კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ აპირებდა საავადმყოფოს მეხუთე სართულიდან გადახტომას გიორგი ყიფშიძე და რა შეძლო მისი ცოლის სიყვარულმა

 

 წლების შემდეგ ამაზე საუბარი უფრო მარტივი ხდება... გიორგი ყიფშიძისა და მისი მეუღლის, ანი ჩიკვილაძის ბრძოლა ნარკოტიკების წინააღმდეგ, ამ უკანასკნელის დამარცხებით დასრულდა, რაც პირადად მე, საოცარი სიმპათიით განმაწყობს, როგორც გიორგის, ისე ანის მიმართ. სწორედ ცოლის დახმარებითა და გვერდში დგომით გადარჩა გიორგი, ამ სიტყვის პირდაპირი და ირიბი მნიშვნელობით.

გიორგი: საერთოდ, წამყვანობა ჩემი საქმე არ არის, ყოველთვის უარს ვამბობდი, რამდენი შემოთავაზებაც კი იყო. მაგრამ, ამ კონკრეტულმა შემოთავაზებამ, დამაინტერესა და მოდი, ვცდი-მეთქი, ვიფიქრე. პირველი სამი გადაცემა საშინლად გამიჭირდა, ისეთი ტექსტები იყო, მე რომ არ მესმოდა. პოკერის სლენგი არ ვიცოდი ისე, როგორც საჭირო იყო. ბოლო ორი გადაცემა, ცოტა მოვშინაურდი, რაღაც ფორმაც მოვიფიქრეთ, სადაც სუბიექტურ კამერას ველაპარაკები, ცოტა ირონიულ რეპლიკებს ვისვრი. ამით მეტი მხიარულება შემოვიტანეთ. 

– შენ საერთოდ რა დამოკიდებულება გაქვს ბანქოსთან, აზარტთან?

ანი: ძალიან აზარტულია, ისევე როგორც მე. აზარტული ვარ როგორ დონეზე იცი? არც ვფიქრობ, არც ვთამაშობ, არც მიჩნდება სურვილი, მაგრამ თუ მოვხვდი, მერე მორჩა, შეიძლება, ვეღარ გამოვიდე. 

გიორგი: სხვათა შორის, რაც „პოკერ რინგის” წაყვანა დავიწყე, ერთი-ორჯერ წავედი კაზინოში და ისეთები მოვიგე, ცუდად გავხდი. სულ ფლეშ-როიალები გავხსენი. ახალბედებს უმართლებთ თუ რაღაც ეგეთი დამემართა. ყველამ ეგრევე დაიწყო, მორჩა, შენ უკვე მოიწამლე, ამას თავს ვეღარასდროს დაანებებო. სულ ცხოვრების განმავლობაში ათჯერ ვარ კაზინოში შესული და როგორ შეიძლება, რომ დავიღუპო და ამით მოწამლული მერქვას?! თან, პროცესით, თამაშით „ვკაიფობ” და არ ვთამაშობ იმისთვის, რომ გავმდიდრდე. ვიღაცეები შედიან ასი დოლარით და „გლაზასტი მერსედესის” ფულს წამოვიღებო, ფიქრობენ. ასეთი დამოკიდებულებით თუ შეხვალ, სიგარეტის მოწევას ვერ მოასწრებ, ისე გამოვარდები იქიდან. 

– ბევრი მოიგე?

– ბოლოს ოცდაათი დოლარი მქონდა დარჩენილი და ათასი დოლარი მოვიგე. მოვიგე თუ არა, მოვკიდე ფულს ხელი და ეგრევე გამოვვარდი იქიდან. ამ ათასით ათი ათასზე რომ დამეწყო ბრძოლა, როგორი სასაცილო ვიქნებოდი, ხომ წარმოგიდგენია?! ვინც იქ იყო, ყველა დამცინებდა. ოცი ლარით გამდიდრებას რომ ცდილობენ, სასაცილოა.

– ანი, აზარტულობა არ აღმოჩნდა სანერვიულო, თუმცა გიორგიმ სერიოზულად განერვიულა სხვა პრობლემების გამო.

