რატომ არ უნდა გაჰყვე ცოლად ძუნწს და ხდება თუ არა ღალატის მიზეზი ქმრის ხელმომჭირნეობა
ქალებს ხელგაშლილი მამაკაცები უყვართ. გამოკითხული ასი ქალიდან ოთხმოცი გეტყვით, რომ მამაკაცის მთავარი ღირსება ხელგაშლილობა და იუმორის გრძნობაა. მართლაც, ვის სჭირდება ძუნწი და მოსაწყენი თაყვანისმცემელი, რომელსაც კაპიკს ვერ გააგდებინებ?! კაცის გულუხვობას დიდი მნიშვნელობა აქვს ქალთან მისი ურთიერთობის პირველ ეტაპზე – ეს უდავოა, მაგრამ, რა ხდება მაშინ, როცა რომანტიკა გაივლის და ისინი ერთ ჭერქვეშ იწყებენ ცხოვრებას? რა როლს თამაშობს ოჯახის სიმტკიცეში მამაკაცის დამოკიდებულება ფულთან?! როგორ ეგუებიან ცოლები ქმრების ხელმომჭირნეობას და, შეიძლება თუ არა, ეს ღალატის მიზეზი გახდეს? ფაქტია, როცა საკუთარი საქციელის თუ დანაშაულის გამართლება გინდა, არგუმენტად ყველაფერი გამოსადეგია, მაგრამ, იქნებ, ლოგიკაც არის იმაში, რასაც ქალი გულისტკივილით აღიარებს. ოჯახური ურთიერთობები არ არის მარტივი. მეუღლეების ურთიერთობა ნაბიჯ-ნაბიჯ, აგურ-აგურ შენდება და იგება, პარტნიორების ღირსებები კი ის დუღაბია, რომელიც მას კრავს.
თეიკო (28 წლის): ჩემი ქმარი ცუდი ადამიანი არაა. რაღაც ღირსებები ნამდვილად აქვს: არ უყვარს დალევა, ძმაკაცებს გადაყოლილი არ არის, მეოჯახეა, უკონფლიქტო, მშვიდი და უპრეტენზიო. ერთი შეხედვით, ის იდეალური ვარიანტია ქალისთვის. როცა გავიცანი, მეც დარწმუნებული ვიყავი, რომ ცხოვრების იდეალური თანამგზავრი ვიპოვე. რამდენიმე თვე ვხვდებოდით ერთმანეთს. მომწონდა მისი სერიოზულობა, სიმშვიდე, ის, რომ ცერცეტ ბიჭებს არ ჰგავდა. საკმაოდ თავდაჭერილი იყო და მოწიწებით მექცეოდა.
– რამდენი წელია, რაც გათხოვილი ხართ?
– მესამე წელი დაიწყო. ძალიან ცოტაა, ხომ? მაგრამ, ეს დრო სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ საკუთარ არჩევანში დავეჭვებულიყავი. და, კიდევ იმისთვის, რომ მეღალატა ქმრისთვის. თქვენი სხვა რესპონდენტებისგან განსხვავებით, მე ამის გამო სინდისი არ მაწუხებს, ოღონდ, არ მკითხოთ, თქვენთან რისთვის მოვედი. აქ ხომ ძირითადად „მონანიენი” დადიან: „არ მინდოდა”, „შემთხვევით დამემართა,” „მეც ვერ ვხვდები, ეს როგორ გამოვიდა...” მე გეტყვით, ზუსტად ვიცი, როგორც გამოვიდა და რა მინდოდა. არც უზნეო ვარ და არც უსირცხვილო; არც ქმრის ღალატი ყოფილა ჩემი თვითმიზანი, მაგრამ, თვითონ მიმიყვანა აქამდე. როგორ? – მოგიყვებით. ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ კაცის ეს ნაკლი ღალატის მაპროვოცირებელი აღმოჩნდებოდა – მე ამას გულახდილად ვამბობ. საერთოდ, კაცი ქალს და ქალი კაცს ღალატობს რაღაც კონკრეტული დანაკლისის გამო.
– ეგ რას ნიშნავს?
