როგორ დაისჯებიან მოძალადე მამაკაცები კანონით და რა კურსის გავლა მოუწევთ მათ ახალ ცენტრებში
იმის მიუხედავად, რომ ოჯახური ძალადობა კანონით ისჯება და ძალადობის მსხვერპლთა უფლებებს არასამთავრობო სექტორიც აქტიურად იცავს, ეს თემა ჩვენს საზოგადოებაში კვლავ აქტუალური რჩება – რეალურად, კანონის იმპლიმენტაცია ვერ ხერხდება და მოძალადე მამაკაცები ქალებზე ძალადობას „ძველებურ რეჟიმში“ განაგრძობენ. რატომ არის „კანონი ძალადობის შესახებ” მხოლოდ დროშა, რომელიც ქარის მიმართულებით ფრიალებს და რეალურად რატომ ვერ ხდება ძალადობის მსხვერპლთა დაცვა, ამის შესახებ ქალთა საკონსულტაციო ცენტრ „სახლის” ხელმძღვანელი რუსუდან ფხაკაძე გვესაუბრა.
რუსუდან ფხაკაძე: მას შემდეგ, რაც 2006 წელს მიღებული იქნა კანონი ოჯახური ძალადობის შესახებ და სახელმწიფომ აღიარა ამ თემის აქტუალობა, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისთვის საკმაოდ ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. თუ აქამდე თბილისში მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების ბაზაზე არსებობდა ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრები, წელს პირველად, უკვე სახელმწიფომ გახსნა თავშესაფარი. ამჟამად სამ თავშესაფარში ძალადობის ორმოცდახუთამდე მსხვერპლი აფარებს თავს. ამ თავშესაფრების ადგილმდებარეობა გასაიდუმლოებულია და განაწესის მიხედვით, თუ მობინადრე გასცემს თავშესაფრის მისამართს, ის დატოვებს თავშესაფარს, რადგან ამით, შეიძლება, სხვა მობინადრეებიც დაზარალდნენ. წელს დამტკიცდა გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმაც, რაც ასევე დიდი მიღწევა იყო. ქალისა და მამაკაცის თანასწორუფლებიანობა ყველა ასპექტში იქნება განხილული, ყოველ შემთხვევაში, ამისთვის იქნება ბრძოლა ყველგან – როგორც მმართველ ორგანოებში, ასევე, აღმასრულებელში და, ბოლოს და ბოლოს, დაესმევა წერტილი ტენდენციას, რომ ქალები მარტო შემსრულებლები არიან, მამაკაცები კი მათი გზის გამკვალავები. სახელმწიფო ძალიან დემოკრატიულ და თანასწორუფლებიან პირობებში აყენებს ქალებს, თუმცა, კანონს ოჯახური ძალადობის შესახებ აქვს ძალიან ბევრი „ხვრელი”, რომლის გამოც, რეალურად, ამ კანონის იმპლიმენტაცია ვერ ხერხდება. კანონით ოჯახური ძალადობის შესახებ, მოძალადე ისჯება. ძალადობა შეიძლება იყოს ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური, ეკონომიკური, იძულებითი. ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ყველაზე ხშირად ხდება ქალი – ბებია, დედა, ბავშვი და უბრალოდ, პარტნიორი. რადგან კანონით არაა აუცილებელი, ქალი და მამაკაცი ოფიციალურ ქორწინებაში იყვნენ, ისჯებიან მოძალადე სექსუალური პარტნიორებიც, რომლებიც მუდმივად არიან ერთად და ერთ ჭერქვეშ ცხოვრობენ. ოჯახური კონფლიქტების დროს არსებობს შემაკავებელი და დამცავი ორდერები. შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომელიც აფიქსირებს ოჯახური ძალადობის ფაქტს და გატარებულ ღონისძიებებს ძალადობის ფაქტის განმუხტვის მიზნით (მოძალადის სახლიდან გაძევება, მსხვერპლის მოთავსება უსაფრთხო ადგილას და ასე შემდეგ). თუმცა, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ ძალადობა კვლავ განმეორდება, მოძალადის აგრესიისგან შემდგომში თავის დაცვის მიზნით, შესაძლოა, მსხვერპლმა მოითხოვოს დამცავი ორდერის გამოცემა, რომელსაც გასცემს სასამართლო. დამცავი ორდერი ითვალისწინებს: ოჯახური ძალადობის მსხვერპლის დაცვის დროებით ღონისძიებებს, მოძალადე მშობლისგან ბავშვის განცალკევების საკითხს და ასე შემდეგ. დამცავი ორდერი გაიცემა სამ თვემდე ვადით და სათანადო საფუძვლის არსებობისას, შეიძლება დამატებით გაგრძელდეს კიდევ არაუმეტეს სამი თვით. მოძალადის მიერ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
– რატომ ვერ ხდება კანონის აღსრულება ოჯახური ძალადობის დროს?
