კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

 

 

ქმარს ხელახლა შევუყვარდი

მეგობარმა გამაცნო კაცი, რომელიც ძალიან მალე შემიყვარდა, რადგან, პრაქტიკულად, ჩემს ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებდა, გარდა გარეგნობისა. მაგრამ მე ამას ყურადღებას არ ვაქცევდი, რადგან ცნება „ლამაზი კაცი“ ჩემთვის არ არსებობს. რა თქმა უნდა, შევამჩნევ ლამაზ კაცს, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, არ მიყვარს იდეალურნაკვთებიანი, დაწკეპილ თვალწარბიანი მამაკაცი. ეს, ცხადია, არ ნიშნავს იმას, რომ შეუხედავები და მახინჯები მომწონს. უბრალოდ, ლამაზ კაცებს იმიტომ ვერ ვიტან, რომ კუდი აქვთ ყავარზე გადებული, იპრანჭებიან, „მარიაჟობენ“ და ყველას თავს აყვედრიან. ერთი სიტყვით, მთავარია, ნაკლული, მახინჯი და უსიმპათიო არ იყოს და, კიდევ, ძალიან დაბალი და მსუქანი, დანარჩენი ვარიანტები ჩემთვის მისაღებია, თუ მის გვერდით ყოფნისას გრძნობ, რომ ქალი ხარ, რომ ძლიერი მამაკაცი გყავს გვერდში, რომ პატივს გცემს, უყვარხარ და შენს სიყვარულსაც გრძნობს და აფასებს, რომ შენ გამო ცეცხლში გადავარდება... ერთი სიტყვით, სწორედ ასეთი კაცი აღმოჩნდა ლევანი. მოკლედ, ერთმანეთი შეგვიყვარდა და დავქორწინდით. ჩვენმა ურთიერთსიყვარულმა დაახლოებით ერთ წელს გასტანა, მერე კი ჩვენ შორის დაიწყო საშინელი გაუცხოება – საერთოდ ვეღარ ვუგებდით ერთმანეთს. ეტყობა, ცოლქმრობაში ყოველ წელიწადს დგება რაღაც გარდატეხის თუ გარდამავალი პერიოდი, რომელსაც ორივე მხარე მზად უნდა შეხვდეს, ანუ, ამ შეგნებით: „მართალია, ახლა რთული პერიოდი გვაქვს, მაგრამ ჩვენ უერთმანეთოდ სიცოცხლე არ შეგვიძლია“. თუ ეს ორივემ გაითავისა, ნებისმიერი პრობლემა დაიძლევა და სიყვარული შენარჩუნდება. მაგრამ, სიყვარული რომ შენარჩუნდეს, ის რეალურად უნდა არსებობდეს. მე და ლევანმა ეს ვერ შევძელით, თუმცა, გვეგონა, რომ ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა. ეტყობა, ვცდებოდით, ყოველ შემთხვევაში, ერთ-ერთი ჩვენგანი მაინც. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ხუთი თვის მუცელი მომეშალა და ძლივს გადამარჩინეს. ცხადია, აბორტი გამიკეთეს, რაც ძალიან მძიმედ გადავიტანე როგორც  ფიზიკურად, ისე მორალურად. დამეწყო საშინელი დეპრესია. დედაჩემი მეხვეწებოდა, ჩემთან წამოდი, მოგივლი, თან გადაგყვებიო, მაგრამ მე ჩემს ქმართან მინდოდა ყოფნა. ამ დეპრესიამ განსაკუთრებით გამიმძაფრა მის გვერდით ყოფნის, მისი თანადგომის, მოფერების სურვილი, ის კი, პირიქით, გამირბოდა, ცდილობდა, ადრე წასულიყო სამსახურში და გვიან დაბრუნებულიყო. მივლინებებსაც მოუხშირა. ამ ყველაფერთან ერთად, აშკარად ვგრძნობდი, რომ ვაღიზიანებდი – რაც არ უნდა მეთქვა და რაც არ უნდა გამეკეთებინა, ყველაფერზე ნერვები ეშლებოდა. ამ ყველაფრის გარდა, ელემენტარული ცოლქმრული ურთიერთობაც კი აღარ გვქონდა. ხმამაღლა არ მეუბნებოდა, მაგრამ, ვგრძნობდი, რომ მე მადანაშაულებდა ბავშვის დაკარგვაში და ასეთი საქციელი ჩემ მიმართ მისი პროტესტის თუ განაწყენების