რა შეიცვალა გურამ ლომიძის ცხოვრებაში ცხრა თვის წინ და ვის უმალავს ის პირად ცხოვრებას
ჯგუფ „ქუჩის ბიჭების” ერთ-ერთი წევრი, გურამ ლომიძე, უკვე რამდენიმე წელია, ჩიკაგოში ცხოვრობს. ის ამჯერად საქართველოშია და აქ რამდენიმე თვეს გაატარებს. ჩამოვიდა და დროს უქმად ნამდვილად არ კარგავს. მსმენელს ნამდვილად სასიამოვნო სიურპრიზი ელის – ძალიან მალე, ხუთწლიანი პაუზის შემდეგ, ჯგუფი „ქუჩის ბიჭები” ძველი შემადგენლობით ბრუნდება. ბიჭები ახალ სიმღერებზე მუშაობენ და, სავარაუდოდ ერთ-ერთ სიმღერაზე ვიდეოკლიპსაც გადაიღებენ.
გურამ ლომიძე: საქართველოში სულ რამდენიმე დღის წინ ჩამოვედი და დაახლოებით სამი თვე დავრჩები.
– ჩამოხვედი და მონატრებული საქმის კეთება, ანუ სიმღერების ჩაწერა დაიწყე?
– დიახ, ეს ასეა. სხვანაირად არც შეიძლება, იყოს, რადგან ორი წელია, აქ არ ვყოფილვარ და ამდენი ხანი სიმღერის გარეშე არსებობა ცოტა რთულია. ჩამოსვლის დღიდანვე ამ თემასთან დაკავშირებით დავიწყე მუშაობა, თან, საკმაოდ წარმატებულად.
– და, რას უმზადებ მსმენელს?
– შევედით სტუდიაში და სიმღერების ჩაწერა დავიწყეთ, რასაც დაახლოებით კვირა-ნახევარში მივაწვდით მსმენელს.
– ეს იქნება ჯგუფ „ქუჩის ბიჭების” სრული შემადგენლობა?
– დიახ, ეს ნამდვილად ასე იქნება – ჯგუფი „ქუჩის ბიჭები” სრული შემადგენლობით ბრუნდება.
– კლიპის გადაღებასაც ხომ არ გეგმავთ?
– სურვილი ნამდვილად გვაქვს. ვნახოთ.
– შენ უკვე რამდენიმე წელია, ჩიკაგოში ცხოვრობ, ზურაც წასულია ბოლო პერიოდი საქართველოდან, პიკასო საერთოდ აღარ იყო ჯგუფში. საინტერესოა, რამ გადაგაწყვეტინათ ჯგუფის განახლება?
– ალბათ, საქართველოს მუსიკალურმა დონემაც გადაგვაწყვეტინა, ერთად შეგვექმნა ახალი სიმღერები და, რაც მთავარია, ძლიერმა მონატრებამ.
– ამ პერიოდში ბევრი რამ მოხდა შენს ცხოვრებაში. ცხრა თვის წინ მეორე შვილის მამა გახდი – ამერიკაში ბიჭი შეგეძინა.
– ამ თემაზე არ ვლაპარაკობ.
– რატომ?
– არ არის საჭირო, კონფიდენციალურად დავტოვოთ. ეს ჩემი ამერიკული ცხოვრებაა.
– ამაზე ბევრი ლაპარაკობს. ამიტომ, მცირე ინფორმაცია მაინც გაგვანდე.
– ყველამ იცოდეს ისე, როგორც იცის.
– ნიკუშა რომ შეგეძინათ, საკმაოდ ახალგაზრდა იყავი. მას შემდეგ გავიდა დრო და ახლა ის უკვე მესამე კლასში გადადის. რა შეიცვალა შენში, როგორც მშობელში?
