რატომ თქვა უარი ქართველი ქალბატონის დიდგვაროვანმა მეუღლემ მსოფლიო მასშტაბის ბრენდის მართვაზე
ის აფხაზეთიდან არის. ცხოვრება რამდენჯერმე დაიწყო თავიდან და ყოველთვის იმაზე გაცილებით წარმატებულად, ვიდრე მანამდე ჰქონდა. მისი ისტორია კინოს ჰგავს, დევნილი გოგონა, რომელიც პრინცს ხვდება. მთლად პრინცი არა, მაგრამ, მისი მეუღლე ჰოლანდიელი დიდგვაროვანია, თუმცა დეტალურად ამის შესახებ თავად ქალბატონმა დალი უბილავა-დე გრაფმა საკმაოდ გვიან გაიგო.
დალი უბილავა-დე გრაფი: ერთი ჩვეულებრივი ქართველი ვარ, აფხაზეთში დავიბადე. ყველაფერი, რაც მოხდა, საქართველოსთან ერთად გამოვიარე, ყველაზე დუხჭირი დღეები და პერიოდი ჩემს ხალხთან ერთად გადავიტანე. მიზნად არასდროს მქონია უცხოეთში გაქცევა. არაერთხელ ვიყავი ჩემი პროფესიით სხვადასხვა ქვეყანაში, მაგრამ, ყოველთვის უკან ვბრუნდებოდი. ომამდე მათემატიკის მასწავლებელი ვიყავი, მაგრამ ომმა ყველაფერი შეცვალა – ცხოვრება ნულიდან დავიწყე და პროფესიაც გამოვიცვალე: დავამთავრე თეატრალური ინსტიტუტი, სარეჟისორო. სპეციალური პროგრამით წავედი მოსკოვში, ჩავირიცხე „ვგიკში”, დავამთავრე და დავბრუნდი საქართველოში. ყველაზე ცუდი წლები აქ გავატარე და 2005 წლის ბოლოს, როდესაც უკვე საქართველოში შუქი მოვიდა, წავედი აქედან. უფრო სწორად, ჩემმა მომავალმა მეუღლემ – პაულმა ჩამომაკითხა.
– როგორ გაიცანით ერთმანეთი?
– ერთმანეთი მოსკოვში გავიცანით. მერე ის ჩამოვიდა, მოინათლა მართლმადიდებლად, იმავე დღეს დავიწერეთ ჯვარი და რამდენიმე დღეში წავედით ჰოლანდიაში. ერთხელ ხომ დავიწყე ნულიდან ყველაფერი, ახლა ჩავედი სრულიად უცხო ქვეყანაში, რომლის არც ენა ვიცოდი, არც კულტურა, არც სისტემა და იქ ისევ თავიდან დავიწყე ყველაფერი.
– პაული დიდგვაროვანია?
– დიახ, მისი სრული სახელია: პაულუს კორნელის, მარინუს ფრედი დე გრაფი. ტიტულოვანი ოჯახია, სამეფო ოჯახთან დაახლოებული გვარი. სიმართლე გითხრათ, ამ ყველაფერს საქართველოში უფრო დიდი ყურადღება ენიჭება, ვიდრე ჰოლანდიაში. იქ სამეფო ოჯახს ისეთი პოზიცია აქვს ხალხის მიმართ, ისეთი უბრალოები არიან, ყოველ ნაბიჯზე გრძნობ, როგორც შემცირებულია მანძილი ფენებს შორის და ჰოლანდია ყოველთვის ამაყობდა ამით. თვითონ პაულიც არ ამბობს არაფერს თავის წარმომავლობაზე – ცოლად რომ გავყევი, ალბათ, ხუთი წლის შემდეგ გავიგე ამის შესახებ. ჰოლანდიელები მენტალიტეტით საოცრად მოკრძალებული ხალხია. სამეფო ოჯახში სამი პატარა დედოფალი ჰყავთ და თითოეულს კვირაში ერთ ევროს აძლევენ, რომ სკოლაში ყოფნისას რაც უნდათ, იყიდონ. რა თქმა უნდა, სკოლაში ყველაფერია, მაგრამ, თავისი პირადი ხარჯებისთვის აქვთ ეს ფული. კომპიუტერული თამაშების ყიდვა თუ უნდათ, უნდა შეაგროვონ – გამოიზოგონ ის თითო ევრო და ისე შეიძინონ ეს ნივთი. სამეფო ოჯახის რომელიმე წევრმა ქუჩაში მოძრაობის წესები რომ დაარღვიოს, ზუსტად ისევე დაისჯება, როგორც ყველა – კანონი ყველასთვის ერთია.