გამოხატულება იყო. მე კი ამას საშინლად განვიცდიდი და უფრო მეტად ვითრგუნებოდი. ასე გაგრძელდა რამდენიმე თვის განმავლობაში. ჩვენ თანდათან უცხოები გავხდით ერთმანეთისთვის, რაც ჩემთვის ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა. საშინლად ვგრძნობდი თავს. ვხვდებოდი, რომ მისთვის ზედმეტი, გამოუსადეგარი ნივთი ვიყავი და მხოლოდ იმიტომ არ სვამდა გაყრის საკითხს, რომ ვიღაცის თუ რაღაცის ერიდებოდა, ან, იქნებ, სადღაც, გულის სიღრმეში ვეცოდებოდი, ან, სულაც, ეზარებოდა გაყრის პროცედურების გავლა – ვერ გეტყვით, ამაზე დღესაც არ მაქვს პასუხი. ერთ დღეს კი ვიგრძენი, რომ ლევანის მიმართ არანაირი გრძნობა აღარ მქონდა. უფრო მეტიც – ეჭვიც კი შემეპარა, ნუთუ ოდესმე მიყვარდა-მეთქი. გამოგიტყდებით და, ამ შეგრძნებამ დარდი შემიმსუბუქა – გულზე მომეშვა და დავმშვიდდი. ჯერ იმაზე ვიფიქრე კარგა ხანს, მე ხომ არ დავსვა საკითხი გაყრაზე და ხომ არ წავიდე სახლიდან-მეთქი, მაგრამ, გადავიფიქრე, რადგან ეს ძნელი ასახსნელი იქნებოდა ჩემი ოჯახისთვისაც, მეგობრებისთვისაც, ახლობლებისთვისაც. პრაქტიკულად, მე და ლევანს ერთი „მსუბუქი“ ჩხუბიც კი არ მოგვსვლია და ეს ყველამ იცოდა. თან, არ მინდოდა, რომ ჩვენი დაშორების ოფიციალური ინიციატორი მე ვყოფილიყავი, რომ მერე ყველაფერი ჩემთვის არ დაებრალებინა. როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, იმის გაცნობიერებამ, რომ, თუკი მე არ ვჭირდები ქმარს, არც მე მჭირდებოდა ის, შვება მომგვარა და, არათუ კომპლექსი, სტრესიც კი მომიხსნა. თანდათან გამოვედი მდგომარეობიდან, დავუბრუნდი ცხოვრებას და ჩემს ძველ სამსახურშიც დავბრუნდი, სადაც, მინდა გითხრათ, სიხარულით შემხვდნენ. სამსახურში გასვლამ კიდევ უფრო გამომაცოცხლა – მივხვდი, რომ ვიღაცას ვჭირდები, ვიღაცას უხარია ჩემი დანახვა და ჩემთან ურთიერთობაც სიამოვნებს. ერთი სიტყვით, გავცოცხლდი. მეც, ლევანივით, ვცდილობდი, მაქსიმალურად ცოტა დრო გამეტარებინა სახლში. გოგოებთანაც დავიწყე სიარული, ხანდახან ჩემთანაც მოდიოდნენ. ერთი სიტყვით, მუდამ ქმრის მომლოდინე და მის თვალებში შემყურე, უარყოფილი ცოლიდან ნორმალურ, დამოუკიდებელ და მხიარულ ქალად ვიქეცი. ვატყობდი, ლევანს უკვირდა ჩემი ასეთი გარდასახვა, მაგრამ, არაფერს მეუბნებოდა. პირველი ხელფასი რომ ავიღე, წავედი და ახალი ტანსაცმელი ვიყიდე, მერე სალონში შევიარე და ვარცხნილობა შევიცვალე. მერე ტრენაჟორებზე და მასაჟისტთანაც დავიწყე სიარული – ერთი სიტყვით, „დონე“ ქალი გავხდი. უნდა გამოგიტყდეთ, რომ, თუ აქამდე გულში ვეჭვიანობდი, ლევანი ვინმესთან ხომ არ მღალატობს-მეთქი და, რაღაცნაირად, ვცდილობდი, ქმარი შემენარჩუნებინა, ახლა, უკაცრავად პასუხია და, სულ ფეხზე მეკიდა, ვისთან წავიდოდა ან რამდენი საყვარელი ეყოლებოდა. ჩვენ, უბრალოდ, ერთ ბინაში ვცხოვრობდით, თორემ, სხვა აღარაფერი გვაკავშირებდა ერთმანეთთან. ამიტომ, შინაგანად თავისუფალი ვიყავი და უახლოეს მომავალში მქონდა გადაწყვეტილი, გაყრის საკითხი დამესვა – უკვე აღარ მენაღვლებოდა, ვინ რას იფიქრებდა და რას დამაბრალებდა.

