რატომ დაიჩოქა ვენის „შტადტსოპერის“ სოლისტმა – ქეთი პაპავამ პეტერბურგის მარიას თეატრის სცენაზე
ქეთი პაპავა ვენის „შტადტსოპერის“ თეატრის სოლისტია. იგი ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ უკვე მთავარი პარტიები იცეკვა ისეთი ცნობილი დამდგმელი ქორეოგრაფების სპექტაკლებში, როგორებიცაა: ბორის ეიფმანის „ანა კარენინა“, დევიდო ბომბანას „კარმენი“, ტატიანა ჯონ კრანკოს „ევგენი ონეგინი“, ვლადიმირ მალახოვის „ბაიადერა“, რუდოლფ ნურიევის „გედების ტბა“ და „დონ კიხოტი“, ავსტრიის დედოფალი – ელიზაბეტი „მაიერლინგში“, ჯორჯ ბალანჩინის „ლალი“, ჯორჯ კილიანის „პრინცესა პერლიპატი“ და „ლამაზი სხეული“... ქეთი პაპავა მიწვეული იყო ბულგარეთში, სადაც მისი მონაწილეობით დაიდგა სპექტაკლი დოსტოევსკის „უწყინარი“ და იტალიაში – „კარმენი“.
ქეთი პაპავა: ყოველდღიური რეჟიმიდან გამომდინარე, დილის შვიდ საათზე ვიღვიძებ. ავსტრიის რიტმისთვის ეს დრო დღის ჩვეულებრივი დასაწყისია. უპირველესად, თავს ვიწესრიგებ, შემდეგ ერთ კოვზ თაფლთან ერთად ჭიქა ყავას მივირთმევ, წინასწარ შედგენილ „დღის განრიგს“ გადავავლებ თვალს და 8 საათზე სახლიდან გავდივარ. ყოველ დილით ფეხით მივუყვები ვენის „შტადტსოპერის“ თეატრისკენ მიმავალ ქუჩას. 9 საათზე უკვე კლასიკის მეცადინეობას ვიწყებ...
– თავისუფალი დრო, მეგობრები...
– ჩემი სამეგობრო წრე, ძირითადად, თეატრთან არის დაკავშირებული. მათ შორის რამდენიმე მათგანი ჩემი ბავშვობის მეგობარიცაა. მათთან ერთად დავამთავრე რუსეთში – პეტერბურგის საბალეტო აკადემია. რაც შეეხება გართობას, თავისუფალი დროით განებივრებული არ გახლავარ. მაგრამ, თუკი გამომიჩნდა, ვცდილობ, მეგობრებთან ერთად ბუნების წიაღში გავატარო. მიყვარს ალპებში – მთებში ყოფნა. მათი ძლიერება და თეთრი მდუმარება მხიბლავს, ჩემს ჭაღარა კავკასიონს მაგონებს, სადაც თოვლსაც კი მზის სურნელება დაჰკრავს.
– როგორია ის დღე, როცა სპექტაკლი გაქვს?
– არა მხოლოდ სპექტაკლის დღეს, სპექტაკლამდეც, ერთი თვით ადრე ვიწყებ სულის, გონებისა და გულის კონცენტრირებას იმ როლზე, რომელიც უნდა ვიცეკვო. ჩემში მთლიანად ხდება სულიერი გარდასახვა, იმ ეპოქაში ვცხოვრობ და ის გმირი ვარ, ვისი სულიერი განცდებიც – სცენაზე, მაყურებელთან ერთად უნდა გავითავისო... და დგება ის დღე, ის საათი და წუთი, როდესაც ფარდა იხსნება. რეალური სამყაროდან სულ სხვა სამყაროში ვხვდები, მთელი ჩემი არსებით შევიგრძნობ და ვიზიარებ იმას, რაც მაყურებლამდე უნდა მივიტანო... მხოლოდ მაშინ ვბრუნდები რეალობაში, როცა მაყურებლის აღტაცებული შეძახილები და აპლოდისმენტები აფხიზლებს ჩემს გონებას... შემდეგ ეშვება ფარდა და ვგრძნობ, როგორ ვრჩები საკუთარ თავთან მარტო – გრძნობებისგან სრულიად დაცლილი, სიფრიფანა არსება, რომელმაც უდიდესი სიამოვნება მიანიჭა მაყურებელს...
– პეტერბურგში გატარებულ წლებს როგორ იხსენებთ?
– პეტერბურგიდან ვენაში წასვლის შესახებ, ოჯახის წევრების გარდა არავინ იცოდა. გარკვეული მიზეზების გამო გადაწყვეტილება მტკიცედ მქონდა მიღებული და უკან დახევას აღარ ვაპირებდი... იმ დღეს მარიას თეატრში ბოლო სპექტაკლი ვიცეკვე. სპექტაკლმა დიდი წარმატებით ჩაიარა... შემდეგ საგრიმიოროში დავბრუნდი, ჩემი ნივთები ჩანთაში ჩავალაგე, ოთახის კარი გამოვიხურე და ყვავილებით ხელში, ჩაბნელებული სცენისკენ გავეშურე. დარბაზში სიჩუმე და წყვდიადი გამეფებულიყო, მხოლოდ კულისებში ბჟუტავდა წითელი ნათურები. შუაგულ სცენაზე გავედი, მუხლი მოვიყარე, ყვავილების თაიგული სცენას მოვფინე და ვიგრძენი, ყელში რაღაც როგორ მომებჯინა. გონებაში წამიერად გაიელვა ჩემი ბავშვობისა და სტუდენტობის წლებმა... ამ სცენამ გამზარდა და ძალიან მიმძიმდა მასთან განშორება. დავიხარე, ნაზი ამბორით გამოვეთხოვე და სწრაფი ნაბიჯით უკან მოუხედავად დავტოვე თეატრი. ახლაც თან დამდევს იმ ჯადოსნური სცენის მტვრისა და ყვავილების სურნელი.
– თბილისზე რას გვეტყვი?
– თბილისი ჩემი სუნთქვაა – თავისი მშვენიერებით. მისი მზით გამთბარი თუნდაც ერთი დღე, ისე ჩაგიკრავს გულში და სიყვარულით აგავსებს, რომ სულ თან დაგყვება. მიყვარს თბილისური ღამე, უნაზესი მთვარე და ვარსკვლავებით მოჭედილი ცა მთაწმინდის თავზე. ასეთია ჩემთვის თბილისის ერთი ჩვეულებრივი დღე, რომელსაც ყველგან და ყოველთვის თან დავატარებ.