– უფრო პასუხისმგებლიანი გავხდი, მით უმეტეს, ნიკუშას მიმართ. როცა საქართველოში ვარ, მასთან დიდ დროს ვატარებ. ახლაც სწორედ მისი დაბადების დღისთვის ჩამოვედი და ეს დღე რესტორანში აღვნიშნეთ. ვერთობით... ამ დღეებში ბორჯომში წავალთ ერთად რამდენიმე დღით და ასე.
– ნიკუშამ როგორ მიიღო მისი ნახევარძმა, გაუხარდა?
– რასაკვირველია, გაუხარდა.
– ორი წელი საკმაოდ დიდი დროა. როგორი იყო შენი პირველი ემოცია, როცა საქართველოში ჩამოხვედი? რა მოგხვდა თვალში ყველაზე მეტად?
– დიდად ემოციური არ ვარ. პირველი, რაც თვალში მომხვდა, ეს გზების გადაკეთ-გადმოკეთებაა, ზოგან კარგად, ზოგან არასწორად და ასე შემდეგ. თავიდან ცოტა დავიბენი, ახლა კი ნელ-ნელა ვეჩვევი. ბევრი კარგი და ლამაზი გაკეთდა თბილისში, შეიცვალა, წესრიგი დამყარდა. ყოველ შემთხვევაში, ზედაპირულად ყველაფერი კარგად ჩანს, მაგრამ, ეს მიტინგები და არეულობები არ მომწონს.
– როგორია შენი ამერიკული ცხოვრება?
– ჩემი სამუშაო – მოგზაურობაა.
– რა მაგარი სამუშაო გქონია!
– ხშირად გადავადგილდები ხოლმე, მაგრამ, ძირითადი ადგილსამყოფელი მაინც ჩიკაგოა.
– შეიცვალა რამე შენში პიროვნულად?
– არ ვიცი, შეიძლება. ყოველ შემთხვევაში, მე ვერ ვამჩნევ, ისევ ისეთი ვარ, როგორც ვიყავი. ცოტა ჭაღარა შემერია.
– ერთი პერიოდი ჩიკაგოში ხმის ჩამწერ სტუდიაშიც მუშაობდი.
– ძირითადად პრაქტიკას გავდიოდი ხმის ჩამწერ სტუდიაში, ხმის რეჟისორად, მაგრამ, დაბალი შემოსავალი მქონდა და აღარ გავაგრძელე. ისევ ჩემს თავიდან დაწყებულ ბიზნესს მივყევი.
– რატომ დუმხარ ამერიკული პირადი ცხოვრების შესახებ?
– ვფიქრობ, არ არის საჭირო ყველამ იცოდეს.
– შენ გგონია, არავინ იცის?
– ყველამ იცის, რასაკვირველია, რადგან ყველას აქვს „ფეისბუქი”, სადაც ყველაფერი დევს და ვერაფერს დამალავ.
– მომავალში, ალბათ, დაოჯახებას აპირებ. შეიძლება, ეს არ იყოს შენი მეორე შვილის დედა და იყოს სხვა?
– იმედი მაქვს, აუცილებლად ვიპოვი ისეთ პიროვნებას, ვისთანაც ოჯახს შევქმნი და მთელ ცხოვრებას გავატარებ.
– როგორი უნდა იყოს შენი მეორე ნახევარი?
– რაც მთავარია, ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს – ეს ყველაზე მთავარი პრიორიტეტია.
– მმაჩის ბიუროს შემდეგ ეს ხშირ შემთხვევაში პირველი პრიორიტეტი აღარ არის ხოლმე, რადგან ბევრი გაუთვალისწინებელი პრობლემა იჩენს თავს.
– ამიტომ, ისეთი ადამიანი უნდა ვიპოვო, რომელიც ყველაფერს გამიგებს და მეც, ასევე, გავუგებ. ჩემს მეორე ნახევარს ჩემი ყველაფერი უნდა მოსწონდეს.
– როგორ ფიქრობ, რთულია შენთან ურთიერთობა, როგორც მეორე ნახევართან?