– ეს ჩემი სუბიექტური აზრი არ არის. წამიკითხავს კიდეც, რომ ისინი სხვა პარტნიორში ეძებენ იმას, რაც მეუღლეში ვერ ნახეს.
– ყოველმხრივ შემკული და „შევსებული” არც ქალი არსებობს და, მით უმეტეს, არც მამაკაცი.
– გეთანხმებით, უნაკლო მართლაც არავინ არის, მაგრამ, ნაკლსაც ხომ გააჩნია?! ზოგიერთი ნაკლოვანება ძალიან ნეგატიურად მოქმედებს, ისე ნეგატიურად, რომ ცხოვრება აღარ გინდა. ჩემმა ქმარმა ერთ წელიწადში მოახერხა, ჩემთვის ცხოვრება გაემწარებინა, ჭკუიდან გადავეყვანე. ისე გამაცოფა, რომ სურვილი გამიჩინა, მისთვის სამაგიერო გადამეხადა. მე ახლა თავს კარგად ვგრძნობ, რადგან დეფიციტი აღარ არსებობს.
– ძალიან მარტივად ლაპარაკობთ. ქმარს უღალატეთ, შური რომ გეძიათ მასზე და ეს თქვენთვის კომფორტია? ასეთი რა დააშავა?
– ძუნწია.
– რა?!
– დიახ. ზუსტად ის გაიგეთ, რაც ვთქვი – ძუნწია. თქვენ შეიძლება, გეცინებათ, მაგრამ, სულაც არ გახლავთ სასაცილო. როცა მამაკაცი ხელმომჭირნეა, ეს ცუდი არ არის. პირიქით, იმას რა ჯობია, როცა ის ფულს არ ფლანგავს და თითოეულ კაპიკს უფრთხილდება ოჯახისთვის, მაგრამ ჩემს ქმარს სხვა უბედურება სჭირს – მანიაკალურად არის ჩაფრენილი ფულზე. ფულის დახარჯვას ისე მტკივნეულად და ავადმყოფურად განიცდის, თითქოს ხორცებს აგლეჯენ. გეფიცებით, არ ვხუმრობ. თავიდან მეც არასერიოზულად აღვიქვამდი ამ ყველაფერს და მეღიმებოდა, არ მეგონა, რომ ამხელა პრობლემად გადაიქცეოდა. არადა, საკმაოდ სოლიდური შემოსავალი აქვს მასაც და მეც, საკმაოდ კარგ ხელფასს ვიღებ. როგორ უნდა მეფიქრა, რომ ქმარი სუნამოს და პარფიუმერიის ყიდვას ამიკრძალავდა?! შოკში ჩავვარდი, როცა მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ხუმრობა არ იყო.
– ურთიერთობაში, ანუ იმ პერიოდში, სანამ ერთმანეთს ვხვდებოდით, ვერ ამჩნევდით, რომ ძუნწი იყო?
– ვერა. მე არ ვარ მომთხოვნი და პრეტენზიული ადამიანი, აუცილებლობად არ მიმაჩნია, რომ მამაკაცმა ფანტასტიკური და არაჩვეულებრივი საჩუქრებით აგავსოს. კინოში დავყავდი და კაფეში მეპატიჟებოდა ხოლმე ყავასა და ნაყინზე. ასი ვარდი არ უჩუქებია და ბრილიანტები არ მოურთმევია.
– ხელგაშლილ მამაკაცებს ადვილად შეამჩნევ, ხასიათის ამ თვისებას.
