ლავრენტი ბერიას დღიურებიდან
ომში გამარჯვების ეიფორიამ ყველაფერი გადაფარა, თუმცა გავიდა არცთუ ისე დიდი დრო და აღმოჩნდა, რომ ომში გამარჯვებაზე არანაკლებ რთული იყო, დანგრეული და განადგურებული ქვეყნის ფეხზე დაყენება. ამ საქმეში მონაწილეობა, ისევ იმ ლიდერებს მოუწიათ და საოცარი წარმატებითაც გაართვეს თავი.
1947 წლის 2 იანვარი
მეორე ახალი წელია, ომის შემდეგ. წინა წელი ძალიან მძიმე გახლდათ. საშინელი შიმშილობა იყო ქვეყანაში, წელს უკეთესი მდგომარეობა გვაქვს. ხალხს სამუშაო ექნება და დასაქმდება. ბოროტი აზრები უსაქმურებს უფრო მოსდით. კარგია, რომ ჩვენი ძირითადი საფიქრალი და საქმიანობა მშვიდობიან საკითხებს ეხება. გაშლილია დიდი სამუშაო ფრონტი, რომელიც სამხედრო ფრონტზე ნაკლები არ არის. მთავარია ეკონომიკა წავწიოთ წინ და მერე – ყველაფერი დანარჩენი. ვსაუბრობდით კობასთან ერთად, რომ მოსკოვში მაღალი და ლამაზი სახლები უნდა აშენდეს, რომელიც ახალი მოსკოვის სახეს განსაზღვრავს. მან მითხრა, კარგი იქნება კრემლის გუმბათებს რომ ჰგავდესო. კიოლნის ტაძრის ანალოგის აშენებაზე ვუთხარი, კარგია, მაგრამ ჩვენ მაინც ჩვენი სტილი უნდა გვქონდეს-მეთქი.
სერგო (ბერიას ვაჟი) რეაქტიული ტექნიკითაა დაკავებული. მე მხარს ვუჭერ. ვხედავ, რომ ეს საქმე ეხერხება.
მალე დნეპრის ჰესს ავამუშავებთ. ჯერჯერობით ქვეყანაში შიმშილია, ალბათ, მაქსიმუმ, ორი წელი დაგვჭირდება. აღმშენებლობა გასაკვირი სისწრაფით მიდის, ადამიანები დროზე უნდა დაუბრუნდნენ ნორმალურ ცხოვრებას.
1947 წლის 8 მარტი
უსუსურ ინტელიგენტებს ბოლშევიკები კაციჭამიებად გამოჰყავთ, მაგრამ თვითონ მარტო გაკეთებული საქმის მოწონება ან არმოწონება შეუძლიათ, სხვა არაფერი. ჯოხისა და ძალის გარეშე, საქმე რომ კეთდებოდეს, მაგათზე მეტად ჩვენ გვინდა ეს. 300 წლის განმავლობაში რუსეთში მეფეებმა ვერ გააკეთეს ის, რისი გაკეთებაც ჩვენ 30 წელიწადში შევძელით. ყველას ვერ გახდი პასუხისმგებელ ადამიანად, მით უმეტეს, მოკლე დროში.
ყველანაირ ხალხს შევხვედრივარ. ვიღაც ბრძენს უთქვამს, ცხოვრება უფრო მძიმე იქნებოდა, რომ არა ძაღლის პატიოსნებით აღსავსე თვალებიო. სისულელეა, ცხოველები ყველას გვიყვარს, მაგრამ ყველაზე პატიოსანი ადამიანის თვალებია.
1947 წლის 8 სექტემბერი
საფუძველი ჩავუყარეთ მაღლივ სახლებს, მოსკოვის 800 წლისთავთან დაკავშირებით. კობა ისვენებს, არ ჩამოსულა. ამდენი ხანი, არ მახსოვს, როდისმე დაესვენოს. თუმცა, არც იქ მოასვენებენ. სახლების საძირკველში სამახსოვრო ფილები ჩავდეთ. მალე სწრაფი ტემპებით დაიწყება მშენებლობა. ეს სახლები ჩემი და კობას შვილობილებია. ერთად ვმსჯელობდით ხოლმე და მიჯერებდა. ერთხელ იხუმრა კიდეც, პოლიტბიუროში ბერია ერთადერთი არქიტექტორია და ყველა კარტი უნდა მივცეთ ხელშიო. კარტი არ მინდა, ნახაზები მინდა-მეთქი, ვთქვი. ზუსტად ეგ ვიგულისხმეო, – მიპასუხა კობამ.