ანი: დღეს ნაკლებად, ადრე გაცილებით მეტად ვნერვიულობდი. ახლა ყველაზე მეტად მის ჯანმრთელობაზე ვნერვიულობ, რომელიც თავისი ცხოვრების ერთ-ერთ ეტაპზე, შეგნებულად მოისპო. 

– გიორგის ამბებიდან გამომდინარე, სულ მაინტერესებდა შენი დამოკიდებულება, რადგან პრაქტიკულად, სასწაულია, დღეს თბილისში ნახო გოგო, რომელიც ასეთ ქმარს არ მიატოვებს და თავის ცხოვრებას არ მიხედავს. მართლა გმირობის ტოლფასია. ამ ყველაფერს მხოლოდ სიყვარულის გამო ვერ გააკეთებ, ეს არარეალურია.

– სიყვარულის გარეშე არ არსებობს ამ ყველაფერს უყურო და იბრძოლო, თუმცა გეთანხმები, მხოლოდ სიყვარული აღარ არის, აქ, რაღაც უფრო დიდი და მნიშვნელოვანი ხდება. უარყოფას არ დავიწყებ და გიორგიც არ მომცემს ტყუილის თქმის უფლებას, ვიტყვი, რომ ამის გამო ჩვენს ურთიერთობაში სერიოზული პრობლემები იყო. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და როდესაც ხვდები, არაფერი გამოდის, შენც მიდიხარ იმ აზრამდე, რომ ამ სიტუაციას აღარაფერი ეშველება და ჯობია, წახვიდე. 

გიორგი: ჩემი გადარჩენის მცდელობა იმდენი იყო და ამ ყველაფერმა იმდენჯერ არ გაამართლა, რომ ესეც ფიქრობდა, მართლა ხომ არ ჯობია, თავი დავანებოო.

ანი: წავსულვარ და, მოვბრუნებულვარ კიდეც... პირველ ეტაპზე რომ წავსულიყავი, ეს, ალბათ, ჩემი მხრიდან არასწორ ნაბიჯად ჩაითვლებოდა, მაგრამ ბოლოს უკვე ისეთ მდგომარეობამდე იყო მისული, ჩემი წასვლა აღარავის გაუკვირდებოდა. მაგრამ, ამ დროს უკვე მივხვდი, ფიზიკურად გვერდში რომ არ ვყოლოდი, მოკვდებოდა. ვერანაირად ვერ გავწირავდი, სულაც რომ აღარ მყვარებოდა იმ მომენტში.

– ზუსტად ამას ვამბობდი, რომ დგება მომენტი, როდესაც არა სიყვარულთან, არამედ შენს ადამიანობასთან გაქვს ბრძოლა.

გიორგი: როდესაც, ამ შემთხვევაში, მე, ქმარი, ფეხებზე ვიკიდებ არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ შვილს, დედას, მამას, ყველას, ცოლი რომ ხარ, ფიქრობ, ამას თუ არავინ ადარდებს  და მათ შორის, არც საკუთარი თავი, მე მაინც გადავრჩებიო. შეიძლება, ძალიან გაჭირვებოდა, მაგრამ დრო ყველაფრის მკურნალია და რაღაც მომენტში, ამასაც შეეჩვეოდა. 

– რა გაკავებდა?

ანი: სჭირდებოდა ადამიანი, რომელიც თავს  არ მოაკვლევინებდა და ეს ადამიანი მე აღმოვჩნდი. იმ მომენტში არ ვფიქრობდი მომავალზე. მთავარი მისი გადარჩენა იყო და მერე ვნახავდი, რა მოხდებოდა. ახლაც არ ვიცი, როგორ შევძელი. არ ვანებებდი თავს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. იმ პერიოდმაც გამიარა, როცა ვბრაზდებოდი და ვამბობდი, რაც გინდა, ის ქენი, როგორც გინდა ისე იცხოვრე... მაგრამ ამ მომენტმაც გადამიარა. ისიც აღარ მაბრაზებდა, რომ მეუბნებოდა – შემეშვი რა, რატომ არ მანებებ თავსო. მაგრამ, რეალურად, თვითონ ხომ ხვდებოდა, აბსოლუტურად მართალი რომ ვიყავი. თუმცა, თვითონ რომ არ გინდოდეს ამ ყველაფრისთვის თავის დანებება, ცოლი კი არა, ვინც არ უნდა გყავდეს გვერდში, არაფერი გამოვა. თვითონ მოინდომა ძალიან, თორემ მთელი ეს ჩემი ბრძოლა, ნერვიულობა და წვალება უმარტივესად წყალში ჩაიყრებოდა. 

