რატომ იცვამს დრაის ვან ნოტენის სამოსს ყველა ტიპის ქალი
ბელგიელმა მოდის დიზაინერმა, დრაის ვან ნოტენმა მოღვაწეობა მეოცე საუკუნის ოთხმოციანი წლებიდან დაიწყო, თუმცა, ექსცენტრიკულად შეფასებულმა მისმა სამოსმა აღიარება ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში პჰოვა, როდესაც მოდის სამყარო მინიმალიზმმა შეიპყრო. მინიმალისტური კოლექციები 2000 წლის დადგომის შემდეგაც დიდხანს ინარჩუნებდა აქტუალობას. საბოლოოდ კი ბელგიელის აღიარება 2008 წელს მოხდა, როცა მან ამერიკის მოდის დიზაინერების საბჭოს საერთაშორისო პრიზი მოიგო. იმავე წელს სწორედ მისი კაბა ეცვა მსახიობ ქეით ბლანშეტს, როდესაც ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო – „ოსკარი“ მოიპოვა. ანტვერპენში, თერძებისა და ვაჭრების ოჯახში დაბადებულმა დრაის ვან ნოტენმა კარიერა მამაკაცის სამოსის შექმნით დაიწყო. სწორედ კაცის ტანსაცმლის მაღაზია ჰქონდა მამამისს და დრაისი ცდილობდა, კოლექციები მამის მაღაზიაში გაეყიდა. ანტვერპენის მოდის აკადემიის დასრულების შემდეგ მან მამაკაცის კოლექციები უკვე ლონდონში წარმოადგინა, რასაც რამდენიმე პატარა შეკვეთა მოჰყვა ცნობილი სავაჭრო ცენტრებიდან. აღსანიშნავია, რომ დრაის ვან ნოტენი არ მუშაობს ოტ-კუტიურის კოლექციებზე და მისი სამოსი ცალობით იყიდება, ანუ, მას არ აქვს მასობრივი წარმოება. „გულუბრყვილო და სულელი კი არ ვარ, რომ მასობრივი ბიზნესი არ მინდოდეს, უბრალოდ, არ მომწონს იმ ნივთების შექმნა, რომლებსაც მაღაზიაში ვერ გავყიდი”, – ამბობს დრაის ვან ნოტენი. შესაბამისად, ის ყიდის მხოლოდ იმას, რასაც ექსკლუზიურ, სახელობით მაღაზიებში გამოფენს. საინტერესოა, რომ, მაშინ, როდესაც ვან ნოტენი ანტვერპენში ცხოვრობს და მუშაობს, მისი სახელობითი მაღაზიები წარმატებით იხსნება მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. შესაბამისად, გასული წლისთვის მისი წლიური ბრუნვა 30 მილიონი ევრო იყო. ვან ნოტენი უცნაურია თავისი შეხედულებებით, დამოკიდებულებებით როგორც ადამიანებისადმი, ისე საქმისა და სამოსისადმიც. ის არ აკეთებს რეკლამას და შთაგონებას იღებს ეთნიკური კულტურიდან – მის კოლექციებში ხშირად ნახავთ ნახატ ქსოვილებს. ალბათ, ამ ემოციებით ის საკუთარ უზარმაზარ ბაღში ივსება, როდესაც თავისი ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გატაცებით – ყვავილების მოვლით არის დაკავებული.
რაც შეეხება დიზაინერის ახალ, გაზაფხული-ზაფხულის კოლექციას, ის, როგორც ვან ნოტენის ყველა კოლექცია სხვებისგან გამორჩეული და განსაკუთრებულად ინდივიდუალური იყო. მას მოდის სამყაროში ყველაზე ნაკლებად აინტერესებს ზოგადი ტენდენციები და ჩარჩოები, რომლებსაც დიზაინერთა დიდი ჯგუფი ქმნის. კოლექციის შემხედვარე ხვდები, რომ მთელი მოდური „ბრბო“ მას ელოდებოდა, ელოდებოდა მომენტს, როდესაც რომელიმე დიზაინერი ოდესმე ნათელს მოჰფენდა ყველა ქალის ერთ სურვილს – შეეხედა სამოსისთვის და ეთქვა: „ამაში მართლა მშვენიერი ვიქნები“. პარიზში ამ აღმოჩენად იქცა დრაის ვან ნოტენი, რომელმაც „ქალების სპიკერის“ მანტია მოირგო მათ ყოველდღიურ ჩაცმულობასთან დაკავშირებით. მოდის ლექსიკონში შეფასებები – „ყველასათვის მისაღები” და „პრაგმატული“, შესაძლოა, „მოსაწყენის” სინონიმად აღვიქვათ, თუმცა დრაის ვან ნოტენმა, ურბანული ელეგანტურობის საიდუმლოს მიგნებით, ასეთი სინონიმების გაჩენას საფუძველშივე მოუღო ბოლო.
თხელი აბრეშუმის ქსოვილები საოცარ ჰაეროვნებას ქმნიდა პოდიუმზე. გრილი, მტვრისფერი ლაბადები, შორტები, ყოველდღიური, სადა შარვლები ძალიან მაღალ ქუსლებთან, უზარმაზარ სამკაულებთან და უცნაურ სათვალეებთან სინთეზში, საოცარ შტაბეჭდილებას ტოვებდა. ამ კოლექციაში ვან ნოტენს მისი საყვარელი ნახატი ქსოვილები აბსოლუტურად არ ჰქონდა გამოყენებული – ამჯერად მან აქცენტი გრაფიკულ ნახატებსა და ფერების გრადაციაზე გააკეთა. თეთრის, შავისა და ნარინჯისფერის მოკრძალებულ თამაშში ის ეცადა, ეკლექტიკურ-ეთნიკური ეფექტებისთვის ხაზი სამკაულებისა და ფეხსაცმლის საშუალებით გაესვა – უზარმაზარი ჯაჭვის სამაჯურები, დიდი ჯაჭვის მძივები უზარმაზარი რკინის ბურთულებით. კოლექციის ბოლო ნაწილში დიზაინერმა საღამოს ჩაცმულობასაც დაუთმო დრო, რომლითაც მოდის სამყაროში დააბრუნა ამერიკული სპორტული ელეგანტურობის ტრადიციული ცნება. უცნაურია, რომ სწორედ ბელგიელი აბრუნებს ამერიკული უბრალოების კლასიკურ გაგებას ევროპაში და ქალბატონებს მარტივი და, ამავე დროს, ძალიან გამორჩეული ჩაცმულობისკენ უბიძგებს.