გავისეირნეთ ამხანაგებთან ერთად, მოსკოვის მშენებარე ობიექტები დავათვალიერეთ, მერე ტყეში წავედით, რუსული ტყე ძალიან არ მიყვარს, ჩვენი მთები ჯობია, მაგრამ შემოდგომით აქაც ლამაზია.
1947 წლის 26 დეკემბერი
ძალიან გასუქდნენ ეს ჩინოვნიკები. ამ მუდაკმა ეგოროვმა (კრემლის სამკურნალო სანიტარული სამმართველოს უფროსი) ისიც გაბედა, რომ ჩემი აკადემიკოსები მოხსნა აღრიცხვიდან. რა გამოდის, იგორ კურჩატოვი და მოხუცი ხლოპინი (რადიოტექნიკოსი, აკადემიკოსი) არ უნდა იყვნენ მზრუნველობის ქვეშ და თავის ბოზებს კარგად მკურნალობენ? მე ვიცი, როგორც მოვიქცევი, კობას გარეშე არ მინდა ზომების მიღება.
ძალიან მომრავლდნენ ღორიშვილები და ჩლუნგები. ყველა დასახვრეტია. ქვეყანას მაგათგან არავითარი სარგებელი არ აქვს, მაგრამ, ამას კოდექსი არ ითვალისწინებს – მუხლი არ არის, დანაშაულად არ ითვლება. ყველას უმიზეზოდ სამსახურებიდან გაყრაც არ გამოდის, არა უშავს ჩემს აკადემიკოსებს მაინც არავის დავაჩაგვრინებ.
1948 წლის 10 აპრილი
49 წლის შევსრულდი, დღიურში ყოველდღე ვერ ვაკეთებ ჩანაწერებს და არც არის საჭირო. ხანდახან მინდა, ვინმეს გულახდილად ველაპარაკო. ვის ველაპარაკო, თუ არა საკუთარ თავს? სერგოს თავისი ახალგაზრდული ცხოვრება აქვს, ნინოს თავისი ქალური ამბები.
შარშან მოვახერხე შვებულებაში გაძრომა, თბილისიდან მეგობრებიც ჩამოვიყვანე და სათევზაოდ წავედით. ყველა შინაური იყო. თბილისელი სტუმრების გარდა, აქაურებიც დავპატიჟე ორდინცევი (ბერიას თანაშემწე) და სარქისოვი (ბერიას პირადი დაცვის უფროსი). თუმცა, სარქისოვი რა აქაურია, ისიც თბილისელია. ვეჩხუბე, უხას თავი დაანებე, შენ მაგისი რა გესმის, ჯობია, მწვადს მიხედო-მეთქი და ბავშვივით ეწყინა. ბევრი დავლიეთ. ასეთ წუთებში შეიძლება, მთელი წლის დაღლა აინაზღაურო, მაგრამ რამდენია ასეთი წუთი?
ერთი თვეა, კობამ ოფიციალური მიღებები შეწყვიტა, არ მომწონს, დაღლილი გამომეტყველება აქვს, არადა მალე მორიგი დგომა უწევს ტრიბუნაზე. პირველი მაისი ტრადიციულ დღესასწაულად დამკვიდრდა, შეიძლება, ღირდეს კიდეც.
ორმა ამერიკელმა გამოაქვეყნა სტატია – „როდის ექნება რუსეთს ატომური ბომბი?“ კობამ წაიკითხა, თვალი თვალში გამიყარა და მკითხა – როდის ექნება ატომური ბომბი რუსეთს, ამხანაგო ბერია? იმაზე გაცილებით ადრე, ვიდრე ეს ჩასვრილი ამერიკელები წერენ-მეთქი, ვუთხარი. გაეცინა და გადამეხვია – აბა, შენ იცი, პატივისცემა ჩემზე იყოსო. მიდი, მიდი, შეუბერე, ჰო იცი, როგორ გვეჩქარებაო.
