სად ცდილობდა ადამიანების მოხიბვლას ელენე შიუკაშვილი თავისი გარეგნობით და როგორ გახდა ის 30 წლის სექსუალური ქალი
რამდენიმე კვირაა, რაც ტელევიზიით ლუდი „ყაზბეგის“ რეკლამა გადის, რომელშიც მშვენიერი გარეგნობის ქართველი მოდელი ელენე შიუკაშვილი მონაწილეობს. ელენე ნინო ცქიტიშვილის სამოდელო სააგენტო „ლუქ მოდელსის“ მოდელია – მან რეკლამის გადაღებამდე ძალიან ცოტა ხნით ადრე დაიწყო ამ სააგენტოში სიარული.
ელენე შიუკაშვილი: 20 წლის ვარ, ვსწავლობ თეატრალურ უნივერსიტეტში, მომავალი მსახიობი ვარ. ბავშვობაში ძალიან მინდოდა და ამიტომ ავირჩიე ეს პროფესია.
– ბავშვობაშიც ხომ არ დგამდი, სახლში სპექტაკლებს?
– მე და ჩემი მეგობრები ეზოში ჩავდიოდით და კონცერტებს ვატარებდით, ვდგამდით თეატრალიზებულ საღამოებს, მეზობლებს ვეძახდით და ბილეთებს ვყიდდით. მერე კი, აღებული თანხით ვქეიფობდით. ძალიან გვიხაროდა, მეზობლებს რომ მოსწონდათ და ტაშს გვიკრავდნენ, ჭკუაზე აღარ ვიყავით ხოლმე.
– შენ ვის როლს თამაშობდი?
– ხან ვინ ვიყავი, ხან კიდევ – ვინ. ერთხელ, მახსოვს, დედოფალიც ვიყავი, ძალიან ლამაზი თეთრი კაბა მეცვა, ვმღეროდი კიდეც, მაგრამ, სიმღერა არ მეხერხება. ცეკვა ძალიან მიყვარს, კიდევ, თხილამურებზე სრიალი – ორივე ჩემი ჰობია. ზაფხულშიც დავდივარ ბაკურიანში, ვგიჟდები, ისე მიყვარს.
– დიდი ხანია, თხილამურებზე დგახარ?
– დაახლოებით ოთხი წელია. პირველად მე და ჩემი მეგობრები წავედით ბაკურიანში და თხილამურებზე რომ დავდექი, ფეხი მოვიტეხე. რომ ჩამოვედი, დედაჩემი შოკში ჩავარდა. არადა, წინასწარ გამაფრთხილა, არაფერი მოიტეხო, ფრთხილად იყავიო. იმის მერე არაფერი დამმართნია, მშვენივრად ვსრიალებ. ხიფათიანი ადამიანიც არ ვარ. პირიქით, ძალიან მიყვარს ექსტრემალური რაღაცეები.
– ანუ, რა გიყვარს?
– მოტოციკლზე ვგიჟდები. ზღვაზე პარაშუტით გადმოვხტი, ისეთი მაგარი იყო, გული რომ ამოგდის და ჩაგდის. მანქანის ტარებაც მიყვარს, თან, ძალიან სწრაფად. 13 წლიდან ვზივარ საჭესთან, მამაჩემი მსვამდა ხოლმე და მერე მე და ჩემი მეგობრები ვსეირნობდით.
– მამასთვის ავტომობილი მოგიპარავს?
– კი, მომიპარავს. დედაჩემი ძალიან მეჩხუბა, მამას კი ხმა არ ამოუღია – იცოდა, რომ კარგად დამყავდა. მაშინ 15 წლის ვიყავი. მამას ეძინა, მე გასაღები ავიღე და დაქალებთან ერთად „ვკატაობდი“.
– შენ ბავშვობაშიც ცელქი იქნებოდი.
– ძალიან ცელქი ვიყავი და ბიჭებთან ერთად ვთამაშობდი ფეხბურთს. გოგონების ფეხბურთსაც ვთამაშობდი, შეჯიბრებები გვქონდა, ახლა ეს ყველაფერი რომ მახსენდება, ძალიან მეცინება. საკმაოდ კარგად ვთამაშობდი, მეკარე ვიყავი და ბურთიც ბევრჯერ მომხვედრია თავში.
– როდის დაიწყე მოდელობა?
– არ ვიცი, ამას მოდელობა თუ ქვია, იმიტომ, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ მივედი ნინო ცქიტიშვილთან სამოდელო სტუდიაში. არასდროს მქონია იმის სურვილი, რომ მოდელი გავმხდარიყავი, უბრალოდ, ჩემი დის მეგობარმა მირჩია მისვლა და ძალიან კმაყოფილი ვარ. ნინოც მიყვარს, კარგი ადამიანია.
– როგორ მოხვდი „ყაზბეგის“ რეკლამაში?
