კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შესწირა თავი სამშობლოს ირანში აღზევებულმა უნდილაძეთა ფეოდალურმა სახლმა და ვინ იყო მათი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი

 

 

ამბობენ, შაჰ-აბასის დროინდელ ირანში, შაჰის შემდეგ ყველაზე დიდი გავლენით ქართველი – ალავერდი-ხან უნდილაძე სარგებლობდაო. შაჰი მას ჭკუას ეკითხებოდა და მამასაც ეძახდა. თუ რა ვიცით ამ ადამიანის შესახებ, რის გამო დაიმსახურა მან შაჰის სიყვარული და საბოლოოდ, რა გახდა მიზეზი ირანში უნდილაანთ საგვარეულოს ამოწყვეტისა, ამის შესახებ დღევანდელ ინტერვიუში ჩვენი რესპონდენტი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, მიხეილ სვანიძე გვიამბობს.

მიხეილ სვანიძე: შაჰ-აბასის კარზე ყველაზე დიდი ადგილი ალავერდი-ხან უნდილაძეს ეკავა. ფაქტობრივად, იგი შაჰის შემდეგ, მეორე კაცი იყო სახელმწიფოში.

– არავინ დავობს იმაზე, რომ ალავერდი- ხანი წარმომავლობით ქართველი იყო, როგორ მოხვდა ის ირანში?

– ალავერდი-ხან უნდილაძე ქართველი, წარმოშობით ქართლის, უნდილაანთ (უნდილაძე) ფეოდალური ოჯახიდან იყო. იგი ბავშვობისას მოიტაცეს და ირანში ტყვედ გაყიდეს. ერთი ბატონიდან მეორის ხელში გადადიოდა, სანამ შაჰ-თამაზ პირველის სამსახურში ჩადგებოდა. თუმცა, ალავერდი-ხანი ირანის პოლიტიკურ სარბიელზე განსაკუთრებით შაჰ-აბასის დროს დაწინაურდა. ხელი შეუწყო, როგორც მისმა პირადმა თვისებებმა, ისე იმ დროისთვის ირანში შექმნილმა ვითარებამ. კერძოდ მაშინ სწრაფად ხდებოდა კავკასიური ელემენტის დაწინაურება ირანის პოლიტიკურ და სამხედრო სარბიელზე.

– რამ განაპირობა ეს?

– ტახტზე ახლად ასულმა შაჰ-აბასმა მიზნად დაისახა, განემტკიცებინა ცენტრალური ხელისუფლება. რისთვისაც, უპირველესად, საჭირო იყო მეტისმეტად აღზევებული ყიზილბაშური ტომების მეთაურთა გავლენის შესუსტება. არადა, ამ დროისთვის, ირანის სამხედრო ძალას სწორედ ისინი წარმოადგენდნენ. თუ აქამდე მათ ომის დროს 60 ათასი მხედარი გამოჰყავდათ, ახლა მათი რაოდენობა გაანახევრა. გარდა ამისა, შაჰმა ყიზილბაშებს კავკასიური ელემენტები დაუპირისპირა – ქართველები, სომხები, ჩერქეზები, რის შედეგადაც, სწრაფად მოხდა მათი დაწინაურება ირანის პოლიტიკურ სარბიელზე. შაჰი განსაკუთრებულ ყურადღებას ყულის ჯარის მიმართ იჩენდა. როგორც ცნობილია, ყულის ჯარი გამაჰმადიანებული ქრისტიანებისგან შედგებოდა, რომლებიც ირანში სხვადასხვა გზით მოხვდნენ. ყულის ჯარში დიდი რაოდენობით იყვნენ ქართველები და ალბათ, სწორედ ამით აიხსნება, რომ ყულის ჯარის მეთაური, ანუ ყულარ-აღასი აუცილებლად ქართველი უნდა ყოფილიყო. შაჰმა ალავერდი-ხანი ერთგული სამსახურისთვის ღულამების მეთაურად დანიშნა და ყულარ-აღასობა უბოძა. 

