კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა ილია მჭედლიანი მაკლარენების სიძე და როგორი ურთიერთობა აქვს მის ოჯახს ბრიტანეთის სამეფო კართან

 

ილია მჭედლიანმა რამდენიმე წლის წინ დაუკავშირა თავისი ცხოვრება ბრიტანეთის სამეფო ოჯახთან დაახლოებული და ნათესაურ კავშირში მყოფი საგვარეულოს მშვენიერ წარმომადგენელს – აიონა მაკლარენს. ბატონი ილია დღეს ჩვენი რესპონდენტია.

– ილია, რას გვიამბობთ მაკლარენების საგვარეულოს შესახებ?

– მაკლარენების საგვარეულოს ძალიან საინტერესო ისტორია აქვს: ისინი შოტლანდიის ხაზით ბრიტანეთის მეფის ოჯახთან არიან დაკავშირებულნი. ცნობილია, რომ შოტლანდიის მეფეს ჰყავდა 4 შთამომავალი, ერთ-ერთი მათგანისგან მომდინარეობს მაკლარენების შტო. 

დღესდღეობით მაკლარენები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში დაიქსაქსნენ. თუმცა, ერთმანეთთან კავშირს არ წყვეტენ, აქვთ საგვარეულო საქველმოქმედო ასოციაცია და აქტიურად ეწევიან ქველმოქმედებას. ჩემი სიმამრი, დონალდ მაკლარენი, არის თავისი გვარის „ჩიფ”, რაც ნიშნავს კლანის უფროსს. ჩვენთან, სვანებში, გვარის უფროსს მახვში ჰქვია. გვარის უფროსობა მაკლარენებს შორის შთამომავლობით გადადის, ისე როგორც, სახელი დონალდი – მამიდან პირველ ვაჟზე. ანუ, მაკლარენების კლანის ხელმძღვანელი ყოველთვის არის დონალდ მაკლარენი.

 – ოდნავ გადავუხვევ თემას და დავინტერესდები, მხოლოდ და მხოლოდ სახელწოდებაშია დამთხვევა, თუ რაიმე კავშირი აქვს „ფორმულა 1-დან“ ცნობილ ავტომანქანა „მაკლარენს“ ამ საგვარეულოსთან?

– ეს ავტომანქანა მაკლარენების ბიზნესის პროდუქტია, ახლო წარსულში ამ ბიზნესში ჩემი სიმამრის წინაპრებიც იყვნენ, კონკრეტულად – დონალდის ბაბუა. მართალია, დღეს მას მფლობელი გამოცვლილი ჰყავს, მაგრამ, ძველი მფლობელის სახელწოდება შემორჩენილი აქვს. 

– ახლა ის ისტორიაც გვიამბეთ, როგორ იქორწინეთ აიონა მაკლარენზე.

– აიონა გავიცანი მაშინ, როდესაც დონალდ მაკლარენი საქართველოში ჩამოვიდა დიპლომატიური მისიით. ჩვენს შეხვედრამდე, თურმე, მაკლარენები ტურისტული ვიზიტით ყოფილან სვანეთში და ძალიან მოხიბლულან ჩემი მშობლიური კუთხით. ამ ფაქტიდან რამდენიმე წლის შემდეგ ბიძაჩემმა გამაცნო ლუი მაკლარენი – აიონას ძმა, მერე კი მოხდა ჩემი და აიონას გაცნობაც. ჩვენ თავიდანვე კარგად გავუგეთ ერთმანეთს, დავმეგობრდით და ცოტა ხანში სვანეთში გავემგზავრეთ. გამგზავრებამდე გავიცანი აიონას მშობლები. როდესაც ორი ადამიანი ურთიერთობას იწყებს და ეს ურთიერთობა მეგობრობის ფარგლებს აღემატება, ტრადიციის თანახმად, ეს ადამიანი ოჯახს უნდა წარუდგინო. ასე მოვიქეცით ჩვენც.

– როგორ მოხდა ეს წარდგენა?

