ადვოკატი გირჩევთ
კითხვა: მყავს ფსიქიკურად არასრულფასოვანი შეურაცხადი ძმისშვილი, რომელიც ჩემს მოხუც ძმასა და რძალს თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მეტად რთულ მდგომარეობაში აგდებს, კერძოდ, ვინაიდან მთელი უძრავ-მოძრავი ქონება მის სახელზეა გაფორმებული, ახდენს ამ ქონების რეალიზაციას მისთვის უცნობი ადამიანების მითითებით. ვის აქვს უფლება, მიმართოს სასამართლოს მის ქმედუუნაროდ ცნობის შესახებ?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, პირის ქმედუუნაროდ ცნობის შესახებ მიმართვის უფლება აქვს: ოჯახის წევრს, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს და ფსიქიატრიულ-სამკურნალო დაწესებულებას.
კითხვა: 2009 წლის აგვისტოში საარბიტრაჟოს მიერ გამოტანილ იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც დამეკისრა თანხის გადახდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები, რადგან დამეკისრა თანხა, რომელიც ჩემს მიერ უკვე გადახდილია. მაქვს თუ არა გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება?
პასუხი: საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ და მხოლოდ „კერძო არბიტრაჟის შესახებ“ კანონით მითითებული პროცესუალური (საპროცესო) საფუძვლით. რაც შეეხება ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას მატერიალურ-სამართლებრივი კუთხით, ანუ მატერიალური საფუძვლით, დაუშვებელია და სასამართლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პრინციპებიდან გამომდინარე, ასევე „კერძო არბიტრაჟის შესახებ“ კანონით დადგენილი ნორმების შესაბამისად, უარს გეტყვით სარჩელის (განცხადების) მიღებაზე. თუ მხარეებმა გამოავლინეთ ნება და ხელშეკრულებაში გაითვალისწინეთ პუნქტი, რომლის მიხედვითაც თქვენს შორის დავას გადაწყვეტს კერძო არბიტრაჟი და მხარეებს შორის მართლაც წარმოიშვა დავა გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით, კერძო არბიტრაჟის მიერ მიღებული გადაწყვეტილება პროცესუალური კუთხით სწორად არის გამოტანილი, საერთო სასამართლო მის სისწორეზე ვერ იმსჯელებს.
კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ საპროცესო შეთანხმების არსი და რა და რა სახის საპროცესო შეთანხმების ფორმა არსებობს? ასევე, საპროცესო შეთანხმების გაფორმებისას, ვინ განსაზღვრავს საპროცესო შეთანხმების პირობებს?
პასუხი: საპროცესო შეთანხმება არის საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის ერთ-ერთი ფორმა. საპროცესო შეთანხმება არსებობს ორი სახის:
1. ბრალზე გარიგებით;
2. სასჯელზე გარიგებით.
საპროცესო შეთანხმებისას ბრალზე გარიგებით, შესაძლებელია, პირი სრულად გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისგან, ხოლო სასჯელზე გარიგებისას – შეუმცირდეს სასჯელი.
საპროცესო შეთანხმებისას პირობებს, კერძოდ, სასჯელის სახესა და ზომას, ასევე, ჯარიმის სახით გადასახდელი თანხის ოდენობას, განსაზღვრავს პროკურორი ზემდგომ პროკურორთან წერილობითი თანხმობის საფუძველზე.
კითხვა: ჩემი შვილი დაპატიმრებულია ნარკოტიკული ნივთიერების რეალიზაციისთვის. გვსურს საპროცესო შეთანხმების გაფორმება, მაგრამ მიცხადებენ, რომ, ვინაიდან იგი დაპატიმრებულია ნარკოტიკული ნივთიერების რეალიზაციისთვის, მასთან არ შეიძლება საპროცესო შეთანხმების გაფორმება. გთხოვთ, მაცნობოთ სისხლის სამართლის კოდექსის რომელ მუხლზეა დადგენილი შეზღუდვა საპროცესო შეთანხმების გაფორმებისას, შესაძლებელია თუ არა იგი გაფორმდეს ნარკოტიკულ ნივთიერებათა რეალიზატორთან? ვისი მონაწილეობაა სავალდებულო საპროცესო შეთანხმების გაფორმებისას და რა პროცედურები ტარდება ამ დროს?
პასუხი: სისხლის სამართლის კოდექსის არც ერთ მუხლზე, მათ შორის ნარკოტიკულ ნივთიერებათა რეალიზატორზე, არ არის აკრძალული საპროცესო შეთანხმების გაფორმება.
საპროცესო შეთანხმება იდება პროკურორსა და ბრალდებულს (განსასჯელს) შორის. ამ დროს სავალდებულოა დამცველის (ადვოკატის) მონაწილეობა. საპროცესო შეთანხმების გაფორმებისას საჭიროა ბრალდებულის (განსასჯელის) წერილობითი თანხმობა პროკურორის მიერ შემოთავაზებულ პირობებზე, რომელსაც ხელს უნდა აწერდეს ადვოკატიც. აღნიშნულის შემდგომ დგება საპროცესო შეთანხმების ოქმი და შუამდგომლობა სასამართლოს სახელზე. იმ შემთხვევაში, თუ საპროცესო შეთანხმება გაფორმდა წინასწარი გამოძიების სტადიაზე, საპროცესო შეთანხმება უნდა დაამტკიცოს სასამართლომ, შუამდგომლობის სასამართლოში შესვლიდან 14 დღის ვადაში, ხოლო საქმის არსებითად განხილვის დროს, საპროცესო შეთანხმების გაფორმება ხდება უშუალოდ სასამართლოს სხდომაზე.
კითხვა: პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩემს შვილს მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით. განაჩენი ჩვენს მიერ გასაჩივრებულია. არის თუ არა ამ ეტაპზე შესაძლებელი საპროცესო შეთანხმების გაფორმება?
პასუხი: საპროცესო შეთანხმება შეიძლება, დაიდოს როგორც წინასწარი გამოძიების მიმდინარეობის ნებისმიერ დროს, ასევე, პირველი ინსტანციის, სააპელაციო და საკასაციო სტადიებზე, საქმის არსებითი განხილვისას, სასამართლო კამათის დაწყებამდე.
კითხვა: შეწყალების შემთხვევაში მსჯავრდებულს მოეხსნება თუ არა პირობითი სასჯელი?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, შეწყალების შემთხვევაში მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის შემდგომი მოხდისაგან; გარდა ამისა, მას ეხსნება პირობითი მსჯავრი და ითვლება ნასამართლეობის არმქონედ.
კითხვა: ვის უნდა მივმართოთ ემიგრაციის ნებართვის მისაღებად?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ემიგრაციის ნებართვის მისაღებად შუამდგომლობა საქართველოს სრულწლოვან მოქალაქეს შეაქვს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის ტერიტორიულ ორგანოში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რომელიც საქმეს განსახილველად გზავნის ამავე სამინისტროს მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა დეპარტამენტში. შუამდგომლობას თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტები: დაბადების მოწმობის ასლი, ქორწინების მოწმობის ასლი, პირადობის მოწმობის ასლი, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი (30 ლარი), ცნობა სამხედრო ვალდებულებიდან გათავისუფლების შესახებ. 14-დან 18 წლამდე ბავშვის თანხმობა ემიგრაციაზე. ხოლო თუ 18 წლამდე ბავშვი მიემგზავრება ერთ-ერთ მშობელთან ერთად, მაშინ საჭიროა მეორე მშობლის თანხმობაც.
ადვოკატი
ქეთი უტიაშვილი