კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თამაში ბედთან

 

 

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ ¹14-23(545)

დევის დერეფანში შეხვდა. მარიკამ სწორედ იმ მომენტში ამოირბინა კიბე, როცა დევიმ დეპარტამენტის უფროსის კარი მიიხურა.

– აქ რას აკეთებ, პატარავ? – ჰკითხა გოგოს, – მეგონა, დავალებაზე იყავი.

– მივდიოდი, მაგრამ... ახვლედიანმა დამირეკა. უფრო სწორად, მისმა მდივანმა. სასწრაფოდ მოდი, საქმე აქვსო. ჰოდა, მოვბრუნდი.

– მართლა? ახლა მეც მისგან გამოვედი.

– შენც დაგიბარა? ცალ-ცალკე გადაწყვიტა ჩვენთან მოთათბირება თუ რაშია საქმე?!

– არა, მე თავად გადავწყვიტე, მენახა. ექსპერტიზის შედეგები მივართვი წერილობითი და ზეპირი ფორმით. სამივე მოკლულის გვამის გამოკვლევა, ფაქტობრივად, დასრულებულია. ხომ უნდა იცოდეს, რასთან გვაქვს საქმე?

– არ მითხრა, რომ სერიული მკვლელის იდეა გააცანი.

– მთლად არა, მაგრამ... შეიძლება ითქვას, მივანიშნე.

მარიკამ ხელი ჩაიქნია:

– ეგ ვერ მიხვდება. მინიშნება კი არა, პირდაპირ რომ ელაპარაკები, ვერ იგებს.

– არც ასეა საქმე. შენ და პაპავას კი გგონიათ ჩლუნგი, მაგრამ, ჭკვიანია, თანაც, საკმაოდ ჭკვიანი.

– არ ვიცი, რას გულისხმობ. ანუ, ახვლედიანი შეაფიქრიანე – ამის თქმა გინდა?

– რაღაცაზე დავაფიქრე. ყოველ შემთხვევაში, განწყობა აშკარად გავუფუჭე. მშვენიერ გუნებაზე იყო, მაგრამ, რომ გამოვდიოდი, სიგარეტს დაუწყო ძებნა.

მარიკას გაეცინა.

– რას მერჩოდი? ახლა მე უნდა ჩავვარდე ლომის ხახაში. ნეტავი, რა უნდა, რისთვის მიბარებს? არადა, საქმე მქონდა.

– თემომ დაგავალა რამე?

– თემომაც და რაღაც პირადიც მქონდა გასარკვევი.

დევი გამოცოცხლდა:

– ოჰო, პაემანზე ხომ არ მიდიოდი?

– არა, რა პაემანზე, რას ამბობ! უბრალოდ, ვიღაც მირეკავს და, მაინტერესებს, ვინ არის.

დევიმ თვალები მოჭუტა:

– ოჰ, ოჰ, რა ხართ ეს ქალები! არ იცი, არა, ვინ გირეკავს და, მეც დაგიჯერე.

– გეფიცები, მართლა არ ვიცი. ტყუილი რისთვის მჭირდება. მეუბნება, შენთან შეხვედრა მინდაო.

– შეხვდი, მერე... კაი ტიპი ყოფილა.

– როგორ დაასკვენი, რომ კაი ტიპია? – გამოაჯავრა გოგომ.

– იმით, რომ პირადად მე ძალიან მომწონს გაბედული და პირდაპირი მამაკაცები. მოსწონხარ ადამიანს და ყოველგვარი შესავლის გარეშე გეუბნება, შემხვდიო.

მარიკამ თვალები მოჭუტა:

– მართლა ასე ფიქრობ?

დევიმ მხრები აიჩეჩა და ხელები მრავალმნიშვნელოვნად გაშალა:

– ჰო, მე ყოველთვის იმას ვამბობ, რასაც ვფიქრობ. მერე რას აპირებდი?

– ვიფიქრე, ბიჭებს ვკითხავ, ნომერს ამოაგდებენ და გავიგებ, ვინ არის-მეთქი.

– ყოჩაღ, ოპერატიულობას ამ შემთხვევაშიც არ კარგავ. თუ გინდა, მე ჩავალ ოპერატიულში, მომეცი ნომერი.

მარიკა შეყოყმანდა.

– მომეცი, მომეცი... ერთი ვნახავ, ვინ არის. შენ მართალი ხარ, სიფრთხილე მაინც საჭიროა.

– ჰოო?! იმის თქმა ხომ არ გინდა, რომ ის მანიაკი ახლა მე ამომიღებს მიზანში?

დევი მოიღუშა:

– ხომ გითხარი, სიფრთხილე საჭიროა-მეთქი. მე მაინც ვნახავ. შენ ახვლედიანთან შედი, ამას კი მე მივხედავ. თუ მიხვდები, რომ საფრთხეს არ წარმოადგენს, ჩემი მანქანით მიგაბრძანებ პაემანზე.

მარიკა აღარ შეჰკამათებია, მობილური ამოიღო და კაცს ნომერი ჩააწერინა.

