რა შემზარავი სიკვდილით გარდაეცვალა დედას ცამეტი წლის ნანატრი შვილი და რა მახე დაუგო მას ცხოვრებამ სიყვარულის გამო
როდესაც ორი ადამიანი ერთმანეთს ხვდება და მათ შორის სიყვარულის ძაფი უსიტყვოდ იბმება, ეს დიდი სიხარულისა და ბედნიერების ნიშანიაო, ასე ამბობენ. მაგრამ, როცა წლების შემდეგ, მათ ცხოვრებაში ტრაგიკული მომენტები დგება, მათი ცხოვრება ჯოჯოხეთს ემსგავსება და ამბობენ, ნეტავ, საერთოდ არ გადაკვეთილიყო ჩვენი ბედის გზებიო. რას ვიზამთ, წინასწარ ვერაფერს გავთვლით. ჩვენ ხომ ადამიანები ვართ და დიდი სიხარულიც უნდა გავიზიაროთ და დიდ ტრაგედიასაც გავუძლოთ. სხვა რა გზაა?!
დღევანდელი რუბრიკის სტუმარი, მაია, ცხოვრებამ სასტიკად დასაჯა. მისი მომავალი თითქმის განწირულია და მიაჩნია, რომ ბედნიერება მხოლოდ რჩეულთა ხვედრია. უბრალო ადამიანებისთვის კი ის, უბრალოდ, მიუწვდომელია. თუ რატომ ფიქრობს ის ასე, რატომ იქცა მისი, ერთი შეხედვით, ბედნიერი ცხოვრება საყვარელი მამაკაცის გვერდით საშინელ ტკივილად და რა განსაცდელი არგუნა ბედის ვარსკვლავმა, ამაზე თავად გვესაუბრება.
მაია: რომ ამბობენ, უბედურ ვარსკვლავზეა გაჩენილიო, ეს მე ვარ. არ მინდა, წუწუნით ვინმეს თავი მოვაბეზრო, მით უმეტეს, ჩემი ტრაგედიის მერე, სიჩუმე მირჩევნია. ხშირად დღეები გადის, ხმას არავის ვცემ და ასე ჩუმად დავლასლასებ. მაგრამ, ახლა მინდა, ჩემი ამბავი გიამბოთ. მერე, ეს ამბავი დაწეროთ და ხალხმა იცოდეს, რომ არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც ცხოვრება ერთი დიდი კოშმარია, მაგრამ არ ბოროტდებიან, სხვებისთვის მაინც სიკეთე უნდათ. არც იმას ითხოვენ ამ ცოდვილ დედამიწაზე, რაც მათი არ არის.
– მაია, მესმის ძალიან ძნელია, თქვენთვის საკუთარი ამბის მოყოლა და ვხედავ, ახლაც ძალიან განიცდით, მაგრამ, იქნებ, ცოტა შორიდან დავიწყოთ?
– ნება თქვენია. ეს ამბავი დაახლოებით, ოცი წლის წინ მოხდა. მოკლედ, 16 წლის ვიყავი, როდესაც გათხოვება გადავწყვიტე. მალხაზი, მაშინ 23 წლის იყო. მე სკოლაში ვსწავლობდი, ის კი სტუდენტი გახლდათ. კახეთის ერთ-ერთი სოფლიდან იყო ჩამოსული. ერთი შეხედვითაც ჩანდა, რომ ქალაქელს არ ჰგავდა, მე კი საკმაოდ გამოსული, ცნობილი ოჯახის შვილი ვიყავი. ამის გამო, სულაც არ დამიწუნია ის და როცა შეყვარებულები ვიყავით, ყველგან დამყავდა. მართალია, დაქალები მეუბნებოდნენ, არ გრცხვენია, გოგო, შეხედავ, კარგი ბიჭია, მაღალი, წარმოსადეგი, მაგრამ, პირს რომ გააღებს და დაილაპარაკებს, დაფრთხება კაციო. მათ არ ესმოდათ ის, რასაც მის მიმართ განვიცდიდი. მერე რა, რომ სოფლიდან იყო, მისნაირი შეგნებული, მერწმუნეთ, ცოტა თუა ამ დუნიაზე. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩემმა მშობლებმა გაიგეს მისი არსებობა და ისეთი დღე დამაწიეს, მტრისას. სახლიდან აღარ მიშვებდნენ, სულ მაკონტროლებდნენ. ახლა რომ არის მობილური და კომპიუტერი, მაშინ სად იყო.
