როდის წვავს ავტომობილი მეტ საწვავს
მუდმივად მიმდინარეობს დავა იმაზე, თუ რა ტიპის სიჩქარეთა კოლოფით აღჭურვილი ავტომობილია უკეთესი, რომელს მეტი გამძლეობა აქვს – მექანიკურს თუ ავტომატურს. თუმცა, გარდა ამ ორი სახეობისა, არის სისტემები, ერთდროულად მექანიკური კოლოფიც რომ არის და ავტომატურიც.
მევლუდ მელაძე: სისტემურად და ტექნიკური თვალსაზრისით, სიჩქარეთა მექანიკური და ავტომატური მართვის კოლოფები აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისგან და განსხვავებულ მოპყრობასაც საჭიროებს. იშვიათაია შემთხვევები, როდესაც მწარმოებელს ორივე ტიპის მანქანა ერთნაირად სუსტი ან გამძლე ჰქონდეს. თავიდანვე ხაზი უნდა გავუსვა, რომ „მერსედესის” ავტომატურ კოლოფს, ვერც ერთი მწარმოებელი ვერ გაუტოლდება სიძლიერით, როგორც არ უნდა იტრაბახოს და თუნდაც ეს იაპონური ბრენდები იყოს. ამას ვამბობ, არა მხოლოდ გამძლეობაზე, არამედ სისწრაფეზეც. ვგულისხმობ, სტარტის დროს, სწრაფ დაძვრას, რაც ცნობილია, რომ თითქმის ყველა ავტომატური კოლოფით აღჭურვილ მანქანას უჭირს. ისეთი სიმძიმის მანქანაც კი, როგორიც „ეს” კლასის „მერსედესია”, სტარტზე მისი გასწრება ბევრ სწრაფ მოდელს უჭირს. სანამ ძრავა ბრუნსა და სიმძლავრეს განავითარებს, ავტომატს სისწრაფის აკრეფვა უჭირს. მაგრამ, „მერსედესის“ შემთხვევაში, ეს გამორიცხულია, ის უბადლოა. გადაცემათა რიცხვების ზუსტი გათვლა და ძრავის სიმძლავრის სწორად გამოყენება არის ის მიზეზები, რის ხარჯზეც „მერსედესმა“ ასეთი სრულყოფილი ავტომატური კოლოფი შექმნა.
– რაც შეეხება სიძლიერეს და არა სისწრაფეს.
– ავტომატი ეს ისეთი შემთხვევაა, როდესაც დეტალების ჯამმა ტვინის ფუნქცია უნდა შეასრულოს. ანუ, მან უნდა გადაწყვიტოს, როდის რა სიჩქარეა საჭირო და შეცვალოს ის – მოუმატოს ან დააკლოს. ეს გადაწყვეტილება კი დეტალების ერთმანეთთან თანხვედრამ უნდა მიაღებინოს. სწორედ ამიტომ სიჩქარეთა კოლოფის შიგნით ბევრი წვრილი და მსხვილი ნახვრეტია, რომელსაც ზეთის წნევა აწვება. მათი გამტარობა იწვევს იმას, რომ ავტომატი ხვდება, რა უნდა მოიმოქმედოს. მოდების ფუნქციას კი ბევრი რკინის ფირფიტა ითავსებს, რომელიც სიჩქარეთა კოლოფის ზეთში ცურავს. იმისდა მიხედვით, თუ რამხელა დატვირთვა მოდის მასზე, მოდების კოეფიციენტიც იმატებს, ან იკლებს. აქედან გამომდინარე, ალბათ, თავადაც მიხვდით, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს სპეციალურ ზეთს იმისთვის, რომ „ტვინმა” კარგად იმუშაოს და დეტალები არ დაზიანდეს. რადგან ავტომატში ზეთის შეცვლის შემდეგ პრობლემები ხშირად ჩნდებოდა, ზეთის უხარისხობის გამო ზოგიერთმა მწარმოებლებმა ისე გააკეთეს, რომ მათ ავტომატში, თუ რამე დაზიანება არ მოხდა, ზეთი საერთოდ არ შეიცვალოს. მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებით, მათ ისეთი ტიპის ზეთი მიიღეს, რომელიც ამ სისტემაში მუშაობით თავის თვისებებს არ კარგავს და ერთ ავტომობილს „სიცოცხლის“ განმავლობაში ჰყოფნის; ანუ, თუ სიჩქარეთა კოლოფს არ დავაზიანებთ, ზეთი არ უნდა შეცვალოთ.
– რას ნიშნავს „ესემჯი” სისტემა?
– საკითხი დადგა, რომ შეექმნათ ისეთი სისტემა, რომელიც ავტომატური იქნებოდა და თან, მექანიკას მიუახლოვდებოდა. ანუ, მექანიკური მოწყობილობა მოდებას თიშავდა და საშუალებას აძლევდა ავტომატს, სიჩქარე შეეცვალა. სიჩქარეთა კოლოფი ამ ავტომობილებში მექანიკურია და ის მხოლოდ რაღაც დამატებითი ავტომატური მოწყობილობაა, რომელიც მექანიკური კოლოფის მიხედვით მუშაობს, თითქოს მოდების პედალს ვაჭერთ ფეხს. ამით მაქსიმალურად დახვეწეს და გაამარტივეს სიჩქარეების შეცვლა. ეს სისტემა „ფორმულა ერთზეც“ კი გამოსცადეს. მისი შექმნის მიზეზი იყო შემდეგი: ძლიერი ძრავებით აღჭურვილ ავტომობილებში, შედარებით იოლად ფუჭდებოდა ის დეტალები, რომლებიც მოდების ფუნქციას ასრულებდა.
– რომელი მარკის მოდელებს აქვს ყველაზე სუსტი სიჩქარეთა ავტომატური გადართვის კოლოფი?
– ამ შემთხვევაშიც, ისევე როგორც მექანიკურში, ფრანგი მწარმოებლები მოისუსტებენ. მიუხედავად იმისა, რომ იაპონურ დეტალებს იყენებენ, კორეული მარკის ავტომატები მაინც არ ვარგა. თუ „ჰიუნდაიზე”, „დეუზე” ან სხვა კორეული მოდელის ყიდვაზე მიდგა საქმე, უმჯობესია, მექანიკური შეიძინოთ. ავტომატების პრაქტიკულ გამოყენებაში დიდი გამოცდილება აქვთ ამერიკელებს. იქ თითქმის ყველა ასეთი ტიპის მანქანით დადის. ჯერ ერთი, რომ სულ საცობებია და ეს პრობლემა უკვე ჩვენთანაც დგას.
– რატომ მოიხმარს ავტომატური კოლოფით აღჭურვილი ავტომობილი მეტ საწვავს?
– რადგან მას საკუთარ თავზე აქვს აღებული ფუნქციები. თუ მექანიკურით ნელა მივდივართ, შეგვიძლია, მეხუთე სიჩქარეში ჩავაგდოთ და ნაკლები საწვავი დავწვათ. ავტომატის შემთხვევაში კი, სიჩქარე ვარდება, რადგან ის წყვეტს, რომ ამ სიჩქარეზე მეხუთე არ გჭირდება. ამიტომ თავიდან ავითარებს ბრუნს და მეტ საწვავს წვავს.