ვინ დაუტოვა საბჭოთა კავშირიდან გაქცეულ ლალი კონლანს ვაშინგტონთან ახლოს სამსართულიანი სახლი და რას სწავლობდა ის საათობით მაღაზიის ვიტრინებთან
საქართველოდან შორს, ევროპასა და ამერიკაში 25 წელი გაატარა, ემიგრანტის მძიმე ცხოვრებითაც იცხოვრა და ამერიკელი კონგრესმენის მეუღლეც გახდა. როცა არ იცოდა, საით წასულიყო, რწმენა და თავისუფლების შეგრძნება აძლევდა გზას. მისი ცხოვრება სიხარულითა და ტკივილით, მარცხითა და წარმატებებით იყო სავსე... დღეს ლალი შიუკაშვილი-კონლანი ისევ საქართველოში ცხოვრობს, მისი ავტობიოგრაფიული წიგნი – „წარსულის კვალდაკვალ” – ავტორის ცხოვრების ყველა ეპიზოდს იტევს... გაქცევა საბჭოთა რეჟიმიდან, მიუნჰენთან იატაკქვეშ გატარებული წლები, ცნობილი და საინტერესო ადამიანები და დაბრუნება ქალაქში, სადაც ხანდახან საკუთარ სახლამდე გზის „მიგნებაც“ უჭირს...
ბავშვობა... მამა...
თბილისში, ინტელიგენტების ოჯახში დავიბადე: მამაჩემი ცნობილი მხატვარი, ოთარ შიუკაშვილი, ძალიან კეთილშობილი ადამიანი იყო, ძალიან უყვარდა დედა, მაგრამ მათი თანაცხოვრება დიდხანს არ გაგრძელებულა. როცა ისინი ერთმანეთს დაშორდნენ, მე საკმაოდ პატარა ვიყავი, მაშინ გაიყო ჩემი ბავშვობა ორ ნაწილად: მოსკოვამდე და მოსკოვის შემდეგ. მე მამასთან და მის მეორე მეუღლესთან ერთად, რომელიც რუსი ებრაელი იყო, მოსკოვში გადამიყვანეს. ერთხანს ძალიან პატარა, 12 კვადრატული მეტრი ფართის ოთახში 5 ადამიანი ვცხოვრობდით, ჩემი ადგილი რომ არ იყო, ღამე „ლეჟანკაზე” მეძინა. მერე ინტერნატში გადამიყვანეს – რთული დრო იყო, ჭირდა ცხოვრება. ინტერნატის დამთავრების შემდეგ ისევ თბილისში დავბრუნდი. დედა აქ მარტო მყავდა დატოვებული. ჩავაბარე თეატრალურ ინსტიტუტში, სამსახიობო ფაკულტეტზე. თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მოვხვდი ანსამბლ „რუსთავში”, რომელსაც პოლიფონიური სიმღერის მეტრი ანზორ ერქომაიშვილი და უნიჭიერესი ქორეოგრაფი რეზო ჭოხონელიძე ხელმძღვანელობდნენ.
იმ დროს მამა და ჩემი დედინაცვალი მოსკოვში ცხოვრობდნენ. მამა ძალიან ბევრს მუშაობდა, ხატავდა, იყო არაჩვეულებრივი პორტრეტისტი. მას, ალბათ, არც ჰქონდა გადაწყვეტილი საბჭოთა კავშირის დატოვება, ეს უფრო მისი მეუღლის ოცნება იყო, რომელსაც ეშინოდა, რომ მის შვილს საბჭოთა არმიაში პრობლემებს შეუქმნიდნენ. ჩემს დედინაცვალს ძალიან უნდოდა, რომ ისინი ემიგრაციაში წასულიყვნენ, მით უფრო, რომ 1974 წელს საბჭოთა ებრაელებს გზა გაეხსნათ ისრაელისკენ ჰელსინკის ხელშეკრულებითა და ამერიკის კონგრესის გადაწყვეტილებით. საბოლოო ჯამში, მამამ და ჩემმა დედინაცვალმა შეძლეს ემიგრაციაში წასვლა ამერიკაში. თავიდან დასახლდნენ ნიუ-იორკში, სადაც ცხოვრობდა ემიგრანტების უმეტესობა. მამას შეუყვარდა ამერიკა, მაგრამ იქ თავს მაინც უცხოდ გრძნობდა. მისი ნახატების გამოფენები წარმატებით გაიმართა ამერიკაში, ტაივანში.
