როგორ მისცა ცოლისგან მინიჭებულმა თავისუფლებამ აგული სოხაძეს 60 წლის განმავლობაში ქორწინების შენარჩუნების საშუალება
60 წელი ერთად! ირმა სოხაძის მშობლები, ცისანა და აგული სოხაძეები, რამდენიმე დღეში ბრილიანტის ქორწილს გადაიხდიან. ბატონ აგულის შევპირდი და ვწერ: ჩვენთვის ის ეროვნული გმირია, რადგან სამოცი წელი ერთი ქალის გვერდით იცხოვრა.
ბატონი აგული: ბარნოვის ქუჩაზე დავიბადე. ომის შემდეგ გადავედით საცხოვრებლად ჭავჭავაძეზე, რომელსაც მაშინ ნიკო მარის ქუჩა ერქვა და იქ მეზობლად ცხოვრობდა ჩემი მომავალი მეუღლე. ძალიან კარგი მამა ჰყავდა, მამაჩემი და მამამისი მეგობრობდნენ. მერე ჩვენც შეგვიყვარდა ერთმანეთი.
– რამდენი წლის იყავით?
ქალბატონი ცისანა: როდესაც ერთმანეთი დავინახეთ, მაშინ 12-13 წლისანი ვიქნებოდით, ერთმანეთი კი 14 წლიდან შეგვიყვარდა. 18 წლის ვიყავი, როდესაც უკვე დავქორწინდით.
ბატონი აგული: 1951 წლის 7 ივლისს გვქონდა ქორწილი. ნოემბერში 20 წლის ვხდებოდი. ეს უნივერსიტეტში სწავლობდა, მე – პოლიტექნიკურში. მახსოვს, ინსტიტუტი რომ დავამთავრე, ყანწები მაჩუქა, რომლებიც დღემდე მაქვს და იმ ყანწებით ვსვამ მეუღლის სადღეგრძელოს – ეს ტრადიცია ჩვენს ოჯახში არ დარღვეულა.
– როგორი იყო თქვენი ქორწილი?
ქალბატონი ცისანა: ჩვენი ქორწილი განსხვავდებოდა, ახლა რომ ქორწილებს იხდიან, იმისგან. ხუთასი და ექვსასი კაცი არ გვყოლია სტუმრად. მაშინ რესტორანში არავინ იხდიდა წვეულებებს და ჩვენც სახლში გავშალეთ სუფრა. ორი დიდი ოთახი გვქონდა, სადაც კედელი იხსნებოდა და იქ დავატიეთ სამოცდაათი კაცი. თეთრი კაბა მეცვა, ფატა არ მქონდა და ყვავილები ჩავიმაგრე თმაში.
ბატონი აგული: თუმცა, ქორწილამდე წინააღმდეგობა შეგვხვდა: მამაჩემი მტკიცე ხასიათის კაცი იყო და ამბობდა – ჯერ რა დროს თქვენი ქორწილია, დაამთავრეთ სწავლა, ფეხზე დადექით და მერეო. მერე მამას მეგობრები მივიდნენ მასთან სალაპარაკოდ, ჩვენ კი მანამდე სადღაც წავედით.
ქალბატონი ცისანა: არ დაადგა საშველი მშობლების დათანხმებას. წინააღმდგები კი არ იყვნენ, უბრალოდ, გვეუბნებოდნენ დაიცადეთო. ჩვენ კიდევ, დაცდა აღარ შეგვეძლო – ხუთი წელი გვიყვარდა ერთმანეთი და ერთად გვინდოდა. ავდექით და, ჩვენს ხელისმომკიდეებთან ერთად გავიპარეთ.
– როგორი იყო ეს წლები? ალბათ, ურთიერთობაში უამრავი სირთულე, პრობლემები იყო. რას ნიშნავს, სამოცი წელი ცხოვრობდე ერთი ადამიანის გვერდით?