გიორგი: მაშინ მივხვდი, რა შარში ვიყავი, როდესაც უკვე ზურამაც ჩაიქნია ხელი და თქვა – მორჩა, აღარაფერი ეშველებაო. გვერდით ოთახიდან სულ შემთხვევით გავიგე ეს სიტყვები. არადა, ძალიან ცუდად ვიყავი, საავადმყოფოდან სამჯერ გავიქეცი. მეხუთე სართულის ფანჯრიდან ვხტებოდი. 

ანი: და ამ ყველაფერმა სულ ჩემზე გადაიარა, გვერდით ვიყავი. მეხუთე სართულიდან ხტებოდა და საქამრით მეჭირა. წარმოიდგინე, რა ძალა მეძლეოდა, რომ მეხუთე სართულიდან ამხელა კაცი ხტებოდა და ფეხებით მეჭირა. ამას, ალბათ, იმ მომენტისთვის უკვე ჰალუცინაციები ჰქონდა და ვერ აცნობიერებდა, რა სიმაღლეზე იყო.

გიორგი: ისე ცუდად ვიყავი, მხოლოდ ერთი რამ მინდოდა – იქიდან გაქცევა, ნებისმიერი გზით. ერთი ნაბიჯი მეგონა ფანჯრიდან ეზომდე. კატასტროფა იყო. ბოლოს, მივხვდი, რომ უკვე მკვდარი ვიყავი. სამსახურს ვკარგავდი, მეგობრების ნახევარი დავკარგე, ნახევარზე მეტი – გარდაიცვალა. მეთქი, ან უნდა მოვკვდე, ან ამ ყველაფერს თავი დავანებო. ვუთხარი ანის – წამოდი რა, სახლში დავწვები, არ მინდა ეს საავადმყოფოები და რაღაცეები-მეთქი. ეს საავადმყოფოს გარემო საშინლად მაღიზიანებდა. მესმის, ძალიან რთულია, მაგრამ ამ ტკივილსაც ხომ ექნება დასასრული-მეთქი და დავწექი სახლში. ძალიან მაგარი ექიმი დადიოდა ჩემთან, მაგარი ტიპი, რომელმაც მითხრა – ერთხელაც რომ ვიგრძნო, ამ ყველაფრის მიმართ არასერიოზული დამოკიდებულება გაქვს, ეგრევე წავალო. შენთან დროის ხარჯვის მაგივრად, სხვებს გადავარჩენო. როგორ მითხრა იცი ეს? სულ ფეხებზე მკიდიხარ, თუ გინდა, დაგეხმარებიო.

– ახლა შენ ცოტა მარტივად ყვები, რეალურად ხომ ეს საშინელი ტკივილია როგორც ფიზიკური, ისე მორალური...

– სინამდვილეში არანაირი საშინელი ტკივილი არ არის. იმ მომენტი, როცა ცუდად ხარ გვერდით თუ ექიმი არ გყავს, ტკივილი „გაგარეკინებს“, მაგრამ როცა ექიმი გყავს და ტიპი გეუბნება, დაგეხმარები, მოგარჩენ ამ სენისგან და აკეთებ ზუსტად იმას, რასაც გეუბნება, არანაირი ტკივილი არ არის. ღამეც გძინავს, გაყუჩებულიც ხარ. ჩვეულებრივი მკურნალობის პერიოდია, რომელიც უნდა გაიარო.