1949 წლის 17 ივნისი
პოლიტბიუროზე მოსკოვის რეკონსტრუქციის 25-წლიანი გეგმა განვიხილეთ. გეგმა ქალაქის პარტიულმა ხელმძღვანელმა, პოპოვმა წარადგინა. კობამ შემნიშნა, რომ უკმაყოფილო ვიყავი. ჩემთვის არაფერი უკითხავს, ისე თქვა, 25 წელი ბევრია, ყველაფრის გათვალისწინება შეუძლებელია, 10 წელი იყოს. სახლები მრავალსართულიანი უნდა გავითვალისწინოთ – 8-10 და ზოგ შემთხვევაში 14-იანიც. პოპოვი ამბობს, ჩვენ ხუთსართულიანი სახლების მშენებლობას ვფიქრობთ. ამ შემთხვევაში არც ლიფტები იქნება საჭირო და გაცილებით უფრო ეკონომიურიაო. თავი ვერ შევიკავე, ავდექი და ვთქვი, რომ მოსკოვი დედაქალაქია და არ შეიძლება, უაზროდ გაფართოვდეს, ის თანამედროვე და ლამაზი უნდა იყოს-მეთქი. სტალინს ყველაზე ძალიან სამრეწველო ობიექტების მოსკოვიდან გატანის იდეა მოეწონა. გადაწყდა: გეგმა 10-წლიანი იქნება.
1949 წლის 1 ნოემბერი
ატომური ბომბისთვის ამხანაგი სტალინისგან ლენინის ორდენითა და საპატიო სიგელით დავჯილდოვდი. სპეციალური მადლობა გამომიცხადა პოლიტბიურომ. ჯილდოებისთვის არ ვმუშაობთ, მაგრამ საწყენია, შეეძლო, მეორე ვარსკვლავის მოცემაც, მხოლოდ მადლობა ცუდი სტიმულია. ხან იცის დაფასება სტალინმა, ხან – არა, მე კი ვიცი, რომ მეტის გაკეთებას შევძლებდი, უფრო დამოუკიდებლად მოქმედების საშუალება რომ მქონდეს. საწყენია.
1949 წლის 14 დეკემბერი
კობამ ჩამოსვლა დაიგვიანა. ჩამოსვლისთანავე, ხრუშჩოვი მოსკოვის ქალაქკომის მდივნად დანიშნა. ნიკიტა ისევ მოსკოვშია. ჩემგან განსხვავებით, უყვარს სტალინს ეს კაცი – ეხერხება, იცის, როგორ შეუძვრეს. რა ვქნა, მომიწევს მასთან ერთად მუშაობა, მინდა ეს, თუ არა. ეშლება კობას, მე კი ადამიანებში იშვიათად ვცდები.
1950 წლის 16 ივლისი
ჩემზე ამბობენ ბევრს იგინებაო – როდის როგორ. ჩემს აკადემიკოსებთან ძალიანაც თავაზიანი ვარ, პირიქით, დელიკატურობის მაგალითს ვიძლევი. ჩემი თავგასიებული ჩეკისტების საქმე, რომლებიც ყველაზე ძალიან მიყვარს, ჩემზე კარგად არავინ იცის. სამინისტროს ნახევარ თანამშრომლებს კულტურული საუბარი ესმით, მეორე ნახევართან კი გინების გარეშე არაფერი გამოვა. სჭირდებათ და უყვართ კიდეც გინება. გინების შემდეგ გმირულად იქცევიან. ეს ომმაც დაამტკიცა და მშვიდობიან დროშიც ასეა.
***
ამ თითქოსდა ჩვეულებრივ, უბრალო ჩანაწერებში, ყველაფერთან ერთად, ისიც ჩანს, რომ სტალინმა და ბერიამ გიგანტური შრომა გასწიეს რუსეთისთვის, ფეხზე დააყენეს არანორმალური ქვეყანა. მოსკოვიც კი ქართველების აშენებულია და როდის ექნებოდათ ატომური იარაღი ბერიას გარეშე, არავინ იცის.