– რაც წლები გადის, ეს ყველაფერი უფრო და უფრო ტკბება და, სულ მინდა, ახალგაზრდებს ვუთხრა, რომ მაქსიმალურად ეცადონ ოჯახის შენარჩუნებას. რა თქმა უნდა, ხშირად იყო პრობლემები, ჩხუბამდე მისული კამათი... ახლა რაღა გვაკამათებს, მაგრამ, იყო ასეთი ბევრი შემთხვევა. მაგრამ, მოსაგონარი კარგი უფრო მეტია, ახლა რომ ვიხსენებ რაღაცეებს, მხოლოდ ტკბილი მოგონებები მიტივტივდება.
ბატონი აგული: მინდა გითხრათ, რომ ოჯახში უფროსი კაცი უნდა იყოს. წლებთან ერთად, ჩემი მეუღლე ცოტა მოიხარა, მაგრამ, მესახელება ეს ამბავი – კაცმა უნდა მოღუნოს ცოლი, აბა, ცოლი თუ მოღუნავს კაცს, ის რა ქართული ოჯახია?! (იციანიან). ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, სინამდვილეში, ძალიან განვიცდი მის მდგომარეობას, მაგრამ, რას იზამ, გვემატება წლები. ულამაზესი გოგო იყო ახალგაზრდობაში – მაღალი, კარგი ტანით, საოცარი ცისფერი თვალებით. ზურიკოს სამი ბიჭი ჰყავს. მისი მეუღლე გერმანელი იყო, რომელიც, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. ეს ერთადერთი ადამიანია, ვინც ოჯახში გვაკლია და ძალიან დიდი დარტყმაა ჩვენთვის. ურთულესი პერიოდი იყო. ირმასგან ორი გოგო გვყავს: საოცარად განათლებული სალომე, რომელსაც კაცის ჭკუა აქვს და, ნატუკა რაც არის, კი იცით. ძალიან გამიმართლა სიძეებშიც და უსაყვარლესი შვილთაშვილები მყავს. შეიძლება ითქვას ბედნიერი კაცი ვარ.
– ალბათ, ცხოვრების რთული პერიოდების გავლაში, მძიმე სიტუაციების გაიოლებაში ყოველთვის იუმორი გეხმარებოდათ.
– რა თქმა უნდა. ერთხელ ცისანას ქუჩაში ფეხი აუსხლტა და, კი არ დაეცა, ძირს დაემხო. რომ მივედი და მივხვდი, ყველაფერი კარგად ჰქონდა, ვუთხარი: რა იყო, რჯულს ხომ არ იცვლი, რაღა აქ მოგინდა მაჰმადიანად გახდომა-მეთქი. დაავიწყდა ყველაფერი, იმდენი იცინა (იცინიან). ასე მასხრობა-მასხრობაში გავიდა ეს წლები. რაც უნდა დიდ საქმეს აკეთებდე კაცი, ამით გარშემო მყოფები არ უნდა შეაწუხო, უბრალოებაშია სიდიადე. პროფესორიც გავხდი, აკადემიკოსიც, პრორექტორიც ვიყავი, ბევრი ტიტული და რეგალია მაქვს, მაგრამ, ეს ყველაფერი ისე გავაკეთე, არც კი მახსოვს, არ მომიკლავს თავი, ისე ვიცხოვრე და ახლა უკან რომ ვიხედები, კმაყოფილი ვარ. ვერსალის სასახლეში მითამადია, ბორის პაიჭაძესთან ერთად ბურთი გამიგორებია, ბრაზილიაში პელეს თამაშზე ვიყავი ჩასული და ყველა ფეხბურთელი ვნახე... ეს ყველაფერი რომ არ მეკეთებინა, ფული მეგროვებინა და სხვა რაღაცეებით მეცხოვრა, რას მოვიგებდი?! არასდროს არაფერში მზღუდავდა და ჩემი მეუღლის მადლობელი ვარ ამის გამო. მიყვარდა თავისუფალი ცხოვრება.
– თქვენი თაობის მამაკაცებში განსაკუთრებით აქტუალური იყო გაუთავებელი ქეიფები სახლებში, სიმღერა და ცეკვა დილამდე...