ანი: იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს პრობლემა აქვს და მათი ოჯახის წევრებისთვის მინდა, ერთი რამ ხაზგასმით ვთქვა, ჩემი უდიდესი გამოცდილებიდან გამომდინარე – ამ დროს, თითოეულ ადამიანს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. ეს კი საერთო პრობლემაა, მაგრამ ყველა ერთნაირი მეთოდით არ იკურნება. ამას თავიდანვე ვხვდებოდი, თუმცა ვენდობოდი ექიმებს და ვფიქრობდი, რომ მათ ჩემზე მეტი გამოცდილება აქვთ-მეთქი, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მართალი აღმოვჩნდი. ყველა ადამიანს თავისი ფსიქიკა, ინდივიდუალური ჩვევები აქვს და იქიდან გამომდინარე უნდა უმკურნალო. გიორგი რამდენჯერაც დავაწვინეთ, სულ მის გვერდით ვიყავი. მაპატიოს ყველა ექიმმა, მაგრამ ბევრი მათგანის მიდგომა არც მომწონდა. გიორგი ისეთი ადამიანია, რომ ზუსტად ვხვდებოდი, მისთვის იმ მომენტში გათიშვა არაფრით არ შეიძლებოდა. თუ არ იაზროვნებდა და საღი გონებით არ გადაწყვეტდა ამ ყველაფრისთვის თავის დანებებას, არაფერი გამოვიდოდა. ამას ვამტკიცებდი პირველივე დღიდან და ბოლოს მივაღწიე კიდეც. ვიპოვეთ ადამიანი, რომელმაც არ გათიშა და აბსოლუტურად, საღ გონებაზე მკურნალობდა.

– რამდენი ხანი დასჭირდა მდგომარეობიდან გამოსვლას?

გიორგი: ათი დღე. ზუსტად ათ დღეში დამთავრდა ყველაფერი...

– ხუმრობ?

– ყველაფერს ვფიცავარ. დაახლოებით შვიდწლიანი ვოიაჟი – ჩვეულებრივი სიგიჟე, წლები, რომლებიც ჩემი ცხოვრებიდან უბრალოდ ამოჭრილი მაქვს, დაახლოებით, ორ კვირაში დასრულდა. ეს იცი, როგორი შვიდი წელი იყო? დღეს ზუსტად რომ ვერც ვხვდები, რა იყო. დღეს ვიღაცეები მხვდებიან ქუჩაში, მესალმებიან, ვუღიმი და აზრზე არ ვარ, ვინ არიან. ზუსტად ორ კვირაში გონზე მომიყვანა. საოცარი პროფესიონალია. ეს არ არის შიდსი, რომელიც არ იკურნება. ნათქვამია, რომ თუ ადამიანს გასინჯული აქვს, შეიძლება გამეორდეს. მაგრამ ჩემს ასაკში, ოცდაცამეტი წლის კაცმა თუ ეს ყველაფერი თავიდან დავიწყე, მართლა არაფრის ღირსი არ ვყოფილვარ. მორჩა! თინეიჯერობის პერიოდში მივქარე, ვისიამოვნე, თუ ამას სიამოვნება შეიძლება დაერქვას, გადავიკუკე თავზე და მორჩა! ჩაბარდა წარსულს.

– ამ შვიდი წლის განმავლობაში ანი როგორ გახსოვს?

– ბუნდოვნად. მახსოვს, რომ მივლიდა. ანი სულ ჩემს გვერდით იყო და მივლიდა. როცა ვიყავი ბომჟი, ანი ჩამსვამდა აბაზანაში და გამხეხავდა პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. როცა მშიოდა მაჭმევდა, როცა მციოდა ანი ჩამაცმევდა... 

– კი, მაგრამ ანის ხომ არ სჭირდებოდა შვილი, უნდოდა ქმარი ჰყოლოდა გვერდით...

– რა თქმა უნდა, მაგრამ იმ მომენტში ამას  ვერ ვხვდებოდი, იდიოტი ვიყავი.

ანი: გიორგი რასაც ყვება, ეს უკვე ბოლო პერიოდში ხდებოდა. თავიდან ვერაფერს ვხვდებოდი, მერე მივხვდი, მერე გავგიჟდი, მერე ვიბრძოდი... ყველაფერს თავისი ეტაპები ჰქონდა. ის დასაწყისი წლები ძალიან დიდხანს კვებავდა ჩვენს ურთიერთობას.

გიორგი: სულ მეუბნება ანი, ხარის ჯანმრთელობა გქონიაო. 

ანი: თვითონ არ ახსოვს, რა ცდები აქვს საკუთარ თავზე ჩატარებული. არ მგონია, რომელიმე ადამიანის ორგანიზმმა ამას გაუძლოს. ვერ წარმოიდგენ, ისეთ რაღაცეებს აკეთებდა. პლასტმასი რომ შეუშვა ვენებში, რას იზამს, ხომ ხვდებით?!

