ქართველი მოცეკვავე რეალურ შოუში
„სუხიშვილების” სოლისტი, თამარ დვალი მოხვდა უკრაინული არხის საცეკვაო რეალურ შოუში „ცეკვავს ყველა”. 4 000 კონკურსანტიდან, რომელიც უკრაინული არხის „ესტებეს” ეთერით გადაიცემა, ასი ფინალისტი შეირჩა, რომელთა შორის თამარ დვალი და სამეჯლისო ცეკვების წყვილი – აკა და გვანცა მოხვდნენ (ისინი ჩვენ პროექტ „ნიჭიერიდან” გვახსოვს). თამარ დვალმა ჟიურიზე საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა. ჩოხაში გამოწყობილმა იცეკვა ლეკური, რომელსაც სრულიად მოულოდნელი განვითარება მოჰყვა – ჩოხის ქვეშ დამალულმა წითელმა კაბამ და ცეცხლოვანმა ტანგომ ჟიურის საბოლოოდ დააყრევინა ფარ-ხმალი. განსაკუთრებული აჟიოტაჟი იმ ფაქტს მოჰყვა, რომ თამარი „სუხიშვილების” სოლისტია, უკრაინაში ქართული ნაციონალური ბალეტი განსაკუთრებით უყვართ. აღსანიშნავია, რომ ანსამბლის მიერ შესრულებულმა უკრაინულმა ნაციონალურმა ცეკვამ – „გოპაკმა” განსაკუთრებული სიყვარული სწორედ ცეკვის სამშობლოში დაიმსახურა. თამარ დვალი „გოპაკის” სოლისტიცაა. ერთ თვეში ფინალისტები უკრაინაში გაემგზავრებიან და შეეცდებიან, შოუს მთავარი პრიზი – 65 000 დოლარი მოიპოვონ.