მამა განსაკუთრებული დამოკიდებულებით გამოირჩეოდა რეიგანის მიმართ, მისი მეორე საპრეზიდენტო კამპანიის დროს, მამამ რეიგანის ერთ-ერთი სატელევიზიო გამოსვლის შემდეგ დახატა მისი პორტრეტი, წარწერით ქართველი მხატვრისგან, ეს ნახატი თეთრმა სახლმა მხოლოდ იმიტომ არ აიღო საჩუქრად, რომ მისი ღირებულება დასაშვებზე მეტი იყო. მამა 1995 წელს გარდაიცვალა, ის ვაშინგტონთან ახლოს არის დასაფლავებული. სამუდამოდ ამერიკაში დარჩა დედაც, რომელმაც ჩემი ემიგრანტობის გამო ბევრ სირთულეს გაუძლო. ის მოგვიანებით ჩამოვიდა ამერიკაში. ეს ორი საფლავი არის დღეს ჩემთვის ამერიკასთან დაკავშირებული ყველაზე დიდი სევდა...
გაქცევა საბჭოთა რეჟიმიდან
უცხოეთში წასვლაზე არასდროს მიფიქრია, ვცეკვავდი „რუსთავში”, მქონდა ჩემი გეგმები. 1972 წლის შემოდგომაზე ჩვენ წავედით გასტროლებზე პარიზში, სადაც საბჭოთა კავშირის შექმნის 50 წლისთავთან დაკავშირებით გაიმართა მასშტაბური კონცერტები, რომლებშიც მონაწილეობას ყველა მოძმე რესპუბლიკის წარმომადგენელი ანსამბლები ვიღებდით. სხვათა შორის, ეს კონცერტი დიდი თეატრის დირექტორმა, ბება თუმანიშვილმა დადგა. ორთვე-ნახევრის განმავლობაში კონცერტები სრული ანშლაგით მიდიოდა. კონცერტების შემდეგ ქალაქში მარტო გასვლა სასტიკად გვეკრძალებოდა, ჯგუფ-ჯგუფად უნდა გვევლო. ჯერ კიდევ ყველას კარგად ახსოვდა კიროვის თეატრის ვარსკვლავის, რუდოლფ ნურეევის სენსაციური ისტორია. 1961 წელს პარიზში გამართული ტრიუმფალური გამოსვლის შემდეგ მან გადაწყვიტა, არ „შეეწყვიტა დღესასწაული” და სამუდამოდ დარჩენილიყო პარიზში. ამ ისტორიიდან ათი წელი იყო გასული. ერთხელ, როდესაც წარმოდგენიდან სასტუმროში ვბრუნდებოდით, ავტობუსში ატყდა ჩურჩული, რომ, თურმე, ნურეევი სიბნელეში ერთ-ერთი ხის უკან იყო მიმალული და ისე გვადევნებდა თვალს. უცებ ძალიან მომინდა მისი დანახვა, გაჩერების ირგვლივ მალულად შევათვალიერე სიბნელე და მთვარის შუქზე კარგად დავინახე ნურეევის განუმეორებელი ფიგურა. არ მომჩვენებია, დავინახე, როგორ ირეკლებოდა მის სველ თვალებში ღამის ნაპერწკლები და როგორი სევდით სავსე თვალებით იყურებოდა ჩვენსკენ. ეს გამოხედვა ჩემი მეხსიერებიდან არასდროს წაიშლება...
საფრანგეთის წარმატებული გასტროლების შემდეგ „რუსთავი” მთელი შემადგენლობით გაემგზავრა ბელგიაში, ფინეთსა და ავსტრიაში.
ავსტრიის გასტროლის დროს ჩვენ წაგვიყვანეს ვენის ყველაზე ღარიბულ უბანში, სადაც ყოველ ნაბიჯზე ისმოდა რუსული ენა. ჩვენი ემიგრანტები იქ ვაჭრობდნენ სათვალეებით, ბიჟუტერიით, ათასი სხვა წვრილმანით. უცებ იქ მოხდა საოცრება – ზედამხედველებმა, რომლებიც აქეთ-იქით შეშინებულები იყურებოდნენ, საოცარი სისწრაფით დაიწყეს ჩვენი შეყრა ავტობუსში. როდესაც სამშობლოში დავბრუნდით, მაშინ შევიტყვე, რომ, უშიშროების მაღალჩინოსანი კოტე ნადირაშვილი, რომელიც ხელმძღვანელობდა ტურისტულ მიმართულებას დუნაის ქვეყნებში, თავად დარჩა ვენაში – ის დაიმალა და თან დაიტოვა ჯგუფის სხვა წევრების პასპორტები. ეს იყო დიდი დარტყმა საბჭოთა უშიშროებისთვის, მაგრამ, ძალიან შთამბეჭდავი მათთვის, ვისაც საბჭოთა რეჟიმში ცხოვრება აღარ სურდა.