– ამის შემდეგ როგორ განვითარდა ალავერდი-ხანის კარიერა?

– 1595 წელს შაჰმა ალავერდი-ხანი ყიზილბაშ ამირებს დაუპირისპირა და ფარსის პროვინციის მმართველად დანიშნა. ერთი წლის შემდეგ კი, ქილუიეს მთის გამგებლობაც მისი მმართველობის სფეროს მიუმატა. ალავერდი-ხანი მამაცი, წინდახედული, სულგრძელი და შაჰისადმი ერთგული სარდალი იყო. რამდენიმე წლის შემდეგ შაჰმა ხელთ იგდო ლარსის ვილაიეთი ომანის ზღვის სანაპრო ზოლთან. აგრეთვე, კუნძულები სპარსეთის ყურეში და მნიშვნელოვნად შეზღუდა ამ რეგიონში პორტუგალიის გავლენა. ეს ტერიტორია მეტად მნიშვნელოვანი გახლდათ ირანისთვის, რადგან შაჰი დიდ ყურადღებას აქცევდა ევროპის ქვეყნებთან ვაჭრობას საზღვაო გზით – დაინტერესებული იყო სპარსული აბრეშუმი ევროპაში, თურქეთის გვერდის ავლით გაეტანა, რადგან ამით ოსმალეთს, მის დაუძინებელ მტერს, მნიშვნელოვნად შეუმცირებდა საბაჟო შემოსავალს.

გარდა ამისა, შაჰ-აბასთან ერთად ალავერდი-ხანს თავისი წვლილი მიუძღვის ირანის არმიის რეორგანიზაციაშიც.

– ალავერდი-ხან უნდილაძე მდიდარი პიროვნებაც ყოფილა.

– ასეა. ცნობილია, რომ მარტო ფარსის საბეგლარბეგოდან მისი ყოველწლიური შემოსავალი 50-100 ეკიუს შეადგენდა. გარდა ამისა, იგი დიდ სამშენებლო საქმიანობასაც ეწეოდა: გაჰყავდა გზები, აშენებდა სასახლეებს, ქარვასლებს, აბანოებს, ხიდებს... ალავერდი-ხანის მიერ ისპაჰანში აგებული ხიდი დღესაც მის სახელს ატარებს.

– რას გვიამბობთ შაჰისა და ალავერდი-ხანს შორის არსებულ დამოკიდებულებაზე?

– შაჰ-აბასი ალავერდი-ხანს დიდ ანგარიშს უწევდა. შაჰს პორტუგალიის ელჩთან, ანტონიო გოვეასთან საუბრის დროს უთქვამს: მთელი სპარსეთი მე მემორჩილება და მე კი – ალავერდი-ხანსო. ირანელი პროფესორი-ნასროლა ფალსაფი კი აღნიშნავს, რომ შაჰი ალავერდი-ხანს მამას ეძახდა. 

1613 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა ალავერდი-ხანი. მის სიკვდილთან დაკავშირებით ასეთი ლეგენდა არსებობს: ალავერდი-ხანმა რამდენიმე დღით ადრე ხელოსანს, რომელსაც მისი აკლდამის გაკეთება ჰქონდა დავალებული, ჰკითხა, თუ რა მდგომარეობაში იყო მისი სამარადისო განსასვენებლის მშენებლობა. იმ კაცმა გულუბრყვილოდ უპასუხა: „მაღალი გუმბათი და აივანი, რომელიც დასამარხ ადგილად არის განკუთვნილი, სრულყოფილი სახით დასრულდა და თქვენს მობრძანებას ელის”. საუბრის დამსწრე პირებმა ეს კაცი ლაყბობისა და დაუფიქრებელი პასუხისთვის გაკიცხეს, ხოლო ალავერდი-ხანმა იგი გაამართლა: ეს სიტყვები ზებუნებრივმა ძალამ ჩააგონაო. მართლაც, ამ საუბრის შემდეგ ალავერდი-ხანი მალევე გარდაიცვალა. 

