კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

არასრულწლოვანი გოგონები ერთმანეთში საქმის გარჩევის გამო ციხეში სამ წელიწადს გაატარებენ

 

 

როდესაც ქუჩურ გარჩევაზე საუბრობენ, ეჭვი არავის ეპარება, რომ გამრჩევებში მამრობითი სქესის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. თუმცა, აღმოჩნდა, რომ საქმეს მხოლოდ კაცები კი არა, არასრულწლოვან ბიჭებსაც რომ თავი დავანებოთ, 14-15 წლის გოგონები არჩევენ! ერთ-ერთი ასეთი გარჩევის გამო, ოთხი არასრულწლოვანი განსასჯელის სკამზე აღმოჩნდა. მაგრამ, ნონსენსი ისაა, რომ საქმის გამრჩევის ამ მონაწილეთაგან მეოთხე ბიჭი იყო, რომელიც გოგონებისგან განსხვავებით, სამწლიანი პირობითი სასჯელით გათავისუფლდა. 

არანაკლებ საინტერესოა, რომ არასრულწლოვნებმა საქმე თანატოლ გოგონასთან გაარჩიეს. ის ერთ-ერთ ცნობილ ბაღში დაიბარეს, საიდანაც სადარბაზოში გაიტყუეს. იქ კი არა მხოლოდ სცემეს, პირადი ნივთებიც წაართვეს. გოგონებსა და მათ თანმხლებ ბიჭზე საქმე ძარცვისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით აღიძრა. მაგრამ, ვინაიდან გოგონებისგან განსხვავებით, სისხლის სამართლის საქმეში ბიჭი ანგელოზად გამოიყურებოდა, გოგონებს პატიმრობა შეეფარდათ, ბიჭს კი – პირობითი.

მიზეზი, რის გამოც მათი სასჯელი არათანაბარი აღმოჩნდა, მხოლოდ ნიკას ნაკლებდამნაშავეობა არ იყო. დაუჯერებელია, მაგრამ ამის მიზეზი გახდა გოგონების წარსული. მიუხედავად ასაკისა, ისინი წარსულშიც ნასამართლევები აღმოჩნდნენ. აქედან გამომდინარე, კანონი აღარ იძლეოდა იმის საშუალებას, რომ მათთვისაც პირობითი მსჯავრი გამოეტანათ. გარემოებას ამძიმებდა ის ფაქტიც, რომ დანაშაული მათ სწორედ გამოსაცდელ პერიოდში ჩაიდინეს.  

ძარცვისა და პოლიცისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით, დაკავებული  ეკა, ნანა და ემა თანატოლები – 14-15 წლისანი არიან, მაგრამ ისინი თანაკლასელები არ ყოფილან. მეტიც, სკოლაში საერთოდ არ დადიოდნენ. ისინი ერთმანეთს კონცერტზე შეხვდნენ. უფრო ზუსტად, ეკამ და ნანამ, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში მეგობრობდნენ, ემა შემთხვევით, კონცერტზე გაიცნეს. გოგონები ისე დაახლოვდნენ, ზაფხულში დასვენება ერთად გადაწყვიტეს. პირველად ისინი სწორედ ზღვაზე ყოფნისას დააპატიმრეს – პლაჟზე მყოფ დამსვენებლებს ნივთები მოპარეს... 

ნაქურდალით გაქცეულ გოგონებს დამსვენებელი გაეკიდა და მათგან ერთ-ერთი დააკავა. გოგონა ირწმუნებოდა, რომ არაფერი ჩაუდენია და დანარჩენ ორს, ანუ ნანას და ემას საერთოდ არ იცნობდა. მაგრამ, ტყუილი არ გაუვიდა და სამივე დააკავეს. აღმოჩნდა, რომ გარდა ტანსაცმლისა და ფეხსაცმელებისა, მათ ერთ-ერთი დამსვენებლის ძვირფასი მარკის მაჯის საათი და თეთრ ოქროში ჩასმული ბრილიანტისთვლიანი ბეჭედი მოუპარავთ. ეს ნივთები პოლიციამ მათგან ამოიღო... 

