რომელ ქალ-მოკრივეს აქვს შესრულებული როლი ოსკაროსან ფილმში „გოგონა მილიონ დოლარზე” და ვინ დგამს „ცეცხლოვან” შოუებს კრივის რინგზე
საზოგადოებაში გავრცელებულია მოსაზრება, რომ თუკი ქალი ძალისმიერი სპორტის სახეობითაა, დაკავებული მაგალითად, კრივით, იგი არ შეიძლება, ქალური და ლამაზი იყოს, კრივი ხომ სპორტის ის სახეობაა, სადაც ესთეტიკურ სილამაზეს ყველაზე ნაკლები ყურადღება ექცევა და მთელი აქცენტი ჩასისხლიანებულ სხეულსა და ნოკდაუნში ჩავარდნილ მოკრივეზე კეთდება. თუმცა, კრივშიც არიან გამონაკლისები და ამჯერად შემოგთავაზებთ ყველაზე სექსუალური ქალი-მოკრივეების ტოპ-ათეულს, რომელიც ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა.
ჰოლი დანაუეი
ამერიკელი პროფესიონალი მოკრივე ჰოლი დანაუეი 1984 წელს დაიბადა არკანზასის შტატში და მისი დებიუტი დიდ რინგზე 2003 წლის თებერვალს შედგა მემფისში. ამჟამად მის აქტივში 46 გამარჯვებაა, მათ შორის 15 ნოკაუტით. ჰოლის სპორტულ სამყაროში „ცეცხლოვანის” თიკუნით იცნობენ, რადგან გარდა იმისა, რომ იგი რინგზე „ცეცხლოვან” შოუებს დგამს და მოწინააღმდეგეებს თავბრუდამხვევი დარტყმებით „ასაჩუქრებს“, ასევე აქტიურად არის დაკავებული მოდელობით და ხშირად საკმაოდ გულახდილად პოზირებს ფოტოგრაფების წინაშე. თუმცა, უნდა ითქვას, რომ საკუთარ თავს ჰოლი, უპირველეს ყოვლისა, სპორტსმენად მიიჩნევს, მოდელობას კი გართობის მიზნით ითავსებს.
ზულინა მუნიოსი
მექსიკელი, 24 წლის ზულინა მუნიოსი 20 წლის ასაკიდან პროფესიონალურ რინგზე მართავს ორთაბრძოლებს და WBC ვერსიით, ქალთა ახალგაზრდულ ნაკრებში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს ფლობს. ზულინა კრივით პირველად 16 წლის ასაკში დაინტერესდა. მას შემდეგ, რაც, კრივის სექციაში მამამ მიიყვანა, და თვითონვე ავარჯიშებდა. საინტერესოა, რომ კრივისგან თავისუფალ დროს ზულინა მეხიკოს ერთ-ერთ საავადმყოფოში მედდად მუშაობს.
ინა მენცერი
ინა საბჭოთა ყაზახეთში დაბადებული 30 წლის გერმანელი მოკრივეა, რომელიც კარიერის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ დამარცხდა, 26 კი გამარჯვება აქვს მოპოვებული. ინა მიუნხენგლადბახში ცხოვრობს და გერმანიაში იგი საკმაოდ ცნობილი სპორტსმენია. 2009 წელს ინა WBC ვერსიით, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს ფლობდა ქალებს შორის ნახევრადმსუბუქ წონაში. ინას ქალ-მოკრივეთა შორის ჯერაც განუმეორებელი რეკორდი აქვს დამყარებული, 2004 წლიდან 2010 წლამდე მან ზედიზედ 25 დაუმარცხებელი შეხვედრა გამართა რინგზე.
ჯესიკა რაკოზი
ჯესიკა 15 წლის იყო, როდესაც დედა გარდაეცვალა. მამა ისედაც არ ცხოვრობდა მათთან და იგი, პრაქტიკულად, ადრეული ასაკიდან ძმასთან ერთად მარტო იზრდებოდა. 20 წლის კრივით დაინტერესდა და ორი წლის განმავლობაში სამოყვარულო რინგზე გამოდიოდა. შემდეგ კი პროფესიონალებში გადაინაცვლა. ერთ დროს ჯესიკა კანადის კრივის ნაკრების წევრიც იყო. კარიერის განმავლობაში მას 34 ორთაბრძოლა აქვს გამართული, რომელთაგან 31-ში გამარჯვებულად გამოცხადდა. უკანასკნელი პერიოდია, ჯესიკა კრივთან ერთად, „ბრძოლა წესების გარეშემაც” დააინტერესა და მნიშვნელოვან წარმატებებსაც მიაღწია.
კინა მალპარტიდა
კინა პერუელია და პროფესიულ რინგზე 2003 წლიდან მართავს ორთაბრძოლებს. მანამდე კი ის კარატეთი იყო გატაცებული და მნიშვნელოვან წარმატებებსაც მიაღწია იუნიორთა შორის. კინას დედა – სუზი დაისონი პერუელი სუპერმოდელი იყო, რომელიც სხვადასხვა დროს „ვოგის”, „მარი კლერისა” და „ვენიტი ფეირის” ყდებისთვის პოზირებდა. გარდა კრივისა კინა სერფინგითაც არის გატაცებული და ხშირად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა ტურნირში.
