მინდა, რომ მოვკვდე
პოლიციელმა ჯონსმა ხიდზე გაჩერებულ მანქანას თავიდან ყურადღება არ მიაქცია, მაგრამ, როდესაც კარი გაიღო და მანქანიდან მაღალი მამაკაცი გადმოვიდა, მაშინვე დაიძაბა. ერთი და ორი წელი არ იყო, რაც ამ მონაკვეთზე პატრულირებდა და კარგად იცოდა, რომ ხიდი პოპულარობით მარტო შეყვარებულებს შორის კი არა, თვითმკვლელებშიც სარგებლობდა...
მამაკაცმა აქეთ-იქით მიმოიხედა. თავიდან მოაჯირთან აუჩქარებლად მივიდა, შემდეგ კი გადაიხარა. პოლიციელმა შეიგინა და მისკენ გაქანდა.
– მშვენიერი ღამეა, – თქვა სამართალდამცველმა მისალმების ნაცვლად, მას შემდეგ, რაც თვითმკვლელმა მისი ფეხის ხმის გაგონებაზე მოაჯირს ხელი შეუშვა და სიგარეტს მოუკიდა, – ხედით ტკბებით? ლამაზი ხედია.
– სილამაზისთვის არ მცხელა, – ამოიოხრა მაღალმა მამაკაცმა და მდინარეში ჩააფერფლა. ჯონსმა მხოლოდ ახლა მიაქცია ყურადღება, რომ მას ძალიან ხშირი წარბები ქონდა. – ამჟამად იმაზე ვფიქრობ, როგორ მოვახერხო უფრო ეფექტურად, მარტივად და, რაც მთავარია, უმტკივნეულოდ მოვიკლა თავი.
– ასე რატომ ამბობთ? – პოლიციელი მის გამხნევებას შეეცადა. – რაც უნდა ცუდად იყოთ, უნდა იცოცხლოთ. ვინ იცის, იქნებ ხვალ გაგიმართლოთ და ყველაფერი შეიცვალოს?
უცნობი მდინარეს დიდხანს ჩასჩერებოდა, შემდეგ ნამწვი გადააგდო და პოლიციელს ხელი გაუწოდა:
– მე ედვარდ რაიტი მქვია. მას შემდეგ, რაც ცოლი მომიკვდა, ყველაფერი უკან წავიდა. ისე მიყვარდა, რომ ჩემთვის ცხოვრებამ აზრი დაკარგა.
– ასე ნუ ამბობთ, – ჯონსმა მხარზე დაუტყაპუნა, – ადამიანი ყველაფერს ეჩვევა. ახლა ჯობია, სახლში წახვიდეთ და დაიძინოთ. აი, ნახავთ, კარგად გამოიძინებთ და ხვალ ყველაფერს სხვანაირად შეხედავთ. დამიჯერეთ, ის, რაც მდინარის ფსკერზე გელოდებათ, ამ ქვეყანას არაფრით სჯობია.
რაიტი დიდხანს დუმდა, შემდეგ ასევე მდუმარედ წავიდა მანქანისკენ, ჩაჯდა და ადგილიდან დაიძრა. პოლიციელი კიდევ დიდხანს უყურებდა მას. შემდეგ მისი სახელი და გვარი ბლოკნოტში ჩაიწერა.
ფსიქიატრი ბობ სმიტი მორიგ პაციენტს უსმენდა, თავის საქმეზე ფიქრობდა და თავს აქნევდა.
– ...ცხოვრების აზრს ვერ ვხედავ, – განაგრძობდა წუწუნს პაციენტი, – მაღალი, ხშირწარბიანი მამაკაცი, – გუშინ კინაღამ ხიდიდან გადავხტი. ექიმო, კუჭი უნდა გამომირეცხოთ...
– რატომ? – გაუკვირდა სმიტს.
– ვიდრე თქვენთან მოვიდოდი, მთელი კოლოფი ძილის წამალი დავლიე.