– სამეფო ოჯახის წევრებს იცნობთ?
– ასე პირადად არა. თუმცა, გასულ წელს, ჩვენს ფესტივალზე ჩვენი პრინცესა მაქსიმა გვყავდა მოპატიჟებული. ეს არის ყველაზე ლამაზი, საყვარელი პრინცესა მთელ ევროპაში. ჰოლანდიელები გიჟდებიან მაქსიმაზე, სულ იღიმება და ბედნიერია. ის არგენტინელია და, როგორც ვიცი, ბასკური ფესვები აქვს. გვინდოდა, დასწრებოდა ფესტივალს, რომელიც „იბერიის” სახელს ატარებს. სამწუხაროდ, მოპატიჟება ცოტა დაგვიგვიანდა – სამი თვით ადრე მივწერეთ და ეს მათთვის ძალიან გვიანაა, ერთი წლით ადრე აქვთ ყველა შეხვედრა გაწერილი. თუმცა გამოგვივზავნა ძალიან თბილი წერილი. კიდევ ერთი ამბავი მინდა გითხრათ, რაც მათ უბრალოებას უსვამს ხაზს: შარშან გავიგე, რომ პაულის ბიძა ყოფილა ამსტერდამის მერი და მის დროს აშენებულა ძალიან ცნობილი სიუსტის სასახლე. ახლა მეუბნები-მეთქი? – რომ ვკითხე, გაუკვირდა – რატომ უნდა მეთქვა აქამდეო. ამას წინათ კიდევ ერთი ასაკოვანი ქალი შეგვხვდა მაღაზიაში, იცნო ჩემი ქმარი და ეუბნება: მახსოვს, რომ დაიბადე, მთელ ქუჩაზე ჰოლანდიის დროშები იყო გამოფენილი და ვზეიმობდითო. პაულმა თვითონაც არ იცოდა ეს. ანუ, მშობლებმა ის უბრალოდ გაზარდეს და არა იმის ჩაგონებით – ისეთი ოჯახის შვილი ხარ, შენს დაბადებას მთელი ქალაქი ზეიმობდაო. ჰოლანდიურ თავისუფლებაზე კიდევ ერთი ამბავი მიუთითებს: პაულის მამა მსოფლიოში ძალიან ცნობილი ბრენდი „ელექტროლუქსის” ერთ-ერთი მეწილე და კომერციული დირექტორი იყო. არც ერთმა შვილმა არ აირჩია მამის გზა. მამამ კომპანია დახურა და გაანაწილა შვილებს შორის. როგორც ქართველი, ამას რომ ვუყურებდი, საშინლად მწყდებოდა გული (იცინის). თექვსმეტ მილიონ ადამიანს ჰოლანდიაში თვრამეტი მილიონი ველოსიპედი ჰყავს. საოცრად ჯანსაღი ქვეყანაა, იქ მტვერი არ არსებობს. ფეხსაცმელს ისე იხმარ, მტვრის გადაწმენდა არ დაგჭირდება.
– ჰოლანდიაში განაგრძეთ თქვენი საქმიანობა?
