მსოფლიოს ყველაზე მდიდარი, მილიარდერი ქალბატონების „ფორბსის“ მეორე ათეული
ჟურნალმა „ფორბსმა” 2011 წლის მარტში მსოფლიო საზოგადოებას მილიარდერების ახალი რეიტინგი წარუდგინა, სადაც კუთვნილი ადგილი ქალმა მილიარდერებმაც დაიკავეს. სპეციალურად მათთვის „ფორბსის” ხელმძღვანელობამ ცალკე რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც პლანეტის 20 ყველაზე მდიდარი ქალი მოხვდა. ჩვენ უკვე შემოგთავაზეთ ინფორმაცია პირველი ათეულის შესახებ, ამჯერად კი საუბარი მეორე ათეულის მილიარდერ ქალებზე გვექნება.
იოჰანა კვანდტი – 9,8 მილიარდი დოლარი – „ბეემვე“
„ბეემვეს“ მფლობელის, ჰერბერტ კვანდტის მესამე ცოლი და ყოფილი მდივანი იოჰანა, რომელმაც მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობით გერმანული ავტომწარმოებელი გიგანტი კომპანიის აქციები მიიღო, 1997 წლიდან „ბეემვეს“ დირექტორთა საბჭოში აღარ ფიგურირებს, თუმცა, მის საკუთრებაშია კომპანიის აქციათა 17 პროცენტი. იოჰანა სპა-კურორტ ბად-ჰომბურგში ცხოვრობს, ფრანკფურტთან ახლოს. იგი გერმანიის მოქმედი ხელისუფლების ლობისტია და რეგულარულად სწირავს თანხებს ანგელა მერკელის ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიას.
მარია-ელიზაბეთ შეფლერი და ოჯახი – 9,8 მილიარდი – საკისრების წარმოება
გერმანელი მარია-ელიზაბეთ შეფლერი ოჯახთან ერთად ფლობს მსოფლიოში უდიდეს, საკისრების („პაჩებნიკების”) მწარმოებელ კომპანიას. მას მარია 1997 წლიდან ხელმძღვანელობს, მას შემდეგ, რაც მისი მეუღლე გარდაიცვალა. გარდა საკისრებისა, მარია-ელიზაბეთის კომპანიის საკუთრებაშია საბურავების მწარმოებელი გიგანტი კომპანია Continental AG.
ჯორჯინა რაინჰარდტი – 9 მილიარდი დოლარი – სამთო მრეწველობა
რკინის მადანზე გაზრდილმა ფასმა და ჩინეთში განხორციელებულმა ექსპორტმა ჯორჯინა რაინჰარდტი ავსტრალიის უმდიდრეს ადამიანად აქცია. „ფორბსის” საერთო რეიტინგში მას მე-100 ადგილი უკავია. კომპანია „ჰენკოკ პროსპეტინგი” ჯინამ 14-წლიანი სასამართლო დავების შემდეგ, მამისგან მემკვიდრეობით მიიღო. მემკვიდრეობაში მას დედინაცვალი ეცილებოდა.
შარლენ დე კარვალიო ჰეინეკენი – 7,5 მილიარდი დოლარი – „ჰეინეკენი”
შარლენმა მსოფლიოში განთქმულ ლუდსახარშ „ჰეინეკენის” აქციათა 25 პროცენტი მამისგან, ფრედი ჰეინეკენისგან მემკვიდრეობით, 9 წლის წინათ მიიღო. კომპანია 170 ნაირსახეობის ლუდს აწარმოებს მსოფლიოს 65 ქვეყანაში. ხუთი შვილის დედა – შარლენი გატაცებულია მუსიკით, ფოტოგრაფიით, არქიტექტურითა და თხილამურებით სრიალით. მეუღლესთან, ინვესტბანკირ მიხელ დე კარვალიოსთან ერთად, შარლენი ელიტარული სამთო-სათხილამურო კლუბ „კორვილიას” წევრია შვეიცარიულ სანკტ-მორიცში.
ბლერ პერი-ოკდენი – 6,7 მილიარდი დოლარი – „კოქს ენთერფრაიზ”
მედიაიმპერია „კოქს ენთერფრაიზის” დამფუძნებლის, ჯეიმს კოქსის შვილიშვილი, დედის გარდაცვალების შემდეგ კომპანიის აქციათა 25 პროცენტის მფლობელი გახდა. ბლერი არ ერევა კომპანიის საქმიანობაში და ინკოგნიტოდ ცხოვრობს ავსტრალიაში. მისი ძმა, ჯიმი ასევე კომპანიის აქციათა 25 პროცენტს ფლობს, თუმცა დისგან განსხვავებით, ჩართულია კომპანიის მენეჯმენტში. ბლერის მამიდა – ენ კოქს-ჩემბერსი, ასევე, მილიარდერია და „ფორბსის” მილიარდერთა რეიტინგში 53-ე ადგილი უკავია.
