მამაკაცური საქმე
მამაკაცები ყოველთვის ამტკიცებენ, რომ მათი საქმე მნიშვნელოვანია. სულაც რომ არაფერს აკეთებდნენ, მაინც საქმიანი კაცის როლს თამაშობენ. მათ ეს მოსწონთ და ამით თავი მოაქვთ. თუმცა, ამბობენ, რომ არსებობს წმინდა მამაკაცური საქმეები, რომლებიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც, ყველა მამრმა უნდა გააკეთოს:
დალიოს ლუდი საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ახლა, არ თქვათ, ამას რად უნდა ვაჟკაცობაო, თუმცა, მთლად ასეც არ არის საქმე. მეტროში ლოთს რა გამოლევს, მაგრამ, თქვენ ხომ ლოთი არ ხართ?! ეს ისე უნდა გააკეთოთ, სახე არ დაკარგოთ და ღირსება შეინარჩუნოთ.
მამაკაცი, რომელიც საკუთარ მომავალზე არ ფიქრობს, მოსიარულე პარადოქსია. ყველა ნორმალური მამრი ფიქრობს საკუთარი ოჯახისა და შვილების მომავალზე. თუმცა, ერთხელ მაინც, ჭეშმარიტმა კაცმა, ყველაფერი ფეხებზე უნდა დაიკიდოს და გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც მართლა უნდა.
ჭეშმარიტი მამაკაცი თავისი ბუნებით მეამბოხეა, მშფოთვარე სულის არსება. მისი სტიქია დინების საწინააღმდეგოდ ცურვაა. მართალია, ხშირად კისერსაც იტეხს, მაგრამ იხტიბარს – არავითარ შემთხვევაში.
მამრები „მეძველმანეებიც” არიან – სულით, რა თქმა უნდა. ისინი ხშირად ინახავენ ნივთებს, რომლებიც არაფერში სჭირდებათ. ქალისთვის ეს ძალიან გამაღიზიანებელია (თუმცა, არცთუ იშვიათად, ქალებიც არიან მეძველმანეები), მაგრამ, აბა, სცადეთ და გადაუყარეთ – საშინელ სკანდალს ატეხენ. გულის სიღრმეში რომც სჯეროდეთ, რომ ეს კონკრეტული ნივთი საერთოდ არაფერში დასჭირდებათ, ხმამაღალ პროტესტს მაინც გამოთქვამენ. რატომ? – იმიტომ, რომ პროტესტი კაცური საქმეა.
მამაკაცი არ არის, ის ვისაც თავის ცხოვრებაში ერთხელ მაინც თავგამოდებით არ დაუწყია მტკიცება, არასოდეს ცოლს არ მოვიყვანო. ეს მათში ისევეა კოდირებული, როგორც ფეხბურთის სიყვარული. თუ კაცი ერთხელ მაინც, სტადიონზე, მატჩის დროს, გინებითა და ყვირილით ხმას არ ჩაიხრენწს, ის არ არის მამაკაცი! – ანუ, ესეც მამაკაცური საქმეა!