როგორ გააწვალა თეა გუნთაიშვილი „ჭრიჭინას ბებიამ“ და რა შეხება აქვთ მათ ერთმანეთთან
დიზაინერმა თეა გუნთაიშვილმა თოჯინების კოლექციის შეგროვება ცოტა ხნის წინ დაიყო. მაგრამ, საკმაოდ შთამბეჭდავი პერსონაჟების გაცოცხლება შეძლო სხვადასხვა ნაწარმოებიდან. თუ რას მიხვდა კოლექციონერი უწმიდესის ქადაგების შემდეგ და როგორ და დროის რა მონაკვეთში ქმნის თითოეულ თოჯინას იგი, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
– საერთოდ, საიდან დაიბადა ამ კოლექციის შექმნის იდეა?
– რამდენიმე ხნის წინ, ერთ-ერთი წირვის შემდეგ, თუ გახსოვთ, პატრიარქმა კურთხევა მისცა მრევლს, გააკეთეთ თოჯინებიო. სულ ყველას ვეკითხებოდი, ნეტავ რატომ-მეთქი?
– როგორ პასუხს იღებდით?
– თუ დამიჯერებთ, როდესაც პირველი თოჯინა გავაკეთე, უკვე მივხვდი ჩემი კითხვის პასუხს: მთელი ჩემი წარსული და ბავშვობა თვალწინ დამიტრიალდა; საყვარელი ფილმები, გმირები – ყველამ თავი შემახსენა. გარდა ამისა, თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ. უკვე ორ თვეზე მეტია, ვზივარ და ამ თოჯინებს ვაკეთებ. როდემდე გაგრძელდება ეს ყველაფერი, ვერ გეტყვით.
– რა პერიოდს ანდომებთ ერთი თოჯინას შექმნას?
– სამ დღეზე მეტი დრო არც ერთი თოჯინას შექმნაზე არ დამიხარჯავს.
– ყველაზე მეტად რომელი თოჯინა გიყვართ?
– „ოლღა“ ყველაზე მეტად მიყვარს. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ოლღაა და, კიდევ იმიტომ, რომ მე ასეთი ორი ოლღა მყავდა სახლში – გურული ბებიები: ერთი 90 წლის გარდაიცვალა, მეორე – 82-ის და ისინი დუმბაძის ბებიის ანალოგები იყვნენ თავიანთი იუმორით.
– წყევლითაც?
– (იცინის) „მეისპე შენ”!.. ჩემი გოგონა ცეკვავს და ძალიან ხშირად რეპეტიციებს სახლში მოსული, სარკის წინ განაგრძობდა ხოლმე. ჰოდა, გარკვეული დროს შემდეგ გამოუვარდებოდა ხოლმე ბებიაჩემი ტექსტით: ,,არ გათავდა, ცა?!” სასწაულები იყვნენ. თან, დუმბაძის ბებია ხომ ქერქაძე იყო, ჩემი ერთი ბებოც ქერქაძე გახლდათ.
– ამჟამად რაზე მუშაობთ?
– ამჟამად ერთდროულად ორ თოჯინაზე ვმუშაობ: ერთია ქალბატონი ანიკო „კუკარაჩადან”, მეორის ვინაობას კი ჯერჯერობით სიურპრიზად ვინახავ.
– როგორც ვამჩნევ, ამ კოლექციაში სულ ქალებს მოუყრიათ თავი.
– მხოლოდ და მხოლოდ ის ერთი სიურპრიზი იქნება მამაკაცი. რაც შეეხება იმას, თუ რატომ მყავს კოლექციაში ამდენი ქალი, გეტყვით, რომ ეს თავისთავად მოხდა. ალბათ, მათი შემოსვა მსიამოვნებს, ტიპაჟებიც ძალიან მიყვარს. მოგეხსენებათ, ჩვენს ბავშვობაში არ იყო ინტერნეტი და ინფორმაციის ამდენი საშუალება, ამიტომ, ყველა ჩემი თოჯინა იმ პერიოდის წიგნებიდან და ფილმებიდან შემონახული საყვარელი პერსონაჟებია – ყველაფერი, ალბათ, მეხსიერებაში მქონდა დალექილი. მაგალითად, ეს ორსული თოჯინა ნოდარ დუმბაძის „ბოშებიდან” არის.
– გამოფენას თუ გეგმავთ?
– დიახ, მალე. მანამდე კიდევ რამდენიმე თოჯინას შევმატებ ამ კოლექციას და ჩემს ფერწერულ ნამუშევრებსაც თოჯინებთან ერთად გამოვფენ. ამ გამოფენაზე მხოლოდ ქალებს „გავიყვან“.
– კი მაგრამ, კაცებმა რა დააშავეს?
– (იცინის) არაფერი არ დააშავეს.
– როგორ იქმნება ეს თოჯინები?
– ჯერ რკინის კარკასს ვაკეთებ და შემდეგ თიხით ვაძლევ სასურველ ფორმას. რკინას ვეძახი, თორემ, სინამდვილეში, კარკასი ელექტროგაყვანილობის შნურით მზადდება. ყიდვის პროცესში გამყიდველები თითქმის ყოველთვის მისვამენ შეკითხვას: „სპილენძი გინდათ თუ ალუმინი? და იქვე ამატებენ: – იცით, დენისთვის ალუმინი ჯობია“. თმისთვის ხელოვნურ თმას ვყიდულობ და იმას ვიყენებ. რაც შეეხება სამოსს, მათთვის ქსოვილს ხან დადუ მაძლევს, ხანაც ჩემი ბებიების ნამზითვ სკივრში ნაპოვნი ქსოვილებით გავდივარ ფონს.
