კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შეძლო უსინათლო ნიკა თვაურმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე ადგილის მოპოვება და როდის აპირებს ის დაქორწინებას

 

 

ერთი თვის წინ ალანიაში გაიმართა მსოფლიოს ჩემპიონატი ცურვაში, სადაც უსინათლო ნიკა თვაურმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ ვერ ხედავს, იგი საკმაოდ აქტიურად განაგრძობს ვარჯიშს და ემზადება ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელიც ივლისში ბერლინში გაიმართება. ნიკა საკუთარი ბიზნესის დაწყებასა და ახლო მომავალში დაქორწინებასაც აპირებს.

ნიკა თვაური: მინდა გითხრათ, რომ სანამ მხედველობას დავკარგავდი, საკმაოდ სპორტულ ცხოვრებას ვეწეოდი – ჯერ ფეხბურთს ვთამაშობდი, შემდეგ – რაგბის. მაგრამ, რაც მხედველობის პრობლემა შემექმნა, თანდათან ჩამოვშორდი ამ ყველაფერს, რადგან, იმ უბედური შემთხვევის შემდეგ რვა ოპერაცია გავიკეთე თვალებზე. როდესაც ყველა იმედი გადაიწურა, ნელ-ნელა შევეგუე ჩემს მდგომარეობას. არ მინდოდა, უმოქმედოდ ვყოფილიყავი. ინტერნეტის მეშვეობით გავიგე ჰენრი კუპრაშვილის კოორდინატები, დავუკავშირდი და ავუხსენი ჩემი მდგომარეობა. ჩემდა გასაოცრად, მან დამიბარა და დავიწყე ვარჯიში. თავიდან ძალიან გამიჭირდა, რადგან საერთოდ ვერ ვცურავდი, მაგრამ მოვახერხე და 4 თვეში ავითვისე „ბრასი“. შემდეგ შევიტანეთ საბუთები ოლიმპიურ კომიტეტში და მოვითხოვეთ, რომ ჩვენც მიგვეღო მონაწილეობა გამართულ თამაშებში. ცხრათვიანი ვარჯიშის შემდეგ, ქალბატონი სანდრა რულოვსის დახმარებით, მოვიპოვეთ დაფინანსება და გავემგზავრეთ ანტალიაში, საიდანაც გადავედით ალანიაში, რადგან იქ იმართებოდა მსოფლიოს ჩემპიონატი უსინათლოებს შორის. ვარჯიშები ჩემთვის ძალიან რთული იყო, რადგან ფეხებსა და ხელებში ნამსხვრევები ჯერ კიდევ მაქვს დარჩენილი. თან, იქ მხოლოდ უსინათლოები გამოდიოდნენ, მე კი მარჯვენა ხელის თითებიც მაქვს ამპუტირებული. აქედან გამომდინარე, ჩემთან შედარებით მათ ძალიან დიდი პრივილეგია ჰქონდათ – მოსმის დროს ხომ ხელებია მთავარი. ღმერთის წყალობით, შევძელი და მესამე ადგილი მოვიპოვე. მართალია, საუკეთესო შედეგი ვერ ვაჩვენე, მაგრამ, ხელცარიელი მაინც არ დავბრუნებულვარ საქართველოში. 

– ნიკა, თუ შეგიძლია, გაიხსენო, როგორ დაკარგე მხვედველობა?

– ეს დამემართა 2000 წლის 1 იანვარს – საბრძოლო ნივთიერება ამიფეთქდა ხელში. მომენტალურად დავკარგე მხედველობაც და თითებიც მარჯვენა ხელის მტევანზე. რვა ოპერაცია გავიკეთე თვალებზე და  ვარჯიშის გაგრძელება ვეღარ შევძელი. უქმად ჯდომაც არ შემეძლო, ამიტომ, მოვიძიე აუდიო-წიგნები და დავიწყე მათი მოსმენა. სამწუხაროდ, ჩვენ მხოლოდ ქართველი მწერლების ნაწარმოებები გვაქვს და ამიტომ მსოფლიო ლიტერატურის შედევრებს რუსულ ენაზე ვეცნობოდი. ამავე პერიოდში ვისწავლე ფრანგული ენაც.