***

ახვლედიანი ღია ფანჯარასთან ეწეოდა სიგარეტს. მარიკას მოეჩვენა, რომ მისი დანახვა გაუხარდა.

– შემოდი, შემოდი და დაჯექი. ყავას არ დალევ ჩემთან ერთად? ჩემი მდივანი ამ საქმეში ისეთი გაწაფულია, ვერავინ შეედრება. ეტყობა, ძველ შეფს ყავა განსაკუთრებით უყვარდა.

მარიკას არაფერი უთქვამს. უსიტყვოდ გამოსწია სკამი, მაგიდას მიუჯდა და, ხელები მუხლებზე დაილაგა, ბეჯითი მოსწავლესავით.

– სიგარეტი ხომ არ გინდა? არ ეწევი? კარგია, მაგრამ, შენ ისეთი მძიმე სამსახური გაქვს, ზოგჯერ გაერთობოდი. აი, მე სულ არ ვეწეოდი და აქ ნელ-ნელა ვეჩვევი.

მარიკამ ისევ დუმილი ამჯობინა. მხოლოდ ოდნავ გაუღიმა ტუჩის კუთხეებით, ისიც, უფრო ზრდილობისთვის.

– მინდოდა, მეკითხა, როგორ შეეჩვიე აქაურობას. უფროსი ხომ არ გამოგიცვალო? პაპავას ცოტა მძიმე ხასიათი აქვს. შეიძლება, ვერ მეუბნები და მასთან ურთიერთობაში რამე პრობლემა გაქვს?

– არა, არა, ძალიან კარგად შევეწყვეთ ერთმანეთს, – სწრაფად მიუგო მარიკამ და ასადგომად წამოიწია, – თუ მარტო ეს უნდა გეთქვათ, წავალ.

– არა, ჯერ არ დამიმთავრებია. ახვლედიანმა ნერვიულად აათამაშა თითები მაგიდის ზედაპირზე.

– არ გინდა, ჩემთანაც გაიარო პრაქტიკა? – ჰკითხა ყოყმანით და გაეღიმა. მარიკა დააბნია მისმა შეკითხვამ.

– პრაქტიკა? თქვენთან?

– ჰო. მეც შემიძლია რაღაც-რაღაცეებში გაგარკვიო. ამოდი ხოლმე და აგიხსნი, მთლიანად უწყება როგორ მუშაობს?

– მადლობის მეტი რა მეთქმის, მაგრამ მე ჯერჯერობით უშუალოდ გამოძიება უფრო მაინტერესებს. მით უმეტეს, რომ ახლა ძალიან ბევრი და საინტერესო საქმეა, თუ დევის ვერსიაც მეტ-ნაკლებად დადასტურდა.

ახვლედიანს სახე შეეცვალა:

– ოღონდ, არ მითხრა, რომ სერიული მკვლელის ვერსიის გჯერა. ვერ ვხვდები, რატომ ცდილობენ ეგ და პაპავა, ყველაფრის გართულებას და ამ სამი მკვლელობის ერთმანეთთან დააკავშირებას. იცი, ეს რას ჰგავს? ბნელ ოთახში კატის ძებნას, თან, როცა ეს კატა იქ საერთოდ არც არის.

– ბატონო გიორგი, მე რატომ მეუბნებით ამას? ხომ არ აჯობებს, ბატონ თემურს გაუზიაროთ თქვენი მოსაზრებები, ან, საერთოდ, თათბირზე განვიხილოთ ყველამ ერთად?

ახვლედიანს არ მოეწონა გოგოს ტონი, მაგრამ იხტიბარი არ გაიტეხა:

– შენ როგორი პრინციპული ყოფილხარ! საერთოდ, მომწონს პრინციპული ქალები, პირადად მე მხოლოდ დადებით ემოციებს აღმიძრავს. თუმცა, ამ სფეროში სიჯიუტე... ზოგჯერ ბრძანებების შესრულებაც რომ გვიწევს, ეს ხომ იცი?!

– რა თქმა უნდა. აი, ახლა მე თქვენს ბრძანებას დავემორჩილე და მოვედი. რაც შეეხება კონკრეტულად საქმის დეტალებს, მე მხოლოდ თანაშემწე ვარ და ყველაფერს ბატონ თემოს ვუთანხმებ.

– კარგი. წადი და შეუთანხმდი ბატონ თემოს – ხმაში გაღიზიანება დაეტყო ახვლედიანს, – და გადაეცი, რომ ძალიან ზოზინობს. მე არ ვიცი, თქვენ ერთად რა ვერსიებს ამუშავებთ, მაგრამ, მარტო ერთი გახსნილი საქმე, საკმარისი არ არის. ეს ყველაფერი განყოფილებას ეწერება და არ მინდა, საყვედური მივიღო. ჯერ, მგონი, გარდაცვლილის ვინაობაც არ დაგიდგენიათ.

მარიკა ადგა:

– ნახვამდის, ბატონო გიორგი.