– რომელმა თოჯინამ გაგაწვალათ განსაკუთრებით?
– „ჭრიჭინას ბებიამ“.
– ელპიტემ თუ მეორემ?
– მეორემ, მსუქანამ. ვერაფრით ვერ მივეცი საბოლოო სახე. ბოლოს ჩემს მეუღლეს შევეცოდე და მითხრა: რამდენს წვალობ, აიღე ბებიაჩემის სურათი, დაიდე წინ და ყველაფერი გამოგივაო. მე ვუთხარი, არა, მაგას ვერ ვიზამ-მეთქი... (იცინის).
– ეს მეეზოვეა?
– დიახ, ოღონდ, ეს არ არის პერსონაჟი მეეზოვე. ჩემი დროინდელი თბილისი ნაცრისფერი იყო და მასში ერთადერთი ფერადი, ნათელი წერტილი ასეთი მეეზოვე იყო. ვგიჟდებოდი მათ ჭრელ კაბებზე, ცოცხის მოძრაობას, რომ აჰყვებოდა ხოლმე მათი განიერი ქვედაბოლოები და აქეთ-იქით მიდიოდა და მოდიოდა. მაშინ სამხატვრო სკოლაში ვსწავლობდი და ხშირად მიწევდა ზოოპარკში პრაქტიკებზე ყოფნა, სადაც, იმის ნაცვლად, რომ ჩემი დავალება შემესრულებინა და ის მეხატა, რაც მითითებული მქონდა, ვიჯექი და საათობით ვაკვირდებოდი ამგვარ მეეზოვეებს. თან, იცით, რა მაგიჟებდა? ყველა გაპრანჭული რომ იყო. ვგიჟდებოდი მათ ბურთულებიან საყურეებზე.
– ეს ვინაა?
– ეს მკითხავია „კაცია-ადამიანიდან“. ზუსტად ისეთი დამოკიდებულება მაქვს მკითხავების მიმართ, როგორც ეს თოჯინა გამოიყურება. აი, ეს ლამაზისეულია. თოჯინებზე მუშაობის პერიოდში ვბრუნდები და ხელახლა ვკითხულობ ყველა იმ ნაწარმოებს, რომლის პერსონაჟსაც ვქმნი; ხელახლა ვეცნობი, თუ როგორ გამოიყურებიან ისინი, როგორი ხასიათი აქვთ, რა აცვიათ. კინოფილმებიდან არ ვახდენ მათ კოპირებას, არც გაშარჟებას. ისინი გამოიყურებიან ისე, როგორც მე აღვიქვი. გარდა ამისა, საჭიროა აქსესუარები, მორთულობა, ტანისამოსს ტანზე ვაკერებ, საკერავ მანქანას არ ვხმარობ. ამასთანავე, სამოსის გასაფორმებლად გამოყენებული ნაქარგ-ნაქსოვებიც თავიდან-ბოლომდე ჩემი ნახელავია. სახლში საუკუნის სკივრი მაქვს, ბებიაჩემების ნამზითვით გავსებული, ამ სკივრსაც დიდი ამაგი მიუძღვის ჩემი თოჯინების შემოსვაში. ვერ გეტვით, რა ხდება ხოლმე ჩემს ოთახში, მუშაობის დროს... მე აღარ ვჩანვარ, როდესაც ამ ნივთების ამოლაგებას ვიწყებ (იცინის).
– ვერ მოვისვენებ, იმ ერთადერთი მამაკაცი პერსონაჟის ვინაობა რომ არ გავიგო და ისე დავასრულო ჩვენი ინტერვიუ.
– გეტყვით იმას, რომ, ფუფალას თავისი შიოლა, რომელზეც სულ ოცნებობდა და რომლისთვისაც იპრანჭებოდა, გამოფენისთვის დავტოვე.
– ანუ, შიოლაა ის ერთადერთი მამაკაცი, რომელიც თქვენი კოლექციის სიურპრიზია?
– გამოგიტყდებით, კიდევ ერთ მამაკაც თოჯინას გავაკეთებ. რომელიც, როგორია, იცით? ცნობილი სახეა, მაგრამ, მარტო ამიტომ კი არ ვაკეთებ მის თოჯინას, არამედ, იმიტომ რომ, კეთილია, უყვარს ადამიანების დახმარება, ძალიან ბევრს ეხმარება.
– კეთილ ადამიანებს რა დალევს საქართველოში, მაგრამ, რატომღაც, მგონია, რომ გია ჯაჯანიძის თოჯინას გულისხმობ...
– ა.... (იცინის).
– ჩაგიშალეთ სიურპრიზი?
– სიურპრიზები ჩემს გამოფენაზე კიდევ მრავლად იქნება.
– გაჩუქება შეგიძლიათ?
– არა, არც გაყიდვა. ამ თოჯინების გარეშე ცხოვრება არ შემიძლია.