ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავისი ბირთვული არსენალის შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამოაქვეყნა მონაცემები სტრატეგიული საკონტინენტაშორისო რაკეტების რიცხვისა და მათზე განთავსებული ქობინების რაოდენობის შესახებ, სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემცირების შეთანხმების ფარგლებში, რომელიც ორი ქვეყნის ბირთვული პოტენციალის შემცირებას გულისხმობს.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთს აქვს 1 537 სტრატეგიული ოპერატიულად გაშლილი ბირთვული ქობინები 521 წამტანზე. ამავე დროს ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს 1 800 ასეთი ქობინი, შესაბამისად 882 წამტანის საშუალება. ცნობარში, აგრეთვე, შეტანილია ინფორმაცია გაშლილი და გაუშლელი გამშვები დანადგარების რაოდენობის შესახებ ბალისტიკური რაკეტებისთვის. რუსეთის ფედერაციას აქვს 865 მსგავსი დანადგარი, ამერიკის შეერთებულ შტატებს კი – 1 124. ეს ცნობები შეტანილია 2011 წლის 5 თებერვლის მდგომარეობით, იმის შემდეგ, რაც „სტრატეგიული შეტევითი შეიარაღება-3“ ძალაში შევიდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ, ახალი შეთანხმების მიხედვით, ქვეყნებმა მოილაპარაკეს, ქობინების რაოდენობა 1 500-მდე შეამცირონ, ხოლო წამტანებისა – მაქსიმუმ 800-მდე, მაშინ ქვეყნები უკვე ახლოს იქნებიან შეთანხმებების პირობების შესრულებასთან.
გავიხსენოთ, რომ რუსეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ამ შეთანხმებას 2010 წლის 8 აპრილს მოაწერეს ხელი. ეს დოკუმენტი ორივე ქვეყნის პარლამენტების მიერ 2011 წლის იანვარშია რატიფიცირებული და ბირთვული არსენალის შემცირების ვადას 10 წლით განსაზღვრავს.