– რატომღაც, ისეა, რომ ეს კანონი არის დროშა, რომელიც ნამდვილად გვაქვს და ფრიალებს, მაგრამ, რომელ ქარზე მოიღუნება და რომელზე – არა, რთული გადასაწყვეტია. არსებობს ძალიან ბევრი ნიუანსი, რომელიც კანონის იმპლიმენტაციის საშუალებას არ იძლევა. ბოლო ათი წლის განმავლობაში ამ თემასთან დაკავშირებით ბევრი ცვლილება გვაქვს სახეზე, მაგრამ ეს რეალურად სურათს ვერ ცვლის. საზოგადოება უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს ამ საკითხში. მთელ მსოფლიოში მოძალადე უფრო ხშირად მამაკაცია და საქართველოც ვერ იქნება გამონაკლისი, მაგრამ, ძალადობაში მამაკაცებს არც ქალები უდებენ ტოლს. ჩვენი მენტალიტეტიდან გამომდინარე, ჩვენთან არსებობს ძალადობა „პლუს“ ნიშნით, ამიტომაცაა, რომ, როცა სახლში მამაკაცი ყვირის, დედა შვილს სცემს, ეს გადის „პლუს“ ნიშანში და მეზობელი არ ერევა სხვის საქმეში. პატრულს გამოუძახებ? მერე ოცდაოთხი საათი უნდა გლანძღონ მეზობლებმა, და ამიტომაც არის ეს თემა საზოგადოებისთვს ტაბუდადებული. კანონი მოითხოვს მტკიცებულებებს, ოჯახური და სექსუალური ძალადობის შემთხვევაში კი მტკიცებულებების მოპოვება რთულია, თუმცა, მე მქონდა შემთხვევა, როდესაც მამაკაცმა სახლში დაამონტაჟა ვიდეოთვალი, რათა დარწმუნებულიყო, ეხვეოდა თუ არა ცოლი თავის ნათესავს. ამას ძირითადად კაცი აკეთებს, თორემ, ქალი, რომელზეც მუდმივად ძალადობენ, ისეთი არაადეკვატური შეიძლება გახდეს, რომელ კამერაზეა ლაპარაკი, თავის დაცვაც კი არ შეუძლია. საბოლოოდ, ოჯახური კონფლიქტებისა და ძალადობის შემთხვევებში, თემა კერძო საკუთრებასთან დაკავშირებულ პრობლემებთან მიდის. მუდმივი კონფლიქტების დროს ქალები რჩებიან უსახლკაროდ, რადგან, როგორც წესი, ისინი არ იჭერენ თადარიგს მაშინ, როცა პარტნიორებთან კარგი დამოკიდებულება აქვთ. კერძო მესაკუთრეობის თემა ძალიან მტკივნეულია ოჯახური ძალადობის თემასთან მიმართებაში. როგორც ყველა ცივილურ ქვეყანაში, ჩვენთანაც, კერძო საკუთრება დაცულია კანონით, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს ოჯახური ძალადობის მაპროვოცირებელი ფაქტორია. მესაკუთრეს შეუძლია, განაგოს თავისი ქონება ისე, როგორც მას სურს, მისი ქონება უამრავი დამცავი მექანიზმით არის დაცული. ოჯახებში, სადაც კონფლიქტები მუდმივ სახეს იღებს და ადგილი აქვს არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ, ფსიქოლოგიურ ძალადობასაც, მსხვერპლი იძულებულია ეს ძალადობა მოითმინოს, რადგან, თუ ის დატოვებს სახლს, ჭერის გარეშე დარჩება. ეს თემა, რა თქმა უნდა, დომინანტურია მეუღლეების შემთხვევაში, მაგრამ, საკმაოდ ხშირია ძალადობა ქალებს შორისაც – ტრადიციულ ქართულ „რძალ-დედამთილიანს” ბოლო წლებში დაემატა ძალადობა მშობელსა და შვილს შორის. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, რა ხშირია სხვადასხვა სახის ძალადობის გამოვლენა დედებსა და ქალიშვილებს შორის. აქაც აქტიურად იჩენს თავს კერძო საკუთრების თემა: დედას არ სურს, რომ გაყიდოს ბინა და ქალიშვილს ცალკე ცხოვრების საშუალება მისცეს, აღარაფერს ვამბობ იმაზე, თუ რამდენად გამწვავებულია ეს საკითხი დედამთილ-მამამთილებსა და რძლებს შორის. ეს არის აქილევსის ქუსლი, რომელიც ღრმადაა დამალული, თუმცა, საკმაოდ ბევრ პრობლემას აჩენს. ახლახან გვქონდა შემთხვევა: როგორც კი მოძალადე ქმარმა გაიგო, რომ მეუღლის მიერ აღძრულია მის მიმართ საქმე ქონებრივ დავასთან დაკავშირებით, ერთად თანაცხოვრების დროს შეძენილ ქონებაზე, მან სასწრაფოდ გაასხვისა ეს ქონება. აქ საკმაოდ ბევრი დეტალი ქმნის სერიოზულ პრობლემას და ძალადობის მსხვერპლის დაცვის რეალური მექანიზმი არ არსებობს. თუ ადგილი აქვს ფიზიკურ ძალადობას, საჭიროა, ჩატარდეს ექსპერტიზა, რაც გარკვეულ თანხებთან არის დაკავშირებული; ქონებრივი დავის საქმის აღძვრის შემთხვევაშიც გადასახდელია ბაჟი, ეს კი შეუძლებელია, გადაიხადოს ქალმა, რომელიც ტიტველია გამოქცეული სახლიდან თავშესაფარში და ერთი ფურცლის აღებაც კი მისთვის დიდ თანხასთან არის დაკავშირებული. მუდმივად ძალადობაში ყოფნა ქალს აკარგვინებს ყველა ფუნქციასა და რესურსს, აყენებს საშინელ მორალურ და უმწეო მდგომარეობაში. ისინი, ერთი შეხედვით, ფსიქიკურად დაავადებულების შთაბეჭდილებასაც კი ტოვებენ, რაც განსაკუთრებით სასამართლოში წარდგენის დროს იჩენს ხოლმე თავს. როდესაც სასამართლოში ქმარი მიდის თავის ადვოკატთან ერთად, ქალს „ერთვება” უძლურების განცდა და ხდება აბსოლუტურად უმართავი და არაადეკვატური, ამას მოსამართლე აფასებს შესაბამისად: ბუნჩულა ქმრის ფონზე, რომელმაც ზუსტად იცის, რა თქვას და როგორ მოიქცეს, გადარეული ქალის ქმედების შეფასებაც სათანადოდ ხდება. მით უმეტეს, თუ მამაკაცს მხარს უმაგრებენ შვილებიც. საკუთრების თემის გადახედვა საკმაოდ რთულია, მაგრამ – აუცილებელი. ჩვენ, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ვფიქრობთ, რომ კანონში ქვეპუნქტები მაინც უნდა იყოს შეტანილი და ამისთვის სერიოზული მუშაობაა საჭირო, თუმცა, მხარდამჭერი საკმაოდ ცოტა გვყავს. ოჯახური ძალადობა არის ისეთი თემა, თუ ადამიანს შეხება, არ აქვს მასთან, გაცნობიერებაც უჭირს. იგივე ხდება ბავშვებთან დაკავშირებითაც – ბავშვები საშინლად დაუცველ მდგომარეობაში არიან. აქ კანონმდებლობასთან ხშირად მოვდივართ შეუთავსებლობაში. მაგალითად, მოძალადე მამები, შურისძიებიდან გამომდინარე, ქალის დაჩაგვრის ყველაზე მნიშვნელოვან იარაღად ბავშვებს იყენებენ. ჩვენთან თავშესაფარში არიან დედები, რომლებიც ისე