სმიტი წამოდგა, მძიმედ ამოიოხრა და თავის კანტურით მეზობელ ოთახში ინსტრუმენტების მოსატანად გავიდა. კუჭის ამორეცხვის პროცედურა ცოტა მტკივნეული აღმოჩნდა, მაგრამ, საბედნიეროდ, წამალი ჯერ კიდევ არ იყო გაწოვილი.
– იცოცხლებთ, – დამშვიდობებისას უთხრა ბობ სმიტმა.
– მადლობა, ექიმო.
– მადლობას ნუ მიხდით. მომიწევს, თქვენ შესახებ პოლიციას შევატყობინო...
– მშვენიერი რევოლვერია, – გამყიდველმა საქონელი შეაქო.
– მადლობა, – უპასუხა მყიდველმა. – კიდევ, ტყვიები მჭირდება.
– რა თქმა უნდა, ოღონდ, ჟურნალში ხელი უნდა მომიწეროთ, მისტერ რაიტ. ასეთია კანონის მოთხოვნა...
საღამოს ცხრა საათზე ედვარდ რაიტის კარზე ზარი დარეკეს.
რაიტი კართან მივიდა, სათვალთვალოში ყურადღებით გაიხედა და, როდესაც სტუმარი იცნო, კარი გააღო.
– შემოდი, მარკ, – მიიპატიჟა მასპინძელმა.
– შენ ის მოკალი, ედ, – მისალმების ნაცვლად წარმოთქვა გვიანმა სტუმარმა და მუცელზე რევოლვერის ცივი ლულა მიაჭირა, – მას შენთან გაყრა უნდოდა, მაგრამ შენ მისი გაშვება არ გსურდა. ვეხვეწებოდი, ჩვენ შესახებ შენთვის არაფერი მოეყოლა, მაგრამ, ის პატიოსანი ქალი იყო და შენ ის მოკალი...
– გაგიჟდი?! – აღშფოთდა რაიტი.
– ყველაფერი ძალიან ეშმაკურად გააკეთე. მკვლელობა ისე ჰგავდა უბედურ შემთხვევას, რომ პოლიციას ეჭვიც კი არ გაუჩნდა. როგორ გააკეთეთ ეს, ედვარდ?
– მე მას დავარტყი, – დიდი პაუზის შემდეგ მოღუშულმა ჩაიბურტყუნა ედვარდ რაიტმა ისე, რომ რევოლვერისთვის თვალი არ მოუშორებია, – რამდენჯერმე ჩავარტყი თავში, შემდეგ კი კიბიდან დავაგორე... პოლიციაში წასვლა არც იფიქრო. მაინც არავინ დაგიჯერებს. ამის დამტკიცება შეუძლებელია.
– საიდან მოიტანე, რომ პოლიციაში მინდა წასვლა?! იქ არც მკვლელობის შემდეგ წავსულვარ და არც ახლა ვაპირებ. ჩვენ სხვანაირად მოვიქცევით... მაგიდასთან დაჯექი, ქაღალდი აიღე და დაწერე: „ეს ჩემს ძალ-ღონეს აღემატება. ამ წამების ატანა აღარ შემიძლია. ამჯერად მეყოფა გამბედაობა, რომ მოვკვდე”. – იმისთვის, რომ მოთხოვნა უფრო დამაჯერებელი ყოფილიყო, მარკმა ედვარდ რაიტს მაგიდისკენ რევოლვერით უბიძგა, – ხელის მოწერა არ დაგავიწყდეს, ნაბიჭვარო!
– ამას არ დავწერ.
– დაწერ, ედვარდ, დაწერ! – ამ სიტყვებთან ერთად, სტუმარმა რევოლვერის ლულა კეფაზე მიაბჯინა.
– ვერ გამოძვრები, მარკ, – აწკმუტუნდა რაიტი, – წყლიდან მშრალი ვერ ამოხვალ. დაგიჭერენ და ჩამოგახრჩობენ.
