კოსმეტოლოგის რჩევები
კითხვა: მშობიარობის შემდეგ ძალიან გავსუქდი. დიეტას ვერ ვიცავ, რადგან ბავშვს ძუძუს ვაწოვებ. სპორტის რომელი სახეობაა უმჯობესი, რომ წონაში სწრაფად დავიკლო და ძველი ფორმა აღვიდგინო?
პასუხი: თქვენთვის საუკეთესო ვარიანტია, დაკავდეთ ცურვით. სპორტის ეს სახეობა იდეალურია ახალნამშობიარები ქალისთვის, რადგან ცურვის დროს ხდება სახსრებისა და იოგების მინიმალური დატვირთვა (მშობიარობის შემდეგ სახსრებისა და იოგების აღდგენას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება. ამიტომ, მათი გადატვირთვა დაუშვებელია). სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ცურვა ამაგრებს მუცლის პრესისა და მენჯების კუნთებს. ცურვის დაწყება შესაძლებელია მშობიარობიდან 8-10 კვირის შემდეგ. შედეგი რომ თვალსაჩინო იყოს და, თან, ჯანმრთელობაც არ დაიზიანოთ, საკმარისია, იცუროთ კვირაში სამჯერ, 40 წუთის განმავლობაში.
კითხვა: გარდა კანის დატენიანებისა, რა ფუნქცია აქვს თერმულ წყალს?
პასუხი: დატენიანების გარდა, თერმული წყალი ელასტიკურობას სძენს კანს და საუკეთესო საშუალებაა მთელი დღის განმავლობაში კოსმეტიკის „გასამაგრებლად“ და შესანარჩუნებლად.
კითხვა: ამინდის მიუხედავად, ხშირად მიშრება ტუჩები და ხანდახან მისკდება კიდეც. დიაბეტი ან სხვა რამე დაავადება არ მჭირს. როგორ ვიმკურნალო?
პასუხი: შეიძინეთ (მზა სახით) ან თქვენს კოსმეტოლოგს დაამზადებინეთ მკვებავი ბალზამი C, D და K ვიტამინების კომპლექტით და შეიზილეთ კოსმეტიკური საპნით დაბანის შემდეგ ტუჩებზე, დღეში ორჯერ: დილით და საღამოს, დაძინებამდე 1 საათით ადრე.
კითხვა: რას ნიშნავს ტერმინი „დეტოქსიკაცია“?
პასუხი: დეტოქსიკაცია არის ორგანიზმის გაწმენდა ტოქსინებისგან, რაც აუცილებელია დიეტის დაცვის დროს, რათა შედეგი სწრაფად მიიღოთ.
კითხვა: მინდა, შევიძინო ცვილის „ჩხირები“ ან კრემი სახის კანის დეპილაციისთვის. მაინტერესებს, რამდენ ხანს გრძელდება ეფექტი და არის თუ არა ეს პროცედურა მავნებელი კანისთვის?
პასუხი: თუ კარგი ხარისხის მასალას შეიძენთ, პირიქით, დადებითი შედეგიც კი აისახება – ატენიანებს კანს და ხელს უშლის თმის ჩაზრდას. დეპილაციის შედეგი კი 4 კვირას გრძელდება.