– ნახვამდის. კარგია, შენი უფროსის ერთგული რომ ხარ, მაგრამ, აქ მაინც მე ვიღებ გადაწყვეტილებებს და, კიდევ, ჩემს შეთავაზებაზეც იფიქრე, ისევ შენი მომავლისთვის არის საჭირო.

– გავითვალისწინებ, ბატონო გიორგი, – გამოკვეთილი მოწიწებით დაუქნია თავი მარიკამ.

ახვლედიანი კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ ტელეფონის ზარმა შეუშალა ხელი, არ დალოდებია, სანამ გოგო კაბინეტიდან გავიდოდა, ყურმილს ხელი დაავლო და უპასუხა. მარიკას ცნობისმოყვარეობამ სძლია და ნაბიჯი შეანელა. ახვლედიანი აშკარად არ ელოდა ამ ზარს და საკმაოდ უსიამოვნოც აღმოჩნდა მისთვის. რამდენიმე წუთი მოღუშული უსმენდა და ჩამქრალი სიგარეტის ნამწვს სრესდა საფერფლეზე, მერე ერთბაშად გაწითლდა და წამოიძახა:

– კი მაგრამ, ეს ხომ შეუძლებელია! ერთი წუთით მომისმინეთ! ეს... ეს... ჩემს შესაძლებლობებსა და კომპეტენციას აღემატება. დიახ, სწორედ მაგის თქმა მინდოდა, რომ ეს უკვე აღარ არის ჩვენი საქმე. რა თქმა უნდა, მესმის, რომ პრობლემები არ გვჭირდება და, მგონი, ყველაფერი ისე გავაკეთე, როგორც აუცილებლობა მოითხოვდა. ჰო, დიახ... შევეცდებით. არა, ყველაფერს გავაკეთებთ. დიახ, გასაგებია... გავიგე...

ახვლედიანმა ყურმილი დადო და შეიგინა. საერთოდ არ გახსენებია, გამოღებულ კართან მდგარი გოგო. მარიკამ ფეხაკრეფით დატოვა ოთახი. 

***

ტყავის კომფორტულ სკამში ნებივრად მოკალათებული დევი სიამოვნებით წრუპავდა ცივ ყავას და კომპიუტერის მონიტორს უყურებდა. მერე ჭიქა მაგიდაზე დადგა და ოთახი დაკვირვებით მოათვალიერა.

– აქ რა კარგად მოწყობილხართ! მაგარი კომფორტი გაქვთ – პატარა სამზარეულო, საშხაპე, მოსასვენებელი ოთახი, ქალები...

– აი, მანდ კი ცოტა გადაამლაშე, – გაუცინა ოპერატიულის მორიგემ და თან პრინტერზე ამობეჭდილი ფურცელი გაუწოდა.

– აჰა, აქ ყველაფერია. ვინაობა, პირადი ნომერი, მართვის მოწმობის ნომერი, მისამართი, ბინის ტელეფონის ნომერი.

– ყოჩაღ! შენი იმედი მქონდა, – დევიმ ფურცელი გამოართვა, – მოიცა, ქალია? დარწმუნებული ხარ, რომ არაფერი შეგშლია?

– რატომ უნდა შემშლოდა. პროგრამის სიზუსტეში ხომ არ გეპარება ეჭვი? თან, რა არის, იცი? ხშირად, მობილური ერთზეა გაფორმებული, მეორე კი სარგებლობს. ჩემი მობილური, კორპორატიულ ნომერს არ ვგულისხმობ, ჩემმა ცოლმა აიღო და გაფორმებულიც მასზეა. ასე რომ, მე მხოლოდ ნომრის ოფიციალური მფლობელი დაგიდგინე, დანარჩენი შენ იცი.

დევი ფურცელს ჩააშტერდა და უცებ დაუსტვინა.

– ოჰო, ეს უკვე საინტერესოა, თანაც, ძალიან საინტერესო! შენ ვერც წარმოიდგენ, როგორ მომეხმარე. ჩათვალე, რომ ვალი მაქვს შენი.

– მართლა? მიხარია. რომ მოვკვდები, ჩემი გვამი არ გამოფატრო, კარგი?

დევიმ მსუბუქად წაარტყა ოპერს თავში:

– სხვა რამეზე იხუმრე, ჭკუის კოლოფო! წავედი ახლა და, ყავა რომ გამოგელევათ, შემატყობინეთ, მოგამარაგებთ.

***

მარიკამ აწკრიალებულ მობილურს დახედა და სწრაფად დააჭირა მწვანე ღილაკს თითი. დევის მოზეიმე ხმა ჰქონდა:

– მარუსია, შესანიშნავი ახალი ამბავი მაქვს შენთვის. როდის გაგახარო?

– როცა გინდა.

– ახლა სად ხარ?

– ახლა? – გოგომ კიბის ბოლო საფეხურები ჩაირბინა, – ახლა ქუჩაში. ანგარიში გამითავდა და ბარათის საყიდლად გამოვედი. ახლავე მოვალ, თემოსთან ხარ? უჰ, მინდოდა მეთქვა, ბატონ თემოსთან ხარ-მეთქი?

