღუდებოდნენ. დღეს თითქოს უფრო თავისუფლები ვართ, მაგრამ, ყველაფერი მატერიალიზმზეა დაფუძნებული. 

– მგონია, რომ ურთიერთობებს ცოტა ზედაპირულად, მხოლოდ ემოციის დონეზე უყურებენ. რაღაც აღარ მომეწონა და წავედი, ყველა ერთად გატარებული წელი წყალს გავატანე – არასწორი პოზიცია მგონია.

– სულ უნდა იყოს რაღაც სტიმული, რაღაც საინტერესო და მიმზიდველი ურთიერთობაში. სიყვარული, რა თქმა უნდა, ნელდება. აღარ არის იმ სიმძაფრის და ამის გამო დამთავრდა ყველაფერი და დავიშალეთ – ალბათ, არასწორია.

– თუ აზროვნებენ, ქალმაც და კაცმაც თავიდანვე უნდა იცოდნენ, რომ მომავალში ისეთი ურთიერთობა არ ექნებათ, როგორც პირველი ორი წელი. მერე უკვე შენს „მუშაობაზე“ დამოკიდებული – თავად უნდა მოიფიქრო რაღაცეები, რომ ეს ურთიერთობა მრავალფეროვანი და საინტერესო გახდეს. 

– პრობლემა სულ არის. წყვილების ასიდან ოთხმოცდათვრამეტი პროცენტი რაღაც ეტაპზე ჩიხში შედის – გამორიცხულია სხვანაირად. მაგრამ, დათმობა – უმთავრესია. ჩვენი რელიგიაც ამას ქადაგებს – მიტევება, მიტევება... მიტევება ცოლ-ქმარს შორის დათმობასაც გულისხმობს, აქ მხოლოდ შეგინებასა და გარტყმაზე არ არის საქმე. მაგრამ, გააჩნია დონეს. თუ იმ ზომამდეა მისული ურთიერთობები, რომ, მორჩა, აღარაფერი გაქვთ საერთო, იქ პატიებაც აზრს კარგავს, დათმობაც და პრინციპულობაც. მყავდა მეუღლე, რომელთანაც დღესაც გადასარევი ურთიერთობა მაქვს და ვაფასებ, მაგრამ, ცხოვრების რაღაც ეტაპზე მივხვდით, რომ საერთოდ აღარ გვესმის ერთმანეთის. 

– დღეს როგორ გგონია, შეგეძლოთ, ეს გადაგელახათ და ოჯახი შეგენარჩუნებინათ?

– არა. ადამიანი ხომ არ იცვლება! თუ იმ ზომამდე მივიდა საქმე, რომ კონტრაქტს გავაფორმებთ – შენ ეს დათმე, მე ამას დავთმობ – რა აზრი აქვს?! ყოველთვის უნდა ეძებო ადამიანი, რომელიც შენთან თავიდან ბოლომდე ჰარმონიაში იქნება.

– ადამიანის შეცვლა შეუძლებელია, მაგრამ, მაინც მგონია, რომ ცხოვრებისეული მომენტები რაღაც სერიოზულ გარდატეხებს ახდენს მასში და ის იცვლება, თან, საკმაოდ შესამჩნევად. ერთს დათმობ, ორს და მერე ის შენს ხასიათზე აისახება.

– როცა პატარა ბიჭს ცოლი მოჰყავს, მოდი რა, ნუღარ დაიწყებს კლუბებში მარტო სიარულსა და ძმაკაცებთან ერთად სმას, ცოლი კიდევ – სხვა ბიჭებისთვის მესიჯების წერას. შეიძლება, ეს დათმო, შეცვალო, მაგრამ, შენს ბუნებას რა შეცვლის. 

– მგონია, რომ ზუსტად ეს ყველაფერი შეადგენს ადამიანის ბუნებას. ისეთ სისულელეებზე ჩხუბობენ, რომელიც მერე არც ახსოვთ და ამბობენ, ვერ შევეწყვეთო. კლუბებში ნუ დადიხარო – ამის გამო შეიძლება დახოცონ ერთმანეთი.

– ეს შეძენილი თვისებაა. რომ დავიბადე, კლუბებში სიარული ჩემში არ იყო. ეს არის ჩვევა, რომელიც, შეიძლება, მარტივად გადააგდო. რასაც ვლაპარაკობ, მიხვდები, როდესაც ოჯახს შექმნი. შეიძლება, გადამაჩვიო ყურში თითის შეყოფას, გინებას, ფურთხებას, მაგრამ, ის, რაც ჩემი ფუნდამენტური კოდია, ვერ შემიცვლი – აქ არის შეუსაბამობა. ათი ნაცნობი გყავს, მაგრამ ორთან მეგობრობ. რატომ, დანარჩენებმა დაგიშავეს რამე? არა, უბრალოდ, რაღაცით ვერ ეწყობი. 

– ეს თავიდანვე იგრძნობა. მაგრამ, წლების განმავლობაში რომ შეყვარებულები იყავით, მერე დაქორწინდით, რა, ამის მერე აღმოაჩინეთ ერთმანეთის ხასიათები?! არა მგონია. 

– მე ვერ ვიქნები ისეთი, როგორიც გინდა შენ.

– რაღაცეებს თმობ არა იმიტომ, რომ შენს ცოლს უნდა, გადაგაკეთოს, უბრალოდ, იმდენად მოგვწონს ერთად ყოფნა, იმდენად ვავსებთ ერთმანეთს, რომ ის ერთი რაღაც შეიძლება დავთმო, გადავაგდო იმისთვის, რათა ეს დიდი შევინარჩუნო და ვიბრძოლებ ამ ურთიერთობისთვის.

– მაინც ძალიან რთული თემაა და ასე მარტივად არ ხდება ყველაფერი.

– პროფესიაში რა ხდება? დიდი ხანია არ მინახავხარ.

– ისეთი არაფერი, ახალი და განსაკუთრებული არაფერია.

– ახლა, უცებ რომ შემოგთავაზონ რაღაც საქმე და გითხრან, დათმე შენი პროფესია, აქ გაცილებით წარმატებული იქნებიო?

– გააჩნია საქმეს, მაგრამ, არა მგონია, ჩემს საქმეზე უარი ვთქვა. ის ბევრად კარგად გამომივა ან მეტი შემოსავლის გამო ამას არ ვიზამ. მილიარდიანი ბიზნესითა და რაღაც სასწაულებით, ალბათ, გადასარევი იქნებოდა, მაგრამ ამ დროს ჩემს საქმესაც გავაკეთებდი. 

– ახალი სეზონიდან განაგრძობ სატელევიზიო კარიერას?

– იმდენად ვისიამოვნე პროცესით და ისე მომწონს ეს ყველაფერი, რომ სიამოვნებით განვაგრძობ, თუმცა, ჯერჯერობით არაფერია ცნობილი. ვნახოთ, რა იქნება.

 

скачать dle 11.3