– ზუსტად ასე იყო და ცისანა არასდროს ამის გამო საყვედურს არ მეუბნებოდა.
ქალბატონი ცისანა: მოქეიფე კაცი იყო, მოსწონდა ასეთი ცხოვრება და რატომ უნდა მესაყვედურა, როცა ოჯახს არც ყურადღებას აკლებდა და არც არაფერს უშავებდა ამით. ყოველთვის ვიცოდი, სად იყო, რას აკეთებდა. ის კი არა, მოსკოვშიც რომ ყოფილიყო და რაღაცის კითხვა დამჭირვებოდა, აუცილებლად ვიპოვიდი. მაშინ მობილურები არ იყო, მაგრამ, ისეთ კოორდინატებს მიტოვებდა ყოველთვის, რამდენიმე ზარით უცებ ვპოულობდი.
ბატონი აგული: ასპირანტურაში ვსწავლობდი მოსკოვში, კარგი ბიჭი ვიყავი გარეგნობით, რაღა დაგიმალოთ და კარგ წრეშიც ვტრიალებდი. გოგოების მეტი რა იყო, მაგრამ შემოვუთვალე ჩემს მეუღლეს, მომენატრე და ჩამოდი-მეთქი და ისიც ჩამოვიდა. ასეთი რამ ქართველ კაცს არ გაუკეთებია, იქ ყველა გასართობად დადიოდა.
– არ ეჭვიანობდით ხშირად რომ დადიოდა უთქვენოდ?
ქალბატონი ცისანა: ნამდვილად არა, ბოლომდე ვენდობოდი. ვეუბნებოდი ხოლმე, თუ რამეს იეშმაკებ ღმერთმა გაპატიოს-მეთქი. ერთი-ორჯერ იყო შემთხვევა, როდესაც სახლში ვიღაც ქალებმა დარეკეს. ამისთანა ქალებმა იცოდნენ ხოლმე მაშინ დარეკვები. იცი, შენი ქმარი სად არისო? ვუპასუხე, შენთან რომ არ არის, დარწმუნებული ვარ, შენისთანა უსინდისოებს ცხოვრებაში არ შეხედავს-მეთქი.
ბატონი აგული: ხედავ, როგორი კარგი ქმარი ვიყავი, რამდენს ლაპარაკობს?! (იცინიან) ისე, კარგი „შუხურიც” იცის, ნუ გეშინია.
ქალბატონი ცისანა: თუ საჭიროა „შუხურიც” ვიცი, აბა რა! მაგრამ, შენ როდის „გეშუხურებოდი”, ბავშვებს თუ ვეჩხუბებოდი ხოლმე.
– სახლში მოსულ ქმარს, მით უმეტეს – ნასვამს, არ ეჩხუბო; თუ რამე გაქვს სათქმელი დილით უთხარი, – მსგავსი მეთოდები იცოდით?
– ვიცოდი ალბათ. დედა მეტყოდა, ნასვამი რომ მოვა აგული, ხმა არ გასცეო. რა ვიცი, დედას ძალიან ვუჯერებდი და ასეც ვიქცეოდი.
ბატონი აგული: ჰოდა, ეგ რომ ვიცოდი, სულ ნასვამი მოვდიოდი (იცინიან).
ქალბატონი ცისანა: არასდროს ნასვამს სიტყვას არ ვეუბნებოდი. დედამთილი მეტყოდა ხოლმე, როგორ უთმენო. დალია, დაიძინოს და დილით ისევ ჩვეულებრივად იქნება-მეთქი. ჩემ მიმართ იყო საოცრად ყურადღებიანი. რომ გითხრათ, საჩუქრებს მაყრიდა და ამ მხრივ განებივრებული ვიყავი-მეთქი – არა. არ ჰქონდა და რას დამაყრიდა?..
