კომპლექსური დეტოქს-პროგრამა
„ხავერდოვანი კანი და დახვეწილი აღნაგობა – სულ რაღაც სამ დღეში! – თუ არ გჯერათ, სცადეთ თვითონ და მერე აუცილებლად გაგიჩნდებათ სურვილი, სხვებსაც ურჩიოთ“, – გვარწმუნებენ ამ პროგრამის შემქმნელები.
მაგრამ, თავიდანვე შეეგუეთ იმას, რომ, თუ, ვთქვათ, 100 კილოგრამამდე იწონით, სამ დღეში 40 კილოგრამს ვერ დაიკლებთ, თუმცა, თუ ამ სამ დღეს რამდენჯერმე გაიმეორებთ, სასურველ მიზანს ნელ-ნელა ნამდვილად მიაღწევთ.
სუფთა საკვები
სამდღიანი დეტოქს-დიეტის მთავარი პირობაა ნატურალური პროდუქტები: ბოსტნეული, ხილი და უჯრედისით მდიდარი მარცვლეული; რეჟიმი – მინიმუმ 5-6-ჯერადი კვება; ულუფა – რამდენიც ჩაგეტევათ მიტყუპებულ ხელისგულებში. გამორიცხეთ შაქარი, მარილი კი დაიყვანეთ მინიმუმამდე (უმჯობესია, თუ საერთოდ ამოიღებთ რაციონიდან).
დილა დაიწყეთ 1 ჩაის ჭიქა თბილ წყალში გარეული ნახევარი ლიმონის წვენით. ასეთი კოქტეილი ასტიმულირებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას და რთავს ორგანიზმის გაწმენდის პროგრამას მთელი დღის განმავლობაში. დანარჩენ 4-5 კვებაზე გადაანაწილეთ ხილი, ბოსტნეული (უმი) და გაღივებული მარცვლეული (მოხარშული) მითითებული რაოდენობით, – ანუ, რაც მიტყუპებულ ხელისგულებში ჩაეტევა, (აუცილებლად ძალიან კარგად დაღეჭეთ); წყალი – 2 ლიტრამდე დღეში.
თუ სადილმა ვერ დაგანაყრათ, ვახშმობამდე კი დიდი დროა დარჩენილი, შიმშილი შემდეგნაირად ჩაიხშეთ: მოხარშეთ 2 სადილის კოვზი სელის თესლი, ქატო და შვრია მოაყარეთ ძალიან ცოტა მარილი და სადილიდან ვახშმამდე შუალედში მიირთვით. თუ ტკბილის მოთხოვნილება გაქვთ, ამ ფაფაში შეურიეთ 1 სადილის კოვზი ქიშმიში ან ქლიავის ჩირი. ეს „შუალედური“ ფაფა, შეგიძლიათ, საღამოს მოამზადოთ და მეორე დღეს სამსახურშიც წაიღოთ.
კანი
რაც შეეხება კანს: თუ შეატყვეთ, რომ ფრჩხილები გეყოფათ, თქვენმა კანმა „მოიწყინა“, ალაგ-ალაგ „ფორთოხლის ქერქიც“ გაჩნდა და ხასიათიც გაგიფუჭდათ, ეს იმის ნიშანია, რომ დეტოქსის დრო დადგა.
დეტოქსიკაცია გულისხმობს ტოქსინებისგან ორგანიზმის გაწმენდას, რისთვისაც მხოლოდ დიეტა საკმარისი არ არის. დიეტასთან ერთად, საჭიროა სამდღიანი კურსი, რომელიც თვეში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროთ, რომ შედეგი მიიღოთ. რა თქმა უნდა, ამ კურსში შედის კანი, თმა და მთელი სხეული.
სახის კანის გამოსაცოცხლებლად გაიკეთეთ პილინგი დაფქული „ჰერკულესით“. ჩამოიბანეთ კოსმეტიკური რძით და წაისვით დამატენიანებელი კრემი.
ორგანიზმის გაწმენდა
დეტოქსში, ზემოჩამოთვლილის გარდა, შედის გონების გაწმენდაც, რასაც ხელს უწყობს სპეციალური სუნთქვითი ვარჯიშები. დღეღამეში ჩვენ ვაკეთებთ დაახლოებით 20 000 ჩასუნთქვა-ამოსუნთქვას და სულ არ ვფიქრობთ მის ხარისხზე. არსებობს სპეციალური სუნთქვითი ვარჯიშები: დაჯექით ფეხმორთხმით (თურქულად), დახუჭეთ თვალები, ხელები დაიწყვეთ მუხლებზე და ნელ-ნელა, ღრმად შეისუნთქეთ, თან ხუთამდე დაითვალეთ. მომდევნო ხუთ თვლაზე, ასევე ნელ-ნელა ამოისუნთქეთ (ვარჯიში შეასრულეთ 15-20-ჯერ). შეიძლება, არ დაიჯეროთ, მაგრამ ასეთი სუნთქვა, გარდა გონებისა, წმენდს როგორც ფილტვებს, ისე კანს, რადგან ავსებს მას ჟანგბადით, თუმცა, ოდნავ ადუნებს კიდეც, რადგან ხსნის დაძაბულობას და აწყნარებს ნერვებს. სასურველია, თუ ამ ვარჯიშებს ჩაატარებთ აივანზე ან ღია ფანჯარასთან.
თმა
თმიდან ტოქსინების „გამოსადევნად“ გაიკეთეთ თეთრი თიხის ნიღაბი: გახსენით 2 სადილის კოვზი თიხა წყალში (უნდა მიიღოთ არაჟნის სისქის მასა), შეიზილეთ თმის ძირებშიც და თმის სიგრძეზეც და 20 წუთის განმავლობაში შეიხვიეთ თავი რბილი პირსახოცით. ჩამოიბანეთ გვირილის ნახარშითა და ათქვეფილი კვერცხის გულით.
ცელულიტები
ცელულიტების მოსაშორებლად მოამზადეთ შემდეგი ნაზავი: გაალღვეთ 100 გრამი მწარე შოკოლადი და შეაზილეთ 200 მილილიტრი ნაღები. ეს მასა კარგად შეიზილეთ პრობლემურ ადგილებზე და გაიჩერეთ 40 წუთი. ჩამოიბანეთ კონტრასტული შხაპით და წაისვით კანის გასამკვრივებელი კრემი (იყიდება მაღაზიებში).
თუ ამ კომპლექსურ დეტოქს-პროგრამას თვეში ერთხელ ჩაიტარებთ, რამდენიმე კურსის შემდეგ, გვერწმუნეთ, ტოპ-მოდელებიც კი შურით შემოგხედავენ.