– იქ ხელახლა მომიწია ყველაფრის დაწყება. საკმაოდ რთული ენაა. აუცილებელია, ის ისწავლო, შემდეგ გაიარო ინტეგრაციის კურსები – სად რა და როგორ მუშაობს. უკანასკნელ წვრილმანამდე აქვთ ყველაფერი გათვლილი, რომ ყველაფერი დაზღვეული უნდა იყოს: სკამი, მაგიდა, ტახტი, ნოხიც კი. მეზობლის ბავშვი რომ შემოვიდეს, უცებ წითელ ღვინოს ხელი ჰკრას და დააქციოს, ისიც უნდა ანაზღაურდეს. ფარდასთან რომ ვინმემ სიგარეტი მოწიოს და ფარდას ცეცხლი მოეკიდოს – არც მაშინ ზარალდებით. ჩემთვის ეს რთულია, მაგრამ მათთვის – ჩვეულებრივი სიტუაცია. სულ ვეუბნები ხოლმე, ჩვენ ძალიან სპონტანურები ვართ, არ გვჭირდება ამდენი დაზღვევები, რისკის ფასად ვაკეთებთ ყველაფერს-მეთქი (იცინის). 2006 წელს დავიწყე და სამი წელი მოვანდომე ენის სწავლასა და ინტეგრაციას. ეს ყველაფერი გაცილებით მაღალ დონეზე მქონდა, ვიდრე საჭირო იყო. ჰოლანდიის მოქალაქეობის მისაღებად სავალდებულოა, ენის ცოდნაში გქონდეს დონე 2. თუ მეტზე გაქვს ამბიცია და გინდა მუშაობა, მაშინ, უფრო მეტი უნდა იცოდე. ამიტომ, ავიღე დონე 5, ჩავაბარე სახელმწიფო გამოცდა და უამრავი ფორმალობა გავიარე.
– ამის შემდეგ დააარსეთ ფონდი?
– ამ პროცედურების გავლის შემდეგ დავაარსე ფონდი „არტექო”, რომლის მიზანია დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის არსებული კულტურული ხიდების გამყარება და ახალი ხიდების აგება. ჩვენი ფონდის პირველი პროექტი, რა თქმა უნდა, იყო ქართული კულტურის დღეები ჰოლანდიაში – „იბერია 2010”. შუა საუკუნეების ულამაზეს, კოპწია ქალაქში ჩატარდა ფესტივალი. რემბრანდტის ქალაქში ვცხოვრობ, ისეთი ლამაზია იქაურობა, სიზმარშიც რომ ვერ წარმოვიდგენდი ვერასდროს. ყველაზე ძველია 1604 წელს აშენებული სახლი, მაგრამ, ულტრათანამედროვე სახლებიცაა, რომელთა არქიტექტურაც საოცრად უხდება ქალაქს. ქალაქში არის უძველესი უნივერსიტეტი, სადაც ასწავლიდა აინშტაინი, ასევე, სამეფო ოჯახის მთელი თაობები. ლეიდენი – ეს არის უდიდესი კულტურული ცენტრი. ამ ქალაქში ჩატარდა ფესტივალი, რომელსაც პატრონაჟი გაუწია ქალბატონმა სანდრა რულოვსმა. წარმოდგენილი გვქონდა ქართული ცეკვა და სიმღერა, ანსამბლი „რუსთავი” იყო ჩამოსული, მხატვრობა – ორმოცდაათიანი წლების შემოქმედები, კოლექციით „სინაცრისფრის წინააღმდეგ მებრძოლნი”. ამ კონცეფციის ფარგლებში გავაკეთეთ ხუთი მხატვრის ხუთი ტილოს გამოფენა ლეიდენის ხუთ გალერეაში. საოცრება იყო. ფესტივალის მესამე ნაწილი გახლდათ ჩვენი კინოკლასიკა. ამ ნაწილში ჩვენი პარტნიორი იყო ლეიდენის ფილმების ფესტივალი და ჩვენი ფილმები აჩვენეს ოცდათხუთმეტმილიმეტრიან კინოფირზე. ჩემდა გასაკვირად (მერე თბილისშიც ჩავაყენე საჭირო ინსტანციები საქმის კურსში), აღმოჩნდა, რომ ჰოლანდიის ფილმების მუზეუმში დაცულია ქართული ფილმების ფონდი არაჩვეულებრივი ხარისხითა და ჰოლანდიური სუბტიტრებით. კიდევ კარგი, აღმოვაჩინეთ.