1975 წელს ანსამბლი ესპანეთში მიდიოდა გასტროლებზე. გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე გავარკვიე, რომ მე ვიყავი ანსამბლის ერთადერთი წევრი, ვისაც უცხოეთში გასვლის უფლება არ მისცეს. მე წავედი მოსკოვში, მამასთან და ვეძებდი პასუხებს კითხვებზე... როგორც შევიტყვე, მიზეზი ერთადერთი იყო – ჩემი ოჯახის წევრების სწრაფვა ემიგრაციისკენ, რაც ჩემზეც აუცილებლად აისახებოდა. სწორედ მაშინ გამიჩნდა აზრი, მეც ხომ არ წავსულიყავი მამის ოჯახთან ერთად ემიგრაციაში. მაგრამ, როგორ დამეტოვებინა დედა მარტო? თუმცა, მოგვიანებით ამას მაინც ვერ გადავურჩი. არჩევანი მხოლოდ ერთი მქონდა – პოლონეთი, სადაც ბიძაჩემი ცხოვრობდა... დღემდე მახსოვს გამოსამშვიდობებელი საღამო; დედა, მასთან გატარებული ბოლო საათები; შიში, განცდილი ბრესტში, საზღვართან, რომლის იქით დაეშვა რკინის ფარდა და დაიწყო სხვა ცხოვრება...
ცხოვრება იატაკქვეშ – პოლიტიკური თავშესაფრის ძიებაში
1979 წლის 13 ოქტომბერს ვარშავიდან გავფრინდი პარიზში, რადგან მქონდა მოწვევა ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელ ვიქტორ ხომერიკისგან. ვიქტორმა მიმაბარა მოხუც ქართველს, პროკოფია ინწკირველს, ასევე, მომაწყო ფრანგულ სკოლაში, რათა შემესწავლა ფრანგული ენა. ერთ დღეს ვიქტორმა მითხრა, რომ მიუნჰენში რადიო „თავისუფლების” ქართული სამსახურის უფროსს, კარლო ინასარიძეს, ესაჭიროებოდა ქალის ხმა. ვიქტორმა ჩამსვა თავის ამერიკულ მანქანაში და მიუნჰენში გამაქანა. რადიო „თავისუფლება“ დასავლეთში საბჭოთა კავშირის მიმართ ყველაზე მტრულად განწყოფილი საინფორმაციო საშუალება იყო. ქართულ სამსახურში მეორე და მესამე ტალღის ემიგრანტები მუშაობდნენ. მე დღესაც ძალიან დიდი სიამოვნებით ვიხსენებ ნუგზარ შარიას, სოსო ჟორჟოლიანს, მიუნჰენში გავიცანი სწორედ ის, „სახელგანთქმული“ კოტე ნადირაშვილი – „კაგებეს“ მაღალჩინოსანი, რომელიც წლების წინ ვენაში დარჩა. მე დავიწყე ინგლისური ენის და ჟურნალისტიკის ინტენსიური შესწავლა. საცდელი ვადით ამიყვანეს რადიოში. თავიდან ვცხოვრობდი არალეგალურად, მიუნჰენთან ახლოს, გაიოზ მაღლაკელიძის გერმანელი ცოლის სახლში. ეს საკმაოდ სახიფათო იყო. ევროპაში „კაგებეს“ ნებისმიერ დროს შეეძლო მოეტაცა ნებისმიერი ემიგრანტი, რისი გაკეთებაც ამერიკაში შეუძლებელი იყო. სანამ ჩემი დოკუმენტები გამზადდებოდა, სახლიდან ვერ გამოვდიოდი, ჩუმად ისე გამოვყავდი ჩემს მასპინძლებს სახლიდან, პატარა ძაღლს რომ გაიყვან სასეირნოდ. ჩემი ადგილსამყოფელი ყველასთვის გასაიდუმლოებული იყო. ძალიან ვნერვიულობდი დედაზე, მასთან დარეკვა არ შემეძლო – მე ხომ ვიცოდი, რომ მისი ტელეფონი ისმინებოდა. დროდადრო ჩემს პოლონელ მეგობრებს ვატანდი ხოლმე დედასთან ხან ფულს, ხან ტანსაცმელს. კონსპირაციის ყველა წესს ვიცავდით, რომ ეს არ გამჟღავნებულიყო. გამზადდა თუ არა ჩემი დოკუმენტები, რომლითაც მე პოლიტიკური თავშესაფარი მოვითხოვე, ჩავაბარე საბჭოთა პასპორტი, თუმცა, იმ პასპორტის ასლები დღემდე შემონახული მაქვს. გერმანიაში გატარებული სამი წელი იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე რთული, მძიმე, მაგრამ საინტერესო პერიოდი. იქ ვისწავლე ცხოვრება, თავის გატანა. როცა ძალიან მიჭირდა, ვქსოვდი, საათობით ვიდექი მაღაზიების ვიტრინებთან, რომ მესწავლა, როგორ უნდა გაკეთებულიყო კვანძი. ჩემი მოქსოვილი ტიროლის ჟაკეტები მდიდარ გერმანელებში პოპულარული იყო. შაბათ-კვირას მეტი ფული რომ გამომემუშავებინა, სახლებსაც კი ვალაგებდი სიმპათიურ გერმანელებთან, რომლებიც, ვინ იცის, ყოფილი გესტაპოელებიც კი იყვნენ. ამისი აღიარება არასდროს შემრცხვენია – ცხოვრებაში ხან მაღლა ადიხარ, ხან დაბლა ეშვები. იყო დრო, თავის სარჩენად მძიმე სამუშაოსაც არ ვთაკილობდი, მაგრამ, მერე ყოფილი კონგრესმენის მეუღლეც კი გავხდი – ასეთია ეს ცხოვრება...
ამერიკული ოცნება
როდესაც ამერიკაში ჩავედი, 37 წლის ვიყავი, უკვე მერამდენედ, ცხოვრება თავიდან უნდა დამეწყო. 1982 წლის 30 დეკემბერი, მე და ამერიკა... ეს არის უზარმაზარი შესაძლებლობების ქვეყანა, შესანიშნავი ხალხით. ამერიკაში ჩასვლისთანავე მუშაობა დავიწყე „ამერიკის ხმაში” – პრინციპში, ამ გადაწყვეტილებით წამოვედი გერმანიიდან, სადაც მე ჩავაბარე გამოცდა, რათა გავმხდარიყავი „ამერიკის ხმის” ქართული რედაქციის წევრი. ამერიკული კანონმდებლობის თანახმად, ამერიკაში ჩასვლამდე ორი წელი გავდიოდი შემოწმებას, რომელიმე ქვეყნის აგენტი ხომ არ ვიყავი. ამერიკა ჩემთვის აღმოჩნდა სხვა სამყარო – „ამერიკის ხმა”, სადაც მე ვმუშაობდი, ძალიან საინტერესო ბიოგრაფიის ადამიანების შეხვედრების ადგილი იყო – გვერდით სტუდიაში მიკროფონთან იჯდა ლეგენდარული ვილის კონოვერი, რომელიც მეოთხედი საუკუნე იყო ამერიკული ჯაზის დესპანი მთელ მსოფლიოში. ცხოვრება მიდიოდა თავისი წესებით: მე თავდაუზოგავად ვმუშაობდი, თავისუფალ დროს მეგობრებთან ერთად ვატარებდი „ამერიკის ხმის“ კაფეტერიაში. ერთ დღეს კაფეტერიაში წავაწყდი მას – ჩარლზ ბეილი „ამერიკის ხმის” ინგლისური სამსახურის ერთ-ერთი რედაქტორი იყო. ჩვენი შეხვედრა იყო ბედისწერა – ჩვენ რამდენიმე თვეში დავქორწინდით, მე გავხდი მისის ბეილი და გადავედი ჩარლზის სახლში, რომელიც ვაშინგტონთან ახლოს იყო. შვიდი წელი ვიცხოვრეთ ერთად, ულამაზესი შვიდი წელი, რომელიც დასრულდა თბილისიდან ჩამოსული ახალგაზრდა ქართველი მამაკაცის გამო. ყველაფერი ჩემი ბრალი იყო – რუსული რომანსები, ეჭვიანობა და... მე და ჩარლზი დავშორდით, ოღონდ, დავშორდით მშვიდად, აყალმაყალის გარეშე. ჩარლზი დიდსულოვნად მოიქცა – ვაშინგტონთან მდებარე სამსართულიანი სახლი მე დამიტოვა და თვითონ წავიდა.
