როდის კარგავს ძაღლის ბეწვი ბზინვარებას და რატომ უჩნდება მას ქერტლი
ზაფხულის დადგომასთან ერთად, არაერთი სეზონური საფრთხე იჩენს თავს, მათ შორის რწყილებისა და ტკიპების პრობლემაც. პროფილაქტიკისთვის არსებობს არაერთი საშუალება, რომელიც თქვენს ძაღლს ტკიპებისა და რწყილებისგან დაიცავს. ამ და სხვა საინტერესო თემების შესახებ, გვესაუბრება ძაღლსაშენ „ბოდიგარდ ლენდის” ხელმძღვანელი ბექა მეტრეველი.
– რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ზაფხულის პერიოდში ცხოველებს პრობლემები არ შეექმნათ? რა რჩევებს მისცემთ მათ პატრონებს?
– ზაფხულის პერიოდში პირველი პრობლემაა რწყილები და ტკიპები. ეს არის ამ სეზონის ძირითადი პრობლემა, რომლისგან თავის დაცვა არცთუ ისე მარტივია. თუმცა, არსებობს მარტივი ხერხებიც. სასურველია, უპირველესად, ძაღლი კარგად აბანაოთ. ნაბანავებმა ძაღლმა სამი დღის განმავლობაში უნდა აღიდგინოს კანის გარე შრეზე არსებული ცხიმი, რომელიც კანს დაზიანებისგან იცავს. ამის შემდეგ, იწყებთ კანის დამუშავებას რომელიმე პრეპარატით. სასურველია, იყოს ევროპული ან ამერიკული პრეპარატი და არა – რუსული. პრეპარატები ძირითადად ორი სახის არსებობს. ერთი არის ზეთოვანი, მეორე კი პულვერიზატორის სახით. თუ ძაღლს პულვერიზატორით ვამუშავებთ, სასურველია მისი დამუშავება კისრის ზედა ზოლიდან დაიწყოთ და დაასხათ ბეწვის საპირისპირო მიმართულებით. ანუ, რომელ მხარესაც ბეწვია დაწვენილი, ის საპირისპირო მხარეს გადავწიოთ და მივასხუროთ.
– უფრო ზუსტად რა ტერიტორიებზე ვასხურებთ ცხოველს პულვერიზატორს?
– ძირითადად, ეს არის კისრისა და მინდაოს ტერიტორია. სასურველია თათებს შორისაც სადაც ძირითადად იბუდებენ ტკიპები და მწერები. ამის შემდეგ, რამდენიმე წუთი მივაქციოთ ძაღლს ყურადღება, რომ წამალი არ აილოკოს. პრეპარატებს აწერია თუ რამდენ ხანში ერთხელ შეიძლება მოხდეს ამ საშუალების გამოყენება. ზოგს 45 დღე ჰყოფნის, ზოგს – 30. თუ 3-4 თვეა მითითებული, სასურველია, შუაზე გაიყოს, რადგან პრეპარატი, რომელიც ძაღლს რწყილებისა და ტკიპებისგან ამდენ ხანს დაიცავს, პირადად მე, არ შემხვედრია.
როგორც გითხარით, არსებობს პრეპარატის მეორე სახეობა ცხიმის სახით. ზეთოვანი ყოველთვის ესმევა ძაღლს მხოლოდ და მხოლოდ მინდაოს ტერიტორიაზე, ეს არის კისრის არეში. წასმა იგივე პრინციპით ხდება – ბეწვის საპირისპირო მიმართულებით. ზეთის დაწვეთება აუცილებლად კანზე უნდა მოხდეს.
არსებობს დაცვის მესამე საშუალებაც. ეს არის რწყილებისა და ტკიპებისგან დამცავი სპეციალური საყელოები. მინდა ისიც აღვნიშნო, რომ ეს საყელოები უფრო პროფილაქტიკისა და თავდაცვის მიზნით კეთდება, რომელიც ბეწვის პრეპარატით დამუშავების შემდგომ უნდა გაუკეთოთ ძაღლს. როგორც წესი, მხოლოდ საყელო არ მოქმედებს, ამიტომ მისი გამოყენების აზრს მაინცდამაინც ვერ ვხედავ.
– ძაღლის ბანაობას რაც შეეხება?