მელინდა კუპერი
ლას-ვეგასში დაბადებული მელინდა კუპერი, WIBA და IBA-ს ვერსიით, მსუბუქ წონაში მსოფლიოს ჩემპიონის ქამარს ფლობს და პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე ელიტურ პროფესიონალ მოკრივედ ითვლება. მელინდა კრივით 11 წლის ასაკში დაინტერესდა, როდესაც კრივის სავარჯიშო დარბაზში შემთხვევით მოხვდა. პირველი ბრძოლა რინგზე 2002 წელს გამართა და გახდა პირველი ქალი-მოკრივე, რომელმაც პროფესიულ რინგზე 17 წლის ასაკში იჩხუბა. მელინდა ხშირად ჩნდება სპორტული ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზე და ამბობენ, მისი ცხოვრების შესახებ ჰოლივუდში ფილმის გადაღებასაც კი გეგმავენო, რომელშიც საკუთარ თავს თვითონვე განასახიერებს.
რეგინა ჰალმიკი
გერმანელი რეგინა ჰალმიკი ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ქალ-მოკრივედაა მიჩნეული მსოფლიო სპორტის ისტორიაში. სწორედ მის სახელს უკავშირებენ კრივის პოპულარიზებას ქალებს შორის. მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონმა ჰალმიკმა პროფესიული კარიერა 2007 წელს დაასრულა და ბიზნესს დაუკავშირდა. იგი კოსმეტიკური საშუალებების საკუთარ ხაზს ფლობს. რეგინა სპორტის გარდა, სხვადასხვა დროს გერმანული პრიალა ჟურნალებისთვისაც პოზირებდა და თანაც, საკმაოდ გულახდილ პოზებში, მათ შორისაა 2003 წლის „ფლეიბოის” გერმანული გამოცემაც. მის სახელს უკავშირდება ასევე გახმაურებული რომანი ფეხბურთელ მარტინ დრილერთან, რომელიც 2000-იანი წლების დასაწყისში დორტმუნდისა და ნიურნბერგის მოთამაშე გახლდათ.
მია სენტ-ჯონი
პროფესიონალი ქალი-მოკრივე, მოდელი, ბიზნესმენი და ტაიკვანდოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მფლობელი – მია სენტ-ჯონი 43 წლის ასაკში წავიდა პროფესიული რინგიდან. იგი თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი ქალი-მოკრივეა. 1999 წელს მან ერთ-ერთმა პირველმა ქალ-მოკრივეებს შორის, მონაწილეობა მიიღო „ფლეიბოის” ფოტო-სესიაში, სადაც სრულიად შიშველი წარდგა ფოტოობიექტივის წინაშე. აღსანიშნავია, რომ მია სენტ-ჯონის სამეცნიერო ხარისხი აქვს ფსიქოლოგიაში.
ლუსია რაიკერი
სურინამული წარმოშობის ჰოლანდიელ მოკრივეს ლუსია რაიკერს პრესა და ოპონენტები „მსოფლიოში ყველაზე საშიშ ქალად” მოიხსენიებენ. ლუსია ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპორტსმენია ჰოლანდიაში. სხვადასხვა დროს იგი ძიუდოთი, კიკბოქსინგით და სოფტბოლით იყო დაკავებული. თუმცა, მნიშვნელოვან წარმატებებს პროფესიულ რინგზე მიაღწია. რაიკერი დიდი კრივიდან 2004 წელს წავიდა და მას შემდეგ მსახიობობს. ის მონაწილეობს გახმაურებულ ამერიკულ ბლოკბასტერებში: „გოგონა მილიონ დოლარზე”, „სტარ ტრეკი” და „როლერბოლი”. სიანტერესოა, რომ ლუსია რაიკერს „ტერმინატორის” მესამე ნაწილში, შვარცენეგერის ოპონენტის, ქალი-ტერმინატორის როლი უნდა შეესრულებინა. თუმცა, უკანასკნელ მომენტში, მის კანდიდატურას, პროდიუსერებმა გაცილებით სექსუალური მოდელი, კრისტინა ლოკენი ამჯობინეს.
ლეილა ალი
ლეილა ალი, სავარაუდოდ, ყველა დროის ყველაზე ცნობილი მოკრივის, ლეგენდარული კასიუს კლეის ანუ მუჰამედ ალის ქალიშვილია, რომელმაც, მამის მსგავსად, თავისი ცხოვრება პროფესიულ კრივს დაუკავშირა. უკანასკნელი ბრძოლა რინგზე ლეილამ 2007 წელს გამართა, თუმცა დღემდე იგი ყველაზე ცნობილი ქალი-მოკრივეა მსოფლიოში. მის კარიერაში ყველაზე გახმაურებულ შეხვედრად ითვლება მატჩი მამის, მუჰამედ ალის მუდმივი ოპონენტის ჯო ფრეზერის ქალიშვილთან, ჯეკი ფრეზერ-ლაიდთან. 2001 წელს გამართული ბრძოლა მედიამ „ალი – ფრეზერის მეოთხე მოსვლად” მონათლა და გამარჯვებული მათ შორის ისევ ალის გვარის წარმომადგენელი გამოდგა.