როგორ წარმოიშვა
ქართული გვარ-სახელები
სადაღიშვილი-სადაგიშვილი
თავდაპირველი ქართლური გვარის ფორმა სადაღაშვილი იყო. რუსული კალკის შემოდენამ საქართველოში, რუსულში ასო ღ-ს უქონლობამ შთანთქა ის, და ასო გ ჩაენაცვლა. ამ გვარის პატრონები სადაგიშვილები გახდნენ.
სადაღიშვილი და სადაგიშვილი ერთსა და იმავე გვარებადაა მიჩნეული.
ქართველური გვარის სადაღაშვილ-სადაღიშვილის ფუძედ გამოყენებულია მამაკაცის საკუთარი სახელი სადაღა. ასე რომ, სადაღაშვილი ეპონიმური გვარ-სახელია.
„სადაღაშვილი არანა, მოწმე უმეკა დონდარასშვილის მიერ პაპუნასათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა“ (1699 წელი).
„სადაღაშვილი ბერი, ატენს მცხოვრები. ჰყავს ძმა ჯანა. მიჰყიდა ნონიკას სამი დღის მიწა, რომელიც ესაზღვრებოდა პაატასა და კენაშვილის მიწებს“ (მეთექვსმეტე საუკუნის ბოლო).
„სადაღაშვილი ჯანია, თამარ დედოფალმა მამულით ის უწყალობა მელიქ მირიმან ნარიმანაშვილს“ (1613 წელი).
საქართველოში 41 სადაგაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 19, თელავში – 18, რუსთავში – 4.
23 სადაგიშვილი: თბილისში – 15, თელავში – 4, ბათუმში – 1.
რუსული გავლენით სადაგოვი – 23, ყველა თბილისში ცხოვრობს.
713 სადაღაშვილი: გორში – 425, თბილისში – 836, რუსთავში – 19.
22 სადაღიშვილი: თბილისში – 16, საგარეჯოში – 3, კასპში – 1.
ლელუაშვილი
ლელუაშვილთა გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ლელა. ის „სწორთმიანს“ ნიშნავს. მეჩვიდმეტე საუკუნიდან ცნობილია თეიმურაზ მეფის ასული ლელა ბატონიშვილი.
გვაქვს ასევე სახელები: ლელი, ლელია, ლელიკა, ლელიკო, ლელუა. აქედან კი წარმოიშვა ქართველთა გვარი ლელუაშვილი.
„ლელუაშვილი, ერთი კომლი, კათალიკოსმა იოვანე დიასამიძემ მამულით უწყალობა არხიმანდრიტ ნიკოლოზ გაბადიძეს“ (1698 წელი).
„ლილუაშვილი ნადირა გარეჯვარს მცხოვრები, ის და მისი სახლიკაცი ქრისტესია ლილუაშვილი მამულებით წილში ხვდნენ მანუჩარ და ჯიმშიტა თუმანიშვილებს“ (1636 წელი).
ამავე ფუძისაა გვარები ლელაშვილი, ლელაძე.
მაზიაშვილი
მაზ-ა უცხოურიდან შემოსული სიტყვაა. მას ნოყიერი ნიადაგი უნახავს ჩვენში, რომელიც რამდენიმე სიტყვად დაყოფილა, სულ სხვადასხვა მნიშვნელობები შეუძენია. ნაწილი მათგან საკუთარ სახელადაც ქცეულა და ქართული გვარების ფუძეებადაც გამხდარან.
მაზა საკუთარ სახელადაც გვხვდება, მაზანდა კი – მეტსახელად. ასევე, შემორჩენილია საკუთარი სახელი მაზმი (მაზიმი), მაზიმატი, მაზიმატები კი საგვარეულო წოდებაა.
„მაზანასშვილი გულეულს მცხოვრები, მამულით წილად ხვდა როსტევან ჯანიაშვილს“ (1537-1538 წლები).
ამავე ფუძისაა გვარები: მაზატაშვილი, მაზმადაშვილი, მაზმანაშვილი, მაზმანიშვილი, მაზმისშვილი.
საქართველოში 1 144 მაზიაშვილი ცხოვრობს: სიღნაღში – 312, თბილისში – 270, გორში – 136.
კირეულიშვილი
ქართველების წინაპრებს ჰქონდათ და დღესაც აქვთ სახელები – კირი, კირა, კირიონ. ასევე, გვხვდება კირეულიც, ის დაფიქსირებულია ალექსანდრე ღლონტის წიგნში „ქართველური საკუთარი სახელები“. ის წერს: „საკუთარი სახელი კირეული, გვარში – კირეულიშვილი“. გვხვდება გვარები კირაული, კირაულისძე, კირიასშვილი.