– რა იყო მისი გარდაცვალების მიზეზი?

– ამასთან დაკავშირებით შაჰ-აბასის ოფიციალური მემატიანე წერს: შაჰი ფარახაბადიდან ისპაჰანში ბრუნდებოდა. ალავერდი-ხანი მის დასახვედრაც ჩავიდა. შაჰმა, მას თვალი რომ მოჰკრა, თანამგზავრებს გადაულაპარაკა: ალავერდი-ხანს საიმქვეყნიო ფერი უჩანსო. მის სახეზე სისუსტისა და უძლურების ნიშანი აღბეჭდილიყო. მემატიანე დასძენს: „შემთხვევით, ისე, როგორც შაჰმა იწინასწარმეტყველა, რამდენიმე დღის შემდეგ” ფარსის ამირა ავად გახდა და გარდაიცვალა. შაჰმა დიდი პატივი მიაგო მიცვალებულს. იგი, ამირებისა და დიდებულების თანხლებით, თავისი ერთგული და თავდადებული სარდლის პანაშვიდს დაეწრო და განბანვისა და შესუდრვის ცერემონიალშიც მონაწილეობდა. ამასთანავე ბრძანა, რომ მისი ნეშტი დიდი პატივით გაესვენებინათ და დაესვენებინათ აკლდამაში, იმამ-რიზას საფლავის მახლობლად. სამეფო ხაზინიდან 150 თუმანიც გასცა დაკრძალვის ხარჯებისთვის. მეორე დღეს ალავერდი-ხანის უფროს ვაჟს იმამყული-ხანს ეწვია, გაამხნევა ის და მისი სხვა ნათესავები. შაჰმა იმამყული-ხანს მამის თანამდებობა უბოძა, ხოლო მისი უმცროსი ძმა, დაუდ-ხანი ყარაბაღის ამირთ-ამირად და ყაჯართა ტომის მეთაურად დანიშნა.

ალავერდი-ხანი 1613 წლის 3 ივნისს გარდაიცვალა, ხოლო შაჰმა საქართველოს წინააღმდეგ 1613 წლის ოქტომბერში გაილაშქრა. 

– ამ ორ ფაქტს შორის ურთიერთკავშირი არსებობს?

– რადგან 1612 წელს ირანსა და ოსმალეთს შორის ზავი დაიდო. შაჰ-აბასს საშუალება მიეცა, მთელი ძალები საქართველოს წინააღმდეგ მიემართა და ერთხელ და საბოლოოდ, თავის სასარგებლოდ გადაეწყვიტა „გურჯისტანის საკითხი”. შაჰი შეუდგა საქართველოს წინააღმდეგ ლაშქრობის სამზადისს. ბუნებრივია, რომ იგი თავის გეგმას ალავერდი-ხან უნდილაძესაც გაანდობდა. ეს უკანასკნელი ხომ, ფაქტობრივად, მთელი ირანის ჯარების სარდალი და ამასთანავე ქართველი გახლდათ, რომელიც საქართველოს საქმეებში კარგად იყო ჩახედული. ამასთან, ალავერდი-ხანის ოჯახის წევრები ენათესავებოდნენ როგორც ბაგრატიონთა სამეფო სახლის წევრებს, ისე მსხვილ ქართველ ფეოდალებს. მაგალითად, თეიმურაზ პირველის და – ელენე, დაუდ-ხანზე იყო გათხოვილი, ხოლო იმამყული-ხანის ქალიშვილი – ანდუყაფარ ამილახორზე.  ასე, რომ, ალავერდი-ხანის პოზიციას საქართველოს წინააღმდეგ ლაშქრობის საქმეში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. როგორც ჩანს, ალავერდი-ხანმა შაჰ-აბასის გეგმა არ გაიზიარა და შაჰმა მასზე „საიმქვეყნიო და უძლურების ნიშანი აღბეჭდა” (მოწამლა). შაჰის მემატიანემ ოსტატურად შენიღბა ეს ვერაგული ნაბიჯი, ხოლო ალავერდი-ხანის სიკვდილის ნამდვილ მიზეზზე ხალხში მხოლოდ გაკვრით ლაპარაკობდნენ, რადგან ეშინოდათ შაჰის რისხვისა. 