– ჩემთან ვარ. მოდი, ოღონდ, რამე საჭმელი წამოიღე, ძალიან მომშივდა. აქ ახლომახლო ყველაფერი დაკეტილია და, სიმართლე რომ გითხრა, გასვლაც მეზარება.

– სახლში უნდა მოვიდე? შენთან? მისამართი რომ არ ვიცი? – დაიბნა მარიკა.

– სახლში სხვა დროს დაგპატიჟებ, ახლა ჩემს აპარტამენტებში ვარ. მანდ ბიჭებს უთხარი და რომელიმე საპატრულო მანქანას გამოგაყოლებენ.

– ტაქსის ავიყვან.

– რასაც გეუბნები, ის გააკეთე! გამომძიებლის თანაშემწეები ტაქსით არ დადიან.

დევიმ ყურმილი დადო და შემობრუნდა. თემომ კითხვით სავსე მზერა მიაპყრო.

– მოვა. ჭკვიანი გოგოა, ეგრევე ხვდება ყველაფერს – კარგი ალღო აქვს. ნახე, ვისზე გავიდა?

– მოიცა, ეგ ჯერ კიდევ გასარკვევია, ვინ ვისზე გავიდა. თან, იქნებ, გვეშლება?

– თითქმის ყველაფერი ემთხვევა. რა გვეშლება?

თემომ მხრები აიჩეჩა:

– დამთხვევებიც ხომ არსებობს?

– რა თქმა უნდა, მაგას ვინ გამორიცხავს, მაგრამ, არ მგონია, ეს უბრალო დამთხვევა იყოს, აგერ ნახავ.

– ახვლედიანს რა უნდოდა? – თემო რაღაცაზე ჩაფიქრდა.

– იმას არაფერი, მე მინდოდა. ჰო, რა იყო? შევედი და დავუწყვე წინ ექსპერტიზის მასალები. არ უნდა ჩამეყენებინა საქმის კურსში?

პაპავამ ჩაიცინა.

– ტყუილად იცინი. სერიული მკვლელის იდეა შევუგდე. იცოცხლე, გავუჩინე საფიქრალი.

– როგორ არა, მოიკლავს თავს ფიქრით.

– შენ ეგრე გეგონოს. მარიკა ჰყავს თავისთან დაბარებული და, შეიძლება, სწორედ იმის გარკვევას ცდილობდა, რას ვაპირებთ.

დევი შემინულ კარადასთან მივიდა. ორი პატარა ჭიქა და შუშის  მოზრდილი კოლბა გამოიღო, რომელშიც მუქი ფერის სითხე ესხა, თემოსთან მივიდა და ცხვირწინ შეუნჯღრია.

– დალევ? ძალიან მაგარია.

– ეგ რა არის? – შიშით შეხედა თემომ ჭურჭელს.

– კონიაკია. შენ რა გეგონა? – სიცილი აუტყდა დევის.

– რა ვიცი, შენგან ყველაფერია მოსალოდნელი.

– საერთოდ ვერ ერკვევი მედიცინაში. ასეთი ფერის მხოლოდ შარდი შეიძლება იყოს. მკვდრები კი არ შარდავენ. ასე რომ, შეგიძლია, სიტყვაზე მენდო და დალიო.

– მშიერ კუჭზე კონიაკს ვერ დავლევ.

– სადღაც შოკოლადიც უნდა მქონდეს, – დევიმ კოლბა და ჭიქები სამუშაო იარაღების გვერდით, შუშის მაგიდაზე დააწყო და კარადის უჯრაში დაიწყო ქექვა.

– მოეშვი, თუ ღმერთი გწამს, არ მინდა! მეშინია, თითი ან ყური არ ამოათრიო უჯრიდან.

– ხუმრობ? კარგია, – დევიმ ნახევარი შოკოლადის ფილა მოზეიმე სახით შემართა, – ვიპოვე! მიდი, შეავსე ჭიქები. წუთი-წუთზე მარიკაც მოვა და ფენოვან ხაჭაპურებს მოგვიტანს.

თემომ ჭიქები შეავსო. თავისი ჭიქა ხელისგულზე დაიდო და მასში მოლივლივე სითხეს ჩააშტერდა:

– ესე იგი, შეაფიქრიანე... მერე რა, ბერაძის საქმეს ძიებაში მაინც არ დააბრუნებს.

– ვნახოთ, შეიძლება, დავაბრუნებინოთ კიდეც. ჩვენ ჩვენი ვცადოთ. ჩაიაროს სასამართლომ, მითქმა-მოთქმაც შეწყდეს და... პრინციპში, არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ სწორედ ის ქალია მკვლელი. ფსიქოლოგის დასკვნაც არ დევს საქმეში. ამ დრომდე იცდიდა, გაიგო, ცოლს რომ ირთავდა და შური იძია. შეიძლება, ამ ხნის განმავლობაში ჰქონდათ კიდეც ინტიმური ურთიერთობა, ანუ, საყვარლად ჰყავდა, რა!..