ერთ დღეს კი გავიცანი მამაკაცი, რომელმაც ძალიან მომხიბლა თავისი პიროვნული თვისებებით. რამდენიმე დღის შემდეგ სამსახურთან დამხვდა და პირდაპირ დამისვა საკითხი – ცოლად გამომყევიო. ძალიან უცნაური ადამიანი იყო, არაორდინარული და სწორედ ამით მოვიხიბლე. მან არ იცოდა ჩემ შესახებ არაფერი, გარდა სამსახურის მისამართისა და მით უფრო გამაკვირვა მისმა პასუხმა, როდესაც ვუთხარი, გათხოვილი ვარ-მეთქი. არა უშავსო, – მითხრა, – დაველოდები, როდის გაეყრები ქმარს და მეორე დღესვე ჩემი ცოლი გახდებიო. რატომ ხარ ასე დარწმუნებული, რომ გავეყრები-მეთქი, – გამიკვირდა. იმიტომ, რომ აუცილებლად ჩემი ცოლი უნდა გახდე. შენ დღეიდან უკვე ჩემი ხარ, შენთვის სხვა კაცი აღარ იარსებებს, ქმარიც კიო, – მითხრა. გამოგიტყდებით, საკმაოდ აღელვებული და, ამასთან, პატივმოყვარეობადაკმაყოფილებული ვიყავი. როგორც ქალს, გულში მიხაროდა, რომ არსებობს ქვეყნად მამაკაცი, რომელიც ჩემზე ფიქრობს, მოვწონვარ, ვუყვარვარ და მელოდება. შინ გვიან მივედი – არ მინდოდა, ასეთი ემოციებით დავბრუნებულიყავი იმ ბინაში, სადაც გულგაციებული და უყურადღებო ქმარი დამხვდებოდა. სანამ სახლში მივიდოდი, სულ ამ თემაზე ვფიქრობდი და, გადავწყვიტე, ბოლოს და ბოლოს, გადამედგა მთავარი ნაბიჯი – მეთქვა ლევანისთვის, ჩვენს ერთად ცხოვრებას აზრი აღარ აქვს და ხვალ მე თვითონ შევიტან განცხადებას-მეთქი.

