რა მაგალითი მისცა ზაზა ფაჩულიას ოჯახმა ატლანტელ ქართველებს და რით აკვირვებენ მისი შვილები ამერიკელებს
ყველასათვის საყვარელი და წარმატებული სპორტსმენი, ზაზა ფაჩულია, დატვირთული საკალათბურთო სეზონის შემდეგ მეუღლესთან ერთად ისვენებს და ძალებს იკრებს ევროპის ჩემპიონატისთვის, სადაც საქართველოს ნაკრების სახელით ითამაშებს, რომელსაც მოგვიანებით, ავსტრიაში შეუერთდება, რადგან ამ მეტად მნიშვნელოვანი თამაშებისთვის ის სპორტულ მომზადებას ამერიკაში გაივლის. ზაზას ტელეფონით ვესაუბრეთ და შევიტყვეთ მისი გეგმებისა და სხვადასხვა ამბების შესახებ, რაც მის გულშემატკივრებს ყოველთვის აინტერესებთ.
– ამჟამად სად იმყოფები?
– ვიმყოფები ამერიკის კონტინენტზე. ჯერჯერობით მე და თიკა ვისვენებთ, მერე ოჯახს შევუერთდებით და ყველა ერთად წავალთ სადმე დასასვენებლად.
– საკმაოდ წარმატებულად ჩაატარე წლევანდელი სეზონი, ამაზე ბევრს ლაპარაკობდნენ საქართველოშიც.
– თუ საქართველოშიც ლაპარაკობდნენ ამის შესახებ, ესე იგი, მართლაც შედეგიანი სეზონი მქონია. მართლა კარგი წელი მქონდა. გამოცდილებას რომ იღებ, უფრო სხვანაირად უყურებ ამ ყველაფერს – უფრო გამოცდილი და პროფესიონალი მოთამაშე ხდები, გინდა, უფრო მეტს მიაღწიო. ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ, რისთვისაც ძალიან ბევრ სუპერ-ვარსკვლავს ვერ მიუღწევია, ეს ჩემპიონობაა. ბევრი სხვა გუნდშიც გადასულა, ჩემპიონობისთვის უფრო მეტი შანსი რომ ჰქონოდა, მაგრამ, მიზნისთვის მაინც ვერ მიუღწევიათ. მეც ძალიან მინდა, რომ ჩემპიონი გავხდე. ყველაზე პრესტიჟულ და პოპულარულ მოთამაშედ მაშინ ითვლები და მაშინ ისმის ხშირად შენი გვარი, როცა საჩემპიონო გუნდში ხარ და ფინალს თამაშობ. არიან ადამიანები, რომლებიც მხოლოდ ფინალურ თამაშს უყურებენ და სხვა შეხვედრებს არც კი ადევნებენ თვალს. მე თუ მკითხავთ, ყველაზე საინტერესო ფინალები და „პლეიოფებია“, რადგან ყველა მომენტისთვის იბრძვი. ამდენს იმიტომ ვარჯიშობ, რომ ფინალში გახვიდე და თავს იმის შანსი მისცე, რომ ჩემპიონი გახდე.
– მე გულით გისურვებ, რომ ეს შენს სპორტულ კარიერაში ძალიან მალე მომხდარიყოს. ერთ-ერთი თამაშის დროს მოწინააღმდეგე გუნდის მოთამაშემ გამწარებულ გულზე ზურგში ბურთი მოგარტყა, რასაც, ყველას გასაკვირად, ძალიან მშვიდად შეხვდი და არ გააპროტესტე. რამ გაამწარა ის ადამიანი?
– ასეთი რაღაცეები თამაშის დროს ხშირად ხდება. ეს მომენტი ურეაქციოდ დავტოვე, რაც, ჩემი რეპუტაციიდან გამომდინარე ბევრს გაუკვირდა. ცუდი რეპუტაცია ნამდვილად არ მაქვს, რადგან უმიზეზოდ არასდროს ვჩხუბობ.
– ფეთქებადი და ემოციური მოთამაშე ხარ?