გამოყარეს სახლიდან, შვილებთან ურთიერთობის საშუალებაც კი დაუკარგეს. ცოლქმრული დავების დროს მამაკაცი მოძალადე ხდება არა მხოლოდ ცოლის, არამედ, შვილების მიმართაც, მაგრამ, ეს არ ჩანს. მამას ვერ აუკრძალავ შვილებთან ურთიერთობას, ვერ დაარღვევ მის უფლებას, აქ კი თანასწორუფლებიანობის თემა ჩიხში შედის. ბავშვების ფსიქოლოგიურად დამუშავება ისეთი რაფინირებული მეთოდებით მიმდინარეობს, რომ, როცა ბავშვები სასამართლოში წარდგებიან, აცხადებენ, რომ არ უნდათ დედა და მამასთან ცხოვრება სურთ. არსებობს ბავშვების მზრუნველობისა და მეურვეობის ორგანო, მაგრამ, ეს არის ერთადერთი სტრუქტურა და, რამდენი სოციალური მუშაკი უნდა ჰყავდეთ მათ, რომ ყველა ბავშვს გასწვდნენ?! ამ ორგანოს მუშაობის მექანიზმი ჯერ კიდევ დასახვეწია. ბავშვებთან დაკავშირებული პრობლემები ქალებთან შედარებით კიდევ უფრო რთულია. ქალები, ასე თუ ისე, გაგვაგებინებენ, რა სჭირთ, ბავშვს კი ძალადობისთვის სახელის დარქმევაც კი არ შეუძლია.
– როგორ ისჯება მოძალადე, რა პასუხისმგებლობა ეკისრება მას კანონით?
– თუ მოძალადის მხრიდან ადგილი აქვს ძლიერ ფიზიკურ დაზიანებებს, მას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ისედაც ეკისრება სისხლის სამართლის კოდექსით; თუ სხეულის დაზიანება არ მიეკუთვნება მძიმე ხარისხს, მოძალადე ისჯება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობით, რაც, შეიძლება იყოს ჯარიმა, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა და ასე შემდეგ. ქართული მენტალიტეტიდან გამომდინარე, ძალადობის მსხვერპლი ქალები მაინც ერიდებიან მოძალადის დაკავებას. როგორც მოგეხსენებათ, მამაკაცების შემოსავალი ან ნულოვან დონეზეა, ან, თუ არსებობს, მისი ლეგიტიმიზაცია ბევრ დეტალთან არის დაკავშირებული და, შესაბამისად, სასამართლომ მოძალადეს ფულადი ჯარიმა რომ დააკისროს, ის ისევ ქალის გადასახდელი შეიძლება გახდეს; ამას გარდა, ქალსა და მამაკაცს ისევ ერთად უწევთ ცხოვრება, რაც ახალ-ახალი კონფლიქტების წარმოქმნას იწვევს. კანონი მხოლოდ ქალებზე არ ზრუნავს, მოძალადე მამაკაცებიც არ „დაგვვიწყებია” – 2010 წელს შეიქმნა სარეაბილიტაციო კონცეფცია. ამ კონცეფციის მიხედვით, უნდა შეიქმნას მოძალადე მამაკაცთა სარეაბილიტაციო ცენტრები – იმედი გვაქვს, მომავალ წელს ერთი ცენტრის შექმნის პრეცედენტი მაინც იქნება, საქართველო ვერ დარჩება გამონაკლისი. რამდენი ხელწერილიც არ უნდა ჩამოართვან პოლიციის თანამშრომლებმა მოძალადე მამაკაცს, რომ ის აღარ ჩაიდენს ძალადობას, როგორც წესი, მოძალადე ქცევის დონეზე მაინც არ იცვლება. ეს მთელ მსოფლიოში ასეა და ამდენად, გვრჩება ორი ვარიანტი: მოძალადე ან სასჯელის მოსახდელად წავა, ან გაივლის სარეაბილიტაციო კურსს ცენტრში.