– არ მგონია. ყოველ შემთხვევაში ადამიანისთვის რომელიც მიყვარს – არა.
– ანუ, დამთმობი ხარ?
– ამას ნამდვილად ვერ ვიტყვი საკუთარ თავზე. როგორც სწორად მიმაჩნია, ყოველთვის ისე ვაკეთებ ყველაფერს.
– ზუსტად ასეთი გოგო რომ შეგხვდეს მერე?
– როცა ორი „პლუსია“, სწორედ მაშინ ინგრევა ოჯახები. იდეალური ურთიერთობა რომ ჩამოყალიბდეს, უმჯობესია, „პლუს-მინუსი“ იყოს.
– ხშირად გინანია?
– სიმართლე გითხრა, არა. ვფიქრობ, დასანანი არაფერი მაქვს. წარსულში რაც მოხდა, მას უკვე დიდად აღარ ვაქცევ ყურადღებას, რადგან მას ვეღარ შევცვლი.
– ყოველთვის აღწევ დასახულ მიზანს?
– გამონაკლისები არსებობს, თუმცა, ხშირ შემთხვევაში დასახულ მიზანს ყოველთვის ვაღწევ.
– როცა ხვდები, რომ დასახული მიზნის მიღწევაში ვიღაც ხელს გიშლის, ამ დროს რას აკეთებ?
– იგნორირებას. ნერვები არასდროს მღალატობს – ამ მხრივ ძალიან მშვიდი ვარ.
– როცა ადამიანი პოპულარულია, ხშირად, ნებსით თუ უნებლიეთ, ის სხვადასხვა სკანდალში ეხვევა. შენ როგორ ახერხებ ამის თავიდან აცილებას? ვთქვათ, თუნდაც, ჭორების.
– ვფიქრობ, ხალხი სწორად დაინახავს, ვინც ვარ და რაც ვარ, ამიტომ, ჭორები არ მაღელვებს. თუმცა, ქუჩურ ჩხუბში პირველი ვერეოდი ყოველთვის.
– ხშირად გიჩხუბია?
– ძალიან. ერთხელ დამჭრეს, ერთხელ მესროლეს, მაგრამ, ყველა ჩხუბში გადარჩენილი ვარ.
– „ქუჩის ბიჭებსაც” გიჩხუბიათ ერთად სხვებთან?
– ეს უფრო ადრე იყო, 25 წლის ზემოთ კი უკვე ნაკლებად – გავიზარდეთ და, ალბათ, მაგიტომ.
– მართალია, ჯგუფი „ქუჩის ბიჭები” წლების წინ პოპულარობის პიკში იყო, მაგრამ, მას შემდეგ, რაც დაიშალეთ და წლების განმავლობაში აღარ ჩანდით, არ არის გამორიცხული, რომ მსმენელს დაევიწყებინეთ. შენ რას იტყვი ამასთან დაკავშირებით? მას შემდეგ რაც ჩამოხვედი საქართველოში, გცნობს ხალხი თუ ვერა?
– სხვათა შორის, ხალხის ყურადღება ვიგრძენი, რაც ძალიან სასიამოვნოა. განსაკუთრებით ჩემი თაობა და ცოტა უმცროსი თაობა მცნობს. სადაც არ შევედი, იქნება ეს მაღაზია, ბანკი თუ სხვა დაწესებულება, ბევრგან სახელითაც მომმართეს და მივხვდი, რომ „ქუჩის ბიჭები” კიდევ არსებობს.
– ახლა ვის სიმღერას წერს ჯგუფი „ქუჩის ბიჭები“?
– ახლა ირაკლის სიმღერას ვწერთ. ყველა ჩვენი სიმღერა ქართულ ენაზეა შესრულებული. რამდენიმე სიმღერას ვაკეთებთ და მერე ავარჩევთ, პირველი რომელი გავიდეს რადიოში.