– ყველაფერი მხოლოდ მოედანზე რჩება, მოედნის გარეთ არ გადმომაქვს ეს ხასიათი. იმ მომენტს რაც შეეხება, ბურთი ჩავაგდე და, დაცვაში რომ მოვრბოდი უკან, ზურგში ბურთი მომხვდა. სიმართლე გითხრა, თავიდან არ ვიცოდი, ბურთი იყო ეს თუ მუშტი. რომ შევბრუნდი, ლიტველი მოთამაშე შემრჩა ხელში, რომელთანაც ვმეგობრობ, დიდი ხანია, ვიცნობ, ვიცი, რა ხასიათის არის და ეს ფაქტი ცუდად არ მიმიღია. ყველაფერი იქვე დამთავრდა. იქ ისეთი არაფერი მომხდარა, რომ მოედნის გარეთ ჩემი მთლიანი ქართული ხასიათი გამომეჩინა მის მიმართ. ხალხს ისე გაუკვირდა ჩემი ასეთი საქციელი, ალბათ, იფიქრეს, ფაჩულია დაჭკვიანდაო.
– მოედნის გარეთ რა ხდება?
– მოედნის გარეთ რა ხდება და, სეზონის განმავლობაში, განსაკუთრებით „პლეიოფების“ დროს, ყველანაირად ვცდილობ, დავისვენო და ოჯახთან ერთად ვიყო. იმ მომენტში გარეთ გასვლა მაინცდამაინც კარგი არ არის. „პლეიოფების“ დროს ქალაქში ყველა გცნობს და უკან დაგდევს. ერთი არასწორი ნაბიჯი და ერთი მარცხი მთელ იმიჯს დაგიკარგავს. არ არის მიზანშეწონილი, „პლეიოფების“ დროს არ ისვენებდე და ღამის კლუბში იყო გასული. ნამდვილად ღირს ყველაფრისგან თავის შეკავება. სამაგიეროდ, სეზონის დამთავრების შემდეგ, საკმაოდ ბევრი დრო გაქვს და, შეგიძლია, როგორც გინდა, ისე გამოიყენო.
– თიკას სტუდია როგორ მუშაობს, დაინტერესდა ხალხი?
– თიკას სტუდიამ, სხვათა შორის, დიდი მოწონება დაიმსახურა და კარგად მუშაობს. თიკას საქმიანობთ, თუ ბიზნესით, რაც გინდათ, ის დაარქვით, კარგი საქმე გაკეთდა. მეც მყავს შვილები და ვიცი, რა ძნელია სამშობლოდან შორს ყოფნა, მოწყვეტილი ხარ ყველანაირად ქართულ სამყაროს. ბავშვები სკოლაში დადიან, გარშემო ამერიკელი თანაკლასელები ჰყავთ და, იმდენად ხშირად უხდებათ ინგლისუად ლაპარაკი, რომ ქართული ავიწყდებათ და საკუთარ ტრადიციებს სწყდებიან. ამიტომ, თუნდაც კვირაში ერთხელ ამ სტუდიაში მოსვლა, ქართული ცეკვა, ქართული მუსიკა და სხვა დანარჩენი საჭიროა მათთვის. თან, თიკა სულ ქართულად ელაპარაკება ბავშვებს. მშობლები ძალიან ბედნიერები არიან, მათ შვილებს შეხება რომ აქვთ ქართულ კულტურასთან, წესებთან და ასე შემდეგ. ახლა ბავშვებს არდადეგები აქვთ და შეწყდა მეცადინეობა. აგვისტოში კი, როცა სწავლა განახლდება, თიკას უნდა, რომ ბიჭების ჯგუფიც გააკეთოს, ასევე, ცოტა უფროსებისთვის და გაზარდოს თავისი ბიზნესი. კაცების ჯგუფზე ჯერ არ უფიქრია, მაგრამ, თუ ჩამოაყალიბა, მე აუცილებლად ჩავეწერები. ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის და ძალიან წარმატებულია. მთავარია, ბავშვებსა და მათ მშობლებს მოსწონთ. რაც თიკამ ეს საქმე დაიწყო, კიდევ ერთი კარგი რამ მოჰყვა ამას – ატლანტაში ქართული სკოლა გაიხსნა, სადაც ბავშვები კვირაში ერთხელ იკრიბებიან და ქართულ ისტორიასა და კულტურას ეცნობიან.