– რა თქმა უნდა, მოძალადე არჩევანს გააკეთებს ცენტრზე, სადაც მას პანსიონატის პირობებში მოუწევს სასჯელის მოხდა. წესით, დასჯის მექანიზმი უფრო ეფექტური უნდა იყოს მოძალადეზე.
– ამ ცენტრებში ნამდვილად არ იქნება „ნირვანა“, რომ მოძალადეებმა იქ სუფთა ჰაერზე ისეირნონ და დატკბნენ იმისთვის, რომ დანაშაული ჩაიდინეს. არავითარი სკვერში სეირნობა, ცენტრებში მოხვედრილი მოძალადე მამაკაცები დაესწრებიან ფსიქოლოგიურ სარეაბილიტაციო სეანსებს, რათა მოხდეს მათი ემოციური მდგომარეობის გაუმჯობესება. ფსიქიკაში არის თვისებები, რომლებიც უნდა ვაიძულოთ, რომ ამუშავდნენ საპირისპირო, დადებითი მიმართულებით. იმ შემთხვევაში, თუ სარეაბილიტაციო ცენტრში მოხვედრის შემდეგ მოძალადე მამაკაცი კვლავ განაგრძობს ძალადობას, მეორედ ის უკვე ცენტრში აღარ მოხვდება და მის მიმართ ამოქმედდება დამსჯელი მექანიზმები. ბოლო პერიოდში, ფიზიკურ ძალადობასთან ერთად, ძალიან აქტუალურია სექსუალური ძალადობა და იზოლაცია – როცა ადამიანს გარე სამყაროსთან კონტაქტს უკრძალავენ. ჩვენ გვქონდა ძალიან პიკანტური შემთხვევა, როდესაც მოძალადე იყო ძმა. მსხვერპლს ამ თემაზე საუბარი არ სურდა, მაგრამ, გამომდინარე მისი ზოგადი ფსიქოფიზიკური მდგომარეობიდან, ინტიმური ურთიერთობების ძალადობასაც ჰქონდა ადგილი. ოცდამეერთე საუკუნეში გვაქვს სექსუალური ძალადობის ფაქტები, თან, ისეთი ფორმის, ეროტიკულ არხზეც კი რომ არ გავა. სექსუალურს ემატება ფსიქოლოგიური ძალადობაც. ჩვენ გვქონდა შემთხვევები, როდესაც ქმარს სახლში მოჰყავდა სექსუალური პარტნიორი და იძულებით აყურებინებდა ცოლს სექსუალურ აქტს. ქალი, რომელსაც არ ჰქონდა არსად წასასვლელი, იძულებული იყო, შეჰგუებოდა ამ ამბავს. მე ვიცი შემთხვევა, როდესაც მამაკაცი შვილებს აყურებინებდა, როგორ ამყარებდა სექსუალურ კავშირს მეუღლესთან. ეს მომდინარეობს ამ მამაკაცის არასრულფასოვნების კომპლექსიდან და მისი ძალაუფლებისადმი სწრაფვის მოთხოვნიდან, რომელსაც ვერ იკმაყოფილებს გარესამყაროში. შეიძლება ვიღაცას ეს ავადმყოფობად მოეჩვენოს, მაგრამ სპეციალისტებისთვის ეს არის მოძალადისთვის დამახასიათებელი თვისება. თქვენ წარმოიდგინეთ, ეს ხდება ჩვენთან, თბილისში და გარეთ ეს მამაკაცი არის სრულიად ნორმალური, ადეკვატური და ვიღაცისთვის მისაბაძიც კი. ფიზიკური ძალადობის კვალი იკითხება ადვილად, თორემ, ფსიქოლოგიური ძალადობას იმდენად ბევრი ქვედინება აქვს, ისეთი რთულია, რომ, ხშირად მსხვერპლზე მოუშუშებელი დამღა რჩება. ამ მხრივაც განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში არიან ბავშვები. სულ მრჩება შთაბეჭდილება, რომ პირველყოფილ წყობილებაში ვართ, სადაც ძალა მორევაზეა და ფიზიკურად ძლიერი იმარჯვებს.