– საკმაოდ აქტიური ცხოვრების წესი გაქვს და, ალბათ, განსაკუთრებული ხელშეწყობაც გჭირდება. ვინ გეხმარება?

– ამაში ნამდვილად გამიმართლა, რადგან ყველა ხელს მიწყობს. აუზზე სიარულს დაუხმარებლად ნამდვილად ვერ შევძლებდი. ყოველდღე მოდიან ჩემი მეგობრები და მეხმარებიან. დილით, 5 საათისთვის რომ ავდგები, დედაჩემს საუზმე მზად აქვს. ძალიან მინდა, რომ ჩემ გარდა ბევრი უსინათლო სპორტსმენი ვარჯიშობდეს, მაგრამ, ჯერჯერობით მარტო მე ვარ.

– ნიკა, შენ ძლიერი პიროვნება ჩანხარ. რას ეტყვი მათ, ვინც ჯერ კიდევ ვერ მოახერხა პრობლემებთან გამკლავება?

– სამწუხაროდ, საზოგადოებაში ჩამოყალიბებულია მცდარი აზრი, რომ, რადგან მსგავსი პრობლემა აქვს ადამიანს, აუცილებლად უმწეოა. უნარშეზღუდულმა ადამიანმა, უპირველესად, საკუთარ თავში უნდა მონახოს ის ძალა, რომელიც გადაალახვინებს ამ პრობლემას. ისინი აუცილებლად უნდა შეეგუონ ახალ ცხოვრებას, ჰქონდეთ ურთიერთობა ხალხთან. ჩემი მდგომარეობის გამო, ხანდახან კურიოზულ სიტუაციაშიც ვვარდები, მაგრამ ეს არ მთრგუნავს. შარშან ზღვაზე ყოფნისას ძალიან შორს გავცურე და ორიენტაცია დავკარგე, – ვეღარ ვხვდებოდი, უკან როგორ წამოვსულიყავი. უცებ გავიგე ხმა, დავიწყე მისი მიმართულებით ცურვა და დავეჯახე ვიღაც ქალს, რომელმაც საშინელი წივილ-კივილი ატეხა. მე ბოდიში მოვუხადე და ვუთხარი, რომ უსინათლო ვიყავი. ამის გაგონებაზე საერთოდ გადაირია, არ დამიჯერა და სულ „გაუზრდელო“ მეძახა, მაგრამ მაშინ ეს ყველაფერი არ მწყენია, პირიქით, ვერაფერი რომ ვერ შემატყო, კომპლიმენტად მივიღე.

– გარდა ცურვისა, სხვა რას საქმიანობ?

– ჯერჯერობით აქტიურად ვარ დაკავებული ცურვით. თავისუფალ დროს ვუსმენ აუდიო-წიგნებს. მყავს ძალიან ბევრი მეგობარი, რომლებთან ერთადაც ვერთობი. ახლო მომავალში ვხსნი სწრაფი კვების ობიექტს – უკვე რემონტი მაქვს დაწყებული. სახელმწიფოს მხრიდან უსინათლოებს იმდენად მწირი შემოსავალი გვაქვს, რომ ეს ჩვენთვის არ კმარა. მე პირადად, საცხოვრებლის პრობლემა რომ არ მქონდეს, უკვე დაოჯახებაზეც ვიფიქრებდი, რადგან მყავს შეყვარებული. 

როგორც კი ბინის პრობლემას მოვაგვარებ და სტაბილური შემოსავალი მექნება, აუცილებლად შევქმნი ოჯახს.  მხედველობა დამიბრუნდება მხოლოდ გადანერგვის შემთხვევაში. ქირურგიული ოპერაციები არ მიშველის, რადგან ერთ თვალში ბადურის 40 პროცენტი მაქვს ამპუტირებული, მეორეში კი საერთოდ არ მაქვს. ამ ეტაპზე ვცხოვრობ ისე, როგორც ყველა ადამიანი, ერთი განსხვავებით – ვარ უსინათლო. აუცილებლად მინდა, ვთქვა, რომ მე ამ პრობლემის გადალახვა მოვახერხე ჩემი ოჯახის წევრებისა და მეგობრების დახმარებით – მათ გარეშე ამდენს ნამდვილად ვერ შევძლებდი.

 

скачать dle 11.3