ლევანი სავარძელში იჯდა და ტელევიზორს უყურებდა. რომ შევედი, რაღაც უცნაურად შემომხედა – მამაკაცი უცნობ ლამაზ ქალს რომ დაინახავს და ნებისმიერი გზით მისი გაცნობა მოუნდება, ისე. დავიძაბე, რადგან, გადაჩვეული ვიყავი მის ასეთ მზერას – აღტაცებულსა და სურვილით აღსავსეს. ცოტა ხანს მიყურა, მერე კი მითხრა, გვერდით დამიჯექი, სერიოზული სალაპარაკო მაქვსო. ვიფიქრე, თვითონაც მიხვდა, რომ ჯობია, გავეყაროთ და, ალბათ, ამაზე უნდა დალაპარაკება-მეთქი და მივედი. მან კიდევ ერთხელ ამათვალიერ-ჩამათვალიერა და მითხრა:

– გადავწყვიტე, დღეს შენთან აღსარება მეთქვა. აქამდე მეგონა, რომ აღარ მიყვარდი და გაყრას ვაპირებდი. გამოგიტყდები და, საყვარელიც მყავდა, მაგრამ, შენ ისე შეიცვალე, თვალს ვეღარ გაშორებ, შენს დანახვაზე გული მიჩერდება. ადრე რომ მიყვარდი, ახლა ასჯერ იმაზე მეტად მიყვარხარ. მე ვიცი, რომ შენი გრძნობა ჩემდამი არ განელებულა და იმიტომ იტანდი ამდენ ხანს ჩემს გულგრილობას, მაგრამ, შენმა სიყვარულმა გაიმარჯვა. ეს ღამე ჩვენი შერიგებისა და ერთმანეთთან დაბრუნების ღამე იქნებაო – მერე ხელი მომხვია და თავისკენ მიმიზიდა, მაგრამ მე გველნაკბენივით წამოვხტი და ვუთხარი, აღარ მიყვარხარ და უნდა გაგეყარო-მეთქი. ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ გაუკვირდა – რას ჰქვია, აღარ გიყვარვარ, მატყუებო. მე იგივე გავუმეორე, გავედი ჩემს ოთახში და ჩემი ნივთების ჩალაგება დავიწყე – დღესვე მივდივარ შენგან-მეთქი. არ იცით, რა დაემართა და რა სცენები მომიწყო: ჩანთა ხელიდან გამომგლიჯა, კარი ჩაკეტა და მუხლებზე დამხობილი მეხვეწებოდა, არ მიმატოვო, თორემ თავს მოვიკლავო. მერე ყველაფრისთვის ბოდიშები მიხადა და მთხოვა, ერთი თვე კიდევ მოიცადე, ერთი შანსი მაინც მომეცი, დაგიმტკიცო, როგორ მიყვარხარ და, თუ შენც ისევ არ შეგიყვარდი, მერე წადიო. ისეთი გულწრფელი იყო და ისე შემეცოდა, დავთანხმდი. ამ ამბიდან ჯერ ორი კვირაა გასული და არ იცით, რაებს სჩადის, რა ფოიერვერკებს მიწყობს. მოკლედ, კანიდან ძვრება, რომ დამიბრუნოს. ჯერჯერობით, ვერ ვიტყვი, რომ ისევ შემიყვარდა-მეთქი, მაგრამ, თუ სულ ასე გაგრძელდა, გამორიცხული არაფერია და იმ ჩემს თაყვანისმცემელს ძალიან დიდხანს მოუწევს ლოდინი.

თეა, 32 წლის.

 