– მე არ ვიცი, ვის რა ემჩნევა. ახლა ხელგაშლილი კაცი მყავს გვერდით, მაგრამ, შორიდან ეტყობა ეს თუ არა, არ ვიცი. სამაგიეროდ, ზუსტად ვიცი, რომ ჩემთვის ფულის მოცემა სიამოვნებას ანიჭებს; ამით იმ დეფიციტს მივსებს, რაც ქმართან მაქვს. გულახდილად რომ გითხრათ, უკვე ნაკლებად მაინტერესებს ჩემი მეუღლის ნაკლი. თვალოს თავისი გროშები და იყოს. საქორწინო მოგზაურობაში არ წავუყვანივარ – კარგად დაითვალა და თქვა, რომ ეს ჩვენი ბიუჯეტისთვის დიდი დანაკლისი იქნებოდა. ახალი ოჯახი გვაქვს, იმდენი რამე დაგვჭირდება, მოდი, ფულს ნუ გადავყრითო. კარგი-მეთქი. ჰო, ჭკვიანი გოგო ხარ. მარტონი ვცხოვრობთ, ხელს არავინ შეგვიშლის, რომ ერთად კარგად ვიყოთ. ჩავიკეტოთ სახლში და ვითომ გავემგზავრეთო. მეც იძულებული ვიყავი, ჩემს დაქალებთან მეცრუა და მეთქვა, რომ თურქეთში ვიყავით რამდენიმე დღით. ამაზე არ დავბოღმილვარ. იმიტომ, რომ მეც დავეთანხმე გადაწყვეტილებაში, მაგრამ, ამას რაც მოჰყვა, ის უკვე ძალიან აღარ მომეწონა. მაგალითად, მკითხა, შენს ხელფასს ძირითადად რაში ხარჯავდიო. მანამდე არ დავფიქრებულვარ, კონკრეტულად რაში მეხარჯებოდა ფული. რა ვიცი-მეთქი – დავიბენი. უნდა დაფიქრდე, ფულის ასე ყრა როგორ შეიძლება. ახლა საერთო ბიუჯეტი გვაქვს და შენი ხელფასიც სახლში უნდა მოიტანო. მერე ჩამოწერ, იმ თვეში რა გჭირდება, ოღონდ, მართლა უნდა გჭირდებოდეს და ჩემი თანხმობით იყიდოო. მე საერთოდ არ ვაპირებდი ჩემი ხელფასის ქმრისთვის ჩაბარებას. ვფიქრობდი, რომ საკუთარი სიამოვნებისთვის დავხარჯავდი.
– ამიტომაც დაიბოღმეთ?
– რას ნიშნავს, დავიბოღმე! კი არ დავიბოღმე, გავბრაზდი. იმის მაგივრად, რომ თვითონ მოეცა ჯიბის ფული, ჩემსასაც მართმევდა; გაუგებარია, რატომ. ხომ გითხარით, ნამდვილად არ გვიჭირდა. როგორც კი გავაპროტესტე, მაშინვე მითხრა, სხვანაირად ვერაფერს მოვახერხებთ, ფული ხომ უნდა დავაგროვოთ. რამდენიმე წელიწადში, ბავშვზეც მოგვიწევს ფიქრი – ერთი მაინც ხომ აუცილებელია. ბავშვს კი იმდენი უნდა, თუ ახლავე რაღაც თანხა არ გადავინახეთ, ცუდ დღეში აღმოვჩნდებითო.
– მსჯელობა საკმაოდ ლოგიკურია.
– ლოგიკურია, როცა შენს თავს არ ხდება და ასე შორიდან უსმენ. მაყურებლის როლში ყოფნა ყოველთვის უფრო ადვილია. ჯერ ერთი, მივხვდი, რომ ბავშვი მისთვის ზედმეტი ხარჯი იყო. არა სასურველი და სანატრელი არსება, არამედ, სავალდებულო რაღაც, რომელიც დამატებით ხარჯთან იყო დაკავშირებული; მეორე – წარმოვიდგინე, როგორ იწუწუნებდა და იტირებდა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ყოველთვის, როცა ბავშვს ჩასაცმელს ან სათამაშოს ვუყიდდი. ყოველდღე ჩხუბობდა და ბუზღუნებდა: „რად გინდოდა ახალი შამპუნი, ძველში ხომ კიდევ არის ჩარჩენილი?