ეს მოსაზრება კარგა ხნის განმავლობაში მხოლოდ ვარაუდი იყო და რაიმე ხელმოსაჭიდი მასალა არ არსებობდა. მანამ, სანამ პროფესორმა ილია ტაბაღუამ საფრანგეთიდან არ ჩამოიტანა და თარგმნა, 1635 წელს პარიზში გამოცემული დე სენ-ლაზარის წიგნი ირანში მოგზაურობის შესახებ. მასში ვკითხულობთ: „შაჰი მეტად განრისხებული იყო. შირაზის ხანი, სახელად ალავერდი და მისი ჰარამხანის მეთვალყურე და მაღალი ხელისუფლებით აღჭურვილი ყორჩიბაში, შეეცადნენ უარი ეთქმევინებინათ შაჰისათვის თავის გადაწყვეტილებაზე – თვითონ პირადად წასულიყო ქართველების წინააღმდეგ სალაშქროდ. ამის გამო ირანის შაჰის რისხვას ვერ გადაურჩნენ: შაჰმა ბრძანა ალავერდი-ხანი მოეწამლათ (იგი მოწამლეს). მან სიკვდილის წინ გამწარებულმა ხელები დაუკბინა ცოლს. ყორჩიბაში კი შაჰის ბრძანებით გაროზგეს.”

აშკარაა, რომ შაჰმა ალავერდი-ხანი სიცოცხლეს გამოასალმა, რადგან მან არ გაიზიარა შაჰის გეგმა საქართველოში ლაშქრობის შესახებ.

– კი მაგრამ, თუ შაჰ-აბასმა ალავერდი-ხანი თავიდან მოიშორა და მოაწამვლინა, მაშინ რატომღა დააწინაურა მისი შვილები?

–  როგორც ჩანს, ალავერდი-ხანი დიდი ავტორიტეტითა და გავლენით სარგებლობდა და შაჰმა მისი მკვლელობა საიდუმლოდ განახორციელა. ოფიციალურად კი დიდი პატივით დაასაფლავა. შაჰს არ სურდა, ეს ამბავი გახმაურებულიყო.  მით უფრო, რომ 1613 წელს საქართველოში ლაშქრობის გეგმა არ შეუცვლია. აღსანიშნავია ასევე, რომ „უნდილაანთ ფეოდალური სახლის  წარმომადგენლებს, მიუხედავად მათი ყულარაღასობისა და ბეგლარბეგობისა, საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობა არ მიუღიათ.“ 

ყოველივე ეს იმაზე მეტყველებს, რომ ალავერდი-ხანი და დაუდ-ხანი, მიუხედავად მამის ასეთი აღსასრულისა (ცხადია, მათ კარგად იცოდნენ მამის სიკვდილის ნამდვილი მიზეზი), მაინც, შეძლებისდაგვარად, განაგრძობდნენ საქართველოს სამსახურში ყოფნას. შემთხვევითი არ არის ის ფაქტი, რომ 1625 წელს დაუდ-ხანმა კავშირი დაამყარა გიორგი სააკაძესთან, ხოლო შემდეგ, თეიმურაზ მეფესთან და მონაწილეობა მიიღო სეფი-მირზას წინააღმდეგ აჯანყებაში. სწორედ ეს გახდა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ირანში უნდილაანთ ფეოდალური სახლის ამოწყვეტისა.

ასე შესწირეს თავიანთი სიცოცხლე უნდილაძეებმა საქართველოს, რომელთაგან ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი ალავერდი-ხანი იყო.  

 

скачать dle 11.3