არ ვიცი, როგორ მოვიქცე

მყავს შეყვარებული, რომელიც დედაჩემს არ მოსწონს და კატეგორიულად მიკრძალავს მასთან შეხვედრას. ძირითადად ფიზიკურად არ მოსწონს – დაბალია და, თან, არაფერი პერსპექტივა არ აქვსო. თუ მაგას გაჰყვები, იცოდე, ჩემთვის მკვდარი იქნებიო. მაგისთვის როგორ იკლავ თავსო. რატომღაც, თითქმის არავის ვემეტები მისთვის, მე კი ეს გულს ძალიან მტკენს. არადა, შეუხედავი ნამდვილად არ არის, ძალიან საყვარელია და უზომოდ მხიარული. მართალია, ახლა არ მუშაობს – ფეხბურთელია და ტრავმების გამო ვერ თამაშობს და, შესაძლოა, მომავალშიც ვერ ითამაშოს, მაგრამ, ეს ხომ კატასტროფა არ არის, სხვაგვარადაც შეიძლება თავის რჩენა. სამწუხაროდ, დედაჩემისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ფულსა და ქონებას. მშობლებს, მართალია, განებივრებული ვყავდი და მიჩვეული ვიყავი ყველაფერ საუკეთესოს, მაგრამ ახლა ჩემთვის სულ არ წარმოადგენს პრობლემას, რომ, შეიძლება, რამე დამაკლდეს. მასთან ერთად, ჩემი აზრით, ყველაფერს მოვახერხებ. ხანდახან, გულში გამკრავს ხოლმე, რომ დედა მართალია და არაა ის ბიჭი ჩემი შესაფერისი, მაგრამ, შემდეგ ვხვდები, რომ მის გარეშე გამიჭირდება და ის ჩემთვის ძალიან ძვირფასია. მართალია, ყოველ მეორე დღეს ვჩხუბობთ და ცოტა რთული ხასიათი აქვს, მაგრამ, ყველაზე კარგად მასთან ვგრძნობ თავს. სხვათა შორის, თვითონ მეუბნება, რომ დედის წინააღმდეგ არ წახვიდე, პატივი უნდა სცე მის აზრს. სხვა რომ იყოს, კიდევ მესმის, მაგრამ, დედა სულ სხვააო. ხშირად მეუბნება, შენ ძალიან კარგი ხარ და ჩემთან გაგიჭირდება, რადგან მე ცუდი ვარო; მინდა, რომ კარგად იყო, ისე კარგად, რომ შემშურდეს და დავშორდეთო. მაგრამ, მე არ ვაძლევ ამის საშუალებას. ბევრჯერ მე გადამიდგამს პირველი ნაბიჯი შერიგებისკენ, რაც სხვა დროს წარმოუდგენლად მეჩვენებოდა გოგოსგან. ერთი უარყოფითი ის აქვს, რომ აზარტულია და თამაშობს. მართალია, ძალიან კარგი საახლობლო ჰყავს და ახერხებს ამით გამოწვეული პრობლემების მოგვარებას, მაგრამ, მჯერა, რომ შეძლებს ამის მიტოვებას. სულ ცოტა ხნის წინ ფინანსურად ძალიან კარგად იყვნენ, მაგრამ, ჩავარდნენ. ეს იცოდა დედამ და მაშინ არაფერს ამბობდა, მაგრამ ახლა ძალიან მიტევს. ამიტომ, ჩუმად ვხვდები შეყვარებულს – ხან რას ვიგონებ და ხან – რას. ძალიან ცუდ დღეში ვარ. არ მინდა ტყუილის თქმა. საშინლად დაძაბული ვარ, ვინმემ ერთად არ დაგვინახოს. მარტო დეიდაა ჩემს მხარეს – ვინც გიყვარს, იმას გაჰყევი, არც ერთი დედა არ დაკარგავს შვილს, მერე შეგირიგდება. ქონება არაა მთავარიო. მეც ასე ვფიქრობ, მთავარი ისაა, რომ კარგი ადამიანია. ყველა ელოდა ჩემგან, რომ ფულიან ბიჭს ამოვარჩევდი, მაგრამ, გულმა სულ სხვა აირჩია. მინდა, თავისუფლად ვიარო მასთან ერთად, როცა მინდა და სადაც მინდა, მაგრამ, ვერ ვახერხებ. მშურს ხოლმე სხვა შეყვარებულების, ერთად ყოფნას თავისუფლად რომ ახერხებენ. ასე მგონია, რომ, თუ დედამ მას დამაშორა, სხვას არასოდეს დაველაპარაკები. არავინ მაინტერესებს იმის გარდა. 