– სასურველია, შამპუნი ძაღლის ბეწვის ფერისა და ზომის მიხედვით შეარჩიოთ. თუ შავი ფერისაა და ღია ტონალობის ძაღლებისთვის განკუთვნილი შამპუნით დავბანთ, ხშირ შემთხვევაში, ქერტლს იწვევს, ბეწვი ბზინვარებას ჰკარგავს და ასე შემდეგ. ძაღლი, რომელსაც ალერგიისადმი აქვს მიდრეკილება, სასურველია, მხოლოდ და მხოლოდ ალერგიის საწინააღმდეგო შამპუნით დაბანოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბანაობის შემდეგ ძაღლი შეიძლება, გაპუტული, დაკოპლილი დარჩეს. ძაღლის ბანაობა არ არის სასურველი მინიმუმ 30 დღეზე ადრე, ხოლო როგორც ჩვენი ევროპელი მეგობრები მიიჩნევენ, საუკეთესო ვარიანტია, სეზონში – ერთხელ. ძირითადად საუბარია, მოკლებეწვიან ძაღლებზე. ძაღლი საფუძვლიანად, როგორც აღვნიშნე, 30 დღეში ერთხელ უნდა დაბანოთ შემდეგ კი ყოველდღე, ორ დღეში ერთხელ, ან კვირაში ერთხელ სველი ხელსახოცით უნდა გაწმინდოთ, ან მშრალი შამპუნით დაბანოთ.
– როგორ უნდა განვსაზღვროთ, ეს რამდენ დღეში ერთხელ უნდა გავაკეთოთ?
– ეს დამოკიდებულია, იმაზე, თუ სად და რა პირობებში ცხოვრობს ძაღლი და როგორი ინტენსივობით ისვრება.
– როცა ძაღლი პრეპარატით არის დამუშავებული, მასზე ეს უარყოფითად არ მოქმედებს?
– აბსოლუტურად არ მოქმედებს. როდესაც ძაღლს რწყილებისა და ტკიპების საწინააღმდეგო პრეპარატით დაამუშავებთ, მეორე-მესამე დღეს შეგიძლიათ თავისუფლად აბანაოთ. თუ დამუშავების შემდეგ, ძაღლი 15 წუთში აბანავეთ, რა თქმა უნდა, ეფექტი დაიკარგება. სხვა შემთხვევაში, პრეპარატი 30 დღის განმავლობაში თავის ფუნქციას ასრულებს.
– სეზონურ პრობლემად კიდევ რა შეიძლება ჩაითვალოს?
– სეზონური პრობლემაა ჭიები, რომლის ძირითადი გადამტანი ბალახეულია. ძაღლებს ძალიან უყვართ ბალახის ჭამა, ბალახში თამაში და კოტრიალი. ამიტომ, სასურველია, ცხოველი 3 თვეში ერთხელ ჭიებზე დაამუშაოთ, ანუ ჩაუტარდეს დეჰელმეთიზაცია. სასურველია, ეს სეზონურადაც და არასეზონურადაც. ეს საკმაოდ საშიშია, რადგან გადამდებია ადამიანისთვისაც. ზაფხულის პერიოდში კი ეს პრობლემა ორმაგად გამძაფრებულია. ამიტომ, ყველა ვარიანტში, დროული დეჰელმენთიზაცია უნდა მოხდეს.
– როგორც კი ტემპერატურა იმატებს, პატრონს მიაჩნია, რომ ეს მისი ძაღლისთვის შემაწუხებელია და ყოველდღე თუ არა, კვირაში რამდენჯერმე დაჰყავთ მდინარეზე, ან აგრილებენ სხვა საშუალებით. მიზანშეწონილია თუ არა ეს ცხოველის ჯანმრთელობისთვის?
– გააჩნია, სად მიგყავთ ძაღლი. ბანაობა კარგია ძაღლის გაკაჟებისთვის და ჯანმრთელობისთვის. ამიტომ, შეგიძლიათ, ზაფხულში ყოველდღე ატაროთ გასაგრილებლად, მხოლოდ უნდა გაითვალისწინოთ, ერთი რამ: თუ ძაღლს ზღვაში აბანავებთ (არ ვგულისხმობ თბილისის ზღვას), ისიც უნდა გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი ნატურალური ზღვა მარილიანია. შესაბამისად, ზედმეტი მარილები როგორც ადამიანისთვის, ასევე ცხოველისთვისაც პრობლემურია. ამიტომ, როგორც ჩვენ ვივლებთ ზღვაში ბანაობის შემდეგ წყალს, სასურველია, ძაღლსაც იგივე პირობა შევუქმნათ, რაც ზედმეტ მარილს მოაცილებს. სხვა შემთხვევაში კი, თუ წყალი სუფთაა და არანაირ პრობლემას არ ქმნის, ჩვეულებრივ შეიძლება, ძაღლმაც მიიღოს. თუ ძაღლს არ სიამოვნებს, ეს ძალით არ უნდა გააკეთებინოთ, ცხოველმა თვითონ იცის, რა არის მისთვის კარგი და რა – ცუდი.