გიორგი: პლასტმასი, ცარცი, დაფა და „გუბკა”... ასეთ ექსპერიმენტებამდე იყო ყველაფერი მისული. სკოლაში ქიმია არ ვიცოდი რა იყო და ისე გავერკვიე, რაღაც ახალ თეორიას დავწერ. (იცინის) და ეს ყველაფერი დამთავრდა. ორი კვირის შემდეგ, სახლიდან რომ გამოვედი სულ სხვანაირად დავინახე ყველაფერი. თურმე მწვანე ასეთი მწვანე ყოფილა და არა ისეთი, მე რომ ვხედავდი ნაცრისფრად. რაღაც სუნები, გემოები შევიგრძენი, რომელიც აღარ მახსოვდა. 

ანი: მგრძნობელობა, სუნის შეგრძნება ჰქონდა დაკარგული, არაადეკვატური იყო ყველაფერში. 

– შენი ოჯახის წევრებს რა რეაქცია ჰქონდათ ამ ყველაფერზე?

– მაქსიმალურად ბოლომდე ვმალავდი, მერე უკვე რაღაცეებს ხვდებოდნენ, მაგრამ მე ფარით, ხანჯლით, ბოლომდე ვიცავდი ამ ურთიერთობას.

გიორგი: საქმე რაშია იცი?! ბოლო პერიოდამდე ფხიზელი ვიყავი თუ არა, ვერ მამჩნევდნენ. ეს ვამბობ მანამდე, სანამ ძალიან ავურევდი. თორემ მერე ისე ვიყავი, მეჩვენებოდა სამზარეულოში ჩემი თავი შემოვიდა და მას მეორე „მე“ შემოჰყვა კიდევ. იმათმა ერთმანეთში საუბარი, რომ დაიწყეს, მანდ მივხვდი, რომ მაგარ შარში ვიყავი. ვინ ხართ-მეთქი, რომ უნდა მეთქვა, მოიცა რა, გაჩუმდიო, მითხრა ერთ-ერთმა „მემ“. მიშველე-მეთქი, ანის ვუყვიროდი.

ანი: ბოლო პერიოდში უკვე ძლივს რომ მეღირსებოდა ძილი, პერიოდულად მაღვიძებდა და მეუბნებოდა – მომისმინე, ახლა მე მოვკვდებიო. აი, უკვე ვკვდები, ნახე, ერთი, ორი, სამი... ვაა, არ მოვკვდი?! ისეთ რაღაცეებს აკეთებდა, შოკში ვვარდებოდი. ბოლოს უკვე მეგონა, საგიჟეთში მე მოვხვდებოდი. ამ წლების განმავლობაში, პრაქტიკულად, არ მძინებია. ტელეფონის ყოველ  ზარზე, სულ ცუდის მოლოდინში ვიყავი, სულ მეშინოდა, სულ ვნერვიულობდი. 

– მერე რა იყო? რაღაცისთვის ძალიან ბევრს რომ იბრძვი, დიდხანს ცდილობ, და როცა უკვე აღწევ, აღარ გიხარია. სიხარულის სიმძაფრე ნელდება. უკვე ისე ხარ დაღლილი, ვეღარაფერს გრძნობ.

– იყო ასეთი პერიოდიც. ეს უკვე იმაზეა დამოკიდებული, როგორ გიყვარს ის ადამიანი. აწონ-დაწონი რა უფრო ღირებულია შენთვის. ეს ხალისი ჩვენ ურთიერთობაში თავისთავად დაბრუნდა, ისეთი ბედნიერი ვიყავი, გიორგიმ ეს რომ დაამთავრა...

გიორგი: რამდენი ხანი არ სჯეროდა, ეს ცალკე ამბავია. კოდების ჩაკერვები და რაღაცეები დავიწყე, რომ საკუთარი თავისთვის და ამათთვისაც დამემტკიცებინა, ეს ყველაფერი საბოლოოა და ცოტა მოეშვან-მეთქი. ვიცოდი, რომ ეს კონტროლი იქნებოდა. 