– მაგას უკვე სასამართლო გაარკვევს. ფაქტობრივად, გამოუძიებელი საქმე გადამაცემინეს.

– რა ქნან, საერთაშორისო სკანდალს მოერიდნენ.

– ესე იგი, კიდევ რაღაცას მალავენ. ყოველ შემთხვევაში, ცდილობენ, დამალონ. ვერ მოვისვენებ, სანამ ამ საქმეს ბოლომდე არ მივყვები. დევიძეს კიდევ უნდა დაველაპარაკო. აშკარად ერთ ადგილზე ბუქსაობს. ხომ იცი მაგისი ამბავი – რა ეჩქარება, რა!.. ამ ორი მკვლელობის ერთმანეთთან შეხების მეტი ფაქტები მჭირდება.

დევიმ კონიაკი მოსვა და თვალები მოჭუტა:

– მდაა: ადამიანის ორგანიზმი ძალიან საინტერესო მექანიზმია – ერთდროულად ურთულესი და უმარტივესი. შენ, რა თქმა უნდა, ეს არ გაღელვებს, მაგრამ, ნამდვილად სასარგებლო იქნებოდა, რაღაც-რაღაცეები გცოდნოდა და...

– შემარგე ახლა ეს კონიაკი – ჩაიბურტყუნა თემომ და კონიაკი მოწრუპა.

– მომისმინე, რაღაცას გეტყვი. სისხლი ერთი დღის განმავლობაში, ზუსტად 19 312 კილომეტრიან დისტანციას გადის.

– რა სისხლი? რას მეუბნები, ვერაფერი გავიგე.

– რატომ ვერ გაიგე? შენს სისხლზეა ლაპარაკი, ჩემს სისხლზე და, საერთოდ, სისხლზე, რა!

– ჰო?! საინტერესოა.

– არ დაგაინტერესა? კარგი, მაშინ, ის მაინც თუ იცი, რომ ნახევარი წლის განმავლობაში ნახევარ ტონა საჭმელს ნთქავ, შესაბამისად, ერთი წლის განმავლობაში კი, მთელ ტონა პროდუქტს ანადგურებ?!

– ამით რისი თქმა გინდა? – ჩასაფრებულივით ჰკითხა თემომ.

დევიმ წაუსტვინა:

– აუ, შენ რა გჭირს, ტო! მაგრად ხარ დაგრუზული და მინდა, ცოტა გაგართო. თან, ჩემს მთავარ სათქმელს ვუახლოვდები.

– რა სათქმელს?

– მომისმინე, რა ქნეს ბიჭებმა, იმ მესამე მკვლელის ვინაობა დაადგინეს?

– ჯერ არა, მუშაობენ. შენ ხომ არ გეცნობა?

– ისე, აქამდე უნდა ამოგეცნოთ თითების ანაბეჭდებით, ან მეზობლებისგან შეგროვილი ცნობებით.

– საქმეც ეგაა, – კონიაკი ბოლომდე გამოწრუპა თემომ და ჭიქა ხმაურით დადგა მინის მაგიდაზე, – ჰო, საქმეც ეგაა, რომ მეზობლებს წარმოდგენა არ აქვთ მასზე. რაც შეეხება თითების ანაბეჭდებს, ჩვენს კარტოთეკაში არ მოიძებნა.

– ანუ, ციდან ჩამოვარდა?

– რა გითხრა?!. რამდენიმე დღე უნდა მაცადო, მუშაობენ-მეთქი ბიჭები, – გაღიზიანდა თემო.

– მე კი გაცდი, – გაეღიმა დევის, – მეც გაცდი და, როგორც ვატყობ, არც ახვლედიანი იწუხებს დიდად თავს. ჰო, მართლა, იცოდი, რომ ადამიანის სხეულში ყველაზე ძლიერი კუნთი ენაა? წარმოგიდგენია? რამდენი რამ შეუძლია ამ პატარა ხორცის ნაჭერს... თანაც, მისი ანაბეჭდი ისეთივე უნიკალურია და ინდივიდუალური, როგორც თითების; პირში კი ზუსტად იმდენი ბაქტერია ბინადრობს, რამდენი ადამიანიც სახლობს ჩვენს პლანეტაზე, ან, შეიძლება, უფრო მეტიც, რაც შეეხება თმის ერთ ღერს, ის ვაშლის სიმძიმეს უძლებს. 

– დევი, გეყოფა, ცუდად ვარ. ანატომიის ლექციას მიტარებ?

– აბა, რას ამბობ, უბრალოდ „ეს საინტერესოას” გეთამაშები. ალბათ, ვერ ხვდები, ჩემს საქმეში ასეთ წვრილმანებს რამხელა მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, ადამიანის ტვინის წონით, მისი საშუალო ასაკის დადგენა შეიძლება. მთელი საიდუმლო კი ისაა, რომ, ასაკის მატებასთან ერთად, შენი ტვინი წონაში ნელ-ნელა იკლებს – ყოველწლიურად მსუბუქდება, რა! ეს უწყვეტი და შეუჩერებელი პროცესია.

