რატომ დაიკარგა სტუდენტობის მეგობრებს შორის კონტაქტი და ვის ეძებენ თბილისში
48 წლის მაია ივანეს ასული გოგშელიძე ეძებს დაახლოებით 50 წლის მანანა ასათიანს.
ისტორია: ვეძებ ჩემს მეგობარს, დაახლოებით, 50 წლის მანანა ასათიანს. მე და მანანა ერთად ვსწავლობდით თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში, ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტზე. ჩაბარებისთანავე ძალიან დავმეგობრდით. მაგრამ, 1988 წელს, ოჯახური პირობების გამო, მომიწია აკადემიურის აღება და მას შემდეგ ჩემი მეგობარი არ მინახავს. ძალიან გთხოვთ, დამეხმაროთ მის მოძებნაში.
– ბოლოს როდის ნახეთ თქვენი მეგობარი და რა იყო თქვენი დაშორების მიზეზი?
– მე და მანანა პირველივე კურსზე დავმეგობრდით. ის ძალიან დიდი ადამიანია, იუმორის გრძნობით აღსავსე, მეგობრული, სათნო. თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, მეოთხე კურსზე რომ ვიყავი, ავიღე აკადემიური, რის გამოც სწავლას დროებით დავანებე თავი. მას შემდეგ, ანუ, ეს იყო 1988 წელს, მე მანანა მხოლოდ ერთხელ ვნახე, როდესაც ის ჩემს სახლში სტუმრად მოვიდა და მომინახულა. შემდგომ ჩემმა ოჯახმა მისამართი შეიცვალა და, შეიძლება, ესეც იყო ჩვენ შორის კავშირის შეწყვეტის მიზეზი. მე მქონდა მანანას დეიდის ტელეფონის ნომერი, რომელზეც ვერაფრით დავუკავშირდი, რადგან ყურმილს არასდროს არავინ იღებდა, შეიძლება, მანანამაც შეიცვალა მისამართი და, შესაბამისად, ჩემთვის უცნობია მისი ტელეფონის ნომერიც. მას შემდეგ ძალიან დიდი დროა გასული და მე დღემდე მაინტერესებს, როგორ აეწყო მისი ცხოვრება, ჰყავს თუ არა ოჯახი, შვილები. მოგეხსენებათ, სტუდენტობის დროინდელი მეგობარი ყოველთვის ტკბილად და კარგად გახსენდება ადამიანს. იმედია, მეც ვახსოვარ მას და, შეიძლება, ისიც რაღაც მიზეზის გამო ვერ მპოულობს. მიუხედავად იმისა, რომ თბილისში ვცხოვრობ და თბილისი ძალიან პატარა ქალაქია, ვგულისხმობ, რომ ყველა ყველას იცნობს, მანანა მაინც ვერ ვიპოვე. სამწუხაროდ, მე დღემდე არ მაქვს ინტერნეტთან მჭიდრო კავშირი, არც დრო მაქვს, რომ კარგად გავერკვიო ყველაფერში, ჩემთვის ეს ტექნიკური პროგრესი ჯერჯერობით ნოვატორულია (იცინის). ამიტომ, მას რომ მოუნდეს, დავუშვათ, ინტერნეტის საშუალებით ჩემი მოძებნა, ვერ მოახერხებს, რადგან არსად არ ვარ დარეგისტრირებული.
– როგორ ან როდის გადაწყვიტეთ მეგობრის მოძებნა? თქვენი ბოლო შეხვედრის მერე ხომ ამდენი წელია გასული...
– ხშირად მახსენდება ჩემი სტუდენტობა და ჩვენი მეგობრობა, ამიტომ, შეიძლება ითქვას, ჩემი მეგობარი არასდროს დამვიწყებია, უბრალოდ, რატომღაც, სულ ვფიქრობდი, რომ უფრო მარტივი გზით, ანუ, ნაცნობობით, გაკითხვით და ასე შემდეგ, შევძლებდი მის პოვნას, მაგრამ, როგორც გითხარით, ჩემი ყველა ცდა უშედეგო აღმოჩნდა. ერთხელაც, სრულიად შემთხვევით, წავიკითხე თქვენი რუბრიკა და ძალიან დავინტერესდი. თავიდან მაბრკოლებდა მხოლოდ ერთი გარემოება, ანუ ის, რომ მე არ მაქვს მანანას სურათი, ფოტოს გარეშე კი მისი მოძებნა, ალბათ, უფრო რთული იქნება. სამწუხაროდ, მისი მამის სახელიც არ მახსოვს, მაგრამ, ვიცი, რომ თქვენს რუბრიკაში ხშირად ჩემზე უიმედო ისტორიებიც წარმატებით მთავრდება, ამიტომ, მაინც დიდი იმედი მაქვს, რომ მას ვიპოვი.
– როგორ ფიქრობთ, თვითონ მანანა თუ გეძებთ, ან, შეიძლება თუ არა, რომ ის ვერც კი მიხვდეს, ვინ ეძებს მას?
– ბოლოს, როდესაც მანანა ვნახე, სხვა მისამართზე ვცხოვრობდი. ამჟამად კი სულ სხვაგან ვარ, თუმცა, ისევ თბილისში. დანამდვილებით ვერ გეტყვით, მეძებდა ის თუ არა, მაგრამ, თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ თბილი, მეგობრული ურთიერთობები გვქონდა, ვფიქრობ, ვახსოვარ და, თუკი წაიკითხავს ამ სტატიას, ადვილად მიხვდება, ვინ ეძებს. ფიზიკურად საკმაოდ შეცვლილი ვარ, ამიტომ მხოლოდ ჩემი ფოტოსურათით ის ვერ მიცნობს, მაგრამ თუ ისტორიას წაიკითხავს, ადვილად გამიხსენებს.
– როგორ ფიქრობთ, შეიძლება თუ არა, რომ თქვენს მეგობარს საქართველოს ფარგლები დაეტოვებინა და ამჟამად სხვაგან ცხოვრობდეს?
– ბოლოს, როგორც ვიცი, მანანა თავის დეიდასთან ცხოვრობდა, მას არასდროს ჰქონია ქვეყნის დატოვების სურვილი, თუმცა, შეიძლება, ასეც მოხდა, არ არის გამორიცხული. მაგრამ, მაინც იმედი მაქვს, რომ ის კვლავ საქართველოშია.
– ერთმანეთის პოვნის შემთხვევაში, სად ან როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი შეხვედრა 23 წლის განშორების შემდეგ?
– ნამდვილად ემოციურად წარმომიდგენია ეს ყველაფერი. რა ვიცი, დიდი სურვილი მაქვს, ვნახო, შევხვდე, სტუმრად დავპატიჟო და თუკი მანაც შექმნა ოჯახი, ოჯახებიც გავაცნოთ ერთმანეთს. ვფიქრობ, ამაში კარგის მეტი არაფერია, როდესაც წლების განმავლობაში გახსენდება ადამიანი, მისი ნახვა გინდა და აფასებ მასთან ერთად გატარებულ სტუდენტობის წლებს.
თუ ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიების შესახებ, ან თუ გსურთ თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 33-42-24; 893 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.