საშინლად დაბნეული ვარ და ძალიან მჭირდებოდა ვინმე ზრდასრული, გონიერი ადამიანის რჩევა. ეს რომ ჩემს დაქალს ვუამბე, მითხრა, მამიდა მყავს ფსიქოლოგი და იმასთან წაგიყვანო. თან შემპირდა, რომ საიდუმლოს შემინახავდა. სიხარულით დავთანხმდი. ჩემი „მშველელი“ ორმოც წლამდე ასაკის ქალი იყო, ძალიან მშვიდი და ჭკვიანი. ყველაფერი დაწვრილებით ვუამბე. ყურადღებით მისმენდა და ბოლოს ისეთი რჩევა მომცა, აღარ ვიცი, რა ვქნა. როგორც მან მითხრა, სინამდვილეში, ის ბიჭი კი არ მიყვარს, უბრალოდ, მომწონს და, რადგან სხვა, სერიოზული თაყვანისმცემელი არ მყავს, მგონია, რომ მართლა მიყვარს. თანაც, რადგან ყველა წინააღმდეგია ჩვენი დაქორწინების, შინაგანი, გაუცნობიერებელი პროტესტი მაქვს და უფრო ვირწმუნებ თავს, თითქოს მის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია.

როგორც იმ ფსიქოლოგმა ამიხსნა, თინეიჯერ ბიჭს, რომელიც არც სწავლობს, არც მუშაობს და, თან, რაც მთავარია, თავგამოდებული მოთამაშეა, პრაქტიკულად არ აქვს მომავალი, რადგან, ნარკომანიის გამოსწორება უფრო რეალური და შესაძლებელია, ვიდრე მოთამაშის, რადგან მას უკვე ტვინსა და ფსიქიკაში აქვს პრობლემები და თითქმის გამორიცხულია ამ პრობლემის მოგვარებაო. მოკლედ, იმდენი მელაპარაკა, თან, აბსოლუტურად მიუკერძოებლად, რომ, მგონი, მეც ეჭვი შემეპარა ჩემს გრძნობაში. სხვათა შორის, ბოლოს ისიც მითხრა, შეიძლება, მას გულით უყვარდე, მაგრამ მასთან ბედნიერი ვერასოდეს იქნები – როგორც კი შეეცდები მის გონზე მოყვანას, მაშინვე მოგისვრის, შეიძლება, ხელითაც შეგეხოს, შეიძლება, უარესიც გიქნას, მაგრამ თამაშს თავს შვილის გამოც ვეღარ დაანებებსო.

საგონებელში ვარ ჩავარდნილი. აღარ ვიცი როგორ მოვიქცე.

ია, 19 წლის.

 