– მერე? – თემო მიხვდა, რომ დევი თავის მთავარ სათქმელს მიუახლოვდა, – ჰე, ამოღერღე ახლა...

– ხომ უკვე მიხვდი, რისი თქმაც მინდა?

– რა მნიშვნელობა აქვს, მე რას მივხვდი, – აფეთქდა თემო, – ან ამხელა შესავალი რისთვის გინდოდა, პირდაპირ ვერ მეტყოდი, რომ მოკლულის ასაკი განსაზღვრე?

– ასეა და, მინდა გითხრა, არც ისეთი ახალგაზრდა აღმოჩნდა, როგორც ერთი შეხედვით გვეგონა. 60 წელსაა მიტანებული.

– შეუძლებელია! – აღმოხდა თემოს განცვიფრებით.

– თუ ტვინის წონას ვენდობით, ასეა. შეგიძლია, ბიჭებს უთხრა, ძებნის ასაკობრივი არეალი შეიცვალონ. ეტყობა, დიდი ეგოისტი ვინმე ბრძანდებოდა და განსაკუთრებით ზრუნავდა საკუთარ პერსონაზე. იმიტომაცაა ასე კარგად „შენახული“.

– ჰო, ორმოცდახუთ წელზე მეტს ვერაფრით მივცემდი... ვახოს უნდა დავურეკო.

– ასეა, ჩემო კარგო, აბა, შენ რა გგონია?! ყველაფრის ცოდნაა საჭირო და ხანდახან გაგანათლებ ხოლმე... სად არის ის გოგო ამდენ ხანს, მოვკვდი მშიერი,  – აწრიალდა დევი და საათზე დაიხედა.

***

ზეამ ნაზად შეუბერა სული ყავას და თითებს შორის გაჩრილი სიგარეტი ფრთხილად დადო საფერფლეზე.

– ამ ბოლო დროს ბევრს ვეწევი, შენ ასე არ ფიქრობ? – ჰკითხა დივანზე პირქვე ჩამხობილ ენცოს, რომელმაც მხოლოდ მხრები შეათამაშა პასუხად და გვერდი იბრუნა.

ზეამ ტუჩები გაბუსხა.

– ჰო, ასეა. ბევრს ვეწევი, იმიტომ, რომ შენთან ერთად მეც ვნერვიულობ. ძალიან გაგირთულდა დეპრესია. მესმის შენი, ანუ, ვცდილობ, მესმოდეს, მაგრამ, სიმართლე თუ გინდა, დიდად აღფრთოვანებულიც არ ვიყავი მაგ ტიპით. ვგრძნობდი, რომ რაღაც შარში იყო გახვეული.

– შენი იდიოტური მოსაზრებები არ მაინტერესებს! – ავად ჩაილაპარაკა ენცომ.

– ჰო, ვიცი. ახლა ცუდად ხარ, ნერვიულობ და გეშინია.

– მოკეტე!

– რას ნიშნავს მოკეტე? საყვარელო, მე ხომ შენი მეორე „მე” ვარ. ამიტომ, თითქმის ყველაფერი ვიცი, რასაც გრძნობ.

– არაფერიც არ იცი და ნერვებს ნუ მიშლი! – გაცეცხლდა ენცო და წამოხტა, – თუ გაჩუმება არ შეგიძლია, საერთოდ გადი ოთახიდან.

– სულ ტყუილად ბრაზობ და ნერვიულობ. აბა, რა გაცოფებს? გინდა, ჩემს კავშირებს დავატრიალებ და გავიგებ, რა ხდება მკვლელობასთან დაკავშირებით?

– გაჩერდი და ნუ ეჩრები იქ, სადაც არავინ არაფერს გეკითხება. გთხოვე, თავი დამანებე-მეთქი! მოთმინებას ვკარგავ და, შეიძლება, ძალიან ცუდად დაგიმთავრდეს ეს აქტიურობა.

– ჰო, მესმის... – თავისას არ იშლიდა ზეა, – ადამიანი მაღალგანვითარებული მატერიაა, სოციალურად ბევრად დამოკიდებული არსება და, შესაბამისად, ემოციურად დატვირთული. მე ხომ ფსიქოლოგიურზე ვსწავლობდი და ასეთ რაღაცეებში ვერკვევი. სიტყვა „ბედნიერება” ყოველთვის არ არის „სიმდიდრისა” და „წარმატების” ეკვივალენტი. ფსიქოლოგიური კომფორტის თვალსაზრისით, აჯობებს, ოპტიმისტურად იყო განწყობილი, ვიდრე პესიმისტურად და, საერთოდ...

– მოკეტე! – უყვირა ენცომ და პატარა ბალიში პირდაპირ თავში ესროლა. ზეამ ხელები გაასავსავა, – ეს უკვე ფსიქოზია, საყვარელო! სასწრაფოდ დამშვიდებას გირჩევ, მამი, თორემ, ნერვებს გაიფუჭებ.