“ „რა გინდა სალონში, თმა შენით ვერ უნდა დაივარცხნო?” „რა საჭიროა ამდენი თმის რეზინი თუ სამაგრი, ერთი არ გეყოფოდა?!” და რამდენი ასეთი წვრილმანი გავიხსენო. ნელ-ნელა ისე ამომიყვანა ყელში, მასთან ყოფნისა და სიახლოვის სურვილი გამიქრა. როგორ მოგინდება სექსი კაცთან, რომელიც იმასაც კი გიკონტროლებს, დღეში რამდენ მეტრ ტუალეტის ქაღალდს მოიხმარ?! ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შეძენაზე აღარაფერს ვამბობ. ნამდვილი ომი იმართებოდა. ისე მომწყინდა ეს დაუსრულებელი კოშმარი, ტყუილებს დავეჩვიე: არ ვამბობდი, რომ ჩემი ფულით ვყიდულობდი, ვიტყუებოდი, მაჩუქეს-მეთქი. ორ-სამჯერ, ჩემი მეგობრები მყავდნენ სტუმრად. სახლში რომ მოვიდა და გაშლილ სუფრას გადახედა, სახე შეეცვალა. გოგოები რომ გავაცილე, მისაყვედურა, რაც დღეს შენ „ფრინცკი-ფრუნცკებში” (ანუ, სასუსნავსა და ტკბილეულში) ფული დახარჯე, მთელი კვირის სამყოფი პროდუქტისთვის გვეყოფოდაო. ანუ, შენი მეგობრებიც აღარ დავინახო აქ სტუმრადო – ხომ ამას ნიშნავდა, ეს საყვედური? ახლა, თქვენ მითხარით, ასეთი მამაკაცი ვნებას გაგიღვიძებთ? მოგინდებათ ალერსი და ინტიმური სიახლოვე ამისთანასთან? ხომ არ მოგინდებათ? ამიტომ, მეც საერთოდ გავცივდი მის მიმართ.
– ალბათ, უნდა გაშორებოდით.
– ვიცოდი, რომ ამას მეტყოდით. პრინციპში, მინდოდა, მაგრამ, არც ასე ადვილია, გაშორდე კაცს ასეთი მიზეზით. ჩემი მშობლებისთვის როგორ ამეხსნა, რა მეთქვა, რატომ ვშორდები-მეთქი.
– ის გეთქვათ, რასაც ახლა ყვებით.
– ჩემი ქმარი სულ ადვილად შეძლებდა დედაჩემისთვის იმის დამტკიცებას, რომ მე მფლანგველი და ცუდი მეოჯახე ვარ და მერე მოხდებოდა ის, რომ საშინლად გავილანძღებოდი. დამიწყებდნენ „ტვინის გამორეცხვას,” რომ ვარ სულელი. ჩემი ხუშტურების გამო ვკარგავ ამისთანა ანგელოზივით ქმარს... დედაჩემისთვის ის დღესაც იდეალური სიძეა. იმასთან ისე იქცევა, პრინციპში, არც სჭირდება თამაში. როგორც გითხარით, მშვიდია, გაწონასწორებული, საკმაოდ განათლებული და ზრდილობიანი და ჩემი მშობლებისთვის ეს სრულიად საკმარისია. ისინი მარტო იმას ხედავენ, რომ არ მშია, არ მცივა და შეურაცხყოფას არავინ მაყენებს. ხვდებით, ხომ, რას ვამბობ და ვგულისხმობ? ასე რომ, გაყრაზე ფიქრი ჩემი მხრიდან დიდი სისულელე იქნება. ან, რატომ უნდა გავეყარო, როცა ცხოვრება უკვე დავალაგე?
– ქმარიც რომ გყავთ და საყვარელიც, ეს არის ცხოვრების დალაგება?