ცალკე რომ გადავედით, გადასახადი იყო რამე, ბანკში წასასვლელი თუ რაღაც მსგავსი, არაფერი მეხებოდა. სადმე თუ უნდა წავსულიყავით – თეატრის ბილეთი იყო, კინოსი თუ, თვითმფრინავის – ყველაფერი სახლში მოჰქონდა. არ არსებობს, სადაც არ უნდა ყოფილიყო, რომელ ქვეყანაშიც, ყოველთვის რეკავდა სახლში და კითხულობდა ჩვენს ამბავს – როგორ ვიყავით, რას ვაკეთებდით.
ბატონი აგული: ახლა რომ ვუსმენ, საკუთარი თავი მეტად დავაფასე (იცინიან).
– სიყვარულის შენარჩუნების ფორმულა არსებობს?
ქალბატონი ცისანა: რა თქმა უნდა – დათმობა.
ბატონი აგული: ცოლ-ქმრის ურთიერთობა დიდწილად გონიერებაზეა დამოკიდებული. მან ყოველთვის იცის, როდის დათმოს, როდის დატკბეს, როდის გაჩუმდეს. თუ ეს ყველაფერი კარგად არის შესწავლილი, ის ოჯახი სამოცი წელი კი არა, მეტხანსაც გაძლებს. რასაც ახლა ვლაპარაკობ, ამას ცხოვრებაში ვაკეთებდით და იმიტომ მოვედით აქამდე.
– ამბობენ, წლები რომ გადის, სიყვარული ნელდება და ურთიერთობა შეჩვევაში გადადისო... სიყვარულს რა ადგილი აქვს წლების შემდეგ?
– არ არსებობს, ისევ ისე ვერ გეყვარება, ეს ტყუილია. მერე შემოდის ვალდებულება, მიჩვევა, წესი, რიგი, ადათი – მართალი, გოგოებო, თუ გინდათ, ეს არის. შეიძლება, გრძნობა ძლიერდება კიდეც, მაგრამ, სხვა მხარეს. აქ უკვე მარტო ქალს, ხორციელ არსებას კი არ ხედავ, არამედ, ხედავ სულიერებას, მის დედობას, ბებიობას, მეუღლეობას. ეს ამდენი სახე სულ სხვადასხვანაირ პიროვნებას წარმოგიდგენს. სიყვარულსაც აქვს თავისი გრადაციები.
ისე, ახლა ვამბობ: გმირის წოდება არ უნდა მომანიჭონ, სამოცი წელი ერთ ქალთან რომ ვარ?! (იცინიან). თქვენმა ჟურნალმა მაინც მომანიჭოს ეს ტიტული! ისე, არასდროს მიყვარდა სამსახურის გამოცვლა, მეგობრების შეცვლა – ერთგული ადამიანი ვარ ნატურით. ახლა თემას გადავუხვევ და მეგობრობასთან დაკავშირებით ერთ ამბავს გავიხსენებ: ერთი კაცი ორი ჭიქით სვამდა. თამადამ მიზეზი რომ ჰკითხა, მან უპასუხა – ჩემი მეგობარი გარდაიცვალა და იმის მაგივრადაც ვსვამო. გადის დრო და ეს კაცი ერთი ჭიქით სვამს. აა, ერთი ჭიქით დაიწყე სმაო?! არა, ეს ჩემი მეგობრის ჭიქააო. შენიო?! მე ავად ვარ და ექიმმა დალევა ამიკრძალაო. ახლა ამას ვერც ინგლისელი გაიგებს, ვერც ფრანგი – ეს ქართული მეგობრობის ამბავია.
– ახლა როგორია თქვენი ყოველდღიურობა, დილით ისევ პერანგებს აუთოებთ?
ქალბატონი ცისანა: ახლა ცოტა მიჭირს გაუთოება და ამაში ქალი მეხმარება, მაგრამ სახლის საქმეებს ისევ ვაკეთებ, საღამომდე ასე ვარ. ისე ვეღარ, როგორ წინათ, მაგრამ, მაინც სულ საქმეში ვარ. აგული ისევ დადის სამსახურში, ისევ ზრუნავს ოჯახზე.