– დანიშნულ დღეს მე მაკლარენებთან მივედი საელჩოს რეზიდენციაში. ცოტა ვღელავდი. გაცნობისთანავე, დაახლოებით თხუთმეტ წუთში, ბატონმა დონალდმა ჭადრაკის თამაში შემომთავაზა. მე მოვუგე. როგორც ასაკით მასზე უმცროსსა და, შესაბამისად, ნაკლებად გამოცდილს, არ უნდა მომეგო ეს თამაში... ბატონი დონალდი წაგების გამო გაკვირვებული დარჩა... ცოტა უხერხული სიტუაცია მოჰყვა ამას, ხომ ხვდებით... მეორე და მესამე პარტიაც ვითამაშეთ. თამაშის პროცესში ჩვენ შორის დიალოგი გაიბა. ბატონი დონალდი თავის გვარზე მიამბობდა, თავადაც ბევრი კითხვა ჰქონდა სვანურ ტრადიციებთან დაკავშირებით. შეიძლება ითქვას, ჩვენ ჩვენი ურთიერთობა გავაბით. ძალიან ბუნებრივად მოხდა ეს ყველაფერი. ბატონმა დონალდმა ჩემი მხრიდან დიდი სიმპათია დაიმსახურა როგორც მამაკაცმა და როგორც ტრადიციების მოყვარულმა და დამცველმა პიროვნებამ. მოგეხსენებათ, სვანებიც ძალიან ვართ, ტრადიციების მიმდევრები, და, ამიტომ, ერთმანეთს მალე გავუგეთ. 

– ანუ, საერთო აღმოგაჩნდათ არა ტრადიციების მსგავსებაში, არამედ ტრადიციულობაში. კულტურულ თავისებურებებზე რას გვეტყვით?

– სხვათა შორის, მსგავსებებიც გამოჩნდა ტრადიციებში: შოტლანდიელებიც ცნობილები არიან თავისი მებრძოლი ხასიათით, ისევე, როგორც სვანები. რაც შეეხება კულტურულ თავისებურებებს, ქართული იუმორით ძნელია ბრიტანელი ხალხის გაცინება. ასე რომ, თავიდან გამიჭირდა ამ კუთხით ინტეგრაცია, მაგრამ, როცა უკვე „ავითვისე” ბრიტანული ხასიათის იუმორი, ახლა საქართველოში ვეღარ ვაცინებ ხალხს.

მჭედლიანების შესახებაც ბევრი კითხვა ჰქონდა ბატონ დონალდს. მე ვუამბე, რომ ამ გვარის შესახებ ჩანაწერები მეხუთე საუკუნეზე ადრიდან გვხვდება. ისინი მწიგნობრები იყვნენ. როდესაც ქრისტიანობას ეყრებოდა საფუძველი, ჩვენთან მჭედლიანები წმიდა წერილებს თარგმნიდნენ და ავრცელებდნენ. მჭედლიანებს შორის ყოფილან მოძღვრები, ხატმწერები, მშენებლები... ძალიან დიდი ისტორია გვაქვს.

– პირადად რა პროფესიის ხართ?

– პროფესიით ეკონომისტი ვარ, მაგრამ, ჩემთვის ძალიან ახლობელია ხელოვნებაც, კონკრეტულად – მხატვრობა. ხელოვნების მიმართ ნიჭი ჩემს გვარს გამორჩეულად აქვს. 

სვანეთში არის 4 ძირითადი გვარი, რომელიც სვანეთის დასაბამიდანვე მოდის და მათ შორის ერთ-ერთი ჩვენი გვარია.

– დანარჩენი სამის ვინაობაც გაგვაცანით.

– ესენი არიან: რატიანები, ფალიანები და ნიგურიანები. ეს ოთხივე გვარი მოიხსენიება თეთრი წმიდა გიორგის გვარად. ამგვარი ისტორიების მოსმენამ მაკლარენების კლანის უფროსი დიდი სიმპათიებით განაწყო ჩვენდამი. 

– ანუ, შეიძლება ითქვას, ვახშამმა კარგად ჩაიარა?

– ნამდვილად. ვახშმის შემდეგ, ბატონ დონალდს ნებართვა ვთხოვეთ და მან სვანეთში გაგვიშვა. იქ აიონამ გადაწყვიტა, რომ მართლმადიდებლად მონათლულიყო. ნათლობიდან დაახლოებით ხუთ თვეში დავნიშნეთ ქორწინების დღე. ქორწილი საქართველოს ტელევიზიითაც გაშუქდა. 

– თამადა ვინ იყო თქვენს ქორწილში?

– თამადა ჩვენს ქორწილში იყო ბატონი გელა ჩარკვიანი. იგი იმხანად დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩად გახლდათ მივლენილი. 

– ბრიტანეთის სამეფო ოჯახსა და მაკლარენებს შორის ურთიერთობის შესახებაც გვიამბეთ.