ვინაიდან საკითხი არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის საქმეს ეხებოდა და მათი პროცესი დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა, ბევრი დეტალი ბუნდოვანი დარჩა. თუმცა, ცნობილია, რომ რადგან გოგონები არასრულწლოვნები იყვნენ, დანაშაულის სიმძიმის მიუხედავად, სასამართლომ მათ წელიწადნახევრიანი პირობითი სასჯელი აკმარა. თუმცა, რაღაც სამ თვეში, მორიგი დანაშაულისთვის კვლავ განსასჯელის სკამზე აღმოჩნდნენ. ანუ, სწორედ მეორე დანაშაული გახდა მიზეზი იმისა, რომ გოგონებს ვადიანი პატიმრობა მიესაჯათ. არადა, რომ არა ნასამართლეობა, დიდი შანსი იყო, სასამართლოს ისინიც პირობით გაეთავისუფლებინა. მაგრამ, სასამართლოს ამის უფლება კანონით აღარ ჰქონდა. სამაგიეროდ, სწორედ ამ გარემოებამ გადაარჩინა მათი მეგობარი ნიკა –  წარსულში ის ნასამართლევი არ ყოფილა. 

ბრძოლა შეყვარებულისთვის

გოგონების მიერ ჩადენილ მეორე სისხლის სამართლის საქმეში დაზარალებულად ფიგურირებს მათზე ერთი წლით პატარა – 14 წლის იანა, რომელზეც გოგონებმა შური იძიეს. საბრალდებო დასკვნის თანახმად, ეკა და მისი მეგობრები  არასრულწლოვან იანაზე მათი საერთო მეგობრის, ნიკას გამო იყვნენ განაწყენებულნი. ამიტომ, შურისძიების მოტივით, მასთან შეხვედრა და საქმის გარჩევა გადაწყვიტეს. 

განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 14 თებერვალს, წმიდა ვალენტინის დღეს, დაახლოებით, 18:10 საათზე ეკამ იანას დაურეკა მობილურზე და ერთ-ერთ სკვერში შეხვედრა დაუთქვა. იანას შეხვედრაზე უარი არ უთქვამს, მაგრამ დანიშნულ ადგილზე მისულს მისთვის კარგად ნაცნობი ნანა, ემა და ნიკაც დახვდნენ. ახალმოსულს, თავდაპირველად, მათ მეგობრული საუბარი გაუბეს, შემდეგ კი, თითქოს იმ მოტივით, რომ ბაღში სიგარეტის მოწევის შერცხვათ, იანა იქვე მდებარე სადარბაზოს მესამე სართულზე აიყვანეს. 

საქმის მასალებით, პირველად მას სახეში ნანამ გაარტყა, შემდეგ კი დანარჩენებიც ურტყამდნენ. ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ გოგონებმა იანას „სონი ერიქსონის K 600” მოდელის მობილური ტელეფონი დაუმტვრიეს. შემდეგ კოსმეტიკა, ფეხსაცმელი და სათვალე გადაუყარეს, რითაც 200 ლარამდე მატერიალური ზარალი მიაყენეს.  

როგორც გამოძიებაშია ნათქვამი, მიუხედავად იმისა, რომ განზრახვა სისრულეში მოიყვანეს, გოგონები იანას ფიზიკურ შეურაცხყოფას მაინც განაგრძობდნენ. ისინი სამართალდამცველებმა ფაქტზე დააკავეს. რაც შეეხება ჩადენილს, გამოძიებამ მათ საქციელს ცემის კვალიფიკაცია მისცა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ პოლიციელები არბენინეს, დაკავებისას კი წინააღმდეგობა გაუწიეს, ბრალად ეს მუხლიც დაედოთ, რის გამოც ოთხივეს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.

დაკავებულთა არასრულწლოვნების გამო, სასამართლო დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა, პროცესს მხოლოდ მათი ადვოკატები და კანონიერი წარმომადგენლები ანუ, მშობლები ესწრებოდნენ (დაკავებულებიდან ერთ-ერთის დედა უცხოეთში ცხოვრობს). 

თავიდან სასამართლოს საქმე არსებითად უნდა განეხილა, ანუ გოგონებს რეალური სასჯელი ელოდათ, მაგრამ პროკურატურა მათთან საპროცესო გარიგებაზე წავიდა, ბრალზე გარიგდნენ და სწორედ საპროცესო გარიგების წყალობით, არასრულწლოვნებს, ფაქტობრივად, სასჯელის მინიმუმი შეეფარდათ – სამ-სამი წლით პატიმრობა.

რაც შეეხება მიზეზს, რის გამოც განსასჯელებმა იანაზე შური იძიეს, გამოძიებამ დეტალურად გამოიკვლია და აღმოჩნდა, რომ მიზეზი მეოთხე განსასჯელი – ნიკა იყო.   

