ჰოლივუდის წყევლა
ამ წლის დასაწყისში კინოკომპანია „ვორნერ ბრაზერზსმა“ სიხარულით გამოაცხადა, რომ სუპერმენის როლზე შესაფერისი კანდიდატურა იპოვა. ეს არის 27 წლის ბრიტანელი მსახიობი ჰენრი კევილი, რომელსაც სუპერმენის მოსასხამი დიდების მწვერვალზე აიყვანს და ჰონორარიც შესაბამისი ექნება, მაგრამ, რისკიც უზარმაზარია... საქმე ისაა, რომ ჰოლივუდში არსებობს ეგრეთ წოდებული „დაწყევლილი ფილმები“ და „სუპერმენი“ ერთ-ერთი მათგანია – მსახიობებისთვის მას უბედურება მოაქვს: 1948 წლის პირველმა „სუპერმენმა“, კირკ ელინმა ამ როლის შემდეგ საერთოდ დაღუპა თავისი კარიერა. თან, მძიმედ დაავადდა და მთელი ფული, რაც როლში გადაუხადეს, მკურნალობაში დახარჯა. ალცჰეიმერის დაავადებამ ის სპეციალურ თავშესაფარში გამოამწყვდია.
ჯორჯ რივზი, რომელმაც სუპერმენზე გადაღებულ ტელესერიალში ითამაშა, გაურკვეველ გარემოებაში დაიღუპა. ის შუბლგახვრეტილი იპოვეს ბევერლი ჰილზის ვილაში. ოფიციალური ვერსია – თვითმკვლელობა. რატომ უნდა მოეკლა თავი კაშკაშა ვარსკვლავს, რომელსაც ყველაფერი ჰქონდა – გაუგებარია. თან, რამდენიმე დღეში მისი ქორწილი იყო დანიშნული.
ხელახალი ეკრანიზაცია „სუპერმენისა“ მხოლოდ 1978 წელს მოხდა. რეჟისორებმა მთავარ როლზე კრისტოფერ რივი მიიწვიეს. ფილმს კოლოსალური წარმატება ჰქონდა. რივი წყევლას გადაურჩა, მაგრამ, მის პარტნიორს – მარკო რიდერს, მანიაკალური დეპრესიული ფსიქოზი განუვითარდა, 1990 წელს კი ავტოკატასტროფაში მოხვდა და ნახევრად პარალიზებული დღემდე მკურნალობს. „გადარჩენილი“ რივი, რომელიც შესანიშნავ მხედრად ითვლებოდა, 1995 წელს ცხენმა ჩამოაგდო და სიცოცხლე ინვალიდის ეტლში დაასრულა. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ ამ როლზე აღარავინ თანხმდებოდა! უარი თქვეს: ნიკოლას ქეიჯმა და ჯოშ ჰარტნეტმა, ჯუდ ლოუმ, კიანუ რივზმა, ბრენდან ფრეიზერმა... რა დროს ჰონორარია, როცა შეიძლება, წყევლამ გიწიოს?! ეშტონ კატჩერმა პირდაპირ აღიარა: არ მინდა თქვენი ფული, მეშინიაო.
2006 წელს როლზე მაინც დათანხმდა ვინმე ბრენდონ რუტი. ფილმი 260 მილიონი დოლარი დაჯდა და გადამღები ჯგუფის სამი წევრის სიცოცხლე შეიწირა. ერთი კიბეზე დაგორდა, მეორე – ბანდიტებმა მოკლეს და გაქურდეს. მესამე მძინარე გაიგუდა... რაც შეეხება ბრენდონ რუტს, ახალი როლები მისთვის დღემდე არავის შეუთავაზებია...