– რისთვის? შენი თვითმკვლელობისთვის? – გადაიხარხარა მარკმა.
– თვითმკვლელობის ვერსიას არავინ დაიჯერებს, ეს სისულელე რომც დავწერო.
როდესაც სტუმარმა სასხლეტს მიადო თითი, ედვარდ რაიტი მიხვდა, არჩევანი რომ არ ჰქონდა, მაგიდას მიუჯდა, წერილი დაწერა და ხელი მოაწერა.
– ახლა კი შემომხედე, ედვარდ...
ქაღალდს თვალი რომ მოაშორა, რაიტი მოულოდნელობისგან შეხტა. მის წინ სრულიად სხვა ადამიანი იდგა – პარიკითა და მიწებებული ხშირი წარბებით.
– იცი, ახლა ვის ვგავარ? – დაინტერესდა გვიანი სტუმარი, – ნუთუ ვერ ცნობ? შენ გგავარ, ედვარდ, შენ... რა თქმა უნდა, ჩვენ ტყუპები არ ვართ, მაგრამ, სიმაღლე და ტანი ერთნაირი გვაქვს.
– შენ მე მასახიერებდი... – დაიბნა ედვარდ რაიტი.
– როგორც იქნა, მიხვდი! ძალიან გაოცდები, როდესაც გაიგებ, რას აკეთებდი ბოლო დღეებში. გუშინ, მაგალითად, ხიდიდან მდინარეში კინაღამ გადახტი. შეგიძლია, იცოდე, რომ სიცოცხლეს ყურადღებიან პოლიციელს უნდა უმადლოდე – ის რომ არა, უკვე ცოცხალიც აღარ იქნებოდი. დღეს კი, სადილის შემდეგ, ერთ ფსიქიატრს შენთვის კუჭის გამორეცხვა მოუწია, რადგან მთელი კოლოფი საძილე საშუალება გქონდა დალეული. ერთი საათის წინ რევოლვერი იყიდე და ჟურნალშიც კი მოაწერე ხელი... მოკლედ, ბოლო ორი დღის განმავლობაში ჩვენს ქალაქში ყველაზე აქტიური თვითმკვლელი იყავი.
– ჩემი მეგობრები? კოლეგები? ისინი არ დაგიჯერებენ, – ბოლო იმედს მოეჭიდა რაიტი.
– ცდები, ჩემო ძვირფასო, – დამცინავად უპასუხა მარკმა, – საკმარისია, ადამიანმა თვითმკვლელობა ჩაიდინოს, რომ მეგობრებს და კოლეგებს მაშინვე ახსენდებათ, ბოლო დროს როგორი დაღვრემილი იყო. დარწმუნებული ვარ, მისი სიკვდილის შემდეგ შენ მწუხარებისგან განადგურებული ქმრის როლს კარგად თამაშობდი. აუცილებლად მოიძებნება რამდენიმე ადამიანი, რომელიც მზად იქნება, დაიფიცოს, რომ შენ ძალიან გინდოდა სიკვდილი. მშვიდობით, ედვარდ!...
ამ სიტყვებთან ერთად, მარკმა ედვარდ რაიტს რევოლვერის ლულა სწრაფად შეტენა პირში და სასხლეტს გამოჰკრა...
მას შემდეგ, რაც, საყვარელი ქალის მკვლელს გაუსწორდა, მან რევოლვერი ნათითურებისგან გაწმინდა და ედვარდს ჩაუდო ხელში. ბოლოს მოკლულის საფულე აიღო და იქ ფსიქიატრის სავიზიტო ბარათი და იარაღების მაღაზიის ჩეკი ჩადო.
– ტყუილად მოკალი იგი, ედ, – თქვა მარკმა და ხშირი წარბები მოიხსნა, – შენ ხომ ის მაინც აღარ გიყვარდა... უკეთესი იქნებოდა, ჩემთან გამოგეშვა...
თარგმნა
ნინო წულუკიძემ