– შენი ატანა დღითიდღე შეუძლებელი ხდება. უკვე ვფიქრობ, ცალკე ხომ არ გადავიდე საცხოვრებლად!

ზეას თვალები დაუმრგვალდა და ერთიანად გაწითლდა:

– არა, არა, ეგ არ გააკეთო, მაგას ნამდვილად ვეღარ გავუძლებ და გული გამისკდება! გეხვეწები, მეორედ აღარ თქვა!

– მაშინ, გაჩუმდი და ყავა მომიდუღე. ოღონდ, მე რომ მიყვარს, ისეთი – შაქარი არ დაინანო.

– საყვარელო, – გულზე მოეშვა ზეას, – როგორ მანერვიულე. ახლავე, ახლავე მოგიტან ყავას და, ბარემ, ჩემთვისაც მოვადუღებ. ეს უკვე გაცივდა, – ზეამ სიგარეტი აიღო და ოთახიდან დააპირა გასვლა. მაგრამ, ზღურბლთან მისული მაინც გაჩერდა და შემობრუნდა:

– ერთსაც გეტყვი... თუ რამე სერიოზული პრობლემა გაქვს, ისეთი, რომელიც მე არ ვიცი, აჯობებს, მითხრა – ერთად უფრო ადვილად მოვერევით, რადგან ჩვენ ერთნაირები ვართ. თანაც, ჩვენი არაკეთილმოსურნე ადამიანების გარემოცვაში ვიმყოფებით. კრიტიკულ მომენტშიც და ისეც, მარტო ერთმანეთი გვყავს და მხოლოდ ერთმანეთის იმედი შეიძლება გვქონდეს.

ენცომ სიგარეტის კოლოფისკენ გაიწოდა ხელი. ეტყობოდა, რომ მეგობრის სიტყვებმა დააფიქრა. ზეა ამან გაათამამა:

– არ ვიცი, შეიძლება, ვცდები, მაგრამ, მეჩვენება, რომ შენ სერიოზულად ეჭვიანობდი იმ ქალზე.

– იმ კახპას ნუ მიხსენებ, – გამოსცრა ენცომ, – ყველაფერი მაგ ლოთის ბრალია, ყველაფერი!

– ესე იგი, არ შევმცდარვარ, – ამოიოხრა ზეამ.

***

პიცის ყუთებით დატვირთულმა მარიკამ პროზექტურის კარი შეაღო და მადის აღმძვრელი სუნი შეიყოლა. უკან პარკებით დატვირთული ვახო მიჰყვა ფეხდაფეხ.

– ვაა! ესენი ნახე, რა! ხაჭაპური კი არა, იმდენი რამე მოიტანეს, მგონი, ვქეიფობთ. საიდან ამდენი?

ვახომ პარკები სკამზე დააწყო და ამოიხვნეშა:

– აი, შევხვდი და... შიაო... ძალიანო...

– დაჯექი, დაჯექი და სული მოითქვი. მარიშ, ვინ დაგაფინანსა, მამიკომ?

– ჰო, რაღაც მაგდაგვარი იყო, – პირდაპირ პასუხს თავი აარიდა მარიკამ, – პიცა ხომ გიყვართ? კიდევ, სალათები მოვიტანეთ და ვაშლის ღვეზელი...

დევიმ კმაყოფილებით მოიფშვნიტა ხელები:

– ვაჰ, ნაპოვნია, რა, ეს გოგო! ხომ გეუბნებოდი, გამოგვადგება-მეთქი. აბა, სად გავშალოთ სუფრა?

ვახომ შიშით დახედა ბეტონის მაგიდას:

– ოღონდ აქ არა, რა, თორემ, უკვე ცუდად ვარ.

– ნუ დარდობ, მაგიდას ცხელი წყლით ვრეცხავ ხოლმე. სისხლი კი აქვს ჩამჯდარი და ჩაჟანგდა კიდეც უკვე, მაგრამ, სუფთაა.

ვახო შესამჩნევად გაფითრდა.

– მორჩი რა, ჩემს ოპერს ნუ აშინებ. თანაც რა დროს სუფრის გაშლა და ქეიფია, სამუშაო გვაქვს.

– ჰო, მართლა! ბატონო თემურ, მნიშვნელოვანი ინფორმაცია მაქვს თქვენთვის – როგორც იქნა, გავარკვიეთ იმ გარდაცვლილის ვინაობა, ოღონდ, ერთი პრობლემაა.

– რა პრობლემა?

– ასაკი არ ემთხვევა, – ვახომ საქაღალდიდან რამდენიმე ფურცელი ამოიღო და პაპავას გაუწოდა, – თავად ნახეთ. ეს ტიპი სამოცი წლის მაინც იქნება. დღეს დილით შემოვიდა განცხადება, ვინმე გია ნოდიას დაკარგვის შესახებ – ცოლმა მოგვმართა. სამი დღის წინ უნდა დაბრუნებულიყო მივლინებიდან და, აღმოჩნდა, რომ იქ საერთოდ არ ჩასულა.