როგორც ირკვევა, გოგონებმა ნიკა ინტერნეტ-კაფეში გაიცნეს. უფრო ზუსტად, მას უფროსი ბიჭები შეურაცხყოფას აყენებდნენ და გამოესარჩლნენ. როგორც ჩანს, ნიკა ბიჭებთან მაინცდამაინც არ მეგობრობდა და ვინაიდან გოგონებს კარგად შეეწყო, მათ ძალიან დაუახლოვდა. გოგონებმა იანა სწორედ ნიკასგან გაიცნეს და მალე საერთო სამეგობრო წრე ჩამოყალიბდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ნიკამ გოგონებს გაანდო, რომ იანა მოსწონდა. როგორც  ნიკა ჩვენებაში ამბობს, მისადმი გულგრილი არც იანა იყო, რადგან გოგონა მას ყველგან დაყვებოდა. 

როგორც ირკვევა, მათ სამეგობროში ვინმე დათაც შედიოდა, რომელიც, თავის მხრივ, ნანას მოსწონდა. თუმცა, ბოლო დროს მან და იანამ საერთო ენა გამონახეს. ეს ამბავი კი, გასაგები მიზეზების გამო, არც ნიკას მოეწონა და არც ნანას. არადა, რეალუარდ, დათას და იანას ერთმანეთთან არაფერი აკავშირებდათ.

განსასჯელებმა ჩვენებებში აღიარეს, რომ საქმის გარჩევა დათას დაბადების დღეს მოჰყვა. საქმე ისაა, რომ მის იუბილეზე იანაც დაპატიჟებული გახლდათ, მაგრამ ის ჯერ ეკამ, შემდეგ კი ნანამაც გააფრთხილა, რომ არ მისულიყო. თუმცა, იანამ „ანგარიში არ გაუწია”, რაც თავის მხრივ, ნანას და ნიკას „ეწყინათ”. მეორე დღეს კი „საქმე გაურჩიეს”, თუ რატომ წავიდა იანა მათი სიტყვის წინააღმდეგ. 

გოგონებმა ისიც აღიარეს, რომ მათ ჯავრის ამოყრა უნდოდათ და იანა მოატყუეს, თითქოს საერთო მეგობართან იკრიბებოდნენ, ისიც იყო დაპატიჟებული და სთხოვეს, ერთად წასულიყვნენ. 

როგორც ირკვევა, ბაღში მისვლისას, თავიდან მხოლოდ ნანა და იანა საუბრობდნენ, დანარჩენები მოშორებით ელოდებოდნენ. მათთან კი მას შემდეგ მივიდნენ, რაც ნანამ გოგონა სადარბაზოსკენ წაიყვანა. სადარბაზოშიც, თავიდან ორნი საუბრობდნენ, მაგრამ, მოულოდნელად, ჩხუბი დაიწყეს, რაც ცემა-ტყეპაში გადაიზარდა... 

ვინაიდან მოზარდები ყვიროდნენ და იგინებოდნენ, მალე პოლიციაც გამოჩნდა. აღმოჩნდა, რომ პატრულს სადარბაზოში მცხოვრებმა ერთ-ერთმა მოხუცმა გამოუძახა. პოლიციის დანახვაზე იანას გარდა ყველა გაიქცა. სამი პატრული მოზარდებს პირდაპირ ქუჩაში მისდევდა. როგორც პოლიციელები ჩვენებებში აცხადებენ, მხოლოდ ბიჭი იქცეოდა ნორმალურად, ის პატიებასაც კი ითხოვდა. გოგონები კი არა მხოლოდ კბენდნენ პოლიციელებს, წიხლებსაც ურტყამდნენ...

თავად გოგონები თავიდან ირწმუნებოდნენ, რომ ყველაფერი სპონტანურად მოხდა, იანაც მათი დაქალი იყო და მასთან სიგარეტის გამო „შეკამათდნენ”. მაგრამ, დადგინდა, რომ დანაშაული დათას დაბადების დღის გამო მოხდა... ბოლოს  დანაშაული ყველამ აღიარა. სხვანაირად, მათ გაცილებით მეტი სასჯელი ელოდათ, რადგან სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, იანა მძიმედ იყო ნაცემი.  

ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ მათგან ყველას არასრული საშუალო განათლება აქვს.  მათი ცხოვრების წესი – ეს ცალკე თემაა. არაოფიციალური ვერსიით, ერთ-ერთი მათგანი ღამეებს მეგობრის სახლის სხვენზე, იმ ადგილას ათევდა, სადაც მისი დაქალი ირუჯებოდა... ერთ-ერთის ბებიამ კი ამით თავი უფრო მშვიდად იგრძნო – ის მაინც ვიცი, სად ვიპოვო შვილიშვილიო...

 

скачать dle 11.3