– რატომაც არა? ზოგს არც ერთი არ ჰყავს, მე კი ქმარი ქმრის ადგილას მყავს და საყვარელი – საყვარლის ადგილას, ურთიერთობებს ერთმანეთში არ ვურევ. გავიცანი შემთხვევით და დაუგეგმავად და ესეც ჩემი ქმრის სიძუნწის წყალობით მოხდა. პარფიუმერიულ მაღაზიაში ვიყავი და ახალ სუნამოებს ვათვალიერებდი. ერთი განსაკუთრებით მომეწონა და ძალიან დამწყდა გული, რომ ვერ ვიყიდდი – იმ თვის ბიუჯეტი მთლიანად ამოწურული მქონდა. ვერც ვერავის ვესესხებოდი – რომ ისესხო, უნდა დააბრუნო კიდეც. ამიტომ, უკანვე დავდე. ისეთი გამწარებული ვიყავი იმ მომენტში ჩემს ქმარზე, ისეთი, რომ სიძულვილიც კი ვიგრძენი. გამოვედი მაღაზიიდან, ვფიქრობდი, სად წავიდე, რომ სახლში რაც შეიძლება გვიან მივიდე-მეთქი. ამ დროს ვხედავ, გამყიდველი გოგონა მორბის ჩემკენ. ხელში პატარა პარკი უჭირავს და მეუბნება, ეს თქვენო. გავოგნდი. ის სუნამოა, რომელიც მოგეწონათო. თქვენთვის შეიძინესო. ვინ შეიძინა-მეთქი? აი, იმ პიროვნებამო. შემოვბრუნდი და დავინახე ვიღაც ტიპი, რომელიც მანქანასთან იდგა და მიღიმოდა. მადლობის სათქმელად ხომ მაინც უნდა მივსულიყავი. მითხრა, ჩემი მოკრძალებული საჩუქარი არაფერს გავალდებულებთ, მაგრამ, თუ ჩემთან ერთად ფინჯან ყავას დალევთ, ძალიან გამახარებთ და დამავალებთო.
– არ იცოდით, რომ მამაკაცის ასეთ ხელგაშლილობას შორს მიმავალი გეგმები მოჰყვება ხოლმე?
– იცით, რას გეტყვით? მე შემეძლო, უარი მეთქვა მასთან ერთად ყავის დალევაზე და მაშინ არანაირი შორს მიმავალი გეგმები არ იქნებოდა. რა გარანტია ჰქონდა, როცა ჩემთვის სუნამოს ყიდულობდა, რომ კაფეში წავყვებოდი, ხომ მართალი ვარ?! ასე რომ, გამოდის, მან ეს უანგაროდ გააკეთა. ამასთან, ძალიან ლამაზად მოახერხა ყველაფერი, – თანაც, ამან იმ მომენტში „მომისწრო“, როცა ქმარზე ვიყავი გაცეცხლებული და ამანაც იმოქმედა. ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი და შედეგი. შეხვედრამ რწმენა და სიხალისე დამიბრუნა. მერე კიდევ შევხვდით. კიდევ... ძალიან დახვეწილი და დელიკატური იყო. ღირსეულად იქცეოდა და არაფერი შეშლია. ისე მანებივრებდა, ისე... მოკლედ, ძალიან კმაყოფილიც ვარ, რომ ასეთი შანსი ხელიდან არ გავუშვი. შეიძლება, ეს ძალიან ცუდად ჟღერს და ურცხვი გგონივართ, მაგრამ, არაფერს არ ვაფუჭებ, ნამდვილად. არავის წილ სიხარულსა და ბედნიერებას არ ვიპარავ. ჩემმა ქმარმა ის მიიღო, რაც უნდოდა – ცოლი მინიმალური დანახარჯებით. მე კი მყავს ადამიანი, რომელიც თავს ქალად მაგრძნობინებს და ბედნიერებას მანიჭებს. რატომ უნდა შევცვალო რამე?!
– თქვენმა ქმარმა რომ გაიგოს, საყვარელი გყავთ?
– თუ ეყოფა შნო და გამჭრიახობა საამისოდ, გაიგოს; პრობლემა, არ არის თუ გამშორდება, არც ეს იქნება ტრაგედია. მე ამის თქმას არ ვაპირებ და არც ჩემი საყვარელია ჩვენი ურთიერთობის აფიშირების მოსურნე.
– იმიტომ, რომ ცოლი ჰყავს?
– ამ კითხვაზე არ გიპასუხებთ. მისი პირადი ცხოვრება მისია და მე მასში არ ვერევი. შესანიშნავად ვგრძნობთ თავს ისე, როგორც ვართ – კომფორტულად და კარგად. ჩემი ქმარი ერთგულების ღირსი არ არის, იმიტომ, რომ ერთგულების ფასი არ იცის.
– ანუ, ერთგულება ფასიანია? ის იყიდება?
– შეიძლება, არ იყიდება, მაგრამ, დამსახურება ნამდვილად სჭირდება. ქალს მამაკაცის მიმართ პატივისცემის გრძნობა თუ გაუქრა, დამთავრებულია იმ კაცის საქმე.