– სამწუხაროდ, მე არასდროს არ მომიწია მათთან სტუმრობა, რადგან ეს შეხვედრები ყოველთვის იმ პერიოდს ემთხვევა, როდესაც მე საქართველოში ვიმყოფები. ჩემი სიმამრი კი ხშირად ესტუმრება ხოლმე მათ. რადგან ის, უპირველესად, არის მაკლარენი და შემდეგ – დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელი. იგი ძალიან დიდი და პატივსაცემი ფიგურაა ბრიტანეთში. დონალდ მაკლარენი პოლიტიკურადაც აქტიურია – 2010 წლის არჩევნებშიც იღებდა მონაწილეობას.

მინდა აღვნიშნო ერთი ფაქტი, რომელიც, სამწუხაროდ, გამორჩათ ქართველ ჟურნალისტებს.

– რას გულისხმობთ?

– აგვისტოს ცნობილი მოვლენების დროს, ჩემი სიმამრი გამოვიდა „ალჯაზირას“ ტელევიზიით, აგრეთვე „ბიბისიზე“ და დებატებში მიიღო მონაწილეობა ბრიტანეთში მოღვაწე რუსეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან. ეს იყო პირდაპირი ეთერი, რომელსაც პირადად მეც ვადევნებდი თვალს და ძალიან გამიკვირდა, რომ აქ ამის შესახებ არაფერი ითქვა.

– როგორ დასრულდა ეს დებატები?

– ეს დებატები ქართველების სასარგებლოდ დასრულდა. დონალდ მაკლარენის გამოსვლამ მაყურებლებს შორის ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. მას უამრავი ინფორმაცია აქვს საქართველოს შესახებ, ამიტომ, თითქმის ყველა საკითხსა და კითხვაზე ჰქონდა პასუხი. თვითონ კონფლიქტის დეტალებზეც ბევრი იცოდა და არ გასჭირვებია საზოგადოებისთვის დაენახვებინა რეალური სურათი, რათა მაყურებელს გაეკეთებინა დასკვნა, რომ არსებულ სიტუაციაში ქართველები მართლები იყვნენ და რუსები მათ წინაშე სცოდავდნენ. დონალდ მაკლარენს ძალიან უყვარს სამშობლო, მაგრამ, მე ვხედავ და ვგრძნობ, რომ ის საქართველოს პატრიოტიცაა და ამით ძალიან ამაყი ვარ. 

– ენობრივი ბარიერი თუ შეგექმნათ მაკლარენსა და მჭედლიანს?

– არა. აიონა რამდენიმე ენას ფლობს. თავდაპირველად ჩვენ ვსაუბრობდით რუსულად, შემდეგ კი გადავედით ინგლისურზე. რაც შეეხება ქართულს, აიონამ წერა-კითხვა კარგად იცის, ცოტა წარმოთქმის პრობლემა აქვს ზოგიერთ თანხმოვანთან დაკავშირებით, თორემ, ენა მაქსიმალურად ესმის.

– როგორც ვიცი, ერთი ქალიშვილი გყავთ.

– დიახ, მე და აიონას ერთი ქალიშვილი გვყავს –  ანა-მარინა მაკლარენ-მჭედლიანი. აგვისტოში მეორე შვილს ველოდებით.

– თქვენი ქალიშვილი რომელ ენაზე მეტყველებს?

– ჩემს ანას რაც შეეხება, იგი ლაპარაკობს სამ ენაზე: ინგლისურად, ქართულად და ცოტა სვანურადაც. ინგლისურსა და ქართულს ხშირად იყენებს, სვანურს კი მხოლოდ მაშინ, როცა ბრაზობს (იცინის).

– ძირითადად საქართველოში ხართ ხოლმე თუ ბრიტანეთში?

– მე და აიონა ვცდილობთ, ზამთარი საქართველოში გავატაროთ – სვანეთში ჩავდივართ. წელს გამონაკლისია, რადგან, როგორც მოგახსენეთ, აიონა ფეხმძიმედაა. 

– ბრიტანეთის სამეფო ქორწილზეც იქნებოდნენ მაკლარენები.

– აიონას წოლითი რეჟიმი ჰქონდა და ამიტომ ვერ წავიდა, მეც საქართველოში გახლდით ამ დროს. რაც შეეხება ჩემს სიმამრს, ის, რა თქმა უნდა, ბრძანდებოდა.

 

скачать dle 11.3