– ანუ, მაგალითი მიეცით სხვებს.
– სხვათა შორის, ასეთი სკოლის გახსნა მქონდა იდეაში, მაგრამ, დრო სჭირდებოდა. საბედნიეროდ, ატლანტაში არის ძალიან ჭკვიანი, განათლებული ქართველი პროფესორი კაცი, რომელიც ერთ-ერთ უნივერსიტეტში ასწავლის. მან ეს საქმე საკუთარ თავზე აიღო და ძალიან კარგი საქმე გააკეთა. ამიტომ, ძალიან მიხარია, რომ ატლანტაში მცხოვრებ ქართველ ბავშვებს აქვთ საშუალება, მშობლიური ენა და კულტურა არ დაივიწყონ. ამას ვამბობ როგორც მშობელი და არა როგორც თიკას მეუღლე. მგონი, თიკას საქმიანობაზე უფრო მეტი ვილაპარაკე, ვიდრე კალათბურთზე.
– საქართველოში ჩამოსვლას როდის გეგმავთ?
– მართლა ვინატრებდი, რომ საქართველო ცოტა ახლოს იყოს, მაშინ უფრო ხშირად ჩამოვიდოდი. კალათბურთში საქართველოს ნაკრებისთვის წელს უმნიშვნელოვანესი ზაფხულია. ამიტომ, ჯერჯერობით აქ ვრჩები – მომზადება ამერიკაში გადავწყვიტე. აქ რომ მოვემზადები, ისე ვერსად ვერ შევძლებ მომზადებას. აქ ვივარჯიშებ, აქ შევალ ფორმაში და, უკვე მომზადებული, პირდაპირ ავსტრიაში შევუერთდები საქართველოს ნაკრებს, სადაც შეკრებაზე იქნებიან ჩასულები.
– რა დრო დარჩა „ატლანტა ჰოქსთან” შენი კონტრაქტის ამოწურვამდე?
– ჯერ კიდევ ორი წელი მაქვს.
– ვისაუბრეთ შენზე, თიკაზე, მაგრამ ბავშვებზე არაფერი გვითქვამს.
– ბავშვები იზრდებიან, მაგრამ, გაზრდაც არის და გაზრდაც. ამასთან დაკავშირებით ბევრი სასაცილო ისტორია ხდება. როცა სხვა ოჯახებთან ერთად ბავშვები პარკში მიგვყავს ან ჩვენთან მოდიან სტუმრად, რატომღაც თავიანთ შვილებს ყველა ამათ ადარებს. ერთი 3 წლის არის, მეორე – 2-ის. იმავე წლოვანების, ან ცოტა უფროსი ბავშვები რომ მოჰყავთ, მშობლების პირველი რეაქცია, ხშირ შემთხვევაში, ერთნაირია. ჩემი შვილი ტანით გაცილებით პატარაა და რამე პრობლემა ხომ არ აქვსო. მერე ვაწყნარებ, რომ ჩემი შვილები არიან დიდები, თორემ, თქვენები ნორმალურები არიან-მეთქი. ასეთი კურიოზები ხშირად ხდება.
– დათუჩას და საბას თუ უყვართ კალათბურთი?
– ჩემს შვილებს კალათბურთი ჩემზე მეტად უყვართ, განსაკუთრებით უფროსს. დათუჩა ბევრ თამაშზეა ნამყოფი და უფრო გარკვეულია. სახლში თავისი პატარა ფარი აქვს და თამაშობს ხოლმე. საბა ჯერ პატარაა, მამას და თავის უფროს ძმას უყურებს, აკვირდება, რას შვრებიანო და მერე იმეორებს ხოლმე.
– შენს ქართველ გულშემატკივარს რას ეტყვი?
– მართლა ძალიან მადლობელი ვარ მხარდაჭერისა და გულშემატკივრობისთვის. დიდი მადლობა მათ ამისთვის!