კირეულიშვილი ქართული გვარ-სახელია და 1995 წელს მიღებული ვაუჩერების მიხედვით დაფიქსირებულია 103 სული. თბილისში – 62, გარდაბანში – 28, გორში – 1. ცხოვრობენ სხვა კუთხეებშიც.
გორდელაძე
გვიანდელ ფეოდალურ საქართველოში გორდა ფართოდ იყო გავრცელებული და საბას სიტყვით, „ამას ქართველი ჰყვარობენ“. „ქართლში – პატარა გობი, ცომის მოსაზელი თაბახი“.
დაფიქსირებულია მამაკაცის საკუთარი სახელიც, გორდა. გადმოცემით, გურიაში გორდელაძეები ხმლის მკეთებელი ხელოსნები ყოფილან.
გორდა დასდებია საფუძვლად ქართულ გვარებს: გორდელაძე, გორდელი, გორდაძე, გორდაშვილი, გორდაძე, გორდელავა, გორდიშვილი, გორდანიშვილი, გორდიაშვილი, გორდულაძე, გორდულავა.
გორდი სოფელია ხონის რაიონში.
„გორდიშვილის ნაქონი განაყოფი მამული და მასზე მოსახლე ჩერქეზი და ოსი აზნაურიშვილები, თავიანთი მამულებით, თეიმურაზ მეფემ უწყალობა ჩერქეზ – ალადაღიშვილს“ (1662 წელი).
1995 წელს აღებული ვაუჩერების მიხედვით დაფიქსირდა 956 გორდელაძე: ოზურგეთში – 359, თბილისში – 223, ბათუმში – 86.
როსტომაშვილი
როსტომ სპარსული სახელია. ის ითარგმნება, როგორც „ლომი“, ან „გმირი“ და სპარსეთის ლეგენდარული გმირის სახელია. სინამდვილეში შედგება ორი სიტყვისგან: რუსტ „სიმართლე“ და ტაჰმ – „ძალა“. ამ სახელის პოპულარობას ჩვენში დიდად შეუწყო ხელი ფირდოუსის „შაჰნამემ“, რომელსაც ქართულ თარგმანში „როსტომიანი“ ეწოდება, მაგრამ ეს სახელი ქართულში უფრო ადრეც გვხვდებოდა, დაახლოებით მეათე საუკუნეში. მისგან არის ნაწარმოები გვარები: როსტომაშვილი, როსტიაშვილი, როსტოშვილი.
აზნაური როსტევანიშვილის წინაპრები იყვნენ სააკაძეთა გვართაგანნი, კერძოდ, ვინმე როსტევან სააკაძე და იმის გამო გაუგვარდათ როსტევანიშვილობა და ჩანდნენ როსტომ მეფის დროს 1655 წელს. აზნაურადვე, მეფე ერეკლესგან ტრაქტატშიც არიან მოხსენიებულნი. დღეს, ეს სააკაძეები როსტევანოვებად არიან ჩაწერილები.
„როსტევან აზნაურიშვილი, მოწმე ტყით სარგებლობის უფლების წიგნისა“ (1699 წელი). „როსტევან-მოურავის, ნაქონი მამული თეიმურაზ მეფემ უწყალობა პაპუა ჯორჯაძეს“ (1636 წელი).
როსტევანიშვილები მოიხსენიებიან სკრაში, ქვემო ქართლში, გორში.
როსტევანიშვილი ქაიხოსრო 1670-1700 წლებში იყო მეფის კარის მდივან-მწიგნობარი.
როსტევანიშვილი მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში ჩაუწერიათ როსტევანოვებად და საკუთარ ქვეყანაში ასე ცხოვრობენ.
საქართველოში 20 როსტევანოვი ცხოვრობს: თბილისში – 11, ახალგორში – 5, გორში – 1.
1 288 როსტომაშვილი: თბილისში – 367, საგარეჯოში – 249, თელავში – 180.
1 946 – როსტიაშვილი: თბილისში – 758, მცხეთაში – 418, საგარეჯოში – 368.
ცალხელაშვილი – ცალხელიშვილი
გვარის ფუძეა მეტსახელი ცალხელა. ეს მეტსახელი შემონახულია ონის რაიონის სოფელ გლოლაში, კერძოდ, ფოცხვერაშვილის გვარის სახინჯარში. ცალხელაანი გვხვდება ქიზიყში.
საქართველოში 24 ცალხელაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 19, მცხეთაში – 3, რუსთავში – 2.
113 ცალხელიშვილი: თიანეთში – 51, თბილისში – 59, მცხეთაში – 12.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით
მოამზადა ნონა დათეშიძემ