– მოიცა, მოიცა, ასე არ გამოვა! დაჯექი და დალაგებით მოყევი ყველაფერი, – პაპავამ ოპერს სკამზე მიუთითა და დევის მიუბრუნდა, – შენ კიდევ, კაბინეტი ხომ გაქვს, მარიკაც მოგეხმარება და, თუ რამეს აპირებ, იქ ქენი, რა! მე და ვახოც შემოგიერთდებით.

– ბარემ ახლავე შემოგვიერთდი, თორემ, მარიკასი არ ვიცი და, მე ისე მშია, ბევრს არაფერს დაგიტოვებთ. თან, ეგ ამბავიც მაინტერესებს. ბოლოს და ბოლოს, ასაკი ხომ მე გავარკვიე!

– ასაკის ამბავი? – ვახომ ცნობისმოყვარედ შეხედა დევის, – რა გაარკვიეთ?

– გეტყვით, მაგრამ, ჯერ შენგან მინდა გავიგო ყველაფერი.

– მოკლედ, ეგ გია ნოდია ბიზნესმენობს, ღვინის პატარა ქარხანა აქვს და ძირითადად უკრაინაში ყიდის თავის პროდუქციას. იქ მეგობართან ერთად აქვს ღვინის პატარა მაღაზია, თუ რაღაც მაგდაგვარი. ცოლი ჰყავს, ორი შვილი და ერთი შვილიშვილი. ერთი შეხედვით, წესიერი, კანონმორჩილი მოქალაქეა.

– ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, სწორედ ეგეთი „კანონმორჩილი” მოქალაქეები არიან ხოლმე, ორმაგი ცხოვრებით რომ ცხოვრობენ. მერე, რაო ცოლმა?

– რა ვიცი, ნორმალურად ვერაფერი გამაგებინა. ტიროდა.

– უთხარი, მკვდარი რომ ვიპოვეთ?

– არა. რა, უნდა მეთქვა?

– პირიქით, არ უნდა გეთქვა. მირჩევნია, მანამდე დავკითხო, სანამ ამ ამბავს გაიგებს. მერე დაიწყება ცრემლების ღვრა, ისტერიკები და ნორმალურ პასუხს ვერც ვეღირსები მისგან. შენ ხომ გაქვს მისი კოორდინატები?

– რა თქმა უნდა. ტელეფონის ნომერიც ჩავიწერე და ბინის მისამართიც. დავურეკო და ვუთხრა, განყოფილებაში მივიდეს?

– არა, – მირჩევნია, სახლში მივაკითხო.

ვახო შეყოყმანდა:

– კი მაგრამ, ბატონო თემო, ჩვენ ვისაც ვეძებთ, ის ორმოცდახუთი წლის არის, ეს კიდევ...

– ფოტო მოგიტანა მისმა ცოლმა?

– რა?! – ვერ მიხვდა ვახო.

– ფოტო ნახე-მეთქი, მაგ ტიპის?

– არა. აუ, ბატონო თემო, უნდა მომეთხოვა, ხომ? სულ გადამავიწყდა. ახლავე მოვაგვარებ მაგ საქმეს!..

– მოიცა, მოიცა, საჭირო არ არის. უფრო სწორად, საჩქარო არ არის. დევიმ უკვე დაადგინა, რომ მოკლული სამოცი წლის უნდა იყოს.

ვახომ მოწიწებით შეხედა პიცის კოლოფებით დატვირთულ ექსპერტს.

– ბატონო დევი, მაოცებთ. როგორ მოახერხეთ?

– ახლა რომ მე შენ ეგ მოგიყვე, საჭმელს საერთოდ ვეღარ შეჭამ და ცოდო ხარ, – გაეღიმა დევის.

მარიკამ ეჭვით დახედა დანას:

– ეს რა დანაა?

– დანაა, რა! – მხრები აიჩეჩა ექსპერტმა.

– შეიძლება პიცა დავჭრა?

– რა ვიცი, მე ძეხვს ვჭრი ხოლმე. მარიშ, იცი, გავიგე ვისია ის მობილურის ნომერი, შენთან დაახლოვებას რომ ცდილობს.

მარიკა დაიბნა:

– მართლა? საინტერესოა ვინმე?

– მერე როგორ! ის ქალი რა გვარია?

– რომელი ქალი?

– აი, ის ექსპერტი.

– ლომიძე, ია ლომიძე.

– ჰოდა, მობილურის ნომერი სწორედ მაგ ია ლომიძეზეა გაფორმებული.

– შეუძლებელია! – აღმოხდა მარიკას, – დარწმუნებული ხართ?

– ოფიციალურად ასეა. სავარაუდოდ, ეგ ბიჭი მისი ახლობელია, მაგრამ, როგორი ახლობელი, ეს ერთად უნდა გავარკვიოთ.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

 

скачать dle 11.3