– ახლა, პირიქით, თბილისში ჩამოიტანეთ ჰოლანდიური კულტურა?
– დიახ, მაგრამ, მანამდე მინდა ერთ ეპიზოდს შევეხო: მთელ ამ ქალაქში უზარმაზარი სახლების ფასადებზე წერია ფრაგმენტები სხვადასხვა ქვეყნის ლიტერატურული შედევრებიდან. იქ იყო ირანული, სომხური, რუსული, ჩინური, ინგლისური და ასე სხვა ლიტერატურული კლასიკის შედევრები, რომელსაც ქვემოთ ჰქონდა პატარა აბრა, სადაც ეს ყველაფერი ჰოლანდიურად იყო თარგმნილი. სამწუხაროდ, არც ერთი მინაწერი არ იყო ქართული. ვიპოვე კომპანია, რომელმაც ეს გააკეთა და ავუხსენი, რომ ქართული ლიტერატურა იმსახურებს ყურადღებას, მაგრამ, მითხრეს, პროექტი დახურულია და ახლა ვერაფერს შევცვლითო. ფესტივალი ივნისში იწყებოდა და 2010 წლის მარტში მირეკავს ჩვენი ერთ-ერთი სპონსორი, ლეიდენის კულტურის ფონდი და მეუბნება, რომ ის დაკავშირებია ამ კომპანიას და უთხოვია, რომ ქართული ლიტერატურის ამდენი შედევრიდან რომელიმეს ფრაგმენტი უნდა ყოფილიყო შენობის ფასადზე. ახლა ლეიდენში, თეთრი ვარდების ქუჩის პირველ ნომერში, უზარმაზარ კედელზე, „ვეფხისტყაოსნიდან” ორი სტროფია დაწერილი.
წელს კი გადავწყვიტეთ, რადგან „არტექო” ვართ, გაგვეკეთებინა ექო-ფესტივალი საქართველოში. შევჩერდით ჰოლანდიურ ანიმაციაზე და მის ყველაზე თვალსაჩინო და წინააღმდეგობრივ წარმომადგენელზე – გერეტ ვან დაიკზე. ის მთელ მსოფლიოში ძალიან ცნობილია, არის არაერთი პრესტიჟული საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიური წევრი, ანიმაციური სკოლის ფუძემდებელი და სხვა – ძალიან ბევრი რეგალია აქვს. მისი ცოლი, ამავდროულად, მისი პროდიუსერია. სილიამ, როგორც საუკეთესო პროდიუსერმა, „ოსკარი“ აიღო 1979 წელს. ეს ადამიანები სტუმრად იყვნენ, სამუშაო ჯგუფთან და ჰოლანდიის ყველაზე ცნობილი მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან ერთად. ფესტივალი სამი ნაწილისგან შედგებოდა: ვან დაიკის ფილმების რეტროსპექტივა, მისი გრაფიკული ნამუშევრების გამოფენა და ანიმაციის ინტერაქტიური მასტერ-კლასები. ვან დაიკმა შექმნა საუნდტრეკი მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილმიდან – „პასადუესი”. ეს არის „მართვეს” მიერ შესრულებული ქართული ხალხური სიმღერის მიქსი. ეს საუნდტრეკი დაყოფილი იყო თვრამეტ ტოლ ნაწილად, ანუ, სტუდენტების რაოდენობის მიხედვით და თითოეულს თავის ნაწილში უნდა შეექმნა ვიზუალი. ამ თვრამეტი სხვადასხვა ნაწილისგან აიგო ერთი ხუთწუთიანი ფილმი, რომელიც ძალიან კარგი გამოვიდა. ეს თავად ვან დაიკისთვისაც ექსპერიმენტი იყო, რომელიც საქართველოში განახორციელა და მართლა არაჩვეულებრივი გამოვიდა.