ჰოლანდიური ანიმაციის ფესტივალი თბილისში
10-დან 20 ივნისამდე თბილისი დახვეწილი დასავლური სანახაობის მასპინძელია. სახელგანთქმული ჰოლანდიელი ხელოვანის, გერიტ ვან დაიკის ანიმაციური ფილმებისა და გრაფიკული ნამუშევრების დიდი არჩევანი და შთამაგონებელი მასტერკლასები გველოდება. ფესტივალი „იბერია 2011“ საქართველოსა და ნიდერლანდების შესახებ მომზადდა. ფესტივალი თვით კულტურაა, რომელიც მოგზაურობს, სხვადასხვა ადგილებსა და ხალხებს ესტუმრება და მათგან მშვენიერება და ნათელი ემოციები მიაქვს. გასულ წელს ფესტივალმა „იბერიამ” ჰოლანდიის ქალაქი ლეიდენი ქართული ხმებით, ფერებითა და გემოვნებით აავსო. ამჯერად კი პუბლიკის წინაშეა შთამბეჭდავი სურათებითა და ისტორიებით სავსე, გულში ჩამწვდომი 10-დღიანი ჰოლანდიური თავგადასავალი. ფონდი „არტექო” ნიდერლანდების ფილმების ეროვნულ ფონდთან, საქართველოში ნიდერლანდების საელჩოსთან, კინოთეატრ „ამირანთან” და საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ღირსშესანიშნავ მოვლენას წარმოგიდგენთ; წინა პლანზე წამოსწევს ანიმაციისა და გრაფიკის თანამედროვე ჰოლანდიური ხელოვნების სახლს. კონცეპტუალური და მოდერნისტული ჰოლანდიური ანიმაცია და გრაფიკა ათეული წლებია, ევროპული საზოგადოების გონებასა და სულებს ათრთოლებს. ამჯერად ქართულ საზოგადოებას ეძლევა უნიკალური შანსი, აღმოაჩინოს ეს ამაღელვებელი ახალი სამყარო, სადაც მას მეგზურობას გაუწევს ერთ-ერთი ყველაზე წინააღმდეგობრივი და კონცეპტუალური ბრწყინვალე ჰოლანდიელი ხელოვანი გერიტ ვან დაიკი.