ამის შემდეგ იყო ჯონ კონლანი – ყოფილი კონგრესმენი არიზონას შტატიდან. ჯონი ნიქსონის პერიოდში გახდა კონგრესის წევრი, ის ფინანსური კომიტეტის წევრი იყო, ახლოს იცნობდა უფროს ბუშს, მეგობრობდა ბევრ ცნობილ ამერიკელ პოლიტიკოსთან. მე და ჯონი რესპუბლიკელები ვიყავით და ესეც გვაერთიანებდა ერთმანეთთან. ჩვენ შემთხვევით გავიცანით ერთმანეთი ერთ ჩვეულებრივ მიღებაზე, ჯონი უკვე გაშორებული იყო ცოლს, მეც ორი წლის დაცილებული ვიყავი ჩარლზთან. ჩვენ ორი წლის შემდეგ დავქორწინდით. ჯონს ჰარვარდის უნივერსიტეტი ჰქონდა დამთავრებული იურიდიული განხრით, მოგვიანებით სააპელაციო სასამართლოში მუშაობდა. მე ვმუშაობდი დიპლომატიურ სკოლაში. ჯონი ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში. ის აპირებდა ტურისტული მიმართულების განვითარებას საქართველოში და ინვესტორების მოძიებას ქართული კურორტების ასაღორძინებლად. ჯონი შევარდნაძესთან მეგობრობდა, იცნობდა ბევრ ქართველ პოლიტიკოსს. ამერიკაში ყოფნის დროს მეც დავდიოდი ჯონთან ერთად ექსკონგრესმენების შეხვედრებზე, ვცხოვრობდით ასე მშვიდად შვიდი წელი, მერე კი ჩვენ ერთმანეთს დავშორდით. როგორც ჩანს, 7 ჩემთვის საკრალური ციფრია. სწორედ ჯონთან დაშორებამ განაპირობა ჩემი დაბრუნება საქართველოში.
დაბრუნება
საქართველოში დავბრუნდი და დავრჩი კიდეც აქ. თბილისში მყავს რამდენიმე ძველი და კარგი მეგობარი, საქმეც მაქვს, ხან წასაკითხია, ხან საქსოვი. გამოვეცი სამი წიგნი: ორი სახელმძღვანელოა ზმნებისთვის ინგლისურ და ქართულ ენებზე, მესამე კი მივუძღვენი ჩემი მშობლების ხსოვნას – ისინი ხომ ამერიკაში დარჩნენ. ამერიკაში დარჩა ჩემი ახალგაზრდობა, ჩემი მეგობრები, ჯონის შვილები – ქრისტოფერი და კევინი, ისინი ჩემთვის ძალიან ძვირფასები არიან და ჩემს ცხოვრებას ალამაზებენ. დიდხანს ფრენა რომ არ მიჭირდეს ატლანტის ოკეანის თავზე, უფრო ხშირად ვივლიდი ამერიკაში. ერთი მეგობარი მყავს, ფრანცუაზა, თითქმის ოთხმოც წლამდეა და, ხან რომელ ქვეყანაში მიფრინავს, ხან – რომელში. მე ცოტა ქართული „სიზარმაცე“ მჭირს, თურმე ადამიანი მაინც არ იცვლება ბოლომდე. შარშან წავედი ამერიკაში და უფასოდ ჩავიტარე მთელი სამედიცინო მომსახურება – მე ხომ ამერიკის მოქალაქე ვარ და 65 წლის შემდეგ ეს მომსახურება ოფიციალურად მეკუთვნის. ამერიკა ძალიან მიყვარს, სულ ჩემთანაა, თვალი სულ იქით მაქვს, ვაშინგტონში თავისუფლად და დაცულად ვარ. თბილისი კი, თითქოს ჩემია, მაგრამ, აქ მაინც მიჭირს, ცოტა უცხოდ ვგრძნობ თავს...