– ძალიან მალევე იყო ქასთინგი, გოგონები სხვადასხვა სააგენტოებიდან მონაწილეობდნენ და მე ამირჩიეს. თან, ჩემთვის პირველი ქასთინგი იყო და არ მეგონა, მე თუ ამირჩევდნენ.
– რეკლამაში სექსუალური ქალის იმიჯი გაქვს, რომელიც მამაკაცების მოხიბვლას ცდილობს.
– თავიდანვე მითხრეს, რომ 30 წლის ქალის იმიჯი უნდა მქონოდა, ყველასთვის უნდა მომეწონებინა თავი, მოკლედ, მიმზიდველი ქალი უნდა ვყოფილიყავი. კაბაც თვითონ შემირჩიეს. არც ვიცოდი, ლუდი „ყაზბეგის“ რეკლამა თუ იყო, გადაღებაზე გავიგე. მეცვა გულამოღებული, თხელი კაბა და ისე ციოდა, ვიყინებოდი. ყველას „დუტის“ ქურთუკები ეცვა, მე კი თხელი კაბით ვიყავი. მეორე დღეს, მგონი, სიცხეც მქონდა. დილის 6 საათიდან შუადღის 3 საათამდე მიმდინარეობდა გადაღებები. სამაგიეროდ, კარგად გავერთე, ყველას დავუახლოვდი.
– რეკლამა რომ ნახე, მოგეწონა? როგორი იყო შენი ახლობლების შეფასებები?
– მომეწონა. ჩემს მეგობარ ბიჭებს არა – ეს რა გაცვია, როგორ გაცვიაო. დაქალებსა და ოჯახის წევრებსაც ძალიან მოეწონათ.
– რეკლამა პირველად რომ ვნახე, ქართველი არ მეგონე.
– ყველამ ეს მითხრა, ქართველი არ გვეგონეო, ყვითელი ავტობუსი რომ დაინახეს, იმით მიხვდნენ. მერე, თავიდან ბოლომდე რომ აჩვენეს, ყველა მივხდა, რომ საქართველოში იყო გადაღებული და მეც ქართველი ვიყავი.
– რეკლამაში სექსუალური იმიჯი გაქვს...
– რეკლამაში როგორიც ვარ, ისეთი ცხოვრებაში ნამდვილად არ ვარ, მაგრამ, საკმაოდ ადვილად შევასრულე ეს როლი, ადვილად შევითვისე. თავიდან, რომ მითხრეს, ვინერვიულე, ჩემებსაც ვკითხე, უარი ხომ არ ვთქვა-მეთქი. ყველამ მითხრა, რა სისულელეა, აუცილებლად ითამაშეო. კიდევ უფრო თამამი რეკლამა რომ ყოფილიყო, არ დავთანხმდებოდი, ეს კი ჩვეულებრივი იყო, არაფერი ისეთი.
– ლუდი გიყვარს?
– არა, არ მიყვარს. საერთოდ არ ვსვამ ალკოჰოლურ სასმელს, იმიტომ, რომ ერთ ჭიქაში ძალიან მთვრალი ვარ.
– ამ რეკლამის შემდეგ რამე შეიცვალა შენს ცხოვრებაში?
– დიდად არაფერი შეცვლილა, თუმცა მცნობენ ხოლმე – შენ ის არ ხარ, „ყაზბეგის“ რეკლამაში რომ გადაგიღესო? იქ უფრო ქალური ხარ და ცხოვრებაში რა ბავშვი ყოფილხარო. ასეთი ჩაცმაც არ მიყვარს, კაბები არც მაქვს, იშვიათად ვიცვამ, უფრო ჯინსებითა და მაისურით დავდივარ. ამ რეკლამაში ასეთი განსხვავებული იმიჯი რომ მქონდა, იმიტომ გაუკვირდათ ჩემს ახლობლებს.
– როგორი ბიჭები მოსწონს ელენეს?
– ბიჭის გარეგნობაც და ხასიათიც ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა, მე მაინც ხასიათს ვაქცევ ყურადღებას, სხვა დანარჩენი არცთუ ისე მნიშვნელოვანია. რაც მთავარია, ბიჭი უნდა იყოს ხალისიანი, კეთილი, ყველაფერში უნდა გაგიგოს, ჭკვიანიც უნდა იყოს, გარეგნულად კი – შავგვრემანი.
– რა უნდა გააკეთოს ბიჭმა, თავი რომ მოგაწონოს?
– ძალიან მიყვარს ყურადღება, ამიტომ ყურადღებიანი უნდა იყოს. არ არის აუცილებელი, ძვირფასი საჩუქარი მოგართვას, რომ დაგანახვოს, როგორ უყვარხარ. პირიქით, შეიძლება, ფული არ ჰქონდეს და ისეთი რამ გაჩუქოს, ძვირად ღირებულს ბევრად სჯობდეს, მოკლედ, ორიგინალური უნდა იყოს.