საცოლე გამითხოვდა

მყავდა შეყვარებული, რომელიც შემოდგომაზე ცოლად უნდა შემერთო. ორივეს ოჯახმა იცოდა და ქორწილის დღეც დათქმული გვქონდა, მაგრამ, უმაღლეს სასწავლებელში ვერ ჩავაბარე – ქულები დამაკლდა და ჯარში გამიწვიეს. პირობა მომცა, დაგელოდებიო, მაგრამ, ჩემი წასვლიდან ოთხი თვის შემდეგ, ჩემი საცოლე გათხოვდა. სიტყვა რომ გატეხა და მიღალატა, ეს ერთი უბედურება იყო ჩემთვის, რადგან, საკუთარ თავზე მეტად მიყვარდა, მაგრამ, ასე ბოლომდე თუ გამანადგურებდა, ამას ვეღარ წარმოვიდგენდი. საქმე ისაა, რომ ცოლად ჩემს უახლოეს ძმაკაცს გაჰყვა, იმას, ვინც ჩვენი მეჯვარე უნდა ყოფილიყო. ანიმ იმხელა ტკივილი მომაყენა, არ ვიცი, სიცოცხლის ბოლომდე თუ მომიშუშდება, მაგრამ, ზურას ღალატს, ალბათ, სამარეში წავიღებ თან. სხვათა შორის, მთელი სოფელი ამტყუნებდა – ბავშვობის მეგობარს საცოლე წაართვა მაგ არაკაცმაო. დიდი ქორწილი გადაუხდიათ, მაგრამ ახალგაზრდებიდან (ძირითადად – ბიჭებიდან) თითქმის არავინ მისულა უახლოესი ნათესავების გარდა. როგორც მერე მითხრეს, ქორწილი იყო თუ პანაშვიდი, ვერ გაიგებდი, ყველა უხერხულად იჯდა, სახეები ჩამოსტიროდათ; წესიერად ვერც იმღერეს, ვერც იცეკვეს, ვერც იმხიარულეს. კაცები მხოლოდ სავალდებულო სადღეგრძელოებს სვამდნენ და ღვინოს ეძალებოდნენ, ქალები კი ჯგუფ-ჯგუფად ისხდნენ და ლამის ხმამაღლა ჭორაობდნენ – ეს როგორ გაუკეთეს დათოსო (დათო მე ვარ). სამაგიეროდ, ანის ბევრი ბეჭედი აჩუქა დედამთილმა (დედაჩემი ამდენს ვერ მისცემდა), მამამთილმა კი შვილსა და რძალს ქორწილის საჩუქრად მანქანა უყიდა და თბილისში ბინაც უქირავა (თურმე, შეჰპირდა, ბიჭს თუ გამიჩენთ, ბინასაც გიყიდითო). ერთი სიტყვით, ჩემმა საცოლემ ქონებაში გამცვალა – ეს, ასე თუ ისე, შეიძლება, გაიგოს კაცმა (კი არ გაამართლოს, არამედ, გაიგოს), მაგრამ, ზურამ რატომ ჩამაფურთხა სულში, ამას ვერ ვიგებ. ბიჭებისთვის უთქვამს, ანი ბავშვობიდან მიყვარდა, მაგრამ, რადგან დათოს ხვდებოდა, არ ვამხელდი. დათო რომ ჯარში წავიდა, მეგონა, ერთმანეთს დაშორდნენ და ამიტომ ვთხოვე ცოლობაო. მოკლედ, ახლა რაღა აზრი აქვს ახსნა-განმარტებებს, მთავარი ის არის, რომ ერთდროულად ორი უახლოესი ადამიანი დავკარგე და იმის მერე სოფელში მხოლოდ ერთხელ ვიყავი, ისიც, ერთი ღამით – ჯარიდან რომ დავბრუნდი, მაშინ. მეორე დილას კი თბილისში წამოვედი, ოთახი ვიქირავე და რაღაც სამსახურიც ვიშოვე. ყოველ შემთხვევაში, იმდენს კი ვიღებ, პატარა ოთახის ქირაც გავისტუმრო და თავიც ვირჩინო. ჩემს მშობლებს კი უნდათ, რომ მათთან ვიყო, მაგრამ, არ მაძალებენ. გადავწყვიტე, ცოტა თანხა მოვაგროვო, რაღაც საგნებში მოვემზადო და უმაღლესში ჩავაბარო. ახლა სულ სხვანაირად დამესახა ჩემი მომავალი: ინსტიტუტს დავამთავრებ, კარიერასაც ავიწყობ, ცნობილი კაციც გავხდები და მერე მიხვდება ქალბატონი ანი, ვინ დაკარგა ჩემი სახით. თვითონ კი, ქმართან ერთად, მთელი ცხოვრება მშობლების ხელის შემყურე იქნება და, ყველაზე დიდი, რასაც ცხოვრებაში გააკეთებენ (ისიც, თუ მოახერხეს), ბაზარში თუ დადგებიან და სხვის მოწეულ ხილ-ბოსტნეულს ხუთმაგად გაყიდიან.

დათო, 20 წლის.

 

რედაქციაში შემოსული უამრავი

წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.

„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 897 33-08-81.

ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com 

ან მოიტანოთ რედაქციაში 

წერილის სახით.

 

скачать dle 11.3