ანი: მერე ამაზეც იყო პრობლემები, შემეშვით,  რამდენ ხანს შეიძლება, მაკონტროლოთო. მიჩვეული რომ ხარ, წამში ერთხელ რეკვას, მერე ამის გადაჩვევა რთულია. ვაიმე, გიორგი სად არის? – ამ რეჟიმში რომ ხარ წლების განმავლობაში, მერე რთულია, გადაჩვევა. სულ ცოტა ხანია, რაც მოვეშვი და ისე ისტერიკულად აღარ ვურეკავ. არადა, ოთხი წელი გადის უკვე.  

გიორგი: გემოც დამავიწყდა უკვე. ყოველი პრეპარატი, რომელსაც მოიხმარ, რაღაც გემოს გაძლევს – თვალდახუჭულიც კი მიხვდები ამ გემოს მიხედვით, რა გაიკეთე. მე თვითონ „ვკაიფობ“ ჩემს თავზე, – გავიდა უკვე ის დრო, როცა მთელი სიმძაფრით მახსოვდა ყველაფერი. თავიდან გემო კი არა, იმ ხასიათის სიზმრებს ვნახულობდი. ახლა მიკვირს, ასეთი რთული როგორ იყო ამ ყველაფრისგან თავის დაღწევა, ჩემი ცხოვრების შვიდი წელი რომ ვაჩუქე. 

– ეს წლები საშინლად გენანება?

– აუ, როგორ მენანება, როგორ მენანება. მთელი უბედურება რაშია იცი?!...

ანი: იცი, რაშია?! მხოლოდ თავის თავზე ნერვიულობს. მე, რომ მთელი ეს წლები დარდსა და წუხილში მაქვს გატარებული, ეს არავის ადარდებს. 

გიორგი: ამაზე ვლაპარაკობ, ჩემო საყვარელო, ჩვენზე ვსაუბრობ. მთელი უბედურება ისაა, რომ წლები გემატება და დრო უფრო ჩქარა გადის. მოვიხედავ და ვიტყვი, კუბოს ფიცარი მინდა მუხის იყოს-მეთქი. ყველაზე საინტერესო ასაკი გამოვტოვე, თითქოს არც ყოფილა. თუნდაც, საქმე თქვი. ყველაფერს თავისი დრო აქვს, მათ შორის როლსაც. არ შეიძლება, მერკუციო ჭაღარამ ითამაშო, ის ბიჭი თექვსმეტი წლის იყო და იგივეა სხვა როლებზეც. ვერც ხვდები, ისე ნელ-ნელა ეშვები ამ ყველაფერში. თავიდან გასინჯავ და გგონია, ნებისმიერ დროს თავს დაანებებ – დღეს და მორჩა, ხვალ ვარჯიშს ვიწყებ. მერე უკვე მოგწონს ცუდად ყოფნის პოზა – აუ, ბიჭო, ოფლი მასხამს, ცუდად ვარ... იგონებ ამ ყველაფერს, კაი ტიპი გგონია თავი. შემდეგი ეტაპია, როცა ისე გიყვარს და ფიქრობ, შე კრეტინო, აქამდე სად იყავი, როგორ ცხოვრობდი ამის გარეშეო. და, იწყება ყველაზე ცუდი – უცებ ხვდები, რომ კბილი გძვრება, კაცურ ამბავში შენ მეგობარზე ადრე იღვიძებ და ფეხზე დგები... მორჩა რაა.

– წვრილმანი, ცხოვრებისეული ნიუანსებით სიამოვნების მიღება შეგიძლია?

– ისეთი გამძაფრებული მაქვს ყურადღება ეგეთი დეტალების მიმართ, ვერ წარმოიდგენ. ჩემი პერიფერიული ხედვა იმდენად დავიწროებული იყო, ვერაფერს ვამჩნევდი. დღეს პირიქით, არ მინდა, რამე გამომეპაროს, ისედაც ბევრი წელი გამომეპარა. 

ანი: ამ ყველაფერმა მიმახვედრა, რამხელა მნიშვნელობა აქვს ჯანმრთელობას. გიორგი თუ კარგად არის და მეც თუ კარგად ვგრძნობ თავს, უკვე ბედნიერი ვარ. სხვა ყველაფერი ნაკლებად მაღელვებს.

 

скачать dle 11.3