ანტონია ჯონსონი – 6,5 მილიარდი დოლარი – „აქსელ ჯონსონ გრუპი”
შვედეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ქალბატონი, ანტონია ჯონსონი 1982 წლიდან სათავეში უდგას „აქსელ ჯონსონ გრუპს”, სავაჭრო კომპანიას, რომელიც აქტიურია სხვადასხვა სფეროებში: ენერგეტიკა, ტელეკომუნიკაციები და უძრავი ქონებით ვაჭრობა. ანტონია ჯონსონი მრავალი საქველმოქმედო ორგანიზაციის პარტნიორია, მათ შორისაა მსოფლიო ფონდი – „ბავშვები”, რომელიც შვედეთის დედოფალმა – სილვიამ დააარსა.
დოროთა შტაინბრუჰი და ოჯახი – 5,8 მილიარდი დოლარი – CSN
დოროთა ბრაზილიის უმდიდრესი ქალბატონია, რომელიც შვილებთან ერთად, აკონტროლებს ბრაზილიაში უმსხვილეს ფოლადის მწარმოებელ კომპანიას – „კომპანია სიდერურსიკა ნაციონალ” – CSN. შტაინბრუჰების ოჯახმა კომპანია, ებრაელ ბიზნესმენ რაბინოვიჩთან ერთად, 1993 წელს სახელმწიფოსგან იყიდა 800 მილიონ დოლარად. 2005 წელს შტაინბრუჰებმა 590 მილიონად რაბინოვიჩისგან დარჩენილი წილიც შეიძინეს და ამჟამად კომპანიის ერთპიროვნული მმართველები არიან. ბიზნესს და კომპანიას დოროთა და მისი ვაჟები – ბენიამინი და რიკარდო ხელმძღვანელობენ, რომელთა საკუთრებაშია ასევე ბანკი – „ფიბრა”.
უ იაცზიუნი – 5,5 მილიარდი დოლარი – უძრავი ქონება
ყოფილი ჟურნალისტი უ იაცზიუნი – მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალია, რომელმაც თავისი კაპიტალი ყოველგვარი დახმარებისა და დატოვებული ანდერძით მიღებულ მემკვიდრეობის გარეშე დააგროვა. იგი უმსხვილესი ჩინური დეველოპერული კომპანია „ლონგფორ პროფერთის” მფლობელია, რომლის აქციათა ფასი წლიდან წლამდე იზრდება. ქალაქ ჩუნცინში დაარსებული კომპანია დომინირებს ჩინეთის უმსხვილეს ქალაქებში. უ იაცზიუნი ქონებას მეუღლესთან ერთად აკონტროლებს, და „ფორბსის” მილიარდერთა რეიტინგში 185-ე ადგილი უკავია.
შარი არისონი – 5,1 მილიარდი დოლარი – მემკვიდრეობით მიღებული ქონება
ისრაელის უმდიდრესმა ქალბატონმა, მემკვიდრეობით მიიღო ქვეყნის ორი უმსხვილესი კომპანია – ბანკი „ჰაპოალიმი” და ინფრასტრუქტურული კომპანია „ჰაუსინგ ენდ ქონსთრაქშენ”. შარი არისონის საკუთრებაშია ასევე ვენჩურული პროექტი – „მია”, რომელიც მიწისქვეშა წყალგაყვანილობის სისტემების შემუშავებითაა დაკავებული. ექსცენტრიკულმა მილიარდერმა გასულ წელს საზოგადოებას თავისი წიგნი წარუდგინა, რომელიც ბიზნესისა და სულიერების კავშირს მიუძღვნა.
მარიონ მაკმილან პიკტეტი – 4,7 მილიარდი დოლარი – „კარგილ ინკ.”
მარიონი ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე მსხვილი კერძო კომპანიის აქციონერია და ერთ-ერთია შვიდი ნათესავიდან, მილიარდერთა რეიტინგში რომ მოხვდა. კომპანია „კარგილი” ძირითადად ვაჭრობს საკვები პროდუქტებით: ხორცით, მარცვლეულით და შინაურ ცხოველთა საკვებით. კომპანია ჯერ კიდევ 1865 წელს დააარსა შოტლანდიელმა უილიამ კარგილმა, რომელმაც ამერიკის სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ, ხორბლით დაიწყო ვაჭრობა.