– მალხაზი, შენმა მშობლებმა მხოლოდ იმის გამო დაიწუნეს რომ თბილისელი არ იყო?
– სწორად მიხვდით, არა მარტო მაგის გამო. ის წარმოშობით ოსი იყო. მე ახვლედიანის ქალი გახლავართ და ხომ წარმოგიდგენიათ, ჩემს ოჯახში რა მოხდებოდა? მე კი სულაც არ მანაღვლებდა, რას მეტყოდნენ ჩემები. ერთ დღესაც დავკარი ფეხი და ცოლად გავყევი. რასაკვირველია, მალხაზის ოჯახმა თბილად მიმიღო, მაგრამ ჩემები გადაირივნენ. მე სკოლა მივატოვე, მალხაზი კი ბოლო კურსზე იყო და სწავლა რომ დაამთავრა, მასთან, სოფელში წავედით საცხოვრებლად.
– აქ სად ცხოვრობდით ახალდაქორწინებულები?
– სად და, მიწურში. ისეთ ოთახში ვიყავით, სადაც მხოლოდ ერთი საწოლი, პატარა მაგიდა და ორი სკამი ეტეოდა. ოთხი კიბით ჩადიოდი ოთახში და შუქი რომ არ აგენთო, ვერაფერს დაინახავდი დღისითაც კი. მოკლედ, მასთან სოფელში გადავსახლდით. სიმართლე რომ გითხრათ, ცოტა გამიჭირდა, ასე ყველაფრისა და ყველას მიტოვება. მაგრამ, ხელს მიწყობდნენ, მაფოფინებდნენ და ამ ყველაფერს მატანინებდნენ. არადა, რას მივხვდებოდი, თუ ცხოვრება მახეს კიდევ ბევრჯერ დამიგებდა და საბოლოოდ, ისე გამხვევდა შიგ, რომ თავ-ბედს დავიწყევლიდი.
– ამის შემდეგ რა მოხდა ასეთი?
– მთელი თორმეტი წელი, შვილი არ გამიჩნდა. თუკი სადმე ექიმი იყო, მოვიარეთ მე და მალხაზმა. დედამისი ხელს მიწყობდა, გვერდში მედგა, არაფერს მაგრძნობინებდა. მეუბნებოდა, მერე რა, შვილო, არ დაყარო ფარ-ხმალი, ისე გიყვართ შენ და ჩემს მახოს ერთმანეთი, აუცილებლად გახდებით შვილის ღირსებიო. ნეტავ, სულაც არ გამჩენოდა შვილი და ახლა ვიტყოდი, ბედნიერი ვარ-მეთქი.
– ვერ მივხვდი, რას ამბობთ. ჯერ თქვით შვილი არ მიჩნდებოდაო, ახლა კი ამბობთ, ნეტა, დედობის ღირსი არ გავმხდარიყავიო. ეს როგორ გავიგო?
– ზუსტად, მეცამეტე წელს დავორსულდი. კი ამბობენ, ეს რიცხვი თარსიაო, მაგრამ ჩემთვის მაშინ ისეთი ბედნიერი იყო, ვერ გეტყვით. ცხრა თვის შემდეგ კი, ისეთი გოგონა მეყოლა... ისეთი ლამაზი... თეთრი... პუნტულა... ჩემი ქმარი მეცხრე ცაზე დაფრინავდა. ამდენი ხნის განმავლობაში რომ არაფერი მითხოვია ჩემი მშობლებისთვის, ვთხოვე, ჩემს ძმას მოჰკიდეთ ხელი და ჩამოდით, ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა ნახოთ, სად ვცხოვრობ, როგორ გამოვიცვალე, რა შვილიშვილი გყავთ-მეთქი. დედაჩემმა ისეთი მომაწყევლა ყურმილში, გავშრი.
– ასეთი რა გითხრათ?
– ღმერთმა არ გაგიზარდოს, მაგ ოსის ნაბუშარი, ეგ ერთი მაშხალა აკლდა ჯოჯოხეთს და მოევლინაო. აი, ასე მითხრა სწორედ. გული დამწყდა კი არა, გავგიჟდი. მთელი ცამეტი წელი რომ ელოდები ბავშვს და ასე დაგიწყევლის საკუთარი დედა, რა ჭკუაზე დადგები? ჩემმა დედამთილმა და ქმარმა გადამატანინეს ეს ყველაფერი და ჩემს ელენიკოს რომ დავინახავდი, ხომ სულ არავინ მახსოვდა დედამიწის ზურგზე. მას ბებიის სახელი დავარქვი, ანუ ჩემი დედამთილის. ერთ დღესაც, რაიონში წავედით მე და მახო, პროდუქტი უნდა შეგვეძინა. ბავშვი ხუთი თვის იყო და ბებიასთან დავტოვეთ. ზამთარი იყო, ყინავდა. სახლში შეშის ღუმელი გვედგა. არ მეშინოდა, რადგან ელენიკო ჯერ იმ ასაკში არ იყო, ეფორთხა ან ფეხზე გაევლო და მასთან ახლოს მისულიყო. ბებიამისს რომ დავუტოვეთ, გვითხრა, დარდი არ გქონდეთ, შვილო, ხელში მეჭირება, არაფერს გავაკეთებ, რომ ყურადღება არ მოვაკლოო. ერთი სიტყვით, დამშვიდებული წავედი. ბებიას უფიქრია, სანამ მოვლენ, ბავშვს დავბან და დავაძინებო. ღუმელზე წყალი გაუცხელებია და შიშველი ბავშვი ტაშტში ჩაუსვამს საბანაოდ. ბანაობისას წყალი ცოტა შეგრილებულა და უფიქრია, არ გამიცივდეს ბავშვიო. ამდგარა და ტაშტი ბავშვიანად ღუმელზე შემოუდგამს. ეტყობა, იფიქრა, ცოტა რომ გათბება გადმოვდგამო. ამ დროს ცუდად გამხდარა. წნევიანი იყო და ეტყობა, სიცხემ იმოქმედა. თანაც, გადაღლილი იქნებოდა ბავშვის ხელში ჭერით. გადავარდნილა და მომკვდარა.
– ამ დროს ბავშვი ისევ ღუმელზე იყო?
– (ტირის). დიახ, და რომ მოვედით, მე და მახო, მტრისას, იქ სანახაობა, დაგვხვდა. წყალი დუღდა და ბავშვი მთლიანად ჩახარშული იყო, ბებიამისი კი იქვე ეგდო გაშავებული. ეს ამბავი მთელ კახეთში დღესაც სალაპარაკოა. ჩემი ასეთი ტრაგედია რომ გაიგეს, მაშინ კი ჩამოვიდნენ ჩემები, მაგრამ მე აღარ მივიღე და ეზოდან გავყარე. დღესაც ვფიქრობ, დედაჩემის წყევლა მომეწია, ალბათ, თორემ ჩემს ბედნიერ ოჯახს რა გააუბედურებდა.
– დღეს თქვენს მეუღლესთან ცხოვრობთ ისევ?
– არა, ახლა მარტო ვცხოვრობ, თბილისში, ნაქირავებ ბინაში. ამ ტრაგედიის მერე, მახო და მე იმ სახლში ვეღარ გავჩერდით. მან ვლადიკავკაზში გადაწყვიტა წასვლა. იქ ნათესავები ჰყავდა, მე კი არ გავყევი. ჩემთვის ყველაზე ძვირფასი არსების ძვლები ამ მიწას მივაბარე და მას ვერ დავტოვებდი.
– ახლა, რითი ირჩენთ თავს?
– მაღაზიაში გამყიდვლად ვმუშაობ და როგორც კი ხელფასს ავიღებ და მეწყვილეს გადავაბარებ საქონელს, მაშინვე სოფელში გავრბივარ შვილის საფლავზე. მიმაქვს მისთვის კანფეტები, შოკოლადები, ფერადი ბუშტები და სასაფლაოზე ვტოვებ. მერე ისევ უკან ვბრუნდები და გული ისევ იქ მრჩება, სადაც ჩემი ცხოვრება დავმარხე.